Friday, May 6, 2011

ამერიკელები „ტოიოტას“ აღარ ენდობიან

Reputation rankings of Toyota plummeted this year

6 მაისი

სამარკეტინგო კომპანია „პროფეტმა“ ამერიკაში მომუშავე კომპანიების რეპუტაციის ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც 150 ყველაზე პოპულარული კომპანიის მონაცემები შევიდა. კომპანიის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვნადაა დაცემული „ტოიოტას“ რეპუტაცია.

იაპონური კომპანია შარშანწინ ამ რეიტინგის ავტომწარმოებელთა სიის სათავეში იმყოფებოდა, შარშანდელი მონაცემებით კი მხოლოდ მეექვსეა. შეფასება 100-ქულიანი სისტემით ხდება. „ტოიოტამ“ ამ სისტემით, 2009 წელს 75.5 ქულა დააგროვა, თუმცა მისი შარშანდლი მონაგარი მხოლოდ 51.3 ქულა იყო. „პროფეტის“ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამერიკელ ავტომოყვარულთა თვალში „ტოიოტას“ რეპუტაციის რყევა 2009 წლიდან დაიწყო, როდესაც კომპანიამ ტექნიკური დეფექტების გამო, მილიონობით ავტომობილი გაიხმო.

150 კომპანიის რეიტინგში, „ტოიოტამ“ 139-ე ადგილი დაიკავა. არადა, ერთი წლით ადრე, იმავე სიაში მე-18 იყო. ავტომწარმოებლებს შორის, ამერიკელები ყველაზე მეტად „ჰონდას“ პროდუქციას ენდობიან, რომელსაც 72.8 ქულა დაუგროვდა, რითაც 30-ე ადგილზეა. 72 ქულით 34-ე ადგილი „ბეემვეს“ უკავია, 68.8 ქულით 55-ზეა „ნისანი“. შემდეგ მოდიან: „ფოლკსვაგენი“ (68.6 ქულა, 56-ე ადგილი), „ფორდი“ (67.8 ქულა და მე-60 ადგილი) და „ჯენერალ მოტორსი“ (63.5 ქულა, 83-ე ადგილი).

რეპუტაციის რეიტინგის შესადგენად, „პროფეტმა“ მთელს ამერიკაში 4 900 ადამიანი გამოკითხა, რომელთაგან თითოეულს, სიაში შეტანილი კომპანიების (სულ ასეთი, ამერიკის ეკონომიკის 18 სფეროში მოქმედი 500 კომპანია იყო) რეპუტაცია, ასქულიანი სისტემით უნდა შეეფასებინა. გამოკითხვის შედეგად, შარშან ამერიკაში ყველაზე ავტორიტეტული კომპანიის წოდება პროდუქტების მწარმოებელმა „კრაფტ ფუდსმა“ მოიპოვა (81.3 ქულა). მის გარდა, ავტორიტეტული კომპანიების სიაში ასევე, სედა ადგილები, „სონიმ“, „უოლტ დისნეიმ“, „კოკა კოლამ“, „ნესტლემ“ და „ეპლმა“ დაიკავეს.

და ისევ „ტოიოტას“ შესახებ: ორ წელიწადში იაპონურმა კომპანიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ტექნიკური წუნის გამო, 19.2 მილიონი ავტომობილი გაიხმო, გაცილებით მეტი, ვიდრე ამავე პერიოდში გაჰყიდა. აქედან 13.7 მილიონი ავტომობილის გახმობა მარტო ამერიკაში მოუხდა. გახმობის მტავარი მიზეზ აქსელერატორის სატერფულის გაჭედვა გახდა, რასაც ავტომობილის უნებლიე აჩქარება და ავარიები მოჰყვებოდა.

„აუდი“ სპორტულ R4-ზე უარს ამბობს

Oh No: Audi Rumored to Axe the R4!

6 მაისი

ჯერ ეს ოფიციალურად დადასტურებული არაა, თუმცა გერმანული გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „აუდიმ“ კონცეპტუალურ მოდელ R4-ის კონვეიერზე დაყენებისგან თავი შეიკავა. ამის მიზეზად კი ის გარემოება სახელდება, რომ ბაზარზე გამოსვლის შემთხვევაში, ეს ავტომობილი კონკურენციას „აუდისვე“ TT-ს, „პორშეს“ „ბოქსსტერსა“ და „კაიმანს“ გაუწევს. ამასთან, გერმანული კომპანიის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ R4-ის ბაზაზე ანალოგიური კლასის „ფოლკსვაგენბლიუსპორტი“ მეტისმეტად ძვირი ეღირება და მას პერსპექტივა არ აქვს.

ინგოლსთადტელებს R4-ის ბაზისად, კონცეპტუალური e-ტრონი უნდა გამოეყენებინათ, რომლის დებიუტიც შარშან, დეტროიტის ავტო შოუზე შედგა. ეს ავტომობილი ელექტრული ძალური დანადგარითაა აღჭურვილი. წინა და უკანა ღერძებს, თითო ელექტროძრავი ემსახურება, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 150 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 2 650 ნიუტონმეტრს (სწორედ ეს რიცხვი ეწერა კომპანიის საგამოფენო პრეს რელიზში) შეადგენს.

„აუდისავე“ მონაცემებით, ამ ელექტროძრავების დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფა 5.9 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი (ენერგიის დაზოგვის მიზნით), 200 კმ/სთ ნიშნულითაა შეზღუდული. მისი წარმოების დაწყების შემთხვევაში, ავტომობილი შიდაწვის ძრავების გარდა, ელექტროძრავებიტაც უნდა აღჭურვილიყო.

„აუტო მოტორ უნდა შპორტისვე“ ინფორმაციით, გადაიდო შემდეგი თაობის A2-ის წარმოება. ამის მიზეზი ისაა, რომ ტავიდან, ამ მანქანისთვის ახალი პლატფორმის შემუშავება იყო განზრახული, თუმცა შემდეგ ამისგან თავი შეიკავეს, რადგან სრულიად ახალი პლატფორმა ძალიან ძვირი დაჯდებოდა. ახლა კი „აუდი“ „ფოლკსვაგენის“ ახალი, უნივერსალური პლატფორმის შემუშავებას დაელოდება, რომელსაც გერმანულ ჯგუფში შემავალი ყველა სერიული მწარმოებელი გამოიყენებს.

„ჰიუნდაი“ დებიუტისთვის სედან i40-ს ამზადებს

Hyundai to Unveil i40 Saloon in Barcelona

6 მაისი

რამდნიმე დღე და „ჰიუნდაი“ ბარსელონას საავტომობილო შოუზე, i40-ის სედანისძარიან ვერსიას წარადგენს. ჯერ მხოლოდ ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც კორეულმა კომპანიამ ამ საშუალო ზომის ავტომობილის უნივერსალისძარიანი ვერსია ჟენევის ავტო შოუზე გვიჩვენა. ახლა კი სედანის ჯერი დადგა.

ახალი ავტომობილით, „ჰიუნდაი“ წინა თაობის „სონტას“ შეცვლის და ის ევროპულ D სეგმენტში, ისეთ პოპულარულ ავტომობილებს გაუწევს კონკურენციას, როგორებიცაა „ოპელ ინსიგნია“, „ფოლკსვაგენ პასატი“, „ტოიოტა ავენსისი“ და „სიტროენ C5“.

ისევე როგორც უნივერსალი, სედანი i40-ც „ჰიუნდაის“ კვლევისა და განვითარების ევროპული ცენტრის მიერაა შემუშავებული, რომელიც გერმანიის ქალაქ რიუსელსჰაიმში მდებარეობს. ჯერჯერობით, კორეული კომპანია თავისი მორიგი სიახლის შესახებ, მხოლოდ მწირ ინფორმაციას ავრცელებს. უფრო კონკრეტულად კი, ავტომობილის ბორბლებს შორის ბაზა 2.77 მეტრია და ამ მაჩვენებლით, ის თავის კლასში ლიდერი იქნება.

უფრო მეტიც, გამოქვეყნებული ინფორმაციით, ავტომობილის წინა სავარძელზე მსხდომთა თავებისთვის, სავარძლის ძირიდან სახურავამდე მანძილი 1025 მილიმეტრია, მხრების დონეზე სალონის სიგანე 1455 მილიმეტრი, ფეხებისთვის განკუთვნილი სივრცის სიგრძე კი - 1170 მილიმეტრი. ყველა ამ პარამეტრით, საშუალო ზომის სედანების კლასში, i40 ლიდერი იქნება.

„როცა i40-ზე ვმუშაობდით, ჩვენი მიზანი ის იყო, რომ სედანებისთვის სტანდარტული, სამმოცულობიანი სქემა დაგვერღვია და ამ ავტომობილისთვის სპორტული ხასიათი მიგვენიჭებინა. დაგრძელებული, დაბლა დაწეული სახურავი, ავტომობილს სწორედ სპორტულ იერს აძლევს“, - ამბობს „ჰიუნდაი მოტორ იუროპის“ ტექნიკური ცენტრის მთავარი ინჟინერი თომას ბიურკლე.

სავარაუდოდ, სედანი i40-იც საბაზო აღჭურვილობაში იმავე ძრავებს მიიღებს, რომლებიც უნივერსალზე გვხვდება. ესაა 1.7-ლიტრიანი ტურბო დიზელი და ბენზინის 2.0-ლიტრიანი ძრავი. მათ შესახებ კონკრეტული ინფორმაცია 12 მაისს, მანქანის მსოფლიო პრემიერის დროს გამოქვეყნდება.

სედან i40-ს პირველ ეგზემპლარს, „ჰიუნდაის“ ქართველი დისტრიბუტორი, კომპანია „ჰიუნდაი ავტო ჯორჯია“, ამ წლის ბოლოს შემოიტანს, მის გაყიდვებს კი მომავალი წლიდან შეუდგება.