Friday, March 11, 2011

„ბრიგს ავტომოტივის“ საგზაო ფორმულა

2011 BAC Mono Track Car Presented

11 მარტი

ბრიტანულმა კომპანია „ბრიგს ავტომოტივ კომპანიმ“ უჩვეულო სპორტული ავტომობილი, სახელად „მონო“ შექმნა. ამ მანქანის უჩვეულობა ისაა, რომ ის ერთადგილიანია, თუმცაღა საერთო სარგებლობის გზებზე მოძრაობის ლიცენზია აქვს და რაც მთავარია, იმ ტექნოლოგიების გამოყენებითაა დამზადებული, რომლებსაც სარბოლი ავტომობილების მწარმოებლები ფართოდ იყენებენ.

რა თქმა უნდა, ერთადერთი ადგილი ავტომობილის ცენტრალურ ნაწილშია მოთავსებული. „მონო“ დახვეწილი გარეგნობით არ გამოირჩევა. უფრო მეტიც, ის უშნოა, მაგრამ სამაგიეროდ, მისმა შემქმნელებმა დიდი ყურადღება დაუთმეს თავიანთი ქმნილების აეროდინამიკურ მახასიათებლებს.

„ბრიგს ავტომოტივმა“ ავტომობილი მონოკოკურ მზიდ სისტემაზე დააფუძნა. ის ფოლადის კარკასს წარმოადგენს, რომელიც კარბონის კომპოზიტითაა არმირებული. ამ ორი მასალის შეხამებით, სტრუქტურა მეტად მტკიცე გამოვიდა და ის უსაფრთხოების კაპსულის მოვალეობასაც ასრულებს. გარდა ამისა, პასიური უსაფრთხოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, შასის აქვს გადაყირავების შემთხვევაში დამცავი სტრუქტურა, რომელიც ფოლადისგანაა დამზადებული. მასზე ასევე დამაგრებულია გვერდითა და წინიდან შეჯახებისას დამცავი სტრუქტურები.

„მონო“ აღჭურვილია ოთხცილინდრიანი 2.3-ლიტრიანი ბენზინის ძრავით, რომელიც „ბრიგს ავტომოტივმა“ სპორტული (მათ შორის, ფ1-ის) ძრავების წეარმოებაზე სპეციალიზებული „კოსუორტისგან“ მიიღო. აგრეტაგი 280 ცხენის ძალას ავითარებს, როცა ბრუნთა რიცხვი 7 700 ბრ/წთ-ია. მაქსიმალური მაბრუნი მომენტი - 280 ნიუტონმეტრი კი 6 000 ბრ/წთ-ზე მიიღწევა.

ძრავთან შეწყვილებულია კომპანია „ჰიულენდის“ წარმოების, ფორმულა 3-ის სპეციფიკაციის 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი. „ბრიგს ავტომოტივის“ ინფორმაციით, ამ ტანდემის მეშვეობით, „მონოს“ ადგილიდან ასის აკრეფა დაახლოებით 2.8 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 270 კმ/სთ-ს აღწევს.

საკიდარიც სპორტული ყაიდისაა. მასში რხევების ჩაქრობას კომპანია „ზაქს რეისინგის“ წარმოების დრეკადი ელემენტები უზრუნველყოფს. საკიდარს ბორბლის რხევები ბერკეტით გადაეცემა. მუხრუჭები კომპანია „AP რეისინგის“ წარმოებისაა. სამუხრუჭე გაგრილებადი დისკოების დამეტრი 295 მილიმეტრია. ავტომობილი კომპანია „O.Z. რეისინგის“ 17-დუიმიან ბორბლებზე დგას, მათზე კი კომპანია „კუმიოს“ საბურავებია ჩაცმული.

დაბოლოს, „ბრიგს ავტომოტივის“ საგზაო ფორმულა „სულ რაღაც“ 66 625 გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 106 900 დოლარი) ღირს.

იაპონიაში ცუნამიმ ავტოინდუსტრიაც ძლიერ აზარალა

Tsunami in Japan destroys fleet of cars ready for shipping

11 მარტი

იაპონია შავ დრეშია, ხალხი დაიღუპა, და ეს აუნაზღაურებელი დანაკლისია. თუმცა ჟურნალისტის თვალი (კამერა) ასეთ მძიმე წუთებშიც თავის საქმეს აკეთებს. 8.9-მაგნიტუდიანმა მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა ამომავალი მზის ქვეყნის უდიდეს კუნძულ ჰონშიუს აღმოსავლეთ სანაპიროს ქალაქები.

მიწისძვრა სანაპიროდან დაახლოებით 130 კილომეტრის დაშორებით მოხდა და მას რამდენიმე, შედარებით სუსტი ბიძგები მოჰყვა. მიწისძვრამ ათმეტრიანი ცუნამი წარმოქმნა, რომელმაც თავის გზაზე ყველაფერი წალეკა. იბარაკის პრეფექტურის ქალაქ ჰიტაჩინაკას სატვირთო ტერმინალში, წყალმა უცხოეთში გასაგზავნად გამზადებული ათასობით ავტომობილი წალეკა.

ამ ფოტოს გადამღებს არ დაუზუსტებია, თუ რომელი კომპანიის ავტომობილები იდგა ამ კონკრეტულ ტერმინალზე. სამაგიეროდ, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ტოიოტამ“, „ჰონდამ“, „სუბარუმ“ და „ნისანმა“ ახლომდებარე რეგიონებში თავიანთი ქარხნები დახურეს. „ჰონდას“ კვლევით ცენტრში ჩამონგრეულმა კედელმა ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაახლოებით 30 კი დაშავდა.

იაპონიას ჩვენი თანაგრძნობა...