Thursday, January 14, 2010

ალ-ატიამ საინსთან ჩამორჩენა გაანახევრა

დაკარის რალი-რეიდი

14 იანვარი

”ბეემვეს” ფრანგი პილოტის, გერლენ შიშერის (სურათზე) გამარჯვებით დასრულდა დაკარის რალი მარათონის მორიგი, მე-11 ეტაპი, რომლის შემდეგაც, ”ფოლკსვაგენის” ესპანელმა კარლოს საინსმა საერთო კლასიფიკაციაში ლიდერობა კი შეინარჩუნა, მაგრამ მასთან ჩამორჩენა 4 წუთსა და 28 წამამდე შეამცირა მისმა მთავარმა კონკურენტმა და თანაგუნდელმა, ყატარელმა ნასერ ალ-ატიამ.

რბოლის დროს, საინსს ორჯერ შეექმნა პრობლემები, რაც მის შედეგზეც აისახა. კლასიკურ რალიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ”ფოლკსვაგენზე” ორჯერ დაზიანდა საბურავი, რის გამოც, შიშერისთან 7 წუთზე მეტი წააგო, ალ-ატიას კი 5 წუთით და 38 წამით ჩამორჩა.

”ორჯერ საბურავი დაგვიზიანდა, არ ვიცი, რამ გამოიწვია ეს. ფაქტი კი ის იყო, რომ ორივე შემთხვევაში სიჩქარე დავკარგეთ და იძულებულნი გავხდით, დაზიანებული საბურავი შეგვეცვალა. ამასობაში, მარკ მილერმა (ამერიკელი, საინსის თანაგუნდელი) გაგვიარა და გზა რომ გავაგრძელეთ, მის უკან მოგვიწია რბოლამ. მისი მანქანა მტვრის კორიანტელს გვიტოვებდა და ამიტომ, ხშირად ორიენტაციით მივდიოდით. გზაზე უამრავი ბუჩქი იყო და ზოგიერთ მათგანს დავეჯახეთ კიდეც”, - რბოლის შემდეგ ყვებოდა საინსი.

ამ პრობლემებმა ალ-ატიას საერთო ჩათვლაში საინსთან ჩამორჩენის შემცირების საშუალება მისცა და ამგვარად, დარჩენილ სამ ეტაპზე, მას თანაგუნდელის ჩამოტოვების რეალური შანსიც გაუჩნდა.

”დაუჯერებელია. მეგონა, რომ ეს იოლი ეტაპი იქნებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. კარლოსის მანქანის მიერ დატოვებულ მტვერში კარგა ხანს მიწევდა მოძრაობა, რამაც უამრავი პრობლემა შეგვიქმნა. რამდენჯერმე გზას ავცდით, ერთხელ კი მოზრდილ ხესაც დავეჯახეთ, მაგრამ გაგვიმართლა და მანქანა არ დაზიანდა. უფრო მეტიც, კარლოსს ხუთი წუთით ვაჯობეთ. დარჩენილ ეტაპებზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მე ძალიან მინდა დაკარის მოგება”, - განაცხადა ალ-ატიამ, ვინც ეტაპი მეოთხე ადგილზე დაასრულა.

შიშერის გუნდის ხელმძღვანელობისგან მითითება ჰქონდა, რომ სიფრთხილე გამოეჩინა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ”ბეემვეს” ლიდერმა, ფრანგმა სტეფან პეტერანსელმა დრო დაკარგა, მას შეზღუდვა მოეხსნა და რბოლის დიდი ნაწილი ლიდერის ტანგში გაატარა. შიშერის წლევანდელი დაკარის პირველივე ეტაპზე პრობლემები ჰქონდა (ელექტრონიკა), რის გამოც ერთ საათზე მეტი დაკარგა და რბოლის მოგების ყოველგვარი შანსიც ამით გადაეწურა. 11 ეტაპის შემდეგ, საერთო ჩათვლაში მას მეხუთე ადგილი უკავია და ლიდერ საინსს ის ორ საათზე მეტით ჩამორჩება.

სხვათა შორის, მე-11 ეტაპის დროს, შიშერი ძლივს გადაურჩა ალ-ატიასთან შეჯახებას. ერთ მონაკვეთზე მათ 100 მეტრზე მეტი გვერდიგვერდ იარეს, შემდეგ მოსახვევში, მათი მანქანები ოდნავ შეეხნენ ერთმანეთს, მომდევნო მოსახვევში კი ფრანგი პირველი შევიდა და ყატარელი უკან ჩამოიტოვა.

”აუდის e-ტრონი” - მეორე თაობის მსოფლიო დებიუტი

Audi e-tron, Second Generation World Debut

დეტროიტის ავტო შოუ

14 იანვარი


რამდენიმე თვის წინ, ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენაზე, გერმანულმა კომპანია ”აუდიმ” თავისი პირველი ელექტრონული კონცეპტუალური მოდელი e-ტრონი გაგვაცნო. დღეს კი, დეტროიტის ავტო შოუზე, ინგოლშტადტელთა სტენდის ცენტრალური ადგილი ამავე კონცეპციის მიხედვით შექმნილ მეორე, ოღონდ უფრო კომპაქტურ მოდელს უკავია.

”აუდი e-ტრონ დეტროიტ შოუ ქარი” კომპაქტური ელექტრომობილია და ის პირველი e-ტრონის მომცრო ვერსიაა. ოღონდ, მისგან განსხვავებით, მხოლოდ ორი ელექტროძრავი აქვს, რომლებიც თავიანთ მაბრუნი მომენტით მხოლოდ უკანა წამყვან ბორბლებს ამარაგებენ. ავტომობილი ”გოლფის” კლასის ზომისაა და პირველ e-ტრონზე გაცილებით მსუბუქია.

ელექტროძრავების ჯამური სიმძლავრე 201 ცხენის ძალას შეადგენს და ისინი არანორმალურად დიდ, 2 650 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებენ. ალბათ გახსოვთ, რაც პირველი e-ტრონის მონაცემებში ეწერა - ამ ავტომობილის ოთხი ელექტროძრავი 4 500 ნიუტონმეტრ მომენტს იძლევა. ფრანკფურტში ბევრმა ეს ბეჭვდით შეცდომად აღიქვა, ”აუდის” წარმომადგენლებს კი არაფერი დაუზუსტებიათ - მათ ეს საჭიროდ არ ჩათვალეს. ბევრმა ევროპულმა საავტომობილო გამოცემამ აღნიშნული ფაქტი საავტომობილო სამყაროს წლის ყველაზე გამორჩეულ ტყუილადაც ჩათვალა. და აი, დეტროიტში ინგოლშტადტელებმა საავტომობილო მედიას და ინჟინერთა კასტას ახალი თავსატეხი გაუჩინეს...

ფაქტი კი ისაა, რომ დეტროიტული e-ტრონი, რომლის წონაც 1 350 კილოგრამია (ფრანკფურტული, რომელიც აუდი R8-ს ბაზაზეა შექმნილი, 1 600 კილოგრამს იწონის), ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 5.9 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 200 კმ/სთ-ითაა შეზღუდული. შეზღუდვის მიზეზი კი ისაა, რომ უფრო მაღალ სიჩქარეზე, ელექტროძრავების მიერ მოხმარებული ენერგია უკონტროლოდ იზრდება.

ავტომობილში ენერგიის დასაგროვებლად ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკია გამოყენებული, რომელიც 399 კილოგრამს იწონის. ბლოკი e-ტრონის ცენტრალურ ნაწილშია განლაგებული, რაც წონის ოპტიმალურ განაწილებას (40:60-ზე, სადაც 60 პროცენტი უკანა ხიდზე მოდის) უზრუნველყოფს. აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილის სვლის სიშორე 250 კილომეტრი იყოს. აკუმულატორების სრულად დასამუხტად 11 საათია საჭირო, დამუხტვის ინტენსიური პროცესის შემთხვევაში (400 ვოლტი, 32 ამპერი), ეს დრო ორ საათამდე მცირდება.

ცნობილია, რომ ”აუდი” ფრანკფურტში ნაჩვენებ e-ტრონს მცირე სერიით, 2012 წელს დაამზადებს. ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის დეტროიტულ კომპაქტურ e-ტრონს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი ელექტრონული ვერსიაც მცირე სერიით დამზადდება. უფრო ადრე კი, ბაზარზე ალბათ მისი შიდაწვისძრავიანი ვერსია გამოჩნდება, რომელიც პირველი სერიის ”ბეემვეს” კონკურენტად შეიძლება მოვიაზროთ.

კიდევ ერთი ფაქტია საყურადღებო. როგორც ჩანს, კონცეპცია e-ტრონით ”აუდი” თავის ახალ კორპორატიულ სტილსაც გვიჩვენებს, რომელშიც ინგოლშტადტელები თავიანთ ავტომობილებს მალე შემოგვთავაზებენ...