Tuesday, April 12, 2011

„ბენტლი ტურბო R“ ბრუნდბა

Bentley Turbo R Is Coming Back

12 აპრილი

ათ წელზე მეტია, „ბენტლი“ არ აწარმოებს თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კუპე „ტურბო R-ს“, მაგრამ როგორც ჩანს, მალე ეს ავტომობილი ბრიტანული კომპანიის საწარმოო პროგრამას დაუბრუნდება. და თუ ბრიტანულ გამოცემა „ავტო ექსპრესს“ დავუჯერებთ, დაბრუნების შემდეგ, ის ლუქსის კლასის სუპერ კუპე გახდენა. ლუქსის კლასის სუპერი იმიტომ, რომ ის ლუქს-სედან „მულსანის“ (ფოტოზე) ბაზაზე აიგება.

„ბენტლიმ“ სედანი „მულსანი“ საზოგადოებას 2009 წელს წარუდგინა და მაშინვე მის ბაზაზე კუპეს მომზადებას შეუდგა. მაგრამ სახელოვანი მოდელის დაბრუნება გლობალური ფინანსური კრიზისის გამო შეფერხდა. თუმცა კრიზისმა ჩაიარა და პროექტიც თაროდან ჩამოიღეს.

ცნობისათვის, „ბენტლის“ გამაში კუპე „ტურბო R“ 1985-1994 წლებში ფიგურირებდა. ის „მულსან ტურბოს“ ბაზაზე მზადდებოდა. იმ დროს „ბენტლი“ და „როლს“ როისი“ ერთი კომპანია იყო. შესაბამისად, „ტურბო R“ „როლსის“ V8 ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც 350 ცხენის ძალას იძლეოდა.

მართალია, თავად „ბენტლი“, რომელიც „ფოლკსვაგენის“ დიდი ქოლგის ქვეშაა გაერთიანებული, ჯერ ოფიციალურად არ ადასტურებს „ტურბო R-ის“ წარმოების დაწყებას, მაგრამ ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ავტომობილის კონვეიერზე დაყენების შემთხვევაში, ის სწორედ ახალი „მულსანის“ აგრეგატით აღიჭურვება. ესაა 6.75-ლიტრიანი V8, რომელიც სტანდარტული შესრულებით 510 ცხენის ძალას იძლევა. მაგრამ ეს აგრეგატი 600 ცხენის ძალამდ გაძლიერდება და სწორედ მისი გაძლიერებული ვერსიით აღიჭურვება „ტურბო R“.

რამდენადაც კუპე უნდა იყოს, „ტურბო R-ს“ ორი კარი ექნება. წინიდან ის „მულსანის“ ანალოგიური უნდა იყოს თავისი დიდრონი ფარებით, ზორბა რადიატორითა და თავისებური ფრთებით. მაგრამ უკანა ნაწილი მას განსხვავებული უნდა ჰქონდეს და სავარაუდოდ, დიზაინის ელემენტებს „ბრუკლენდსისგან“ ისესხებს.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს „ბენტლი“ თავისი მოდელების განახლებას დაიწყებს და საწარმოო პროგრამასაც გააფართოებს. რაც მთავარია, „ფოლკსვაგენი“ ბრიტანულ კომპანიას თავისი ჯგუფის ახალ წევრთან - „პორშესთან“ მიამაგრებს, რისი წყალობითაც, „ბენტლის“ ავტომობილები ბევრ ტექნიკურ ელემენტს „პორშესგან“ მიიღებენ.

განახლების შემდეგ, ერთ-ერთი ახალი მოდელი, რომელიც ბაზარზე გამოჩნდება, უნდა იყოს „კონტინენტალ GT-ს“ ბაზაზე შექმნილი ხუთკარიანი კუპე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, პლატფორმას მეორე თაობის „პორშე პანამერასგან“ გაიზიარებს. უფრო მეტიც, ინგლისური კოპანიის ხელმძღვანელობა ასევე სრულამძრავიანი ქროსოვერის წარმოების მიზანშეწონილობასაც განიხილავს.
„შევროლე მირეი“ - სეულის გამოფენის საუკეთესო კონცეპტუალური ავტომობილი
Chevrolet Miray Named Best Concept Car at 2011 Seoul Motor Show
12 აპრილი
სეულის საავტომობილო შოუს ორგანიზატორებმა, შოუს დამსწრე ჟურნალისტებს შორის ჩაატარეს გამოკითხვა, რომლის შედეგადაც, გამოფენის საუკეთესო კონცეპტუალური, ეკოლოგიური და სერიული ავტომობილები გამოვლინდა. ჟურნალისტების აზრით, საუკეთესო კონცეპტუალური ავტომობილი „შევროლე მირეია“, ავტომობილი, რომელიც „ჯენერალ მოტორსის“ სეულის სტუდიაში მომზადდა.
„ეს აღიარება ჩვენთვის მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის „შევროლეს“ მიერ კორეაში პირველად წარდგენილმა კონცეპტუალურმა ავტომობილმა დაიმსახურა. ამ ავტომობილში ჩვენი მარკის მომავლის ხედვა და იდეებია ასახული. „შევროლე“ მომავალშიც გააგრძელებს ინოვაციური დიზაინის და ტექნოლოგიების კორეაში დანერგვას“, - ამბობს „ჯენერალ მოტორს კორეას“ პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი მაიკ არკამონე.
კონცეპტუალური ავტომობილის სახელი - „მირეი“, კორეულად მომავალს ნიშნავს და ის „შევროლეს“ დაარსებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ავტომობილის სპორტული როდსტერის გარეგნობა აქვს და ჰიბრიდული დანადგარითაა აღჭურვილი, რომელშიც შიდაწვის ძრავა და ორი პატარა ელექტროძრავი შედის.
1.5-ლიტრიანი შიდაწვის ძრავი ბაზაშია განლაგებული და ის უკანა ბორბლებს ატრიალებს. სეულის გამოფენაზე მისი მონაცემები არ გამოქვეყნებულა. რაც შეეხება ელექტროძრავებს, თითოეულის სიმძლავრე სულ რაღაც 20 ცხენის ძალაა და ისინი წინა ღერძს ემსახურება. ამგვარად, ავტომობილი სრულამძრავიანი გამოდის. ჰიბრიდულ დანადგარში ასევე შედის 1.6-კილოვატსაათიანი ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი, რომელიც შევსებას ავტომობილის მოძრაობისას, მუხრუჭებისგან ღებულობს.
„კორეულად მირეი მომავალს ნიშნავს. ჩვენი კონცეპტუალური ავტომობილი მომავლის შესაძლებლობათა შესწავლისთვის განკუთვნილი ეგზემპლარია. მან მანქანასა და მძღოლს შორის კავშირი უნდა გაამყაროს. მისი მეშვეობით, გთავაზობთ ჩვენს ნააზრევს იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავლის სპორტული ავტომობილი“, - „მირეის“ პრეზენტაციისას განაცხადა არკამონემ.