Friday, February 4, 2011

„ბეემვე“ პრემიერისთვის პროექტ „მეგასიტის“ ამზადებს

BMW may lease, not sell, its Megacity EV

4 თებერვალი

მალე გერმანული კომპანია პროექტ „მეგასიტის“ მიხედვით შექმნილ პირველ ავტომობილს გვაჩვენებს, თუმცა მსოფლიო პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე, ბავარიელებმა თავიანთი ელექტრონული სიახლის შესახებ, ზოგიერთი საინტერესო ინფორმაცია უკვე გაავრცელეს.

მაგალითად ის, რომ პატარა საქალაქო ელექტრომობილს ორი ძირითადი - ქვედა და ზედა მოდულისგან შედგენილი ტანი ექნება. „ბეემვეს“ განვითარების განყოფილების შეფი კლაუს დრეგერი ამბობს, ქვედა მოდულის ძირითადი ელემენტი ალუმინისგან შეკრული ჩარჩოა, რომელზეც საკიდარი, სამუხრუჭე სისტემა, ელექტროძრავები და ენერგიით მათი მკვებავი ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი მაგრდება. ქვედა მოდულზე კი ხისტად მაგრდება ზედა, რომელიც კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ ჩარჩოს წარმოადგენს. ძარა არ იღებება, ფერი კი მას პანელების ფორმირებისას, კომპოზიტის შემავსებელში ერევა.

გერმანულ გამოცემა „აუტომობილვოხესთან“ საუბრისას, დრეგერი ამბობს, რომ პროექტი „მეგასიტი“ ექვსი წლის წინ დაიწყო და მისი მსვლელობისას, ბევრი რამ შეიცვალა და დაიხვეწა. თან: ეს ჩვეულებრივი პროექტი არაა ჩვეულებრივი ამოცანებით. მისი განხორციელებისას, სულ ახალ-ახალ ინფორმაციას ვღებულობთ და ახალ ტექნოლოგიებსაც ვამუშავებთო.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერა მოახლოვდა, ბავარიელები ავტომობილის ფოტოების გამოქვეყნებას არ ჩქარობენ და მის სახელზე ამბობენ რამეს. სამაგიეროდ ცნობილია, რომ გერმანულმა კომპანიამ გერმანიაში აბრევიატურები - i1, i2, i3, i4, i5, i6, i7, i8 და i9 დააპატენტა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აუცილებლად (სავარაუდოდ, მეგასიტის მოდელებისთვის) გამოიყენებს.

„ბეემვეს“ გაყიდვების შეფი იან რობერტსონი ამბობს, რომ მისი კომპანია „მეგასიტის“ ფარგლებში წარმოებული ავტომობილების ლიზინგით გაყიდვის მიზანშეწონილობას განიხილავს. მისი თქმით, დიდ ქალაქებში სულ უფრო მეტ ადამიანს სურს ავტომობილის მფლობელობის სხვა, ალტერნატიული სახეობით სარგებლობა და ასეთ ალტერნატივებს შორის, ლიზინგი ყველაზე ხელსაყრელია. ლიზინგი მფლობელს იმ შეზღუდვების დიდ ნაწილს აარიდებს, რომლებიც დიდ ქალაქებში, ავტომოილების ფლობაზეა შემოღებული.

ლიზინგი იმითაცაა ხელაყრელი, რომ მყიდველს არ უწევს ელექტრომობილში დიდი თანხის გადახდა. კრედიტის მსგავსად, დილერთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ის თანხას გარკვეული დოზებით, პერიოდულად იხდის. გაყიდვის ასეთ ფორმას, უკვე იყენებს „დაიმლერი“ ულმსა (გერმანია) და ოსტინში (ტექსასი, აშშ). მსგავს ექსპერიმენტს „ბეემვე“ თავისი X1-ის ბაზაზე შექმნილ ავტომობილებზე გამოსცდის.

H-1 - „ჰიუნდაის“ ახალი MPV ევროპელებისთვის

Hyundai Launches 2011 H-1 in Europe

4 თებერვალი

„ჰიუნდაიმ“ თავისი ევროპელი მყიდველისთვის, კომერციული მოდელი, მრავალმხრივი გამოყენების ავტომობილი (MPV - მულტი პურპოუს ვიიქლ) H-1 განაახლა. ახალი მოდელი შეცვლილი გარეგნობით და ეკოლოგიურად მეგობრული ძრავით გამოირჩევა. და, რა თქმა უნდა, თავის მგზავებს მაღალი დონის კომფორტს სთავაზობს.

ევროპულ ბაზარზე შესაძლოა ამ ტიპის უფრო ლამაზი ავტომობილებიც იყიდება, მაგრამ „ჰიუნდაის“ ახალ ავტომობილს სხვა ღირსებები გამოარჩევს - ის შესანიშნავი სატრანსპორტო საშუალებაა დიდი ოჯახებისთვის, რომლებსაც უქმეებზე ქალაქგარეთ ერთად დროის გატარება უყვართ. H-1 შესაშურ კომფორტსაც გთავაზობთ და დიდ საბარგულსაც. მის ტოპ ვერსიას რვა ადამიანის და მათი ბარგის კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაყვანა შეუძლია.

ავტომობილი 2.5-ლიტრიანი CRDi დიზელითაა აღჭურვილი, რომელიც გამონაბოლქვზე ევრო5 სტანდარტს შეესაბამება. აგრეგატი 136 ცხენის ძალას და 353 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.

განახლებული H-1 მყიდველს სამი კონფიგურაციის სახით მიეწოდება. ესენია 3-ადგილიანი ვენი, 6-ადგილიანი ვენი და 8-ადგილიანი ვეგონი. პირველის გარდა, დანარჩენ ორზე, კორეული კომპანია მყიდველს სტანდარტულ აირბალიშებს, 6-საფეხურიან მექანიკურ კოლოფს, მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემას (ABS), ტრექშნ კონტროლის სისტემას (TCS), სტაბილურობის ელექტრონულ კონტროლის სისტემას (ESP) და საჭის რეგულირებად რგოლს სტანდარტული ეკიპირებით შესთავაზებს. საშუალო დონის აღჭურვილობაში (კლასიკ) შედის მგზავრების აირბალიშები, შუშის ელექტრონული ამწევი, კრუიზ კონტროლი, ჰაერის მართვადი კონდიცირება, შეზღუდული მოხურების დიფერენციალი, ნისლსაწინააღმდეგო ფარები და ელექტრონიკით მართვადი სარკეები.

H-1-ის ტოპ-კონფიგურაციას, სახელწოდებით „კომფორტ“, მხოლოდ 8-ადგილიანი ვეგონის მყიდველს (ზემოთ ჩამოთვლილის გარდა) ასევე სთავაზობენ: 16-დუიმიან ალუმინის ბორბლებს, CD/MP3 აუდიო სისტემას, რომლის მართვის ღილაკებიც საჭის რგოლზეა მოთავსებული, ცენტრალურ ჩამკეტს, ორსეგმენტიან ხელით მართვად კონდიციონერს,პარკირების სამ სენსორს, მრავალბერკეტიან სუკანა საკიდარს და ტყავგადაკრულ საჭის რგოლს.

ევროპაში განახლებული H-1-ის ფასი, აღჭურვის დონის შესაბამისად, 23 990-27 990 ევროა. ამ თანხაში, ისევე როგორც „ჰიუნდაის“ სხვა ავტომობილებზე, ხუთწლიანი საგარანტიო (კილომეტრაჟის შეუზღუდავად) მომსახურებაც გათვალისწინებულია.