Monday, September 21, 2009

ფრანკფურტის ავტო შოუ

”მერსედეს-ბენცი” ელექტრონულ SLS AMG-ს გამოუშვებს

Electric Mercedes-Benz SLS AMG

21 სექტემბერი

ფრანკფურტში მიმდინარე საავტომობილო შოუზე, ”მერსედეს-ბენცს” მთელი პავილიონი აქვს დაქირავებული, სადაც ეგრეთ წოდებული ”მწვანე ავტომობილები” დომინირებენ. თუმცა, ”სამქიმიანთა” ექსპოზიციის ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი მაინც შიდაწვისძრავიანი სუპერავტომობილი SLS AMG-ა, რომელიც ყველაზე მეტ დამთვალიერებელს იზიდავს. მის გვერდით კი შტუტგარტელებმა იმავე სახელწოდების მქონე ელექტრომობილი გამოფინეს, რომელიც ელექტროძრავების მეშვეობით გადაადგილდება.

ელექტრომობილიც SLS AMG-ის პლატფორმაზეა ბაზირებული, ოღონდ 571-ცხენისძალიანი შიდაწვის ძრავის ნაცვლად, ოთხივე ბორბლის სიახლოვეს განლაგებული ოთხი ელექტროძრავი აქვს, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 525 ცხენის ძალას აღწევს, მათ მიერ გამომუშავებულ მაბრუნ მომენტს კი ცოტა უკლია 1 000 ნიუტონმეტრამდე.

ავტომობილს არ აქვს ჩვეულებრივი გადაცემათა კოლოფი. თითოეულ ღერძს თითო სატრანსმისიო კვანძი ემსახურება, რომლებიც ძრავების მიერ გამომუშავებულ მაბრუნ მომენტს საჭიროების შესაბამისად ანაწილებენ. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ელექტრული SLS AMG სრულამძრავიანი ავტომობილია.

”SLS AMG-ის ელექტრული ვარიანტით, ჩვენ სუპერ სპორტულ ავტომობილის კლასს ფაქტობრივად ახალ განსაზღვრებას მივანიჭებთ. ჩვენთვის ეს მხოლოდ ბაზრის მოთხოვნებისადმი პასუხი არაა. უბრალოდ, საქმეს ამჯერადაც ისე ვეკიდებით, როგორც ყოველთვის - ჩვენი პროდუქტი ჩვენსავე მარკის იმიჯს სრულად უნდა შეესაბამებოდეს”, - პრესკონფერენციაზე გამოაცხადა ”მერსედეს-AMG-ს” მთავარმა აღმასრულებელმა ფოლკერ მორნჰინვეგმა.

ელექტრომობილ SLS AMG-ს დინამიკური მონაცემები ახლოსაა შიდაწვისძრავიანისასთან. მაგალითად, 0-100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად, მას 4.0 წამი დასჭირდბა, სულ რაღაც 0.2 წამით მეტი, ვიდრე V8 ძრავით აღჭურვილს.

წონის განაწილების მხრივ, ელექტრომობილი გაცილებით უკეთესია, რადგან მასში აკუმულატორების ბლოკი (48 კილოვატსაათი ტევადობით) სატრანსმისიო გვირაბში თავსდება. რა თქმა უნდა, კაპოტისქვეშა სივრცეში ვეღარ ნახავთ უზარმაზარ ძრავს, რომლის ადგილზეც, სხვადასხვა ეკექტრონული მოწყობილობაა თავმოყრილი. მთავარი ისაა, რომ ავტომობილის პლატფორმას მცირე სტრუქტურული მოდიფიკაციაც კი არ დასჭირდა. ამასთან, ავტომობილს ძალიან დაბლა განლაგებული სიმძიმის ცენტრი აქვს, რაც მის მანევრულობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

მართალია, შტუტგარტულ კომპანიას არ გამოუქვეყნებია ელექტრომობილის ზოგიერთი ძირითად პარამეტრი, როგორებიცაა აკუმულატორების დამუხტვის დრო და ავტომობილის სვლის სიშორე, მაგრამ სამაგიეროდ, დაადასტურა, რომ მისი წარმოების დაწყება 2013 წელს იგეგმება.

ფრანკფურტის ავტო შოუ

გაცოცხლებული ”ტრაბანტი” ფრანკფურტში

Trabant

21 სექტემბერი

როგორც მოსალოდნელი იყო, მასშტაბური მოდლების მწარმოებელმა გერმანულმა კომპანია ”ჰერპამ” ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენაზე თავისი კონცეპტუალური ავტომობილი წარადგინა, რომელსაც აღმოსავლეთ გერმანიის ერთ-ერთი სიმბოლოს - ”ტრაბანტის” სახელი აქვს.

კონცეპტუალური ”ტრაბანტის” შექმნაზე, ”ჰერპას” გარდა, მისი პარტნიორის, საავტომობილო ძარების მწარმოებელი კომპანია ”ინდიკარის” სპეციალისტებიც მუშაობდნენ. ისინი ირწმუნებიან, რომ განახლებულ ”ტრაბანტს”, რომელსაც სახელად nT შეარქვეს (იქნებ, წარმოების დაწყებამდე შეუცვალონ), 2012 წელს გამოუშვებენ.

წინამორბედთან შედარებით, ახალი ”ტრაბი” გაბარიტებში გაზრდილია. მისი სიგრძე 3.95 მ, სიგანე 1.69 მ, სიმაღლე 1.5 მეტრი, ბაზა კი 2.45 მეტრია. ავტომობილი ხუთადგილიანია და ის მოძრაობაში 63-ცხენისძალიან ელექტროძრავს მოჰყავს, რომელიც ენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან ღებულობს.

აკუმულატორების ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ერთი სრული დამუხტვით, მათ ”ტრაბი” 160 კილომეტრზე გაატარონ. ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო (230-ვოლტიანი) ქსელიდან აკუმულატორების სრულად დასამუხტად, დაახლოებით რვა საათია საჭირო, მაგრამ თუ პლაგ-ინ სისტემას 380-ვოლტიან ქსელს მივუერთებთ, დამუხტვას ორი საათიც ეყოფა. გარდა ამისა, ავტომობილის სახურავზე მზის ელემენტებია დამონტაჟებული, რომლიდან მიღებული ელექტროენერგიაც ”ტრაბანტის” დამხმარე ელექტროხელსაწყოების კვებას ხმარდება. დაბოლოს, განახლებული ”ტრაბანტის” მაქსიმალური სიჩქარე სულ რაღაც 130 კმ/სთ-ია.

ცნობისათვის, ამ ავტომობილის პირველი მასშტაბური მოდელი (1:87 მასშტაბში) ”ჰერპამ” ფრანკფურტშივე, ორი წლის წინ წარადგინა. იქვე მიღებულ გამოხმაურებათა გამო კი მისი სერიულად წარმოება გადაწყდა.

სავარაუდოდ, ელექტრომობილი ”ტრაბანტ nT” ევროპულ ბაზარზე 10 000 ევრო ეღირება.