Thursday, June 2, 2011

„ფოლკსვაგენის“ ჯგუფი სამ როდსტერს გამოუშვებს
Volkswagen Group's roadster program coming into focus
2 ივნისი

დღეს, გამკაცრებული კონკურენციის პირობებში, ისეთი გიგანტური საავტომობილო კომპანიაც კი, როგორიც „ფოლკსვაგენია“, ასჯერ იფიქრებს, სანამ სრულიად ახალი პლატფორმის რენტაბელობაში დარწმუნდება და მის შემუშავებას გადაწყვეტს. არადა, ჯგუფში რამდენიმე ბრენდი შედის, რომელთა წყალობითაც, ნებისმიერ ახალ პლატფორმას რენტაბელურობის სოლიდური შანსი აქვს.
მაგალითები გნებავთ? ერთ პლატფორმაზეა აგებული „ფოლკსვაგენ პოლო“, „აუდი A1“, „შკოდა ფაბია“ და „სეატ იბიცა“. ასევე პლატფორმით ნათესავები არიან „ფოლკსვაგენ ტუარეგი“, „აუდი Q7“ და „პორშე კაიენი“. ახლა კი ჯერი კიდევ ერთ მულტიბრენდულ პლატფორმაზე მიდგა, რომელიც შუაძრავიანი უნდა იყოს და რომელზეც მინიმუმ, სამი როდსტერი დაემყნობა.
რამდენიმე წელია, ვოლფსბურგელები ამ პლატფორმის შემუშავებაზე ორჭოფობდნენ. რა თქმა უნდა, მთავარი კითხვა მის რენტაბელობას შეეხებოდა. მაგრამ საბოლოოდ პროექტს, რომელიც პირველად ორი წლის წინ, კონცეპტუალურ როდსტერ „ფოლკსვაგენ ბლიუსპორტის“ სახით გაგვეცნო, მწვანე შუქი აუნთეს. ბრიტანული გამოცემა „აუტოქარი“ პროექტის შესახებ, მისთვის ხელმისაწვდმ ინფორმაციას გვაცნობს:

სამივე ავტომობილი ერთ პლატფორმას და ელექტრონიკას მიიღებს. სხვა მხრივ კი ისინი განსხვავებული იქნება. განსხვავება იქნება ექსტერიერსა და ინტერიერში, ასევე აღჭურვილობაშიც. გარეგნულ განსხვავებებს რაც შეეხება, „აუდის“ როდსტერი, ამ კომპანიის ახალ, ტექნო სტილში შესრულდება, როგორის პიონერიც კონცეპტუალური სპაიდერი e-ტრონია. ამ სტილში გაფორმდება შემდეგი თაობის R8-ც. „პორშეს“ დიზაინერები, შთაგონებას ამავე კომპანიის „550 სპაიდერისგან“ (1953 წელს გამოუშვეს) მიიღებენ. რაც შეეხება „ფოლკსვაგენის“ როდსტერს, ის „ბლიუსპორტის“ სტილში შესრულდება.
მთავარი განსხვავება კი ავტომობილების ბაზაში მოთავსდება. რა თქმა უნდა, ეს ძრავია. „აუდის“ შემთხვევაში ეს ტურბოკომპრესორიანი 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი და 2.5-ლიტრიანი ხუთცილინდრიანი აგრეგატები იქნება. „პორშეს“ ძრავიც ტურბინიანია, მასაც ოთხი ცილინდრი აქვს და მისი მუშა მოცულობაც 2.0 ლიტრია. ამ ძრავს, „პორშეს“ ვაიზენახის კვლევისა და განვითარების ცენტრის სპეციალისტები ქმნიან.
„აუტოქარის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „პორშეს“ აგრეგატი რამდენიმე ვერსიის სახით შეიქმნება და მათგან ყველაზე მძლავრი, რომელიც წყვილი ტურბოკომპრწესორით აღიჭურვება, 380 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. რაც შეეხება „ფოლკსვაგენს“, მისი ძრავი ყველაზე მცირელიტრაჟიანი და ეკონომიური უნდა იყოს. ეს იქნება 1.4-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოაგრეგატი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 170 ცხენის ძალას მიაღწევს.
დაბოლოს, ფასები და მარკეტინგული პოზიციონირება: რა თქმა უნდა, ფასები დიფერენცირებული იქნება. რა თქმა უნდა, კონკრეტული ფასები არ ქვეყნდება. სამაგიეროდ ცნობილია, რომ „ფოლკსვაგენის“ როდსტერი კონკურენციას „მაზდას“ პოპულარულ MX-5-ს გაუწევს, „აუდის“ სამიზნეში ის სეგმენტი მოექცევა, სადაც ერთ დროს „ბეემვეს“ Z3 ფიგურირებდა. რაც შეეხება „პორშეს“ როდსტერს, ის „ლოტუს ელისის“ კონკურენტი უნდა გახდეს, გერმანული კომპანიის გამაში კი „ბოქსტერის“ დაბლა არსებულ ნიშას შეავსებს.
„ფორდი“ სამცილინდრიან 1.0-ლიტრიან ეკობუსტ ძრავზე მუშაობს
Ford confirms 1.0L EcoBoost three-cylinder
2 ივნისი

სანამ ელექტრომობილი ბაზარზე ფეხს მოიკიდებს, შიდაწვისძრავიანი ავტომობილებით გადაადგილება გვიწევს. თუმცა, საწვავის გაძვირების გამო, სულ უფრო მეტი მყიდველი, ამერიკელებიც კი, ეკონომიურ ავტომობილზე აკეთებს არჩევანს. ბუნებრივია, მწარმოებლებს ამის გათვალისწინება უწევთ და მათ შორისაა „ფორდიც“, რომელსაც ეკონომიურობის შესანიშნავი „წამალი“ აქვს ძრავების სერია „ეკობუსტის“ სახით.
„ფორდის“ ჯგუფის ვიცე პრეზიდენტმა დერიკ კიუზაკმა, ვინც გლობალური პროდუქციის განვითარების შტოს კურირებს, განაცხადა, რომ მალე მისი კომპანიის მიერ გაყიდული ავტომობილების 90 პროცენტი სერია „ეკობუსტის“ ძრავებით იქნება აღჭურვილი.
სერიის 3.5-ლიტრიანი V6 ძრავით პირველად სედანი „ტაურასი“, გიგანტური ქროსოვერი „ფლექსი“ და პიკაპი F-150, ასევე „ლინკოლნის“ MKS და MKT აღიჭურვა. შემდეგ ძრავების გამა 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი აგრეგატით შეივსო, რომლითაც „ეჯი“ და „ექსპლორერი“ აღჭურვეს. ახლა კი1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავის ჯერ დადგა...

ეს „ფორდის“ პორტფოლიოში ყველაზე მცირელიტრაჟიანი ძრავი იქნება და მისით ის ავტომობილები აღიჭურვება, რომლებიც მთელს მსოფლიოში გაიყიდება. რა თქმა უნდა, ამ ძრავის კონკრეტული მახასიათებლები ჯერ არ ქვეყნდება, თუმცა „ფორდის“ კიდევ ერთი ვიცე პრეზიდენტი ჯოი ბაკაჟი, ვინც ძრავების ინჟინერიის გლობალურ განყოფილებას კურირებს, ამბობს რომ ამ ძრავს დაახლოებით ისეთივე სიმძლავრე ექნება, რამდენიც „ფორდისვე“ 1.6-ლიტრიან ატმოსფერულ აგრეგატს აქვს და რაც მთავარია, უფრო ეკონომიურიც იქნება. ეკონომიურობასთან დაკავშირებით, ბაკაჟი ამბობს, რომ გაუმჯობესება დაახლოებით იმავე ხარისხით მოხდება, რამდენადაც 3.5-ლიტრიანი V6 ეკობუსტი, V8 ძრავზე ნაკლებ ხარჯიანია.
„ფორდი“ აცხადებს, რომ ახალი ძრავის შესახებ, ინფორმაციას ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე გამოაქვეყნებს, რომელიც სექტემბერში გაიმართება. ასევე დაკონკრეტდება, თუ რომელი ავტომობილები აღიჭურვება ამ აგრეგატით. ამ ავტომობილებს შორის კი უეჭველად იქნება „ფიესტა“, რამდენადაც ამერიკული კომპანია, ახალ ძრავს იმ 1.6-ლიტრიანს ადრის, რომლითაც ეს ჰეჩბეკია აღჭურვილი.
გარდა ამისა, „ცისფერი ოვალი“ ადასტურებს, რომ შემუშავების სტადიაშია სრულიად ახალი, 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, „ფორდის“ ინჟინრები შექმნიან და „ფორდის“ საწარმოები გამოუშვებენ. ბაკაჟი ირწმუნება, რომ ეს კოლოფი საუკეთესო იქნება მსგავს აგრეგატებს შორის.