Monday, July 6, 2009

კრაისლერი PT კრუიზერის წარმოებას გააგრძელებს

Chrysler PT Cruiser

6 ივლისი

უკვე ცხრა წელია, რაც ”კრაისლერი” რეტრო-სტილის უნივერსალ ”PT კრუიზერს” აწარმოებს. თავიდან ეს უცნაური გარეგნობის ავტომობილი ავტომოყვარულებმა სწრაფად შეიყვარეს და ეს მის პოპულარობაზეც აისახა, მაგრამ დროთა განმავლობაში ავტომობილი მოძველდა და მისი გაყიდვებიც შემცირდა. მერე კი, ამერიკული კომპანიის ხელმძღვანელობამ ”PT კრუიზერის” განახლება ზედმეტ ფუფუნებად მიიჩნია და ავტომობილს ვერდიქტად წარმოების შეწყვეტა გამოუტანა.

”კრაისლერის” ტოლუკას (მექსიკა) ქარხანას ”PT კრუიზერის” წარმოება ამ ზაფხულს უნდა შეეწყვიტა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამერიკული კომპანია გაკოტრდა და ის იტალიურმა ”ფიატმა” გამოისყიდა, გეგმები რადიკალურად შეიცვალა. კომპანიის ახალმა აღმასღულებელმა სერჯო მარკიონემ, ვისაც იმავდროულად, ტურინულ კომპანიაშიც იგივე თანამდებობა უკავია, ”PT კრუიზერის” წარმოების მინიმუმ ერთი წლით გახანგრძლივება გადაწყვიტა.

წარმოების პირველ წლებში, ”PT კრუიზერი” იმდენად პოპულარული იყო, რომ ”კრაისლერი” მის წარმოებას ვერ აუდიოდა, დილრები კი, როცა იცოდნენ, რომ ამ ავტომობილზე მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო, მის ფასს ხელოვნურად ზრდიდნენ.

რეტრო ავტომობილის გაყიდვების პიკი 2001 წელს დაფიქსირდა, როდესაც 144 717 ცალი ”PT კრუიზერი” გაიყიდა. შარშან გაყიდვები 50 910-მდე შემცირდა, წელს კი ჯერჯერობით მხოლოდ 8 591 ცალია გაყიდული. ცხრა წლის განმავლობაში, ”PT კრუიზერს” მოდიფიკაცია (მინიმალური) მხოლოდ ერთხელ, 2006 წელს ჩაუტარდა.

ესოდენ ძველი ავტომობილის ბაზარზე დატოვებას ბევრი გაუმართლებელ ნაბიჯად მიიჩნევს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ ეტაპზე, ”PT კრუიზერის” რეკლამირებისთვის ცენტიც აღარ იხარჯება და რაც უფრო მნიშვნელოვანია, წარმობისთვის მისი მომზადების ხარჯები მთლიანად დაფარულია. ამდენად, ავტომობილის საწარმოო თვითღირებულება მნიშვნელოვნადაა შემცირებული და მისი ნებისმიერი რაოდენობით გაყიდვას კომპანიისთვის მოგების მეტი არაფერი მოაქვს.

და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მარკიონე ”PT კრუიზერის” თავგამოდებული ფანი ყოფილა. მაშ იქნებ, მან მეორე თაობის მოდელის გამოშვებაც გადაწყვიტოს...

”ფოლკსვაგენს” მოდელ Up!-ის წარმოება 900 ევრო დაუჯდება

Volkswagen Up!

6 ივლისი

როგორც ჩანს, ”ფოლკსვაგენმა” ყველაზე უკეთ იცის, როგორ გაუმკლავდეს კრიზისს. იმ დროს, როდესაც მისი კონკურენტები, ხარჯების შესამცირებლად, ქარხნებს აჩერებენ და ხურავენ, თანამშრომლებს სამუშაოდან ითხოვენ და შემცირებული მოთხოვნის გამო, წარმოების მოცულობასაც კვეცენ, ”ფოლკსვაგენი” სულ სხვა გზას ირჩევს - თავის ახალ ავტომობილს, რომელიც კონცეპტუალურობისას, საზოგადოებას Up!-ის (სურათზე) სახელით გააცნო, ინდოეთში გამოუშვებს.

იქ თითოეული ავტომობილის დამზადება დაახლოებით 900 ევრო დაჯდება, ევროპაში კი ისინი დაახლოებით 9 000 ევროდ გაიყიდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახალხო ავტომობილების მწარმოებელი, ამ ციცქნას მეშვეობით, უზარმაზარ მოგებას მიიღებს.

მთელ ამ ვარაუდებს ინგლისური გამოცემა ”აუტოქარი” გვთავაზობს, რომელიც დასძენს, რომ ”ფოლკსვაგენი” წლიურად 1.4 მილიონი Up!-ის წარმოებას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ავტომობილს ინდოეთის გარდა, სხვა ქვეყანაშიც, კერძოდ კი სლოვაკეთშიც (ბრატისლავაში) გამოუშვებენ.

სლოვაკური საწარმო ამ ეტაპზე ”ფოლკსვაგენ ტუარეგისა” და ”აუდი Q7-ის” წარმოებითაა დაკავებული, თუმცა ამ ორ მსხვილგაბარიტიან უგზოობის მოდელზე მოთხოვნა ძლიერაა შემცირებული, რის გამოც, ქარხნის სიმძლავრე მინიმალურადაა ათვისებული. ამდენად, იქ სხვა მოდელის წარმოებაც შესაძლებელია. უფრო მეტიც, აპრილში კომპანიის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ ევროპის ტერიტორიაზე Up!-ის წარმოებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ადგილი სლოვაკური ქარხანაა. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ამ ქარხანაში წარმოებული Up!-ის თვითღირებულება ინდურისაზე გაცილებით მეტი იქნება.

”ფორდის” ყოფილი პრეზიდენტი რობერტ მაკნამარა 93 წლისა გარდაიცვალა

6 ივლისი

გუშინ, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა ”ფორდის” ყოფილი პრეზიდენტი და აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მდივანი რობერტ მაკნამარა. შარშანდელს შემდეგ, რაც დაეცა და ხერხემლის მალა გაებზარა, მაკნამარა გადაადგილებას გაჭირვებით ახერხევდა. მეუღლის თქმით, მას არ უავადმყოფია და სიბერით, ძილში გარდაიცვალა.

მაკნამარას განათლება ბერკლისა და ჰარვარდში ჰქონდა მიღებული. ”ფორდში” მუშაობის დაწყებამდე, მეორე მსოფლიო ომის დროს, აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებში იმსახურა, 1946 წელს კი ჰენრი ფორდ მეორემ ის ათ ნიჭიერ ახალგაზრდა ინჟინერთან (თავად მაკნამარა ეკონომისტი, მათემატიკოსი და ფილოსოფოსი იყო) ერთად, თავის კომპანიაში მიიწვია. იმავე წელს, კომპანიამ კრიზისი დაძლია და მომგებიან ბიზნესზე გადავიდა.

1955 წელს მაკნამარა ”ფორდ დივიჟნის” გენერალური მენეჯერი გახდა. ამ პოსტზე მუშაობისას, მისი ინიციატივით, ორადგილიანი, არაპოპულარული მოდელი ”თანდერბირდი” ოთხადგილიანად გადაკეთდა და მაშინვე უამრავი მყიდველი მიიზიდა. ერთ წელიწადში იმაზე მეტი ოთხადგილიანი ”თანდერი” გაიყიდა, ვიდრე წინა წლებში, ერთად აღებული. ორი წლის შემდეგ, მაკნამარა ”ფორდის” ჯგუფის აღმასრულებელი და კომპანიის ვიცე პრეზიდენტი გახდა. სწორედ იმ წელს, ”ცისფერმა ოვალმა”, ბოლო 22 წელიწადში პირველად, გაყიდვებში უკან ”შევროლე” ჩამოიტოვა.

1960 წლის ნოემბერში, მაკნამარა ”ფორდ მოტორის” პრეზიდენტი გახდა, თუმცა ამ პოსტზე სულ ერთი თვე იმუშავა, რადგან მალე პრეზიდენტმა კენედიმ თავისი კაბინეტის თავდაცვის მდივნად მიიწვია. ამ პოსტზე კი მან 8 წელი იმუშავა და ის მაშინაც ეკავა, როდესაც თეთრი სახლის მასპინძელი ლინდონ ჯონსონი იყო.

მაკნამარას მიაჩნდა, რომ საავტომობილო ბიზნესში, უშუალოდ პროდუქციაზე მნიშვნელოვანი საბაზრო კვლევები იყო. ამგვარი ფილოსოფიის ერთ-ერთი პირველი განხორციელება ოთხადგილიანი ”თანდერბირდი” გახდა.

2003 წლის ინტერვიუში, მაკნამარამ განაცხადა, რომ მას ასევე სურდა, რომ ავტოინდუსტრიის ისტორიაში უსაფრთხოების სტანდარტების დამამკვიდრებლის სახელითაც შესულიყო. მძღოლებისა და მგზავრების უსაფრთხოებაზე ზრუნვა მან ჯერ კიდევ 1956 წელს გამოავლინა, რის შემდეგაც, ანალოგიური ასპექტის გათვალისწინება სხვა კომპანიებმაც დაიწყეს.

ფეტელი საშინაო რბოლისთვის განეწყო

Formula 1

6 ივლისი

”რედ ბულის” გერმანელ სებასტიან ფეტელს სჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გერმანული ეტაპისთვის კიდევ უფრო გაუმჯობესებული ბოლიდი და შინაური ტრასის უპირატესობა, მას ზედიზედ მეორე გამარჯვებას მოაპოვებინებს. მიუხედავად იმისა, რომ სილვერსტოუნზე ”რედ ბული” უკონკურენტო იყო, ნურბურგრინგზე ჩემპიონატის ლიდერ ”ბრაუნ GP-სა” და მისი ბრიტანელი პილოტის, ჯენსონ ბატონისგან მაინც მედგარი წინააღმდეგობაა მოსალოდნელი. მითუმეტეს, ნურბურგრინგის რთული მოსახვევები უკეთ სწორედ ”ბრაუნის” ბოლიდებს შეეფერება.

თუმცა, ბრიტანეთში მოპოვებული გამარჯვებით დაკმაყოფილებას არც ”რედ ბული” აპირებს, რომლის საინჟინრო შტაბმაც გერმანული ეტაპისთვის რამდენიმე, თუნდაც უმნიშვნელო სიახლე მოამზადა.

კითხვაზე, ხომ არ ანიჭებს მას უპირატესობას ის ფაქტი, რომ შინაურ ტრასაზე მოუწევს გამოსვლა, ფეტელი პასუხობს: ”დიახ, ამას მე საფეხბურთო შეხვედრას შევადარებდი, რომელსაც შინ ატარებ. საერთოდ, რბოლებში ყოველთვის 100 პროცენტით ვიხარჯებით, მაგრამ როცა შინ გამოსვლა გიწევს, მაშინ კიდევ უფრო მოტივირებული ხარ, რადგან შინ თავს კომფორტულად გრძნობ. კერპენში, ნურბურგრინგიდან საკმაოდ ახლოს ვიზრდებოდი, კარტინგის რბოლებზე აქ გამოვდიოდი და ამიტომ, ამ რეგიონში ბევრი მეგობარი მყავს. რა თქმა უნდა, რბოლის დროს იმაზე სულაც არ ვფიქრობ, რომ შინ გამოვდივარ. მაგრამ მის წინაც და შემდეგაც, განსაკუთრებული განწყობა მაქვს, რადგან აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ”, - ყვება ფეტელი, ვინც პატარაობისას, მიხაელ შუმახერის მიერ გახსნილ კარტის სკოლაში დადიოდა და ერთ-ერთი პირველი ჯილდოც სწორედ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონისგან მიიღო.

ფეტელი აღნიშნავს, რომ მისი გუნდი მანქანას ყოველი რბოლისთვის დიდი მონდომბით ამზადებს და ყოველი ეტაპისთვის მის კონსტრუქციაში სიახლე შეაქვს. თუმცა ხელჩამოშვებულები არც ”ბრაუნის” ინჟინრები არიან, რომლებიც გერმანიისთვის რამდენიმე სიახლეს ამზადებენ. რაც მთავარია, ნურბურგრინგის საშუალო სიჩქარის მოსახვევები მათ მანქანას უფრო შეეფერება, ვიდრე ”რედ ბულისას”. დაკიდევ, დიდი მნიშვნელობა ამინდსაც ექნება. ”ბრაუნში” თბილი ამინდი სურთ, მაგრამ სინოპტიკოსები კვირისთვის წვიმას ვარაუდობენ, ეს კი ფეტელის წისქვილზე ასხამს წყალს.

ორივე გუნდი თანხმდება იმაზე, რომ გერმანიის დიდ პრიზზე ორივე გუნდის პოტენციალი უკეთ გამოიკვეთება და ამის შემდეგ უფრ ადვილი იქნება მათს საჩემპიონო შანსებზე მსჯელობა.

მსოფლიოში ყველაზე პატარა ტაქსი

BMW Isetta

6 ივლისი

66 წლის ნიუ ბოსტონელმა (შტატი მიჩიგანი) ჩაკ მილერმა 1957 წელს გამოშვებული ”ბეემვე იზეტას” ვარგისი ნაწილების მოძიებას და ავტომობილის რემონტს 13 წელი შეალია და თავისი გარჯა იმით დაასრულა, რომ მსოფლიოში ყველაზე პატარა ტაქსი შექმნა. ამერიკული გამოცემა ”ქარ ენდ დრაივერი” გვამცნობს, რომ მართალია, ჩაკმა თავისი ნალოლიავები ავტომობილი ყვითელი ტაქსის ფორმაში გამოაწყო და მისთვის ტაქსის ლიცენზიაც აიღო, მაგრამ ამ ავტომობილით მუშაობას სულაც არ აპირებს.

თუმცა, სიტუაცია ალბათ მას შემდეგ შეიცვლება, რაც მილერი თავის ციცქნა ავტომობილს (სურათზე მასთან ერთადაა), რომელსაც ავტოინდუსტრიის ისტორიკოსები ”ბეემვეს” გადარჩენას მიაწერენ, გასაყიდად გამოიტანს. მას ”იზეტას” გაყიდვა გადაწყვეტილი კი აქვს, მაგრამ ჯერ არც იცის, რა ფასი უნდა დაადოს. ისე კი, თავის დროზე, მასში 1 500 დოლარი კი გადაუხდია.

”ამ მანქანას ჩემი ნაცნობი ჰყიდდა. მან სპეციალურად, ფასიანი შვებულება აიღო და საქმეს შეუდგა. ფასიც უკვე შერჩეული ჰქონდა - 1 500 დოლარი. თითქოს, ძვირი იყო, მაგრამ გავიგეთ, რომ ვიღაცას ასეთივე ავტომობილი 41 000 დოლარად გაუყიდავს. პირველად რომ ეს მანქანა ვნახე, ვიფიქრე, ასეთი უშნო რამ არასდროს შემხვედრია-მეთქი”, - იხსენებს მილერი.

სტანდარტული ”იზეტა 300”, რომლის ბაზაზეც მილერმა თავისი ტაქსი შექმნა, მოკრძალებული მახასიათებლებით გამოირჩევა. მისი ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე 13 ცხენის ძალას აღწევს (5 200 ბრ/წთ-ზე), მაბრუნი მომენტი სულ რაღაც 18.4 ნიუტონმეტრია (4 600 ბრ/წთ-ზე), ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე კი 85 კმ/სთ-ია.

მილერისთვის ”იზეტა 300” ერთადერთი ავტომობილი როდია, რომელიც მან თავის ჭკუაზე მოიყვანა. პირველად 1950 წელს გამოშვებული ”ფორდის” კუპე გადააკეთა. მაშინ მხოლოდ 16 წლის იყო, თავისი პირველი ავტომობილი კი 35 დოლარად შეიძინა. იმ მანქანის გადაკეთებას ორი წელი მოანდომა. სამაგიეროდ, პატარა ბიჭი პოპულარულ ჟურნალ ”როდინგ ენდ რესტაილინგის” ფურცლებზე მოხვდა.

ჟურნალის მიერ მიქცეული ყურადღება მილერისთვის სტიმულის მიმცემი აღმოჩნდა და მან უმაღლესი სკოლის დასრულების შემდეგ, სპეციალური ფირმა (სტაილინ კასტომს) დააარსა და სახელი ძველი ავტომობილების გადაკეთებით გაითქვა. დღეს მილერი პენსიონერია, მაგრამ მცირე პროექტებზე კვლავ მუშაობს და შოუ ”ავტორამასთანაც” თანამშრომლობს ხოლმე.

”ჯენერალ მოტორსი” მკვდარია, გაუმარჯოს ”ჯენერალ მოტორს კომპანის”

General Motors Company

6 ივლისი

დღეს ძველი ”ჯენერალ მოტორსის” არსებობა ოფიციალურად დასრულდა, ახლისა კი - დაიწყო. აშშ-ის გაკოტრების საქმეთა სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაკოტრებულ ”ჯენერალ მოტორსს” ახალი ”ჯენერალ მოტორსისთვის” აქტივების მიყიდვის უფლება მიეცა.

ახალი ”ჯენერალ მოტორსის” სრული სახელწოდებაა ”ჯენერალ მოტორს კომპანი”. ის გაკოტრების კანონის მე-11 მუხლით აღარ იმუშავებს. სამაგიეროდ, ძველ კომპანიას სახელი ეცვლება და ”მოტორს ლიკვიდეიშნ კომპანი” ერქმევა და ის დარჩენილი, წამგებიანი აქტივების გაყიდვას ეცდება. თუ ეს ვერ შეძლო, არსებობას მათთან ერთად, ლიკვიდაციით დაასრულებს.

ახალი ”ჯენერალ მოტორსი” წინამორბედზე გაცილებით პატარა, სამაგიეროდ, ფინანსურად უფრო ძლიერი კომპანია იქნება. ის ახლო მომავალში, თავისი საინვესტიციო რესურსის დიდ ნაწილს მოწინავე ტექნოლოგიების შემუშავებაზე მიმართავს.

”ჯანმრთელი ადგილობრივი ავტოინდუსტრია გლობალური ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება. ჩვენ ვაცნობიერებთ აშშ-ის, კანადის და ონტარიოს მთავრობათა, ასევე გადასახადის გადამხდელთა მიერ ახალი ”ჯენერალ მოტორსისთვის” გამოცხადებულ ნდობას და იმ ძალისხმევას, რაც ჩვენი ბიზნესისთვის წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემების გადასაწყვეტად გაკეთდა. ახლა ჩვენი ჯერია, რომ ეს ბიზნესი ფეხზე დავაყენოთ და კომპანია დაუყოვნებლივ წარმატებულ საქმიანობაზე გადავიყვანოთ”, - ამბობს ”ჯენერალ მოტორს კომპანის” მთავარი აღმასრულებელი ფრიც ჰენდერსონი.

შეგახსენებთ, რომ ახალი ”ჯენერალ მოტორსის” აქციების 60.8 პროცენტი აშშ-ის მთავრობის ხელში გადავა, კანადის მთავრობას 12 პროცენტი ერგება, ავტოპროფკავშირების გაერთიანება 17.5 პროცენტს მიიღებს, ძველი კომპანიის კრედიტორებს კი 10 პროცენტი დარჩებათ, თუმცა მომავალში, ამ წილის 25 პროცენტამდე გაზრდის საშუალება მიეცემათ.

მონტოია ჩემპიონებს უთანაგრძნობს

Formula 1

6 ივლისი

ფორმულა ერთის ყოფილი პილოტი, კოლუმბიელი ხუან პაბლო მონტოია ამბობს, რომ კარგად ესმის, რა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონები - ესპანელი ფერნანდო ალონსო და ბრიტანელი ლუის ჰამილტონი, რომელთაც კარიერაში საკმაოდ მძიმე პერიოდი აქვთ.

”მე მესმის, რას განიცდიან ახლა ისინი. ალონსოს და ჰამილტონს ვეტყვი - მოგესალმებით ჩვენს კლუბში. თქვენ უკვე იცით, რას განიცდის პილოტი, რომელსაც თავის გამოჩენის საშუალებას გარემოება არ აძლევს. ის მდგომარეობა, რომელშიც ისინი ახლა იმყოფებიან, ჩემთვის ნაცნობია. ეს ძალიან სამწუხაროა. ეს ყველაფერი მე უკვე გამოცდილი მაქვს”, - ამბობს მონტოია, ვინც 1998 წელს ფორმულა 3000-ის ჩემპიონი გახდა, შემდეგ კარიერა ოკეანის გაღმა, კარტ-ის სერიაში გააგრძელა და იქ პირველივე სეზონში მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. კიდევ ერთი სეზონის შემდეგ, მან ლეგენდარული ინდი 500-ც (ესეც დებიუტისთანავე) მოიგო, რის შემდეგაც ფორმულა 1-ში, ”უილიამსში” მიიწვიეს. სხვათა შორის, მონტოია კარტ-ის სერიის სულ მეორე პილოტია, ვინც ჩემპიონის ტიტულს პირველსავე სეზონში დაეუფლა. პირველმა ეს ბრიტანელმა ნაიჯელ მენსელმა 1993 წელს შეძლო.

ფორმულა ერთში, ”უილიამსსა” და ”მაკლარენში” თითქმის ექვსი სეზონი გაატარა და 7 ეტაპის მოგება შეძლო. 2003 წელს მან მონაკოს დიდი პრიზი მოიგო. ფორმულა ერთის პილოტის კარიერა კი 2006 წელს, შუა სეზონში, აშშ-ის დიდი პრიზის შემდეგ დაასრულა და ამერიკაში დაბრუნდა, სადაც ნასქარ-ის სერიაში დღემდე გამოდის.

დღეს მონტოია (სურათზე) ამბობს, რომ ფ1-ში გატარებული ხუთნახევარი სეზონის შემდეგ, ის საბოლოოდ გაწბილებული დარჩა: ”თავიდან ოპტიმისტი ხარ, გამარჯვებისთვის იბრძვი, როცა მიზანს აღწევ, გიხარია, რომ ფორმულა ერთის დიდი ოჯახის წევრი ხარ. დაეთანხმებით, მე ძალიან სწრაფი ვიყავი, რამდენჯერმე პოული მოვიპოვე და რბოლებიც მოვიგე და მაშინ ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ შემდეგ გულგატეხილობის პერიოდიც დამიდგა. მივხვდი, რომ თუ მოგება გინდა, აუცილებლად კონკურენტუნარიან გუნდში უნდა გამოდიოდე. თუ ასეთ გუნდში არ ხარ, არაფრის იმედი არ უნდა გქონდეს. სეზონის განმავლობაში სიტუაციის მნიშვნელოვნად შეცვლა თითქმის შეუძლებელია. იგებს ის, ვინც კარგ მანქანაზე ზის, სხვები კი სტატისტები, დანამატები არიან”, - ამბობს მონტოია, ვისაც ფორმულა 1-ის დატოვებაში იმ გარემოებამ შეუწყო ხელი, რომ 2006 წლის სეზონის დასაწყისში, ”მაკლარენმა” კონტრაქტი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ალონსოსთან გააფორმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კოლუმბიელს მეორე პილოტის როლი გარანტირებული ჰქონდა, ამასთან შეგუება კი მას არ შეეძლო. ამასთან, ”ფერარიშიც” ორივე ადგილი დაკავებული იყო, სხვა გუნდებში კი საჩემპიონო შანსები თითქმის არ არსებობდა.

რაც შეეხებათ ალონსოს და ჰამილტონს, არაკონკურენტუნარიანი მანქანების გამო, პირველი ქულების აღებას ძლივს ახერხებს, მეორემ კი ბოლო ოთხი ეტაპი უქულოდ დაასრულა...

”კიას” და ”კორ სტანდარტ ბანკის” ერთობლივი აქცია

6 ივლისი

თითქმის ერთი წელიწადია, საქართველოს საავტომობილო ბაზარი სტაგნაციას განიცდის. ჯერ ომმა, შემდეგ კი ფინანსურმა კრიზისმა, ბანკებს კრედიტების გაცემის შეზღუდვა აიძულა, რაც პირდაპირ აისახა საავტომობილო დილერების საქმიანობაზე, რომელთა ბიზნესის მთავარი მამოძრავებელი წყარო სწორედ ავტოკრედიტები იყო.

დღეს ავტოდილერები მოუთმენლად ელიან იმ დროს, როდესაც ბანკები კვლავ დაიწყებენ იოლი კრედიტების გაცემას, რაც ახალი ავტომობილების პოტენციურ მყიდველს კვლავ ავტოსალონებში დააბრუნებს. რა თქმა უნდა, სანამ ქვეყნის მოსახლეობის საშუალო ფენის შემოსავლები ომამდელ დონეს გაუტოლდება, საქმეს კრედიტებიც ბოლომდე ვერ უშველის, მაგრამ ბანკების აქტიურობა მაინც მყიდველის მოზიდვის, გაყიდვების გამოცოცხლების წინაპირობაა. მეორე მხრივ, ბანკებსაც თავიანთი კაპიტალის ეფექტურად დაბანდების მეტი საშუალება გაუჩნდებათ. მოკლედ, უძრაობიდან მოქმედებაზე გადასვლით ორივე მხარე თანაბრადაა დაინტერესებული.

სწორედ ეს გარემოება დაედო საფუძვლად ”კორ სტანდარტ ბანკისა” და ”იბერია ბიზნეს ჯგუფში” შემავალ დილერ ”კია მოტორს ჯორჯიას” ერთობლივ ფასდაკლების და განვადების აქციას, რომელიც ”კიას” ავტომიბილების მყიდველს მეტად ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს.

ეს პირობები, კორეული კომპანიის დილერის მხრიდან, ნებისმიერ მოდელზე 15-21-პროცენტიან ფასდაკლებას გულისხმობს, ”კორ სტანდარტ ბანკი” კი კრედიტის აღების მსურველს, შემოსავლის დადასტურების გარეშე, 17-პროცენტიან განვადებას (ფასდაკლებულ ავტომობილებზე) სთავაზობს.

განაცხადის შევსება ბანკის საიტზე, ოფისიდან გაუსვლელად, ან ”კია მოტორს ჯორჯიას” ავტოსალონშია შესაძლებელი, რის შემდეგაც, მყიდველი პასუხს 5 წუთში მიიღებს.

საერთო ჯამში, მყიდველს ”კიას” ნებისმიერი მოდელის შეძენა, მის ნომინალურ ღირებულებაზე გაცილებით იაფი უჯდება.

აქცია 15 აგვისტომდე გაგრძელდება, რის შემდეგაც, ”კია მოტორს ჯორჯია” და ”კორ სტანდარტ ბანკი” მყიდველს კიდევ არაერთ სიურპრიზს უმზადებენ.

სურათზე: ”კია მოტორს ჯორჯიას” და ”კორ სტანდარტ ბანკის” ერთობლივი აქციის დაწყება მხარეებმა ”კიას” ავტომობილის ფორმის ტორტით აღნიშნეს