Tuesday, August 18, 2009

”პეჟო RC-Z” ფრანკფურტამდე გაგვეცნო

Peugeot RC-Z

18 აგვისტო



”პეჟომ” წარმოებისთვის სპორტული კუპე RC-Z მოამზადა, რომლის შესახებაც, ინფორმაცია ფრანკფურტის მოტორ შოუს დაწყებამდე ერთი თვით ადრე გამოაქვეყნა.

ავტომობილი, რომელიც პოპულარულ ჰეჩბეკ 308-ს ბაზაზეა დამზადებული, ორი წლის წინ, ფრანკფურტში ნაჩვენები კონცეპტუალური მოდელის სერიული ვერსიაა. მას 308-ზე განიერი კვალი აქვს. მისი კლირენსი 20 მილიმეტრით დაბალია, სიმძიმის ცენტრი კი 40 მილიმეტრით დაბლა მდებარეობს.

ავტომობილში ჩასაჯდომი ფორმულაა 2+2 და გარეგნულად ის თითქმის არ განსხვავდება ორი წლის წინანდელი კონცეპტუალური RC-Z-გან. ასე განსაჯეთ, ფრანგულმა კომპანიამ პრაქტიკულად ხელუხლებლად დატოვა კონცეპტუალური მოდელის პანორამული სახურავი, რომელსაც რთული ფორმა აქვს და რომლის წარმოებაც ტექნოლოგიურ სირთულეებთან დაკავშირებული. ისევე როგორც კონცეპტუალურ მოდელზე, სალონი მკვეთრად წინ წაწეული, საბორბლე თაღები კი ძლიერ გამობერილია, რაც ავტომობილის აგრესიულ ხასიათზე მიგვანიშნებს.

”პეჟო RCZ-ის” ტოპ ვერსია აღჭურვილია 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავით, რომელიც 200 ცხენის ძალას ავითარებს. ძრავთან კი 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული. ამ აგრეგატით, ავტომობილის 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარება 7.6 წამში ხდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 225 კმ/სთ-ს აღწევს. ამ ძრავით აღჭურვილ RCZ-ს 100 კილომეტრის შერეული ციკლით გასავლელად, 7.1 ლიტრი ბენზინი სჭირდება, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროში 165 გრამ CO2-ს გამოჰყოფს.

გარდა ამისა, ”ფრანგული ლომების” ახალი სპორტული ავტომობილისთვის 1.6-ლიტრიანი, ასევე ტურბო და 2.0-ლიტრიანი ტურბო დიზელია განკუთვნილი. პირველის სიმძლავრე 156 (საწვავის ხარჯი 6.9 ლ/100 კმ-ზე), მეორისა კი 163 ცხენის ძალას (საწვავის ხარჯი 5.4 ლ/100 კმ-ზე, გამონაბოლქვი 139 გ CO2 ყოველ კილომეტრზე) აღწევს. ორივე ძრავს 6-საფეხურიანი მექანიკური, ან ავტომატური კოლოფი უკავშირდება.

ჯერჯერობით არ გამოცხადებულა ”პეჟო RCZ-ის” ფასი, სამაგიეროდ ცნობილია, რომ მის წარმოებას კანადურ-ავსტრიული კომპანია ”მაგნა შტეირი” თავის ავსტრიულ ქარხანაში მერმის დაიწყებს.

ჩინური ალიანსი ჰიბრიდული ავტომობილებისთვის

BYD – SAIC

18 აგვისტო

ორმა ჩინურმა საავტომობილო კომპანიამ - BYD-მა და SAIC-მა გააფორმეს თანმშრომლობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, პირველი მეორეს ჰიბრიდული ავტომობილებისთვის ლითიუმ-იონურ აკუმულატორებს მიაწვდის. რამდენიმე თვის წინ, BYD-მა მსოფლიო გააკვირვა, როდესაც გამოაცხადა, რომ შექმან აკუმულატორები, რომლებითაც ავტომობილი 600 000 კილომეტრის გავლას შესძლებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასეთი აკუმულატორების დამუხტვა, მათი ექსპლუატაციის განმავლობაში, დაახლოებით 2 000-ჯერაა შესაძლებელი.

გაზეთ ”ბეიძინ ნიუსის” ცნობით, მერმის SAIC-ი ჰიბრიდული ავტომობილების წარმოების დაწყებას აპირებს, რომლებიც შესაბამის შიდაწვისძრავიან მოდელებთან შედარებით, 20 პროცენტით ნაკლებ საწვავს მოიხმარენ. გაზეთის მონაცემებით, შანჰაის ავტოკომპანია (SAIC - შანჰაი აუტომოტივ ინდასტრი კორპორეიშნ) ჰიბრიდული დანადგარით თავის პოპულარულ სედან ”როევე 750-ს” (სურათზე) აღჭურვავს.

საერთოდ, BYD-ი (ბილდ იორ დრიმს) ლითიუმ-იონური აკუმულატორების წარმოებითაა ცნობილი. ამ კომპანიამ თავიდან სწორედ ამ პროფილით დაიწყო და შემდეგ, საკუთარი ბიზნესი ავტომობილების წარმოებითაც გააფართოვა. დღეს კი, გარდა იმისა, რომ წარმოებისთვის საკუთარი კონსტრუქციის ჰიბრიდებსა და ელექტრომობილს ამზადებს, თანამშრომლობას სხვა კომპანიებთანაც აპირებს. მათგან კი ერთ-ერთი პირველი SAIC-ია.

”კან ამ M1C” - ლეგენდარული ”მაკლარენ M1C-ის” რეპლიკა

CAN AM M1C

18 აგვისტო


”მაკლარენი” სახელგანთქმული ბრენდია ავტოსპორტის სამყაროში, სადაც განსაკუთრებული მიღწევები ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატებზე აქვს. დღეს კომპანია მხოლოდ ფ1-ის რბოლებში მონაწილეობს, თუმცა იყო დრო, როცა მისი ბოლიდები კანადა ამერიკის (კან-ამ) თასსა და ინდი 500-ზეც გამოდიოდნენ.

”მაკლარენის” სარბოლი ავტომობილებიდან კი ყველაზე მეტად, კომპანიის ერთ-ერთი პირველი ქმნილება - M1C გამოირჩეოდა. თავისი 500-ცხენისძალიანი ძრავის წყალობით, მან კან-ამის რბოლებში არაერთი გამარჯვება მოიპოვა. მაგრამ სამწუხაროდ, ახალზელანდიელმა მრბოლებმა - ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონმა დენის ჰალმმა და ბრიუს მაკლარენმა მხოლოდ 25 ცალი M1C დაამზადეს და ყველა სარბოლი ტრასების გზას გაუყენეს. ამიტომ, სიჩქარის არასპორტსმენ მოყვარულებს, მისი შეძენის საშუალება არ მისცემიათ.

ამ ავტომობილის კონსტრუქცია იმდენად მარტივი და წარმატებული გამოდგა, რომ მის მიხედვით, ენთუზიასტები და პატარა ფირმები დღესაც აწარმოებენ ავტომობილებს და საკმაოდ წარმატებითაც. თუმცა, ისინი უფრო ხშირად, შასიზე საკუთარი დიზაინის ძარას დგამენ ხოლმე.

მაგრამ გამონაკლისიც გამოჩნდა - პატარა გერმანულმა ფირმა ”LMP ინჯინირინგმა” ლეგენდარული ავტომობილის სრულფასოვანი ასლების წარმოება გადაწყვიტა. ფირმამ თავის შედევრს ”კან ამ M1C” (Can Am M1C) უწოდა. კომპანიის ინჟინრებმა სასურველი ავტომობილის ასლის დასამზადბლად ულტრათანამედროვე კომპიუტერული პროგრამები გამოიყენეს, რათა სრულფასოვანი ასლი მიეღოთ და არა უბრალო რეპლიკა, როგორებსაც ბევრი სხვა ფირმაც აწარმოებს.

ისევე როგორც ორიგინალი, ”კან ამ M1C-ს” შასიც ფოლადის მილებისგან შეკრულ ჩარჩოზეა აგებული, რომელსაც კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული ძარა (კოკი) ფარავს. შასიზე ”შევროლეს” მცირებლოკიანი V8 ძრავი (მონაცემები არ ქვეყნდება) დაიდგა, რომელსაც საწვავი ნარევით ზუსტად ისეთი 4 კარბურეტორი (48 IDA) ამარაგებს, როგორიც ორიგინალურ ავტომობილზე იდგა. ძრავს კი ინგლისური ”ჰიულენდის” წარმოების სარბოლი გადაცემათა კოლოფი (DG 300) შეუწყვილდა, რომელსაც 5 საფეხური აქვს. ამ ავტომობილისთვის მუხრუჭები სპეციალურად კომპანია ”AP რეისინგის” სპეციალისტებმა დაამზადეს.

”LMP ინჯინირინგმა” ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ცალი ”კან ამ M1C” დაამზადა, რომელიც უკვე გაყიდულია. კომპანია აცხადებს, რომ შეკვეთის შემთხვევაში, ასეთ ავტომობილებს კიდევ გამოუშვებს, თუმცა რა დაუჯდება მსურველს ლეგენდარული ავტომობილის ასლის შეძენა, ამაზე გერმანული ფირმა არაფერს ამბობს.

ისე, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ის ძალიან ძვირი ეღირება...

”ჯენერალ მოტორსი” 4 000-დოლარიან ავტომობილს გამოუშვებს

GM Working on $4 000 Car

18 აგვისტო

”გენერლებმა” თავიანთი ულტრა იაფფასიანი ავტოს ბაზისად შეიძლება კონცეპტუალური ”შევროლე ტრექსი” (ზედა სურათზე), ან ”შევროლე გრუვი” (ქვედა) გამოიყენონ
”უოლ სტრიტ ჯორნელის” ცნობით, ”ჯენერალ მოტორსი” ადასტურებს, რომ ულტრა დაბალფასიანი ავტომობილის წარმოებას აპირებს, რომლითაც კონკურენციას ინდური ”ტატას” უიაფეს ”ნანოს” გაუწევს. მაგრამ ამერიკული კომპანიის უაიფესი ავტომობილი თავის კონკურენტთან შედარებით, მაინც თითქმის ორჯერ ძვირი ეღირება. ამასთან, ის მხოლოდ აზიის განვითარებად ქვეყნებში გაიყიდება.

”როცა ”ტატა მოტორსმა” 2 500-დოლარიანი ”ნანოს” გამოშვება დაიწყო, ამით ბევრი ავტომწარმოებლის დაინტერესება გამოიწვია. მაგრამ ჩვენ ესოდენ იაფი ავტომობილის წარმოებას არ ვგეგმავთ, რადგან ის სპეციფიკური ბაზრებისთვისაა განკუთვნილი, სადაც გამონაბოლქვზე ამერიკისა და ბრაზილიის ბაზრებისგან განსხვავებული სტანდარტები მოქმედებს. მოკლედ, ჩვენ იაფი ავტომობილის გამოშვებას ვგეგმავთ, მაგრამ ჯერ არ გადაგვიწყვეტია, სად დავიწყებთ მის წარმოებას და რომელ ბაზრებზე გავყიდით”, - ამბობს ”ჯენერალ მოტორსის” საერთაშორისო ოპერაციების ხელმძღვანელი და კომპანიის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი ნიკ რილი.

რილის თქმით, მისი კომპანია ყველაზე იაფ ავტომობილს აუცილებლად აზიაში (ჩინეთში, ან ინდოეთში) გამოუშვებს. ამასთან, ”გენერლები” ამ პროექტთან დაკავშირებით, სხვა ავტომწარმოებელთან თანამშრომლობას არ გეგმავენ. ”ჯენერალ მოტორსის” იაფფასიანი ავტომობილის ღირებულება 4 000-5 000 დოლარის ფარგლებში იქნება.

ცნობისათვის, ულტრა იაფფასიანი ავტომობილების წარმოებას ასევე გეგმავენ ”ფიატი” და ”რენო-ნისანის” ალიანსი.

”ჯენერალ მოტორსმა” ”სააბი” გაჰყიდა

Saab

18 აგვისტო

”ჯენერალ მოტორსმა” და შვედურმა კომპანია ”კენიგსეგმა” გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის ძალითაც, კიდევ ერთი შვედური ავტომწარმოებელი ”სააბი”, ამიერიდან სუპერავტომობილების მწარმოებელი ”კენიგსეგის” ხელში გადადის. ახლა ისღა დარჩა, რომ შვედეთის მთავრობამ ეს შეთანხმება დაამტკიცოს, რის შემდეგაც, ფინანსურ კრიზისში მყოფი ”სააბის” ანგარიშზე, კრედიტის სახით 4.3 მილიარდ შვედურ კრონს (დაახლოებით 417 მილიონ ევროს) გადარიცხავს.

სააგენტო როიტერის ინფორმაციით, ამერიკული კომპანია ”სააბს” ძალიან დაბალ ფასად ჰყიდის, თუმცა რამდენია ეს ”ძალიან დაბალი ფასი”, არ კონკრეტდება. სამაგიეროდ, ”ჯენერალ მოტორსის” ევროპული შტოს პრეზიდენტი კარლ-პეტერ ფორსტერი აცხადებს, რომ გაყიდვის შემდეგაც, მისი კომპანია ”სააბთან” ტექნოლოგიურ თანამშრომლობას გააგრძელებს.

”კენიგსეგის” გარდა, ”სააბის” გამოსყიდვაში ასევე მონაწილეობენ ნორვეგიული საინვესტიციო კომპანია ”ბაარდ ეკერი” და მისი პარტნიორი, ამერიკელი ბიზნესმენი ოგი ფაბელა. ”ჯენერალ მოტორსთან” დადებული გარიგების თანახმად, ამიერიდან ”სააბის” 23.4 პროცენტი ”კენიგსეგის” დამაარსებლის, კრისტიან ფონ კენიგსეგის ხელში გადადის. 42.6 პროცენტს მისი კიდევ ერთი კომპანია, ”აპლააცი” მიიღებს, 11.8 პროცენტი ”ბაარდ ეკერისა” გახდება, დარჩენილი 22 პროცენტი კი იმ უცნობი ინვესტორის ხელში დარჩება, რომელმაც ეს წილი ცოტა ხნის წინათ, ბიზნესმენ მარკ ბიშოპისგან გამოისყიდა.

გაყიდვის მიუხედავად, ”ჯენერალ მოტორსი” შვედური კომპანიის ტექნოლოგიურ მხარდაჭერას გააგრძელებს. ამერიკული კომპანიის მხარდაჭერით, მალე ”საბი” სამი ახალი მოდელის - 9-3X-ის, 9-4X-ის და 9-5-ის გამოშვებას დაიწყებს. ცნობისათვის, წინა წელთან შედარებით, შარშან ”სააბმა” 25.5%-ით ნაკლები, 93 338 ავტომობილი გაჰყიდა, წელს კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება.

რაც შეეხება ”კენიგსეგს”, ამ კომპანიის ერთადერთ საწარმოში მხოლოდ 50 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც წლიურად მხოლოდ რამდენიმე ავტომობილს (თითოეულის ფასი მილიონი დოლარია) აწარმოებენ.