Tuesday, October 20, 2009

”ვერმოტმა” როდსტერ ”ვერიტას RS III-ის” წარმოება დაიწყო

Veritas RS III Roadster

20 ოქტომბერი

პატარა გერმანულმა კომპანია ”ვერმოტმა” გამოაცხადა, რომ იწყებს სპორტულ ავტომობილ ”ვერიტას RS III-ის” წარმოებას, რომელიც მხოლოდ 30 ცალი დამზადდება. თითო ავტომობილს 15 ადამიანი აწყობს და ისინი საქმეს დაახლოებით 8 კვირას უნდებიან.

ავტომობილს საკმაოდ უცნაური ჩასაჯდომი ფორმულა აქვს - 1+1, ანუ ერთი ადგილი მძღოლისთვის და ერთიც, მგზავრისთვის. ოღონდ, თუ ეს მეორე ადგილი თავისუფალია, ის ძარის დამატებითი ელემენტით იფარება ისე, რომ გკუვი ზედაპირი შექმნას და ჰაერის ნაკადის შეშფოტებას არ შეუწყოს ხელი. აეროდინამიკის გასაუმჯობესებლად გაღებული ხარკია ასევე ისიც, რომ ავტომობილს საქარე მინა არ აქვს.

მწარმოებელი ირწმუნება, რომ ”ვერიტას RS III” შესანიშნავი დინამიკური თვისებებით გამოირჩევა. ”მექანიკური, თუ ავტომატური ტრანსმისიით, სარბოლი, თუ საგზაო ვერსია, დამხმარე სისტემების გარეშე, თუ ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემით - ”ვერიტას RS III” ისეთსავე სიამოვნებას მოგანიჭებთ, როგორსაც სარბოლი ავტომობილი”, - ნათქვამია ”ვერმოტის” რელიზში.

”ვერიტას RS III-ის” მზიდი ელემენტი ფოლადის მილებისგან შეკრული სივრცული ჩარჩოსა და კარბონის კომპოზიტის კომბინაციას (ეგრეთ წოდებული მონოკოკური სისტემა) წარმოადგენს და დიდი სიხისტით გამოირჩევა. მონოკოკის უკანა ტორსზე ხისტადაა დამაგრებული (როგორც სარბოლ ავტომობილებში) ”ბეემვეს” წარმოების 5.0-ლიტრიანი V10 აგრეგატი, რომელიც 507 ცხენის ძალას (7 750 ბრ/წთ-ზე) და 520 ნიუტონმეტრს (6 100 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. მისი მეშვეობით, 1 080-კილოგრამიანი ”ვერიტას RS III” მაქსიმუმ 347 კმ/სთ-ს ავითარებს, ადგილიდან 100 კმ/სთ-ის ასაკრეფად კი 3.2 წამი სჭირდება.

სტანდარტულ კომპლექტაციაში, ძრავს 7-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი უწყვილდება, მყიდველის სურვილის შემთხვევაში კი შესაძლებელია ამ კოლოფის 6-საფეხურიანით შეცვლა. ავტომობილი ასევე აღჭურვილია კომპანია ”ოლინსის” წარმოების საკიდარით, ”რეკაროს” სპორტული ყაიდის სავარძლებით და ”დანლოპის” წარმოების საბურავებით, რომელთა ზომებია: 325/25 უკან და 255/30 წინ.

დაბოლოს, ”ვერმოტი” ირწმუნება, რომ ”ვერიტას RS III-ზე” 8 შეკვეთა უკვე მიღებული აქვს. მყიდველები მონაკოდან, ბრიტანეთიდან და ავსტრალიიდან არიან. უკვე დაწყებულია სამი ავტომობილის აწყობა. თითოეულის საბაზო ღირებულება 345 000 ევროა.