Monday, December 27, 2010

სანტას მარხილები ავტომწარმოებლებისგან

27 დეკემბერი

ტრადიციულად, ინგლისური ჟურნალი ”ქარ”, წლის მიწურულს, ავტოკომპანიებს სანტა კლაუსისთვის ორიგინალური მარხილის კონცეპტუალური ესკიზების შექმნას სთხოვს, რაზეც ისინი სიამოვნებით თანხმდებიან და ჟურნალის წლის ბოლო ნომერში, მათი ნამუშევრები ქვეყნდება. ამჯერად, ფორმალურ კონკურსში მონაწილეობა სამმა კომპანიამ - ”ინფინიტიმ”, ”პეჟომ” და ”ფერარიმ” მიიღო.

აღსანიშნავია, რომ სამივე კომპანიამ ”ქარ-ის” შეკვეთით, სანტას მარხილი პირველად დაამზადა. ამასთან, იაპონურმა კომპანიამ ორი მარხილი შექმნა. ამათგან პირველს ”რუდოლფ მეორე” უწოდა, მეორეს კი - ”ვერცხლისფერი ექსპრესი”. რა თქმა უნდა, ორივე მარხილი მეტისმეტად ფუტურისტულია და ძნელად თუ მოგვაგონებს ავტომობილსაც და მარხილსაც.

ინფინიტის რუდოლფ მეორე და ვერცხლისფერი ექსპრესი

”რუდოლფ მეორე” უფრო უგზოობის და სპორტული მოდელის ნაზავს ჰგავს. მისი წინა ნაწილი ორ თხილამურს ეყრდნობა, უკან კი - მხოლოდ ერთს. სანტა სადღაც წასულა, ბარგი კი ჩაულაგებია, მაგრამ ეტყობა, რაღაც დარჩა, შილიფად ჩაცმული ფიფქია კი სალონში მოთავსებულა და მას მოელის. რამდენადაც მარხილის უკანა ნაწილი საჩუქრებითაა გადავსებული, ესე იგი, ძრავი მარხილის წინა ნაწილში უნდა იყოს. მაგრამ რა ამოძრავებს ამ უცნაურ კონსტრუქციას, ამაზე წარმოდგენა ალბათ არც კონცეპციის ავტორებს აქვთ და ეს საჭირო არცაა. სავარაუდოდ, ირმების ნაცვლად, სანტას გადაადგილებას ელექტროძრავი, ან რამე ეკოლოგიური უზრუნველყოფს...

მეორე მარხილი კიდევ უფრო შთამბეჭდავია. წინ ის თხილამურების მსგავს კონსტრუქციას ეყრდნობა, უკან კი ამ შემთხვევაშიც ერთი საყრდენია. მაგრამ მთავარი ისაა, რომ მარხილი მეტისმეტად გრძელი გამოვიდა, სალონი კი მას უკანა ბოლოში აქვს მოთავსებული. აქაც სავარაუდოდ, ამძრავად ელექტროძრავები გამოიყენება, რომლებიც წინა ზორბა ბორბლებში უნდა იყოს მოთავსებული.

ამჯერად სანტამ საჩუქრები მომცრო ტომარაში ჩაატია. ის სალონში ზის და ორ კოხტა იაპონელ ფიფქიას ელოდება, რომლებიც სანამ გზას გაუდგებიან, ვირტუალური ფოტორეპორტიორის წინაშე პოზირებენ.

პეჟო პუგ

”პეჟოს” მარხილს ეტყობა, რომ ის ავტომწარმოებლის მიერაა შემუშავებული. კონცეპცია ფრანგული კომპანიის პარიზული დიზაინ სტუდიის 37 წლის შეფის, ჟილ ვიდალის ნახელავია და მასში ”ლომების” ახლანდელი კორპორატიული სტილის ზოგიერთი ელემენტის შემჩნევაც შეიძლება. რაც მთავარია, მარხილი ავტომობილის (რა თქმა უნდა, უგზოობის) სტილშია შესრულებული.

მარხილის სალონი უფრო სარბოლი ავტომობილის ვიწრო კოკპიტს მოგაგონებთ. მისი უკანა ნაწილი ცოტა ძნელი გასარჩევია, თუმცა რამდენადაც იქ კომპანიის ვეებერთელა ლოგოს ვხედავთ, სავარაუდოდ, ის საბარგულზე უნდა იყოს დატანილი. გამოდის რომ, ფრანგული მარხილით სანტა ბევრი საჩუქრის წაღებას შეძლებს.

”პეჟოს” თავისი მარხილის ესკიზებისთვის კონცეპტუალური განმარტება არ მოუყოლებია. ისე ეტყობა, რომ უკან ის წყვილ თხილამურზე უნდა იდგეს, წინ კი ღმერთმა უწყის, რაზე - მანქანის ეს ნაწილი თოვლის ნამქერითაა დაფარული და არ ჩანს. სავარაუდოდ, ”ლომების” მარხილსაც გამწევ ძალას ელექტროძრავი უნდა ანიჭებდეს...

ფერარი

დაბოლოს, მარხილი მარანელოდან, საიდანაც ყველა ყოველთვის შედევრებს ელის და ამჯერადაც ასეა. ამ სამი კომპანიის ნამუშევრებს შორის, ყველაზე დახვეწილი და ელეგანტური ალბათ მაინც ”ფერარის” მარხილია. ყოველ შემთხვევაში, გემოვნებაზე არ დაობენ...

ისე, ამ მარხილის დანახვაზე, კაცმა შეიძლება გაიფიქროს, რომ მარანელოელებმა თავიანთი მორიგი სუპერ ავტომობილის შექმნა სწორედ ამ ესკიზით დაიწყეს. პროექტზე მუშაობას ფლავიო მანცონი წარუძღვა, ვისთვისაც ეს პირველი მარხილია. აშკარად ჩანს, რომ დიზაინერთა ჯგუფმა კარგად გამოიყენა ის გამოცდილება, რომელიც ავტომობილებზე მუშაობისას აქვს დაგროვილი. ამასთან, თხილამურების კონსტრუქციის შემუშავებისას, მათ ორიგინალობაც გამოიჩინეს. მარხილი კომპაქტურია და მსუბუქიც უნდა იყოს, რაზეც თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ძარის წინა ნაწილი დასვრეტილია. ან იქნებ, ეს იმისათვის გაკეთდა, რომ მის ქვეშ დამალული აგრეგატის გასაგრილებლად ჰაერი შეაგროვოს?

სალონი სამხედრო თვითმფრინავის სანთელს არ მოგაგონებთ? ან იქნებ, სარბოლი სპორტული პროტოტიპის კოკპიტს? იქიდან სანტაც ისე გვიმზერს, როგორც ლე მანის რბოლისას, ბოქსში პიტსტოპზე შესული მრბოლი... ავტომობილის (ბოდიშით, მარხილის) უკანა თხილამურების უკან წითელ ლაქებს დააკვირდით. ეს ან სტოპ-ფარების მიერ დატოვებული შუქჩრდილი უნდა იყოს, ან მცირე ზომის რეაქტიული ძრავებიდან გამოტყორცნილი გავარვარებული ნამწვი აირის ჭავლი. არადა, ”ფერარი” ბოლო ხანს დაჟინებით იმეორებს, რომ არასდროს იტყვის უარს V8 და მეტცილინდრიან აგრეგატებზე...

და სადღა დაეტევა სანტას საჩუქრები? ალბათ არსად, მაგრამ ”ფერარის” მარხილზე ამხედრებული სანტა ხომ თავისი გამოჩენითაც გაახარებს არამარტო პატარებს...

”ფორდის” ახალი სისტემა ენერგიას დაგაზოგინებთ

FORD FOCUS ELECTRIC DASHBOARD TECH MAXIMIZES RANGE

27 დეკემბერი

ევროპის 2011 წლის საუკეთესო ავტომობილს, ”ნისანის” ელექტრომობილ ”ლიფს” მალე სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდება ელექტრონული ”ფორდ ფოკუსის” სახით. ”ცისფერი ოვალი” მალე დაიწყებს თავის ელექტრომობილზე შეკვეთების მიღებას. მართალია, დღეისათვის ბაზარზე კიდევ ერთი ელექტრომობილი - ”შევროლე ვოლტი” ფიგურირებს, მაგრამ ეს ეგრეთ წოდებული გაზრდილი სვლის მქონე ელექტრომობილია, რომელშიც მეორეხარისხოვან როლს შიდაწვის ძრავიც ასრულებს.

ელექტრონულ ”ფოკუსს” ბევრი მახასიათებელი ”ნისან ლიფის” მსგავსი აქვს. მაგალითად, ორივე ავტომობილის სვლის სიშორე დაახლოებით 160 კილომეტრია. ”ფორდის” ელექტროძრავი 134 ცხენის ძალას ავითარებს (ნისანისა 107-ს) და მისი მეშვეობით, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 135 კმ/სთ-ს (ნისანისა - 145 კმ/სთ-ს) აღწევს.

”ფოკუსს” შედარებით მცირე ტევადობის აკუმულატორების ბლოკი აქვს, რომელიც 98 ცალი ელემენტისგან შედგება და 23 კილოვატსაათი ელექტროენერგიას აგროვებს (ნისანის ანალოგიური მაჩვენებელი 34 კვტსთ-ია). თუმცა, ეფექტური გამაგრილებლის წყალობით, ენერგიის დანაკარგები მინიმალურია და სვლის სიშორე - გაზრდილი.

ელექტრული ”ფოკუსის” აკუმულატორების საერთო წონა 226 კილოგრამია და ის ავტომობილის უკანაა მოთავსებული. კონსტრუქტორებმა აკუმულატორი ისე მოათავსეს, რომ ავტომობილის წონა წინა და უკანა ღერძებს შორის თანაბრად განაწილდა. ამერიკული კომპანია აცხადებს, რომაკუმულატორის წონა ოთხჯერ შემცირდება და ის დაახლოებით იმდენ ადგილს დაიკავებს, რამდენიც შიდაწვისძრავიან ”ფოკუსის” საწვავის ავზს უკავია.

მძღოლისთვის ელექტრომობილის მართვის გასაადვილებლად, თავისივე სისტემა ”მაიფორდტაჩის” ბაზაზე, ”ფორდმა” ულტრათანამედროვე ინტერფეისი შეიმუშავა, რომელიც მძღოლს ყველანაირ ინფორმაციას მიაწვდის. მათ შორის, ენერგიის ხარჯის და დარჩენილი ენერგიით გასავლელი მანძილის შესახებ. ამასთან, მთავარი ყურადღება მიექცა იმას, რომ აღნიშნული სისტემა ადვილი გამოსაყენებელი იყოს.

სანამ მსოფლიოში ელექტროგასამართი წერტილები ძალიან ცოტაა, ელექტრომობილით მგზავრობისას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მარშრუტის წინასწარ დაგეგმვას. მართვის მაჩვენებლების პანელზე, ჩვეულებრივი სპიდომეტრის გარდა, მის ორივე მხარეს, ორი მცირე ზომის (4.2-დუიმიანი) მონიტორი მდებარეობს.

მარცხენაზე აკუმულატორების განმუხტვის დონის მაჩვენებელი და უახლოეს დასამუხტ წერტილამდე არსებული მანძილი მიეთითება. აქვეა მაჩვენებელი, რომელიც მძღოლს მუხრუჭების კინეტიკური ენერგიის რეგენერაციაში და ამგვარად, სვლის სიშორის გაზრდაში დაეხმარება.

მარჯვენა მონიტორზე ძირითადად ცისფერ პეპლებს დაინახავთ, თუმცა მათაც აქვთ დანიშნულება - რაც მეტია პეპელა, მით მეტი მანძილის გავლა შეუძლია ავტომობილს (აკუმულატორის განმუხტვის შესაბამისად). სასურველ წერტილამდე მიღწევის შემდეგ კი ამ მონიტორზე ნახავთ, თუ რა მანძილი გაიარეთ, თუ რამდენი კილომეტრით მეტის გავლა შესძელით მუხრუჭების რეგენერაციის წყალობით, რა მოცულობით ენერგია მოიხმარეთ და რა მოცულობის ბენზინი დაიზოგა ამ მოგზაურობის დროს.

ყველა ეს მაჩბენებელი შეიძლება ასევე გამოიტანოთ ცენტრალურ კონსოლზე მოთავსებულ 8-დუიმიან მონიტორზე, რომელიც ასევე სანავიგაციო სისტემას ემსახურება. მძღოლს შეუძლია, მარშრუტის დაგეგმვისას, მარშრუტში დამუხტვის მომდევნო წერტილი შეიტანონ. ამის შემდეგ, მგზავრობისას, სისტემა ყოველთვის ურჩევს, რა უნდა მოიმოქმედოს იმისათვის, რომ არჩეულ წერტილს თავისუფლად მიაღწიოს.

სვლის სიშორის კონტროლისთვის, ”ფორდის” ინჟინრებმა იმ სისტემის მსგავსი სისტემა შექმნეს, რომელიც ფორმულა 1-ის პილოტებს საწვავის დაზოგვაში ეხმარება. მას შემდეგ, რაც ფ1-ში რბოლის დროს, საწვავის დამატება აიკრძალა, მანქანებზე გაჩნდა ახალი ელექტრონული სისტემა, რომელიც მძღოლს შეზღუდული საწვავით ფინიშამდე მიღწევაში ეხმარება. ეს სისტემა მაშინ გააქტიურდება, როდესაც დაადგენს, რომ აკუმულატორში დაგროვილი ენერგიის მარაგი კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. აქედან მოყოლებული, ცენტრალურ მონიტორზე, მძღოლი ყოველთვის მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს, რათა არსებული მარაგი მარშრუტის ბოლომდე ეყოს.