Monday, August 31, 2009

შესაძლოა, ”ტოიოტასთან” ”ბეემვემაც” ითანამშრომლოს

BMW To Team Up With ToyotaFor Isetta?

31 აგვისტო

თანამედროვე ავტოინდუსტრია წარმოების დივერსიფიკაციასა და კოოპერაციას ეყრდნობა - თითქმის ყველა დიდი ავტომწარმოებელი თავის პროდუქციას მთელს მსოფლიოში, დიდი და საშუალო ზომის ბაზრის მქონე რეგიონებში აწარმოებს. მაგალითად, ”ჯენერალ მოტორსს” ამერიკის გარდა, ფესვები მექსიკაში, კანადაში, ევროპასა და ავსტრალიაში აქვს გადგმული და ახლა ინტენსიურად ჩინეთშიც მკვიდრდება. იაპონური კომპანიებიც თავიანთ ავტომობილებს აზიაში, ევროპასა და აშშ-ში აწარმოებენ, ”ფოლკსვაგენიც” ყველგანაა მოდებული.

კოოპერაცია კი კონკურენტ კომპანიებს ერთმანეთთან ათანამშრომლებს - ახალი მოდელების შემუშავებისას, ასე ისინი მნიშვნელოვანი სახსრების დაზოგვას ახერხებენ. გარდა ამისა, კოოპერაცია ზოგიერთ კომპანიას ისეთ სეგმენტებში შეღწევის საშუალებას აძლევს, რომლებშიც ადრე მათ ვერ ნახავდით.

ასეთი თანამშრომლობის უამრავი მაგალითი არსებობს, რომელთაგან ყველაზე სენსაციურის შესახებ, ჩვენ სულ ორი თვის წინ გაუწყეთ - ”ასტონ მარტინს” ჯუჯა ავტომობილის წარმოება აქვს გადაწყვეტილი და ამ მიზნის განსახორციელებლად, ”ტოიოტას” შეუამხანაგდა, რომელიც მას ჯუჯა ჰეჩბეკ iQ-ს (სურათზე) ტექნოლოგიას უზიარებს.

ამ ამბის შემდეგ, სულაც აღარაა გასაკვირი ინფორმაცია, რომელიც დღეს ამერიკულ საავტომობილო ინტერნეტ გამოცემებმა გაავრცელეს - ”ტოიოტასთან” მსგავს თანამშრომლობას ”ბეემვეც” აპირებს, რომელსაც საქალაქო სუბკომპაქტური ავტომობილის წარმოება და მისთვის ბრენდ ”ის(ზ)ეტას” გაცოცხლება აქვს გადაწყვეტილი.

ჯერჯერობით, ეს ინფორმაცია არც ”ბეემვეს” დაუდასტურებია და არც ”ტოიოტას”. მაგრამ რამდენიმე გარემოება მიანიშნებს, რომ ისინი დაახლოებას აპირებენ. ორივე კომპანია პატარა ავტომობილების სეგმენტში გააქტიურებას აპირებს (ტოიოტა ამ სეგმენტში დიდი ხნის წინ გაშინაურდა) და ორივესთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკული ბაზარია, სადაც ახლა სწორედ პატარა ავტომობილებისადმი ინტერესის ზრდა შეინიშნება.

თუ ”ბეემვე” და ”ტოიოტა” თანამშრომლობას მართლაც დაიწყებენ, მათი ერთობლივი გარჯის პირველი შედეგი შეიძლება 2012, ან 2013 წელს ვიხილოთ. უფრო ადრე კი ბავარიელები ბაზარზე ”მინის” მარკით კუპესა და როდსტერს გამოუშვებენ. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ფრანკფურტის წლევანდელ ავტოშოუზე, დამთვალიერებელთაგან დადებით გამოხმაურებას მიიღებენ.

მერე კი ნუ გაიკვირვებთ, თუ ”ტოიოტა” ამ ორი ავტომობილის ბაზაზე, თავის სამოდელო გამას გააფართოებს...

”ფოლკსვაგენმა” შეიძლება ”პორშეს” ”პანამერა” და ”კაიენი” აღარ გამოუშვას

VW To Kill Porsche Panamera, Cayenne

31 აგვისტო

პორშე პანამერა

............................................

”ფოლკსვაგენთან” ”პორშეს” გაერთიანებას, ამ უკანასკნელის მხრიდან, ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა და ისევ ჰყავს. უპირველესად, მათ არ სურთ, რომ მათმა კომპანიამ დამოუკიდებლობა დაკარგოს და ისეთი გიგანტის მიერ შეკრულ კონგლომერატში ჩაიკარგოს, როგორიც ”ფოლკსვაგენია”.

მალე კი შესაძლოა, გაერთიანების მოწინააღმდეგეთა რაოდენობა მალე გაიზარდოს. ინგლისურ ჟურნალ ”ქარ-ის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვოლფსბურგულ გიგანტს გადაწყვეტილი აქვს, რომ ”პორშე” სათავეებს დაუბრუნოს და კვლავ ჭეშმარიტად სპორტული ავტომობილების მწარმოებლის (საპატიო) სტატუსი დაუბრუნოს. ამისათვის კი ორი განსხვავებული, არასპორტული მოდელის - სედან ”პანამერას” და უგზოობის ”კაიენის” წარმოების შეწყვეტა არის გადაწყვეტილი.

რა თქმა უნდა, ეს დაუყოვნებლივ არ მოხდება. იმავე ”ქარ-ის” ცნობით, ამ ორი ავტომობილის წარმოება მხოლოდ მას შემდეგ შეწყდება, რაც მიმდინარე მოდელების საწარმოო ციკლი სრულად ამოიწურება. ამას კი დაახლოებით 7 წელი მაინც დასჭირდება. სწორედ ამდენია ორივე ავტომობილის არქიტექტურის სიცოცხლის ხანგრძლივობა.

პორშე კაიენი

.............................................

არგუმენტი შემდგომშია: ”ფოლკსვაგენი” და მის ჯგუფში შემავალი კომპანიები არაერთ სედანსა და უგზოობის მოდელს აწარმოებენ და არაა იმის საჭიროება, რომ იმავე ტიპის ავტომობილების შესამუშავებლად, ”პორშემ” ასეულობით მილიონი დოლარი ხარჯოს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამავე ლოგიკის მიხედვით, ”აუდისთვის” ზედმეტია სპორტული ავტომობილების წარმოება. მაგალითად, ისეთების, როგორებიცაა TT და R8, ასევე უახლესი ”S5 სპორტბეკი”.

იმავე მოსაზრებით, ”ფოლკსვაგენმა” საკუთარი უგზოობის მოდელების წარმოება უნდა შეაჩეროს, თავისთვის კი მხოლოდ პატარა ჰეჩბეკები და ”კრაისლერისგან” ადრე ნაყიდი მინივენი ”რუტანი” დაიტივოს. და საერთოდ, ვოლფსბურგელებს რისთვის სჭირდებათ ”შკოდა” და ”სეატი”, ეს კომპანიები ხომ ”ფოლკსვაგენის” რებრენდირებულ მოდელებს აწარმოებენ? რაღაც მიზეზი ”ბენტლისა” და ”ლამბორგინისთვისაც” მოიძებნება. და თუ ოდესმე ”ფოლკსვაგენი” ”პორშეს” მფლობელი აღარ იქნება, ამ უკანსკნლს, უაღრესად კონკურენტულ ბაზარზე დამოუკიდებლად არსებობა ძალიან გაუჭირდება.

თუმცა, ვოლფსბურგელებს შტუტგარტული კომპანიის სხვა მიმართულებით წაყვანა სურთ. მაგალითად, პრაქტიკულად გადაწყვეტილია ყველაზე პატარა ”პორშეს” წარმოების დაწყება, რომელიც ”ფოლკსვაგენის” კონცეპტუალური ”ბლიუსპორტის” ბაზაზე აიგება. ასევე იგეგმება ლეგენდარულ მოდელ 356-ის გაცოცხლება. ეს ”პორშეს” ისტორიაში პირველი ავტომობილია. და რა თქმა უნდა, ვოლფსბურგში სერიოზულად დაფიქრდნენ ლე მანის სერიის რბოლებში მოასპარეზე პროტოტიპ ”RS სპაიდერის” ბაზაზე სუპერავტომობილის შექმნაზე.

მოკლედ, არაა გამორიცხული, რომ მალე ”პორშე” ისევ თავის ჩვეულ კალაპოტში ჩადგეს. ამგვარად, კომპანია სპორტული ავტომობილების მწარმოებლის საპარიო სტატუსს გაუფრთხილდება...