Friday, August 27, 2010

”გეპარდო” - აღორძინებული ”დე ტომაზოს” პირველი სუპერქარი

De Tomaso Ghepardo Concept

27 აგვისტო

შარშან იტალიელმა ბიზნესმენმა ჯან მარიო როსინიოლომ სუპერავტომობილების მწარმოებელი ოდესღაც ცნობილი იტალიური კომპანია ”დე ტომაზო” შეისყიდა, მაგრამ მას შემდეგ, ამ კომპანიის შესახებ, ჩამი-ჩუმი არ ისმის. თითქოს, ”დე ტომაზოს” აღორძინება ყველას დაავიწყდა, მაგრამ როგორც ირკვევა, არა - დანიელმა დიზაინერმა ფრედერიკ ტიილესენმა კონცეპტუალური მოდელი ”დე რომაზო გეპარდო” შექმნა, რომლის გარეგნობაც, მისივე თქმით, ლეგენდარულ მოდელ ”დე ტომაზო პანტერას” შთაგონებით შეიმუშავა.

დიზაინერის თქმით, ”გეპარდო” წარმოებისთვის მომზადებული კონცეპციაა, თუმცა როგორც ირკვევა, როსინიოლოს ”დე ტომაზოს” მისთვის ეს პროექტი არ შეუკვეთავს. ესე იგი, ეს თავისუფალი ნამუშევარია, თუმცა არაა გამორიცხული, რომ მისი წარმოება მაინც გადაწყდეს. და თუ ასე მოხდა, იტალიური კომპანია ”ასტონ მარტინ რეპიდის”, ”პორშე პანამერასა” და ”ფისკერ კარმას” კონკურენტთა სიაში ჩაეწერება.

კონცეპტუალური ავტომობილი ჯერ მხოლოდ 1:4 მასშტაბის მოდელის სახით არსებობს და შესაძლოა, ცოტა უხერხულად მოგვეჩვენოს მისი ზემოთ ჩამოთვლილი მოდლების კონკურენტად დასახელება, თუმცა მაინც უნდა ითქვას, რომ ”გეპარდო” მათსავით, ოთხკარიანი კუპეა. მისი რეალური გაბარიტები უნდა იყოს: სიგრძე 4820, სიგან 1970, სიმაღლე 1300 და ბაზა 2990 მილიმეტრი. ავტომობილის აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი მხოლოდ 0.25 უნდა იყოს, მისი საბარგულის მოცულობა კი 500 ლიტრს მიაღწევს.

კონცეპციის ავტორს აგრეგატების დიდი არჩევანი აქვს შერჩეული. მისი თქმით, ავტომობილს საკმაო ადგილი აქვს იმისათვის, რომ მასში ”ფორდის” წარმოების, სერია ”ეკობუსტ-ის” წყვილტურბოიანი 3.5 V6 (465 ცხენის ძალით), ან ოთხი ელექტროძრავი მოთავსდეს, რომელთა ჯამური სიმძლავრეც დაახლოებით 440 ცხენის ძალა იქნება. მეორე შემთხვევაში, საჭირო ელექტროენერგიას ფიჭური ელემენტების ბლოკი გამოიმუშავებს, რომლის სამუშაო ტანი მეთანოლი იქნება და რომელიც ავტომობილის ძირზე განლაგდება.

”ჩემს მიერ შექმნილი ავტომობილი გარემოსადმი მეგობრული ტექნოლოგიებით აღიჭურვება. წარმოიდგინეთ სპორტული ავტომობილი, რომელიც იტალიური სუპერქარებივით ტემპერამენტიანი და თანამედროვე კომპაქტური ავტომობილებივით ეკონომიური იქნება. მასში თქვენ დაინახავთ გადაადგილების ინდივიდუალური საშუალების მომავალს”, - ამბობს პროექტის ავტორი.

ცნობისათვის, როსინიოლოს სულ სამი მოდელის - კუპეს, სედანისა და ქროსოვერის წარმოება აქვს განზრახული. წარმოების წლიური მოცულობა კი, თავიდან მხოლოდ 8 000 იქნება.