ჩინური ”გრეიტ უოლი” ავტომობილებს ბულგარეთში გამოუშვებს
Great Wall to Build Cars in Bulgaria
21 დეკემბერი

ერთი შეხედვით, იმ ფაქტში, რომ მალე ჩინური კომპანია ბულგარეთში ავტომობილების წარმოებას დაიწყებს, განსაკუთრებული არაფერია. თუმცა, ამაში ერთი ნიუანსი მაინც არსებობს - ”გრეიტ უოლი” პირველი ჩინური კომპანიაა, რომელიც ავტომობილების წარმოებას, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში დაიწყებს. და ამ წამოწყების ინიციატორი ჩინური კომპანია კი არა, ბულგარელი მილიარდერი, სახელად გრიშა განჩევია.
მისმა კომპანია ”ლიტექსმა” ქარხნის მშენებლობისთვის საჭირო 130 მილიონი დოლარის 90 პროცენტი გამოყო. დანარჩენ 10 პროცენტს კი ჩინური კომპანია გაიღებს. საწარმო ქალაქ ბაჰოვიცას მახლობლად აშენდება. მასში წლიურად 50 000 ცალ სედანს, პიკაპსა და უგზოობის ავტომობილს გამოუშვებენ. ოღონდ, ჯერ უცნობია, რომელ ავტომობილებზეა ლაპარაკი და რა ტექნიკური მონაცემები ექნება მათ. სავარაუდოდ, ქარხანაში 1 220 ადამიანი დასაქმდება
”გრეიტ უოლმა” ბულგარეთზე არჩევანი იმის გამო შეაჩერა, რომ იქ წარმოება გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. ”ლიტექსის” წარმოების მენეჯერი პლამენ ლიკიოვი ამბობს, რომ გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა ბულგარეთიც ძლიერ დააზარალა და ახლა იქ სამუშაო ადგილების შექმნა მისწრებაა.