Tuesday, June 29, 2010

”ფერარი GTO” - ყველაზე მძლავრი და სწრაფი კვიცი მარანელოდან

Ferrari GTO

29 ივნისი

”ფერარის” ავტომობილები საოცნებოა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ავტომობილებისა ცოტა მაინც გაეგება რამე. ჯერ ერთი, მარანელოელთა კვიცები, ამ კომპანიის დაარსებიდან მოყოლებული, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფები და დახვეწილები არიან. მეორეც, მათ ავტორიტეტი ფორმულა 1-ში მოპოვებულმა გამარჯვებებმა მოუპოვეს. მაგრამ გადის დრო და ექსკლუზიური ავტომობილების მეტად შეზღუდულ ბაზარზე კონკურენცია სულ უფრო მკაცრი ხდება.

ჯერ ერთი, მარანელოელებს ”შინაური”, მეტად ძლიერი კონკურენტი ჰყავთ ”ლამბორგინის” სახით, რომელიც მათ ტოლს არაფერში უდებს. მეორეც, რამდენიმე დიდმა კომპანიამ უკვე დაიწყო ექსკლუზიური მოდელების წარმოება, რითაც ბაზრის ეს ისედაც მცირე სეგნმენტი კიდევ უფრო შეიკუმშა. მესამეც - ბაზარზე მალე გამოჩნდება ფორმულა 1-ში სკუდერიელების მთავარი ფავორიტის, ”მაკლარენის” ავტომობილები, რომლებსაც კვიცებისთვის უხისტესი კონკურენციის გაწევა შეუძლიათ. მოკლედ, ბევრი მიზეზია იმისათვის, რომ იტალიურმა კომპანიამ თავისი პოზიციების გამყარებაზე იზრუნოს. და ისიც ამაზე ზრუნავს...

ამის ერთ-ერთი დასტურია ისედაც ექსტრემალურ მოდელ 599-ის კიდევ უფრო მძლავრი და სწრაფი მოდიფიკაციის, GTO-ს გამოშვება, რომელიც, კომპანიის პრეზიდენტ ლუკა დი მონტეძემოლოს განცხადებით, ყველაზე მძლავრი და სწრაფი სერიული ავტომობილია მარანელოური კომპანიის ისტორიაში.

სხვათა შორის, სახელი GTO ”ფერარის” ისტორიაში ახალი არაა. ამ აბრევიატურის მქონე ავტომობილებს (250 GTO), კომპანია 60-იან წლებში უშვებდა. უფრო სწორედ მხოლოდ 39 ცალი გამოუშვა. 80-იან წლებში კი 277 ცალი 280 GTO დაამზადა. რაც შეეხება 599 GTO-ს, მის ყიდვას მხოლოდ 599 იღბლიანი შესძლებს. მოკლედ, GTO სერიის ავტომობილების წარმოების მოცულობა აშკარად გაიზარდა, თუმცა მისი შეძენის მსურველი მაინც გაცილებით ბევრია. ექსკლუზიური ავტომობილების ხელმიუწვდომლობა კი მათ და მთლიანად მარკასაც განსაკუთრებულ აურას უქმნის.

საბაზო ”ფერარი 599 GTB-ს” მარტო აბრევიატურა როდი შეეცვალა. ის გაბარიტებში ოდნავ გაიზარდა კიდეც. კერძოდ, სიგრძეში 44 მილიმეტრი (4710 მილიმეტრამდე) მოემატა. სამაგიეროდ, 10 მილიმეტრით (1326 მილიმეტრამდე) დადაბლდა. არ შეცვლილა ავტომობილის სიგანე და ბორბლებს შორის ბაზა. გამოიცვალა ავტომობილის აეროდინამიკური პაკეტი, რისი წყალობითაც, GTO-ს გზასთან ჩაჭიდების ძალა გაიზარდა, ეს კი დიდი სიჩქარით მოძრაობისას, ავტომობილის მდგრადობას განაპირობებს. აეროდინამიკის შეცვლის მიუხედავად, აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. გარეგნულ ცვლილებათაგან თვალშისაცემია ახალი წინა ბამპერი, უკანა დიფუზორი და საბარგულზე მოთავსებული სპოილერი. რა თქმა უნდა, მარანელოელთა ”საბრძოლო ცხენ” 599XX-თან შედარებით, GTO-ს გაცილებით ”მშვიდი” გარეგნობა აქვს, თუმცა ესეც საკმარისია იმისათვის, რომ მის შესაძლებლობებში ეჭვი არავინ შეიტანოს.

იმისათვის, რომ თავისი სერიული ავტომობილის ბაზაზე ”სამოქალაქო” მონსტრი შეექმნათ, ”ფერარის” ინჟინრებს ავტომობილის აგრეგატების გარდა, სხვა კვანძების შეცვლაც მოუხდათ. მოდერნიზაცია ჩაუტარდა ძრავს, ტრანსმისიას, გამოსაბოლქვ სისტემას და მუხრუჭებს. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, 599 GTB-სთან შედარებით, 599 GTO-მ წონაში 83 კილოგრამი მოიკლო. ეს კი იმის ხარჯზე მოხდა, რომ ავტომობილის კონსტრუქციაში უფრო ინტენსიურად გამოიყენეს ალუმინი და კომპოზიტები, ასევე შეამცირეს შუშების სისქე.

რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ძრავის მოდერნიზაცია იყო. ის ისევ 6.0-ლიტრიანი V12-ია, რომელიც მაქსიმალურ სიმძლავრეს - 680 ცხენის ძალას, მუხლა ლილვის 8250 ბრ/წთ-ზე ავითარებს, მისი მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 620 ნიუტონმეტრს აღწევს. სანამ მოდერნიზაცია ჩაუტარდებოდა, იგივე ძრავი დაახლოებით 60 ცხენის ძალით სუსტი იყო. ძრავს მუხლა ლილვი, და შემშვები კოლექტორი შეეცვალა. თავიდან დაიწერა მისი ელექტრონული მართვის პროგრამა. ყველაფერი კი ისე გაკეთდა, რომ გაუმჯობესებული მახასიათებლების მქონე ავტომობილი თავისუფლად შეესაბამება ევრო5 სტანდარტებს.

ძრავთან შეწყვილებულია 6-საფეხურიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფი, რომელიც საფეხურებს 60 მილიწამში ცვლის. ამ ორი აგრეგატის ერთობლივი მუშაობით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად სულ რაღაც, 3.35 წამი ჰყოფნის. შედარებისთვის, 599 GTB-ს იგივე აჩქარებისთვის 3.7 წამი სჭირდება. 599 GTO-ს მაქსიმალური სიჩქარე კი 335 კმ/სთ-ია, რაც 599 GTB-ს მაქსიმუმზე (328 კმ/სთ) ოდნავ მეტია.

სიჩქარე და აჩქარების მონაცემები ბევრით არ შეცვლილა, თუმცა სამუხრუჭე სისტემის მოდერნიზება მაინც გადაწყდა. მთავარი როლი კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ სამუხრუჭე დისკებს დაეკისრა, რომელთა წყალობითაც, 100 კმ/სთ-დან სრულ გაჩერებამდე ავტომობილს 32.5 მეტრი ჰყოფნის. იმისთვის, რომ მუხრუჭებმა ინტენსიურად გამოყენებას გაუძლოს, ისინი ვენტილირებადია, რასაც სპეციალური ნადები უზრუნველყოფს. ეს ნადები გახურებულ ჰაერს ფანტავს და მისგან ტემპერატურის უკეთ ართმევას უზრუნველყოფს. მუხრუჭები 20-დუიმიან ბორბლებშია მოთავსებული, რომლებიც ”მიშლენის” წარმოების საბურავებითაა შემოსილი. ამასთან, წინა საბურავების ზომა 285/30, უკანისა კი - 315/35-ია.

რა თქმა უნდა, ცვლილება დაკიდების სისტემასაც შეეხო. პირველ რიგში, შეიცვალა დრეკადი ელემენტები - 599 GTO-ს უფრო ხისტი ზამბარები ემსახურება, რომელთა რხევების ჩაქრობასაც, შესაბამისად ხისტი და, რაც მთავარია, აქტიური ამორტიზატორები უზრუნველყოფს. უკანა საკიდარს განივი მდგრადობის ახალი სტაბილიზატორი დაუყენეს. მთელ საკიდართან ერთად, უნისონში მოქმედებს ტრექშნ კონტროლისა (F1-Trac) და დინმიკური სტაბილიზაციის (VDC) სისტემები.

ახალ ავტომობილს ტესტები ”ფერარის” ფიორანოს ტრეკზე ჩაუტარდა, სადაც მან ყველა წინა სერიული ავტომობილის მაჩვენებლები გააუმჯობესა და ამით საკუთარ სახელწოდებაში აბევიატურა GTO-ს გამოჩენა გაამართლა. სხვათა შორის, აქამდე ამ ტრასის რეკორდსმენი ”ფერარი ენცო” იყო, რომელმაც 2002 წელს ერთი წრე 1 წუთსა და 24.9 წამში განვლო. GTO-ს რეკორდული მაჩვენბელი კი 1 წუთი და 24 წამია.

დაბოლოს, ფასის შესახებ. თქმა არ უნდა, 599 GTO ყველასათვის ხელმისაწვდომი არაა - 320 000 ევროს თუნდაც ასეთ შესანიშნავ ავტომობილში ბევრი ვერ გადაიხდის. სამაგიეროდ, ”ფერარიმ” კიდევ ერთი ექსკლუზიური შედევრი შექმნა, რომელიც ლიდერის წოდების შენარჩუნებაში აუცილებლად დაეხმარება.