”პეჟოს” კონცეპტუალური ვარსკვლავები პარიზში
12 ოქტომბერი
”პეჟო HR1” - ფრანგული ლომების პატარა ქროსოვერის კონცეპცია

”პეჟო” არ აპირებს თანამედროვე ავტოინდუსტრიის ტენდენციისგან ჩამორჩენას და მალე თავის სამოდელო გამას პატარა ქროსოვერით შეავსებს, რომლის კონცეპტუალური ვერსიაც პარიზის საავტომობილო გამოფენაზე წარადგინა.
ფრანგულმა კომპანიამ ამ კონცეპტუალურ ავტომობილს საქალაქო ქროსოვერი უწოდა. რაც მთავარია, მასში შეხამებულია ახვადასხბა კატეგორიის ავტომობილების - ქალაქის ავტომობილის, კუპეს, უგზოობის მოდელის თვისებები. და ის შექმნილია ახალგაზრდა ავტომოყვარულებისთვის, რომლებიც აქტიურ ცხოვრებას მისდევენ


გარეგნულად, ავტომობილი ”პეჟოს” ახალ კორპორატიულ სტილშია შესრულებული, რომელიც ”ლომებმა” პირველად ორი წლის წინ, ასევე კონცეპტუალურ სპორტულ SR1-ზე გვიჩვენეს. ავტომობილს კარი უჩვეულოდ ეღება. ის წინა ჰორიზონტალურ ლილვურ საყრდენზეა დაკიდებული, რომელზეც უკნიდან წინ გადახრით იხსნება.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს კონცეპტუალური ქროსოვერის ინტერიერი, რომელიც ფუტურისტულ (ეგრეთ წოდებულ მომავლის) სტილშია შესრულებული. წინა ორი სავარძელი ერთგვარი ტიხრით იყოფა და კოკპიტის მსგავსი სივრცე წარმოიქმნება. კოკპიტის შთაბეჭდილებას კი სპორტული ყაიდის სავარძლებიც აძლიერებს. სალონში ყველაფერი ტყავითაა გაწყობილი. მაჩვენებლების დაფა მინიმალისტურია, საჭის რგოლს კი მცირე რადიუსი აქვს, თუმცა ძალიან სქელიცაა. მულტიმედიურ, სანავიგაციო და კლიმატის სისტემები უახლესი ელექტრონიკით იმართება, რომელიც მძღოლის ხელის მოძრაობას სცნობს და ამ მოძრაობის შესაბამისად ასრულებს მითითებებს.

ავტომობილი აღჭურვილია ჰიბრიდული ძალური დანადგარით ”ჰიბრიდ4-ით”, რომლის ჯამური სიმძლავრეც 151 ცხენის ძალას შეადგენს. მასში შედის 113-ცხნისძალიანი ბენზინის ძრავი, რომლის მუშა მოცულობაც 1.2 ლიტრია და რომელიც წინა ბორბლებს ამოძრავებს. მასთან უნისონში მუშაობს 38-ცხნისძალიანი ელექტრული ძრავი, რომელიც თავის მაბრუნ მომენტს უკანა ბორბლებს გადასცემს. ამგვარად, ავტომობილს ყველა ბორბალი წამყვანი აქვს. შიდაწვის ძრავს ემსახურება 6-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფი, რომლის საფეხურებიც საჭის რგოლის უკან მოთავსებული ნიჩბებით იცვლება. ”პეჟოს” ინფორმაციით, ჰიბრიდული აგრეგატი 100 კილომეტრის გასავლელად მხოლოდ 3.5 ლიტრ ბენზინს მოიხმარს, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 80 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.