შვედური სუპერქარი 1 115 ცხენის ძალით
Koenigsegg Agera R
27 მარტი

ჟენევის საავტომობილო შოუზე უხვად ნახავდით სპორტულ სუპერ ავტომობილებს, რომელთა შორისაც, ერთ-ერთი გამორჩეული, შვედურ კომპანია „კიონიგსეგის“ „აგერა R“ იყო. ეს ავტომობილი ჟენევაშივე შარშან ნაჩვენები „აგერას“ გაუმჯობესებული ვერსიაა.


ძრავთან ორდისკოიანი ქურის მეშვეობით, 7-საფეხურიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული, რომელსაც წინამორბედისგან განსხვავებული კონსტრუქცია აქვს. კერძოდ, მასში ერთი შემავალი ლილვია, რაც „კიონიგსეგის“ განცხადებით, გადაცემის საფეხურების გაცილებით სწრაფად შეცვლის საშუალებას იძლევა.
„აგერა R-ის“ გაბარიტებია: სიგრძე 4293 მილიმეტრი, სიგანე 1996 მილიმეტრი, სიმაღლე 1120 მილიმეტრი. შასის და ძარის წარმოებისას უხვადაა გამოყენებული კევლარისა და კარბონის კომპოზიტები, რისი წყალობითაც, ავტომობილი მხოლოდ 1435 კილოგრამს იწონის. ეს კი ნიშნავს, რომ წონისა და სიმძლავრის ფარდობა 1.19-ია, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია. ჰო მართლა, კარბონის მონოკოკი მხოლოდ 70 კილოგრამს იწონის, გრეხვაზე მისი მედეგობა კი გრადუსზე 65 000 ნიუტონმეტრია. წინა და უკანა ღერძებს შორის წონა 45:55 პროპორციითაა გადანაწილებული.

რაც შეეხება დინამიკურ მახასიათებლებს: ადგილიდან 100 კმ/სთ-ის ასაკრეფად „აგერა R-ს“ 2.9 წამი ჰყოფნის, 0-200 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად კი 7.5 წამი სჭირდება. კომპანია არ აქვეყნებს მაქსიმალურ სიჩქარეს, თუმცა ცნობილია, რომ საბურავები 420 კმ/სთ-ზეა გათვლილი. დაკიდევ, შერეული ციკლით მოძრაობისას, 100 კილომეტრის გასავლელად, „აგერა R-ს“ 14.7 ლიტრი საწვავი სჭირდება, მაგისტრალზე კი 12.5 ლიტრიც ჰყოფნის.
ჯერჯერობით არც „აგერა R-ს“ ფასი გამოცხადეულა. სავარაუდოდ, ეს ზემძლავრი ავტომობილი მინიმუმ 1.5 მილიონი ევრო ეღირება.