Saturday, April 16, 2011

„აუდი Q3“ - ბესტსელერობისთვის შექმნილი

First official photos of the Audi Q3 released

16 აპრილი

ამ ავტომობილს ბაზარი დიდი ხანია, ელოდა. რამდენიმე „მაცნე“ ფოტო-ტიზერის გამოქვეყნების შემდეგ, „აუდიმ“ თავისი ახალი, უგზოობის კომპაქტური მოდელის, Q3-ის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები გაავრცელა, შემდეგ კი ის შანჰაის გზას გაუყენა, სადაც პირველად წარუდგენს საზოგადოებას.

ეს უგზოობის მესამე ავტომობილია, რომელიც „აუდიმ“ შექმნა. ინგოლშტადტელები აქამდე ამ კლასის მხოლოდ Q7-ს და Q5-ს უშვებდნენ. ახალი ავტომობილი „ფოლკსვაგენის“ პოპულარული კომპაქტური „ტიგუანის“ პლატფორმაზეა ბაზირებული და უკვე გადაწყვეტილია ისიც, რომ გერმანიაში ის 29 900 ევრო ეღირება. რა თქმა უნდა, ამ მანქანას მოუთმენლად ელიან ამერიკაშიც, თუმცა ის იქ მოგვიანებით გამოჩნდება.

უგზოობის კომპაქტური ავტომობილების ბაზარზე, „აუდი Q3-ის“ კონკურენტები იქნებიან „ბეემვეს“ უკვე ძალიან პოპულარული X1, ასევე „მერსედეს ბენცის“ GLC (რომელიც B კლასის შემდეგი თაობის ჰეჩბეკის პლატფორმას ეყრდნობა) და „ლენდ როვერის“ „რეინჯ როვერ ევოკი“. ეს ორი ბაზარზე მოგვიანებით გამოჩნდება.

სხვათა შორის, Q3-ის კონცეპტუალური ვერსიის პრემიერაც შანჰაიში ჩატარდა ორი წლის წინ და იქ მან სპეციალისტების და დამთვალიერებელთა მოწონება დაიმსახურა. ჰოდა, გასაკვირი არაა, რომ კონვეიერამდე კონცეპტქარს დიდი გარეგნული ცვლილება არც განუცდია. მისი ძარის ზოგიერთი ნაწილი ალუმინისგანაა დამზადებული, თუმცა ძარისათვის ძირითადად მაინც ზემტკიცე ფოლადია გამოყენებული. აეროდინამიკურ მილში ინტენსიური ტესტირების შედეგად, Q3-ს აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი ძალიან დაბალი აქვს - 0.32. ცნობისათვის, ასეთი დაბალი კოეფიციენტი საშუალო ზომის სედანებს აქვთ.

ახალი ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4.39 მეტრი, სიგანე 1.83 მეტრი და სიმაღლე 1.60 მეტრი. ამგვარად, ის Q5-ზე 240 მილიმეტრით მოკლე, 50 მილიმეტრით ვიწრო და 53 მილიმეტრით დაბალია. რა თქმა უნდა, Q3 „აუდის“ კორპორატიულ სტილშია შესრულებული და პირველ რიგში, Q5-ს ჰგავს. თუმცა, ვიწრო და დაკუთხული წინა ფარების და უკნისკენ ოდნავ დახრილი სახურავის წყალობით, ის უფრო სპორტული, აგრესიული გარეგნობით გამოირჩევა.

შიგნიდანაც Q3 ტიპიური „აუდია“, კომფორტული და სადად გაფორმებული სალონით, სადაც მხოლოდ ხუთი სავარძელია მოთავსებული. საბარგულის საბაზო მოცულობა 460 ლიტრია, თუმცა ის 1 365 ლიტრამდე იზრდება, როცა უკანა სავარძლები დაკეცილ მდგომარეობაშია.

ბაზარზე დებიუტის მომენტისთვის, მყიდველს სამი სხვადასხვა ძრავით აღჭურვილ Q3-ს შესთავაზებენ. ამათგან ორი ბენზინზე მუშაობს (TFSI), ერთი კი - დიზელზე (TDI). მოგვიანებით, ძრავების გამას კიდევ ერთი ტურბო დიზელი შეავსებს. ოთხივე ძრავი ოთხცილინდრიანია და მათი მუშა მოცულობა 2.0 ლიტრია.

ტურბო დიზელის აგრეგატების სიმძლავრე 177 და 140 ცხენის ძალაა. მათგან პირველ რიგში, Q3-ს უფრო მძლავრით აღჭურვავენ. უფრო სუსტს კი წინაამძრავიანი ტრანსმისია დაუკავშირდება. მართალია, ეს ძრავი შედარებით სუსტია, მაგრამ მისით აღჭურვილი ავტომობილი 100 კილომეტრს 5.2 ლიტრი საწვავით გაივლის (შერეული ციკლით გადაადგილებისას).

ორივე ბენზინის ძრავი მძლავრია. ისინი 170 და 211 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამასთან, ორივესთან სრულამძრავიანი ტრანსმისიაა დაკავშირებული. მათგან უფრო სუსტს (ისევე როგორც 140-ცხენისძალიან TDI-ს) 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი უწყვილდება, უფრო მძლავრს კი (ასევე177-ცხენისძალიან TDI-ს) 7-საფეხურიანი რობოტიზებული S-ტრონიკი, რომელსაც ძრავთან ორდისკოიანი ქურო აკავშირებს.

ჯერჯერობით, Q3-ის დინამიკური მახასიათებლები არ გამოქვეუნებულა. თუმცა სავარაუდოა, რომ შედარებით მსუბუქ, 1 500-კილოგრამიან ავტომობილს კარგი მონაცემები ექნება. ეკონომიურობის კვალობაზე კი, ის გარემოსაც ნახშირორჟანგით ნაკლებად დააბინძურებს.

„აუდი“ Q3-ის გაყიდვებს პირველ რიგში, გერმანიაში დაიწყებს, სადაც ის ივნისში გამოჩნდება. ამ ავტომობილს „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შემავალი ესპანური კომპანია „სეატის“ მარტორელის (ბარსელონა) ქარხანა გამოუშვებს. გერმანულ კომპანიას არც წლიური წარმოების მოცულობა დაუკონკრეტებია, თუმცა ბაზრის შესწავლის შედეგად, მისმა მარკეტოლოგებმა დაადგინეს, რომ წლიურად დაახლოებით 100 000 ცალი Q3-ის გაყიდვა იქნება შესაძლებელი.