Monday, April 19, 2010

შემდეგ ევროპულ ალიანსში ”პეჟო-სიტროენი” შევა

Fiat Chairman Says Next European Car Alliance May Involve PSA

19 აპრილი

ასე ფიქრობს ”ფიატისა” და ”კრაისლერის” მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე. ”ახლა ალბათ ”PSA პეჟო-სიტროენის” ჯერია. მათ უკვე სცადეს ”მიცუბიში მოტორსთან” ალიანსის შექმნა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, თუმცა ამაზე კი ალბათ არ გაჩერდებიან”, - ამბობს მარკიონე.

”PSA პეჟო-სიტროენის” ევროპაში სიდიდით მეორე უდიდესი (ფოლკსვაგენის შემდეგ) ავტომწარმოებელია. მისი და ”მიცუბიში მოტორსის” ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას აწარმოებდა აქციების პაკეტების გაცვლის თაობაზე, თუმცა ეს მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. არადა, ფრანგულ და იაპონურ კომპანიებს არაერთი ერთობლივი პროექტი აქვთ განხორციელებული და რამდენიმეზე ერთობლივად მუშაობენ.

მართალია, მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა მათ მოილაპარაკეს, რომ მომავალში კიდევ უფრო გააღრმავებენ პარტნიორულ ურთიერთობებს. სხვათა შორის, სანამ ”ფიატი” ”კრაისლერის” აქციების 20 პროცენტს გამოისყიდდა, მარკიონე აცხადებდა, რომ ”PSA პეჟო-სიტროენთან” ალიანსის შექმნა ორივე კომპანიისთვის მისწრება იქნებოდა.

მარკიონეს არაერთხელ უთქვამს, რომ თანამედროვე კონკურენციის პირობებში, დამოუკიდებლობას მხოლოდ ის კომპანიები შეინარჩუნებენ, რომელთა წლიური წარმოება 5 მილიონზე ნაკლები არაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ შარშან ”ფიატმა” დაახლოებით 2 მილიონი ავტომობილი გამოუშვა, ”კრაისლერმა” კი 1.3 მილიონი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ”ფიატის” შეფს ალიანსში კიდევ ერთი მსხვილი ავტომწარმოებლის დამატება სურს.

შედარებისთვის, ”PSA პეჟო-სიტროენმა” შარშან 3.2 მილიონი ავტომობილის რეალიზება შეძლო. ესე იგი, თუ ”ფიატ-კრაისლერი” და ფრანგული კომპანია გაერთიანდება, მათი ჯამური წლიური გაყიდვები მარკიონესეულ კრიტიკულ ზღვარს გასცდება.

”ფერარი 599 GTO-ს” მთელი ტირაჟი უკვე გაყიდულია

Ferrari's 599 GTO Already Sold Out

19 აპრილი

ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”ფერარიმ” თავის უახლეს ავტომობილ 599 GTO-ზე შეკვეთების სრული პაკეტი მიიღო. იტალიურმა კომპანიამ თავის ისტორიაში ყველაზე სწრაფი საგზაო ავტომობილის პრეზენტაცია 16 აპრილს, ქალაქ მოდენას საჰერცოგო სასახლე ”პალაცო დუკალეში” ჩატარდა, სადაც ამჟამად სამხედრო აკადემია მდებარეობს. სხვათა შორის, ამავე სასახლეში, სამი წლის წინ, ”მაზერატიმ” თავისი ”კვატროპორტე ავტომატიკის” პრეზენტაცია ჩაატარა.

”ფერარი 599 GTO-ს” პრეზენტაციას კომპანიის უმაღლესი ხელმძღვანელობაც - დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლუკა დი მონტეძემოლო, მთავარი აღმასრულებელი ამადეო ფელისა და ვიცე აღმასრულებელი პიერო ფერარი (ენცო ფერარის შვილი) დაესწრო. ცერემონიაში მონაწილეობა ”ფერარის” ტესტ პილოტებმა და აკადემიის კადეტებმა, ასევე ”ფერარის” 500-მა კლიენტმა მიიღო.

”ფერარი” სულ 599 ცალი ”599 GTO-ს” წარმოებას აპირებს და გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანზე შეკვეთები უკვე მიღებული აქვს. ამ დღეებში, ავტომობილის მსოფლიო პრემიერა პეკინში, საერთაშორისო საავტომობილო გამოფენაზე ჩატარდება და წარმოიდგინეთ ჩინელების გაოცება, როდესაც ისინი დაიგებენ, რომ ამ ავტომობილით მხოლოდ ვიზუალურად ტკბობას შეძლებენ, რადგან მისი ყიდვის საშუალება უკვე აღარ მიეცემათ. რა თქმა უნდა, გამორიცხული არაა, რომ 599 შემკვეთს შორის ჩინელებიც იყვნენ. ცნობისათვის, ”ფერარი 599 GTO-ს” ღირებულება 350 000 ევროა.

”ფერარის” ისტორიაში ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილი 6.0-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომლის პირვანდელი ვარიანტიც ლეგენდარულ ”ფერარი ენცოზე” გამოიყენებოდა. ეს აგრეგატი 661 ცხენის ძალას ავითარებს, 41-ით მეტს, ვიდრე სტანდარტული 599 GTB. მისი მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 619 ნიუტონმეტრს აღწევს. ავტომობილი 1495 კილოგრამს იწონის, რაც 195 კილოგრამით ნაკლებია 599 GTB-ს წონაზე.

ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 3.35 წამში ახერხებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 335 კმ/სთ-ს აღწევს.

მეტოქეობა პარტნიორებს შორის

battle brews between new partners Daimler and Renault

19 აპრილი

კარლოს გონი (მარცხნივ) და დიტერ ცეტშე (მარჯვნივ) ალიანსის შექმნის ცერემონიაზე

..............................................................................

”დაიმლერმა” და ”რენო-ნისანმა” ალიანსი ახლახანს ჩამოაყალიბეს, მაგრამ არსებობს მათი საქმიანობის სფეროები, რომლებშიც ისინი კონკურენტებად დარჩებიან. ესაა ელექტრომობილებისთვის საჭირო აკუმულატორების წარმოება.

”დაიმლერის” მთავარი აღმასრულებელი დიტერ ცეტშე ამბობს, რომ მისი კომპანია, ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი აკუმულატორების წარმოების მხრივ, მსოფლიო ლიდერი გახდება. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ იგივე მიზანი ”რენო-ნისანის” შეფ კარლოს გონსაც ამოძრავებს.

კარლოს გონი ”ნისან ლიფის” პრეზენტაციაზე

........................................................

ორივე კომპანია ელექტრომობილების შესაქმნელად ერთობლივად მუშაობას აპირებს, მაგრამ აკუმულატორები ის სფეროა, რომელშიც ისინი მეტოქეობას გააგრძელებენ. და არაა გამორიცხული, რომ საბოლოო ჯამში, ამ მეტოქეობამ ალიანსის მომავალზეც (რა თქმა უნდა, უარყოფითად) იმოქმედოს.

ერთი კვირის წინ, როდესაც ალიანსის შექმნის თაობაზე, ოფიციალურ საბუთებს ხელი მოაწერეს, ცეტშემ და გონმა ცარიელი დატოვეს ის გრაფები, სადაც აკუმულატორების წარმოების თანამშრომლობაზე იყო ლაპარაკი. ამავე ხელშეკრულების ძალით, ისინი ერთობლივად შემუშავებულ მოდელებზე თავ-თავის აკუმულატორებს გამოიყენებენ. მაგალითად, მომავალ ”სმარტს” და ”ტვინგოს” ისინი ერთიანი ძალისხმევით შექმნიან. მაგრამ თუ ”სმარტი” ”დაიმლერის” აკუმულატორებს მიიღებს, ტვინგოს ”რენოს” წარმოების აკუმულატორები ექნება.

”ადრეც და ახლაც, ”დაიმლერი” იყო და არის იმ ტიპის კომპანია, რომელიც განსაკუთრებული გულმოდგინებით უფრთხილდება საკუთარ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და მათ არავის უნაწილებს. რამდენადაც ”დაიმლერის” აკუმულატორები მახასიათებლებით შეიძლება საუკეთესო იყოს, იმდენად ”რენოს” აკუმულატორებს ფასის მხრივ ექნება უპირატესობა და შესაძლოა, უფრო კონკურენტუნარიანი იყოს”, - ამბობს საავტომობილო ბაზრის კვლევების გაერთიანება ”ფროსტ ენდ სალივანის” დირექტორი ანილ ვალსანი.

”დაიმლერი” მსოფლიოში ლუქსის კლასის ავტომობილების მეორე უდიდესი მწარმოებელია. ”რენო” კი მეორე უდიდესი ფრანგული კომპანიაა. ორივე კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ელექტრომობილების წარმოების სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი, ენერგიის შენახვის ტექნოლოგიებია. უფრო მეტიც, გერმანული კომპანიის განვითარების განყოფილების შეფი თომას ვებერი ამბობს, რომ თუ თანამედროვე ავტომობილების გულად ძრავია მიჩნეული, ელექტრომობილებში ამ ”პოზიციას” აკუმულატორებს მიანიჭებენ.

”რენოსა” და ”ნისანის” გარდა, ”დაიმლერი” ელექტრომობილების შემუშავების სფეროში, ასევე ჩინურ BYD-თან ითანამშრომლებს, რომელიც ლითიუმ-იონური აკუმულატორების (რომლებიც კომპიუტერებსა და ტელეფონებში გამოიყენება) წარმოების მხრივ, მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია. ჩინურ კომპანიასთან კოოპერაციით შექმნილი ელექტრომობილი პირველ რიგში, ჩინური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.

”ჩვენი მიზანი არის და იქნება ის, რომ ელექტრომობილების წარმოების სფეროში მსოფლიო პიონერი გახდეს. მალე ელექტრომობილების წარმოება მასობრივ ხასიათს მიიღებს და ჩვენ ამ სფეროშიც, კონკურენტუნარიანები ვიქნებით”, - ამბობს ცეტშე.

პარალელურად, ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების წარმოების სფეროში, ლიდერობას ”რენოსა” და ”ნისანს” მათი მთავარი აღმასრულებელი კარლოს გონი უწინასწარმეტყველებს. ამ მხრივ, ეს ორი კომპანია პირველ დიდ ნაბიჯს ამ წლის მიწურულს გადადგამს, როდესაც ევროპულ ბაზარზე ელექტრომობილი ”ნისან ლიფი” გამოჩნდება. მალე კი მას ”რენოს” ოთხი ელექტრომობილი მოჰყვება, რომელთა წინასერიული პროტოტიპების ხილვაც, ფრანკფურტის შარშანდელ საავტომობილო შოუზე იყო შესაძლებელი.