Saturday, August 14, 2010

ელექტრომობილი ”დელასალი” მსოფლიო რეკორდს უმიზნებს

DeLaSalle EV Aims for World Record

12 აგვისტო

საავტომობილო სამყაროში ელექტრომობილების ბუმი იწყება და რა თქმა უნდა, ამ საქმეში დიდი მწარმოებლები ლიდერობენ. თუმცა, ისეთი პატარა კომპანიებიც სოკოებივით მრავლდებიან, რომლებიც ბიზნესის დაწყებას პირდაპირ ამ ძვირი ტექნოლოგიების ათვისებით ცდილობენ. და, ამ ახალ საქმეს არც უნივერსიტეტები აკლდებიან, რომლებიც ავტოკომპანიებს სხვადასხვა საინტერესო იდეას სთავაზობენ.

ასეთებს შორის არიან კანზას სიტის დელასალის უმაღლესი სკოლის სტუდენტები და მათი მასწავლებლები, რომლებმაც საბურავების მწარმოებელი იაპონურ კომპანია ”ბრიჯსტოუნის” ამერიკული შტოს ტექნიკური ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, ორიგინალური ელექტრომობილის პროექტი შეიმუშავეს.

პროექტი ინგლისურ კომპანია ”ლოლას” 2000 წლის ინდი ქარის სერიის სარბოლი ბოლიდის კონსტრუქციას დაეყრდნო. პროექტის ავტორებმა, ელექტრომობილის საფუძვლად აიღეს ბოლიდის შასი, რომელიც მათ მიერ შემუშავებული გამჭვირვალე ძარით შემოსეს.

სტუდენტების ჯგუფმა, რომელსაც სათავეში კლასის ინსტრუქტორი სტივ რიიზი ედგა, მანქანის ძალური დანადგარი და ძარის აეროდინამიკური პაკეტი შეიმუშავა. ორიგინალურ გადაწყვეტათა წყალობით, ავტომობილის წონა მინიმუმზე დაიყვანეს. რა თქმა უნდა, ავტომობილი ”ბრიჯსტოუნის” წარმოების ”ეკოპია EP100” საბურავებზე დააყენეს.

მას შემდეგ, რაც ელექტრომობილი ”ფეხზე დადგა”, ის ”ბრიჯსტოუნის” ტექსასურ საცდელ პოლიგონზე გაიყვანეს, სადაც სრულფასოვანი ტესტების რამდენიმე სერია ჩაუტარდა. როგორც ირკვევა, ამ საინტერესო პროექტის მთავარი მიზანი ავტომობილის ეკონომიურობის მსოფლიო რეკორდის დამყარება ყოფილა.

ტესტების მსვლელობისას, ელექტრომობილმა ეკონომიურობის შესაშური დონე გამოავლინა. მის მიერ მიღწეული ეკონომიურობის მაჩვენებელი, თითქმის 500 კილომეტრზე ერთი გალონი საწვავის (გალონი დაახლოებით 3.785 ლიტრია) ექვივალენტურია.

ტესტებზე ნაჩვენები შედეგების გამო, პროექტზე მომუშავე გუნდმა გადაწყვიტა, გინესის რეკორდების წიგნის გამომცემლებისთვის წერილი გაეგზავნა, რომლითაც მათ მიერ მიღწეული ეკონომიურობის მსოფლიოს ოფიციალურ რეკორდად დაფიქსირებას ითხოვს.

ცნობისათვის, ელექტრომობილების და სხვა ტიპის ეკოლოგიური ავტომობილების შემუშავებისთვის, განვითარებული ქვეყნების მთავრობები მწარმოებლებს სოლიდური შეღავათებით ახალისებენ. ჯერ ერთი, ხდება შესაბამისი პროექტების სახელმწიფოების მიერ თანადაფინანსება. მეორეც, საგადასახადო და სხვა ტიპის ფინანსური შეღავათებით სარგებლობენ ეკოლოგიური ავტომობილების მყიდველებიც. ყოველივეს კი შედეგად ელექტრომობილების წარმოების წახალისება და ამ ახალი ბიზნესის ხელშეწყობა მოჰყვება...