Thursday, April 1, 2010

”შევროლემ” პირველი სერიული ”ვოლტი” გამოუშვა

Chevrolet Volt

1 აპრილი

”ჯენერალ მოტორსის” დეტროიტულმა ქარხანამ ჰიბრიდ ”შევროლე ვოლტის” პირველი სერიული ეგზემპლარი გამოუშვა. ეს არის საცდელი ავტომობილი, რომელსაც ამერიკული კომპანია შემდგომი დახვეწისთვის გამოიყენებს. ”შევროლე ვოლტის” სერიული წარმობა კი ნოემბერში დაიწყება.

პირველი ”შევროლე ვოლტის” გამოშვების შესახებ, საავტომობილო სამყაროს ნიუ იორკის საავტომობილო გამოფენაზე, ”ჯენერალ მოტორსის” ვიცე პრეზიდენტმა ბობ ლუცმა ამცნო. მისივე თქმით, საცდელი სერიული ავტომობილების გამოშვებით დამტკიცდა, რომ ქარხანა მისი წარმოებისთვის მზადაა.

მაგრამ ”შევროლე ვოლტის” სერიული წარმოების დაწყებამდე ჯერაც რამდენიმე თვეა და ამ დროს ამერიკული კომპანია თავისი პირველი ჰიბრიდული მოდელის კიდევ უფრო დასახვეწად გამოიყენებს. ამისათვის, კიდევ რამდენიმე საცდელი ”ვოლტი” დამზადდება, რომლებსაც ”გენერლები” სატესტო პოლიგონზე გაუშვებენ.

”ჯენერალ მოტორსი” იმედოვნებს, რომ 2011 წლის ზაფხულისთვის დაახლოებით 4 000 ცალი ”ვოლტის” გამოშვებას შეძლებს.

”მერსედესი” C-კლასის ახალ კუპეს გამოუშვებს

Mercedes-Benz C-Class Coupe

1 აპრილი

პრემიუმ კლასის ავტომობილების წარმოებაში მსოფლიო ლიდერი, გერმანული ”მერსედეს ბენცი” C-კლასის ახალ კუპეს გამოუშვებს. ავტომობილის წარმოებისთვის შერჩეულია ქალაქ ბრემენში არსებული ქარხანა, სადაც დღეისათვის C-კლასის სედანსა და უნივერსალს, ასევე უგზოობის GLK-ს აწარმოებენ.

კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ახალი ავტომობილი კუპე CLC-ს შეცვლის და მისი წარმოება მერმისს დაიწყება. იმავდროულად, შტუტგარტელები ამავე კლასის სედანისა და უნივერსალის ფეისლიფტინგსაც გეგმავენ. ცნობილია ასევე ის, რომ ახალი ავტომობილები ბაზარზე მხოლოდ 4 წლით დარჩებიან, რის შემდეგაც მათ ახალი თაობის მოდელებით შეცვლიან, რომლებზეც ამჟამად ”სამქიმიანების” კვლევისა და განვითარების დივიზიონი მუშაობს.

რაც შეეხება C-კლასის ახალი კუპეს აღჭურვილობას, ის ისეთივე ძრავებს მიიღებს, როგორებიც C-კლასის სედანსა და უნივერსალზე გვხვდება. აგრეგატების გამაში განსხვავებული მხოლოდ 5.5-ლიტრიანი V8 აგრეგატი იქნება, რომელიც დივიზიონ AMG-ს მიერაა შექმნილი.

”სუბარუმ” ”იმპრეზა WRX” განაახლა

Subaru Impreza WRX

1 აპრილი

ნიუ იორკის საავტომობილო შოუზე, იაპონურმა კომპანია ”სუბარუმ” პოპულარულ მოდელ ”იმპრეზას” სედანის და ჰეჩბეკისძარიანი განახლებული ვერსიები წარმოადგინა. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ განახლებული ავტომობილებით, თითქმის ნულდება განსხვავება ”იმპრეზას” ორ ვერსიას - WRX-სა და STI-ს შორის.

მაგალითად, ახალ WRX-ს ბორბლების უფრო განიერი კვალი აქვს, ვიდრე მის წინამორბედს, ეს გარემოება კი მას STI-თან აახლოებს. გარდა ამისა, ის 17-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც 235/45 R17 ზომის საბურავებითაა შემოსილი. ამ სიახლეების წყალობით, განახლებული ”იმპრეზა WRX” გაცილებით აგრესიული გარეგნობისა გამოვიდა, ვიდრე მისი წინა ვერსიაა.

სედანიც და ჰეჩბეკიც ერთიდაიმავე, 2.5-ლიტრიანი ოპოზიტური (ანუ, ცილინდრების ერთმანეთის საპირისპირო, H განლაგებით) ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 265 ცხენის ძალას იძლევა. მასთან კი 5-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული.

ახალი ”იმპრეზა WRX” პირველად აშშ-ის ბაზარზე, ზაფხულში გამოჩნდება.

”ჰენესი ვენომ GT” - მონსტრი ”ლოტუს ელიზის” ბაზაზე

Hennessey Venom GT

1 აპრილი

”ლოტუსის” პოპულარული როდსტერი ”ელიზი” დიდი სიმძლავრით არ გამოირჩევა, მაგრამ მანევრულობით ბევრ სუპერ ავტომობილსაც მისცემს ფორას. ამიერიდან კი ის თავადაც უმძლავრესი ძრავით აღიჭურვება, თუმცაღა, ამას ინგლისური კომპანია კი არა, არამედ ამერიკული სატუნინგო ატელიე ”ჰენესი” გააკეთებს. ”ელიზის” ამერიკულ ვარიანტს კი ”ვენომ GT” დაერქვა.

მაშ ასე, ავტომობილი აღჭურვილია 6.2-ლიტრიანი V8 ძრავით (LS9), რომელიც მექანიკური დამჭირხნის დახმარებით, 725 ცხენის ძალას ავითარებს. ”ჰენესი” აცხადებს, რომ მყიდველის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ძრავის უფრო მძლავრი - 1 000 და 1 200 ცხენისძალიანი ვერსიების გამოყენებაც.

ძრავის მაბრუნ მომენტს, ”რიკარდოს” წარმოების 6-საფეხურიანი კოლოფი გადაამუშავებს, საიდანაც ის უკანა წამყვან ბორბლებს მიეწოდება. ავტომობილი 1 071 კილოგრამს იწონის, მის ეფექტურ შენელებას კი ”ბრემბოს” სამუხრუჭე სისტემა უზრუნველყოფს. ”ვენომ GT” კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ 19-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც ”მიშლენის” მასიური საბურავებითაა (PS2) შემოსილი.

”ჰენესის” ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ სამიდან ყველაზე მძლავრი ძრავით აღჭურვილი ”ვენომ GT” ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას დაახლოებით 2 წამში ასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 440 კმ/სთ-ია.

”ჰენესი” აცხადებს, რომ წლიურად მხოლოდ 10 ცალ ”ვენომ GT-ს” დაამზადებს, რომელთაგან 4-ზე უკვე მიღებული აქვს შეკვეთები. ამასთან, მყიდველს სთავაზობენ, რომ მან კომპანიის ტესტ პილოტისგან ერთდღიანი ინსტრუქციები სარბოლ ტრასაზე მიიღოს. ავტომობილის 725-ცხენისძალიანი ვერსიის ფასი 600 000 დოლარია.