Saturday, December 4, 2010

”მასტრეტა MXT” - მექსიკური სპორტქარი

Mexico-Developed Mastretta MXT Poised for 2011 Debut

5 დეკემბერი

ოთხწლიანი წვალების შემდეგ, მექსიკელმა ინჟინრებმა თავი მოაბეს თავიანთი ქვეყნის ისტორიაში პირველი სპორტული ავტომობილის წარმოებისთვის მომზადებას. მათი ნახელავის პირველად ხილვის საშუალება კი პარიზის საავტომობილო შოუს დამთვალიერებლებს ჰქონდათ.

პირველივე შეხედვისთანავე აშკარაა, რომ ”მასტრეტა MXT” - ასე ჰქვია პირველ მექსიკურ სპორტქარს, ერთბაშად ორ ანალოგიური კლასის ავტომობილს, ”ლოტუს ელისსა” და ”ოპელ სპიდსტერს” ჰგავს. მამოძრავებელ ძალას კი მას ”ფორდის” წარმოების ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ძრავი (სერია დურატეკი) ანიჭებს, რომელიც ტურბოკომპრესორის დახმარებით, 240 ცხენის ძალას ავითარებს.

”მასტერტას” მწარმოებელი ირწმუნება, რომ ამ აგრეგატით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 5.9 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 230 კმ/სთ-ს აღწევს. ერთ დროს, ასეთი მონაცემებით, ნებისმიერი ავტომწარმოებელი იტრაბახებდა, მაგრამ დღეს ამით ვერავის გააკვირვებ. თუმცა, ”მასტრეტას” მაინც შეუძლია დაიტრაბახოს, რომ თავის მფლობელს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს - ”ლოტუს ელისის” მსგავსად, ისიც მოსახვევებში შესაშური მდგრადობით გამოირჩევა, რასაც სიჩქარის გურმანები ძლიერ აფასებენ.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ავტომობილს სახელი მისმა შემქმნელებმა, ძმებმა, დანიელ და კარლოს მასტრეტებმა, თავიანთი გვარის შესაბამისად მისცეს. ისე კი, მათს კომპანიას ”ტექნოიდეა” ჰქვია და ის იმ ავტობუსების დიზაინსა და კონსტრუქციებზე მუშაობს, რომლებსაც მექსიკო სიტისთვის უკვე 20 წელია, ”მერსედეს ბენცი” და ”ინტერნეიშნლი” აწარმოებენ.

ავტომობილი ძალიან მსუბუქია, ეს კი შესაძლებელი გახდა მის კონსტრუქციაში ალუმინის იმ შენადნობთა გამოყენებით, რომლებსაც ავიაკოსმოსურ სფეროში მომუშავე კომპანიები იყნებენ. იმავდროულად, ინჟინრებმა თავიანთი მანქანა არაერთი თანამედროვე ელექტრონული სისტემით აღჭურვეს, ისეთითაც კი, როგორიც გლობალური პოზიციონირების სისტემაა (GPS).

მწარმოებლის განცხადებით, ”მასტრეტათი” დაინტერესება უკვე გამოთქვეს ინგლისში, გერმანიასა და იტალიაში. ”ტექნოიდეა” მალე სადისტრიბუციო ხელშეკრულებებს ამერიკაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში გააფორმებს. ჯერ მხოლოდ 100 ცალი MXT-ის დამზადება იგეგმება, თუმცა მასზე მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, წარმოების მოცულობა გაიზრდება. რაც შეეხება ფასს, ის ისეთია, რომ ”მასტრეტამ” ”ლოტუს ელისთან” კონკურენცია შესძლოს - 55 000 დოლარი.

საიდუმლო მოლაპარაკება ”ფიატსა” და ”ფოლკსვაგენს” შორის

Fiat Secretly Negotiated Alfa Romeo Sale to VW

5 დეკემბერი

მოლაპარაკების თემა კი ისევდაისევ, ”ალფა რომეოა”. არადა, არცთუ დიდი ხნის წინ, იტალიური კომპანიის შეფმა სერჯო მარკიონემ განაცხადა, რომ მილანური ბრენდის გაყიდვას არ აპირებს და რომ მას კრიზისიდან ორ წელიწადში გამოიყვანს. თუმცა, ისიც ცნობილია, ”ფოლკსვაგენის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ფერდინანდ პიხმა (ვინც დიდი ფერდინანდ პორშეს შთამომავალია) დაჟინებით განაცხადა, რომ ”ალფა რომეოს” შეძენ მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია და რომ ამ მიზანს იმავე ორ წელიწადში მიაღწევს.

პიხს არაფერი უთქვამს იმაზე, თუ როგორ აპირებს მარკიონეს დაყოლიებას. თუმცა, მისი თქმით, თუ ამჟამად ”ალფა რომეო” ფულის განიავების საშუალებაა, ”ფოლკსვაგენის” ხელში მომგებიან კომპანიად გადაიქცევა. მარკიონეს საკმაოდ უკმეხი და დამცინავი პასუხის შემდეგ, მათ შორის მოლაპარაკების საბაბი თითქოს არ უნდა არსებულიყო, მაგრამ თურმე ასე არ ყოფილა და ამას ისეთი სერიოზული გამოცემა გვატყობინებს, როგორიც ”ავტომოტივ ნიუსია”.

ამ გამოცემის ინფორმაციით, მხარეები მოლაპარაკებას უკვე ოთხი თვეა აწარმოებენ. უფრო მეტიც, მარკიონეს სპეციალური ჯგუფი გამოუყვია იმისათვის, რომ მოვლენათა განვითარების ორი შესაძლო სცენარი მოამზადონ. კერძოდ, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ”ფიატი” ”ალფა რომეოს” გაყიდვას გადაწყვეტს და რა შეიძლება მოხდეს, თუ მის შენარჩუნებას ეცდება.

რა თქმა უნდა, ზუსტად ორივე ვარიანტის გათვლა შეუძლებელია, მაგრამ გუნდმა დავალება შეასრულა და ტურინული ავტოჯგუფის შეფს ანგარიში წარუდგინა. უნდა ითქვას, რომ ორივე შემთხვევაში, არსებობს ”ალფას” გაყიდვის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები. მათ მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, ”ფიატისთვის” ძალიან ძნელი იქნება მომდევნო ორი წელი.

ჯერ ერთი, კომპანიას ფული სჭირდება ”ალფა რომეოს” რესტრუქტურიზაციისა და ახალი მოდელების შემუშავებისთვის - უახლოეს მომავალში მილანური კომპანია, რომელსაც წელს დაარსებიდან ასი წელი შეუსრულდა, ბაზარზე ხუთი ახალი ავტომობილის გამოტანას აპირებს. ამას კი უზარმაზარი ინვესტიცია სჭირდება, რაზეც ტურინელებს ხელი არ მიუწვდებათ. ასე რომ, ”ალფას” გაყიდვამ მათ სულის მოთქმის და ”კრაისლერში” რესტრუქტურიზაციის ჩატარების საშუალება უნდა მისცეს.

მეორე მხრივ, თუ ”ფიატი” შეძლებს საჭირო სახსრების მოზიდვას (ეს მან უახლოეს წარსულში, იმავე მარკიონეს მეთაურობით გააკეთა და გაკოტრებას გადაურჩა) და ”ალფა რომეოს” პრემიუმ ბრენდად ჩამოყალიბებას, მაშინ ეს უკანასკნელი ”ფიატს” ისევ მსოფლიო ავტო ბაზრის სოლიდურ მოთამაშედ გადააქცევს.

მართალია, ჯგუფის მოღვაწეობის ანგარიში არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ”ავტომოტივ ნიუსმა” მოვლენათა განვითარების ორი ვარიანტის მისეული შესაძლო შედგები შემოგვთავაზა:

”ალფა რომეოს” გაყიდვის შემთხვევაში:

1. ”ფიატი” 1.5-2.0 მილიარდ ევროს მიიღებს, რაც მას ვალებისგან სრულად გაათავსუფლებს;

2. ახალი მოდელების შემუშავებისათვის გასაწევი ხარჯები 1.5 მილიარი ევროთი შემცირდება, რადგან ტურინელებს აღარ მოუწევთ ”ალფას” ავტომობილების შექმნაზე ფულის ხარჯვა;

3. ”ალფა” წლიურად ”ფიატს” დაახლოებით 200 მილიონი ევროთი აზარალებს. გაყიდვის შემდეგ კი ეს ტვირთიც მოიხსნება;

4. ”ალფას” მოშორების შემდგ, ”ფიატი” ევროპაში ”დოჯს” წამოსწევს, როგორც სპორტულ ბრენდს, ”კრაისლერი” და ”ლანჩა” კი აქცენტს კომფორტსა და მდიდრულობაზე გააკეთებენ.

”ალფა რომეოს” შენარჩუნების შემთხვევაში:

1. თუ ”ფიატი” შეძლებს, გაუძლოს მოსალოდნელ სამწლიან კრიზისულ პერიოდს, მაშინ ის გაცილებით სიცოცხლისუნარიანი გახდება და ”ალფას” ავტომობილებს უფრო დიდი მარჟით გაჰყიდის, ვიდრე თავისას, ეს კი დიდ მოგებას მოუტანს;

2. ”ფიატს” შეუძლია, გაყიდოს ”მანეტი მარელი”, ”კომაუ” და ”ტეკსიდი” (შესაბამისად, ავტომაკომპლექტებლების, საწარმოო საშუალებების და ძრავის ბლოკების მწარმოებლები), რაც 2 მილიარდ ევროს მოუტანს, ეს თანხა კი ”ალფა რომეოს” რესტრუქტურიზაციისთვის დასჭირდება. ინვესტორები მარკიონეს ამ ნაბიჯს ძალიან მოუწონებენ;

3. კრიზისიდან თავდაღწეული ”ალფა რომეოს” მოგების მარჟა სწრაფად შეიძლება გაიზარდოს 10 პროცენტამდე, ეს კი მარკიონეს, მის მიერ 2014 წლისთვის შეპირებული მოგების (3.5 მილიარდი ევრო) მოტანას შეაძლებინებს.

4. ”ფიატი” დიდ ფულად სახსრებს დაზოგავს, თუ ”ალფა რომეოს” და ”კრაისლერს” პლატფორმების გაზიარების საშუალებას მისცემს. ასე მილანური კომპანია ადვილად მიაღწევს რენტაბელობის ზღვარს (წლიურად 300 000 ცალი) და იმ ზღვარსაც (500 000), რომელიც მარკიონემ დაუსახა. ამ ბოლო რიცხვიდან, დაახლოებით 300 000 ცალს ”კრაისლერის” მოდელებთან საერთო პლატფორმა ექნება;

5. ”ალფა რომეო” თავის ახალ კომპაქტურ გლობალურ არქიტექტურას ”ჯიპს” გაუზიარებს და შემუშავებულ ახალ ავტომობილებს, ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებზე გაიტანს, როგორებიცაა ჩინეთი და ინდოეთი;

6. ცნობილია, რომ დიდ მარჟას მაღალი კლასის მწარმოებლები აღწევენ, დაბალი კლასის ავტომობილებს კი კომპანიებისთვის მცირე მოგება მოაქვს. მარტო ”კრაისლერით” და ”ლანჩათი” ფონს გასვლა გაჭირდება. ამგვარად, ”ალფას” გაყიდვა ”ფიატს” შემოსავლის სოლიდურ წყაროს დააკარგვინებს, შენარჩუნება კი - პირიქით.