Thursday, December 17, 2009

”ასტონ მარტინმა” ”ბარტყის” კონცეპცია მოამზადა

Aston Martin Cygnet Concept Official Images

17 დეკემბერი

”ასტონ მარტინმა” თავისი მომავალი ჯუჯა ავტომობილის, ”სიგნიტის” (ბერტყის” კონცეპტუალური ვერსიის ოფიციალური ფოტოები და ტექნიკურო მონაცემები გაავრცელა. ავტომობილი, რომლის გაყიდვებიც მერმის უნდა დაიწყოს, ”ტოიოტას” ჯუჯა iQ-ს ბაზაზეა შექმნილი და მის სახეშეცვლილ და უფრო მდიდრულ ვერსიას წარმოადგენს.

ბრიტანული კომპანიის განცხადებით, მართალია, ”სიგნიტის” კონცეპტუალური ვერსია უკვე მზადაა, მაგრამ მისი ტესტირება და სრულყოფის პროცესი ჯერაც არ დასრულებულა. ამ ავტომობილის სერიული წარმოების დაწყება კი მომავალი წლის მიწურულიდან იგეგმება.

გარეგნულად, iQ-სგან ”სიგნიტს” წინა ნაწილის ასტონისეული გაფორმება განასხვავებს. ინგლისური ჯუჯას რადიატორის ბადე საფირმო სტილშია შესრულებული, მის ზემოთ კი, კაპოტზე, ”ასტონ მარტინის” ლოგო წამოსკუპებულა, რომელიც დანახვისთანავე, ამ ჯუჯა ავტომობილისადმი პატივისცემით განგაწყობთ. ყურადღებას ასევე იქცევს კაპოტზე დატანილი ”სასუნთქები”, რომლებიც ”ასტონ მარტინ V12 ვენტეჯის” ანალოგიურ ელემენტს მოგაგონებთ. ავტომობილი მისთვის უზარმაზარ, 16-დუიმიან ბორბლებზე დგას. სალონიც, ინგლისური მარკისთვის შესაფერისად - მდიდრულადაა გაწყობილი, რის ხაზგასმასაც გამოყენებული წითელი ტყავი წარმოადგენს.

რაც შეეხება ”სიგნიტის” ტექნიკას, ის მთლიანად იაპონური კომპანიის წარმოებისაა. პირველ რიგში, ესაა iQ-ს პლატფორმა და 1,33-ლიტრიანი ძრავი, რომელიც სულ რაღაც 98 ცხენის ძალას ავითარებს. სხვათა შორის, ”სიგნიტის” წარმოებისთვის, ”ასტონ მარტინი” iQ-ს დაშლილი სახით იაპონიიდან მიიღებს.

ინგლისურ კომპანიას განზრახული აქვს, რომ ”სიგნიტი” მხოლოდ მათ მიჰყიდოს, ვისაც უკვე სხვა ”ასტონი” აქვს ნაყიდი, ან ახლო მომავალში აპირებს მის შეძენას. შემდეგ კი ამ ჯიშიანი ჯუჯას ყიდვის საშუალება ნებისმიერ მსურველს მიეცემა. ბრიტანეთში ”სიგნიტის” ფასი დაახლოებით 20 000 გირვანქა სტერლინგი იქნება. სულ ”ასტონ მარტინი” წლიურად 1 000-2 000 ცალი ”ბარტყის” წარმებას გეგმავს.

”მინი” დეტროიტში კონცეპტუალურ ბაგი ”ბიჩკომბერს” გამოფენს

Mini Beachcomber Concept Heading For Detroit Autoshow

17 დეკემბერი

საავტომობილო სამყარო ”მინისგან” ქროსოვერს მოუთმენლად ელის. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა მომავალ წელს, ჟენევის საავტომობილო გამოფენაზე იგეგმება. თუმცა, როგორი იქნება მომავალი სიახლე, ამაზე გარკვეულ წარმოდგენას ის კონცეპტუალური ავტომობილი შეგვიქმნის, რომელსაც ”ბეემვეს” ჯგუფში შემავალი ინგლისური მარკა დეტროიტის საერთაშორისო საავტომობილო შოუზე გამოფენს.

ავტომობილი, რომელსაც ”ბიჩკომბერი” უწოდეს, ბაგის სტილშია შესრულებული და ოთხ ადამიანზეა გათვლილი. ის ეგრეთ წოდებულ საპლაჟო უგზოობის ავტომობილების კლასს მიეკუთვნება. ჟანრის შესაბამისად, მას მთლიანად ეხსნება სახურავი და კარებები.

სალონში ყურადღებას ორი საინტერესო ელემენტი იქცევს. ერთია კომპასი, მეორე კი ხელოვნური ჰორიზონტი, რომელზეც რეალური ჰორიზონტის მიმართ, ავტომობილის გადაადგილების გადახრის კუთხე აისახება.

გარეგნულად, ”ბიჩკომბერი” 1960-იან წლებში პოპულარული ”მინი მოუკის” სტილშია შესრულებული. და, რა თქმა უნდა, ამ სტილთან, ”მინის” თანამედროვე ვიზუალია შეხამებული. გარდა ამისა, ავტომობილს გამოარჩევს დიდი ზომის ბორბლები, რომლებიც ღრმაპროტექტორიანი საბურავებითაა შემოსილი, მოხერხებული სავარძლები, რომლებსაც კარგად გამოკვეთილი გვერდითა საყრდენები აქვს და დიდრონი ფარები, რომლებსაც საკმაოდ რთული მოყვანილობა აქვს.

ჯერჯერობით, ”ბეემვე” თავს იკავებს ”მინის” დეტროიტული სიახლის ტექნიკური მახასიათებლების გამხელისგან და არც იმას გვამცნობს, აპირებს თუ არა ამ ორიგინალური ავრომობილის კონვეიერზე დაყენებას.