Wednesday, February 16, 2011

„ტოიოტა“ აზიისთვის დაბალფასიან ავტომობილს გამოუშვებს

Toyota to Build Low-Budget Model for Asia

16 თებერვალი

„რენოს“ მაგალითი გადამდებია - ფრანგულ-რუმინული „ლოგანი“ არამარტო აღმოსავლეთ ევროპასა და განვითარებად ქვეყნებშია პოპულარული, არამედ მასზე დასავლეთ ევროპაშიც დიდი მოთხოვნილებაა. ამიტომ, ამ სეგმენტში შეღწევას ახლა სხვა კომპანიებიც ცდილობენ და მათ შორის მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელი - „ტოიოტაცაა“.

იაპონური გამოცემა ნიკეი იუწყება, რომ „ტოიოტა“ და მისი პარტნიორი „დაიჰაცუ“ ერთობლივად ამუშავებენ ახალ პროექტს, რომლის შედეგადაც აზიის ქვეყნების, პირველ რიგში კი ინდონეზიის ბაზარს, ახალი იაფფასიანი ავტომობილი მოევლინება, რომელიც მოგვიანებით, რეგიონის სხვა ქვეყნებშიც გაიყიდება.

ნიკეისავე ინფორმაციით, ახალი ავტომობილი უფრო პატარა იქნება, ვიდრე მოდელი „ეტიოსი“, რომელიც იაპონურმა კომპანიამ სპეციალურად, ინდური ბაზრისთვის შეიმუშავა. ახალი ავტომობილის სავარაუდო ღირებულება 9 500 დოლარი იქნება. ფასი მხოლოდ აღჭურვის დონის შესაბამისად შეიცვლება.

ახალ ავტომობილს „დაიჰაცუს“ სპეციალისტები შეიმუშავებენ და ამავე კომპანიის ქარხანა გამოუშვებს, თუმცა წარმოებული ავტომობილების 70 პროცენტი „ტოიოტას“ ლოგოთი გაიყიდება. ახალი მოდელისთვის ქარხანაც ახალი აშენდება. მასში „დაიჰაცუ“ 20 მილიარდ იენს დააბანდებს. ქარხანა პირველ ავტომობილებს

ორ წელიწადში გამოუშვებს. მისი წლიური წარმოება 100 000 ავტომობილი იქნება, თუმცა პირველ წელს, მხოლოდ ამის ნახევარს დაამზადებს.

გარდა ამისა, „ტოიოტა“ ასევე მუშაობს ელექტრომობილზე, რომელიც უპირველესად, ჩინური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. ამ შემთხვევაში, მას პარტნიორობას ჩინური ჯგუფი FAW უწევს. ელექტრომობილი კომპაქტურ მოდელ „ვიოს-ის“ ბაზაზე შეიქმნება, რომელსაც იაპონური კომპანია წელს გამოუშვებს. მას FAW-ის კუთვნილებაში მყოფ კომპანია „ტიანძინის“ წარმოების ელექტროძრავით აღჭურვავენ. ამ ავტომობილის წარმოება მერმისს უნდა დაიწყოს და მის შესახებ „ტოიოტა“ ჯერჯერობით არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს.

„დე ტომაზო“ განახლებას იწყებს

De Tomaso Revival Unveiled

16 თებერვალი

ლეგენდარული იტალიური ბრენდი „დე ტომაზო“ აღორძინების გზას ადგას და ამ საქმეს სათავეში იტალიელი ბიზნესმენი ჯან მარიო როსინიოლო უდგას. პირველი ავტომობილი იმ სამიდან, რომელთა წარმოებასაც ეს კაცი ამ მარკით აპირებს, არის ქროსოვერი, რომელსაც კონცეპტუალური SLC-ს სახით, ჟენევის ავტო შოუზე ვიხილავთ. თუმცა, ამ მანქანის პირველი ჩვენება უკვე შედგა და მას რომმა უმასპინძლა.

სხვათა შორის, „დე ტომაზოს“ ადრე ქროსოვერი არასდროს გაუკეთებია. უფრო მეტიც, ეს კომპანია მხოლოდ სპორტული სუპერ ავტომობილების წარმოებაზე იყო სპეციალიზებული. მაგრამ დიდი ხნის წინ, ჩაილურის წყალი დალია და ბევრს დაავიწყდა კიდეც. მაგრამ როსინიოლოს არ დავიწყებია და ხელსაყრელი მომენტი შეარჩია თუ არა, მისი გაცოცხლება გადაწყვიტა.

როსინიოლო ადრე ისეთ კომპანიებს ხელმძღვანელობდა, როგორებიც „ლანჩა“, „ტელეკომ იტალია“ და „ზანუსია“. ცოტა ხნის წინ, მან იჯარით აიღო „ფიატის“ გრულიასკოს (ტურინის მახლობლად მდებარეობს) ქარხანა, რომელიც ტურინულმა კომპანიამ არარენტაბელობის გამო გააჩერა. როსინიოლომ ამ ქარხნის გადაიარაღებისა და „დე ტომაზოს“ აღსადგენად, 116 მილიონი ევრო გამოჰყო.

„დე ტომაზოს“ ქროსოვერის ძირითად ძრავად ბენზინის 524-ცხენისძალიანი V8 შეირჩა, თუმცა როცა ამ ავტომობილის წარმოება დაიწყება, ის დიზელის 247-ცხენისძალიანი V6 აგრეგატითაც აღიჭურვება. რაც მთავარია, ავტომობილის დიზაინი ამ საქმის მაესტრომ, ატელიე „პინინფარინამ“ შეიმუშავა. ჯერჯერობით, ამაზე მეტი ინფორმაცია არ ვრცელდება.

როსინიოლო წლიურად მხოლოდ 3 000 ცალი ქროსოვერის წარმოებას აპირებს. ავტომობილის სავარაუდო ღირებულება კი 115 000 დოლარი იქნება. „დე ტომაზო“ მის წარმოებას მერმისს დაიწყებს. როდის დაიწყება დანარჩენი ორი მოდელის (სედანის და კუპესი) წარმოება, ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა. თუმცა, როსინიოლო ამბობს, რომ ისინი უკვე შემუშავების სტადიაშია.

„პორშეს“ ჟენევური სიახლე - ჰიბრიდული „პანამერა“

Porsche Panamera S Hybrid Achieves 6.8 l/100km

16 თებერვალი

ჟენევის ავტო შოუსთვის, „პორშეს“ რამდენიმე სიახლე აქვს მომზადებული, რომელთაგან ერთ-ერთი ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი ოთხკარიანი კუპე „პანამერაა“. მართალია ამ მანქანის პრემიერა ჟენევაში ჩატარდება, თუმცა შტუტგარტულმა კომპანიამ მისი მონაცემები გამოფენამდე ორი კვირით ადრე გამოაქვეყნა.

ავტომობილის სრული სახელწოდებაა „პორშე პანამერა S ჰიბრიდ“. მისი შექმნისას, „პორშეს“ ინჟინრების მიზანს, ავტომობილის სპორტულობის შენარჩუნება და ეკონომიურობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება იყო. უნდა ითქვას, რომ მათ ამოცანას საკმაოდ იოლად გაართვეს თავი, რაშიც უგზოობის ჰიბრიდული „კაიენის“ აღჭურვილობა გამოადგათ.

„პორშემ“ გამოაცხადა, რომ „პანამერა S ჰიბრიდი“ მის ისტორიაში ყველაზე ეკონომიური ავტომობილია. როცა „მიშლენის“ დაბალი წინააღმდეგობის მქონე საბურავებზე დგას, ჰიბრიდული პანამერა 100 კილომეტრის გავლას სულ რაღაც, 6.8 ლიტრი ბენზინით ახერხებს. ყოველ კილომეტრზე კი ატმოსფეროში 159 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. აღნიშნული საბურავები სპეციალურად ჰიბრიდული „პანამერასთვის“ შეიქმნა. მათ გარეშე კი ავტომობილს ოდნავ უარესი მაჩვენებლები აქვს. კერძოდ, 100 კილომეტრს 7.1 ლიტრი საწვავით გადის, ყოველ კილომეტრზე კი 167 გრამ CO2-ს გამოჰყოფს.

ავტომობილის ჰიბრიდულ სისტემაში ბენზინის ტურბოკომპრესორიანი 3.0-ლიტრიანი V6 ძრავი და ელექტროძრავი შედის. პირველი 333 ცხენის ძალას იძლევა, მეორე კი - 47 ცხენის ძალას. შიდაწვის ძრავთან 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია შეწყვილებული, ელექტროძრავებს კი ენერგიით ნიკელ-მეტალჰიდრიდული ელემენტების ბლოკი ამარაგებს.

„პორშეს“ მონაცემებით, ჰიბრიდული „პანამერა“ ადგილიდან 100 კმ/სთ აიჩქარეს 6.0 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 270 კმ/სთ-ია. ამასთან, ავტომობილს მხოლოდ ელექტროძრავით გადაადგილებაც შეუძლია, თუმცა აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია მხოლოდ 2 კილომეტრის გასავლელად ჰყოფნის. თანაც, ამ დროს მისი მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 85 კმ/სთ-ია.

„პორშე პანამერა S ჰიბრიდის“ გაყიდვები ივნისში დაიწყება, მისი საბაზო ვერსია კი გერმანიაში 106 185 ევრო ეღირება.