Monday, February 21, 2011

პირველად ჟენევაში - ელექტრული „როლს როისი“

Rolls-Royce 102EX, Electric Phantom for Geneva

21 თებერვალი

„ბეემვემ“ ელექტრომობილების წარმოებას სერიოზულად მოჰკიდა ხელი - გერმანულმა კომპანიამ ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების მწარმოებელი ქვე-ბრენდიც კი შექმნა. ბუნებრივია, ახალ ტენდნციას მის ჯგუფში შემავალი კომპანიებიც აყოლებენ ფეხს და მათ შორისაა „როლს როისიც“, რომელმაც ჟენევის ავტო შოუსთვის, ელექტრული „ფანტომი“ – 102 EX მოამზადა.

ინგლისური მარკის მთავარი აღმასრულებელი ტორსტენ მიულერ-ოტვოსი ამბობს, რომ ჟენევისთვის მომზადებული ელექტრომობილი, ეგრეთ წოდებული ტესტ პლატფორმაა იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს საზოგადოების აზრის შესწავლა. ამასთან, თუ ბაზარი ამისათვის მზად იქნება, კონცეპტუალური ელექტრომობილის ბაზაზე, „როლსის“ სხვა მოდელების ელექტრიფიკაციაც განხორციელდება.

ნებისმიერ შემთხვევაში, 102 EX ულტრა ლუქსის სეგმენტის პირველი სრულიად ელექტრული ავტომობილია. ჯერჯერობით მისი აღჭურვილობის და ტექნიკური მონაცემების შესახებ, არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. ყველაფერ ამას მწარმოებელი გამოფენისთვის ინახავს.

მიულერ-ოტვოსის თქმით, „როლს როისი“ 102 EX-ის სერიულ წარმოებას არ აპირებს. სამაგიეროდ, ამ ავტომობილს ჟენევის შემდეგ, მსოფლიო ტურნე ელის - მას ყველა იმ ქვეყანას მოატარებენ, სადაც „როლს როისის“ ავტომობილები იყიდება. ამ ტურნეს დროს, კომანიის მარკეტოლოგები პოტენციური კლიენტების აზრს შეისწავლიან და მიღებული ინფორმაციის ანალიზის შემდეგ გადაწყვეტენ, „როლს როისისთვის“ აქვს თუ არა აზრი ელექტრომობილების წარმოების დაწყებას.

გარდა ამისა, ბრიტანულმა კომპანიამ სპეციალური ვებ-გვერდი შექმნა, რომელიც 102 EX-ის მსოფლიო ტურნეს გააშუქებს. მასზევე მოათავსებენ ამ ავტომობილზე ავტომოყვარულების და პოტენცური კლიენტების შთაბეჭდილებებს. ტურნეს ბოლოს კი „როლს როისის“ და „ბეემვეს“ ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, აქვს თუ არა აზრი ეკოლოგიურად სუფთა „როლსების“ წარმოებას.

„ნისანი“ ელექტრულ „ლიფზე“ შეკვეთებს ვერ აუდის

Nissan Swamped, Leaf Production at Full Throttle

21 თებერვალი

„ნისან ლიფი“ პირველი მასობრივი ელექტრომობილია მსოფლიო ბაზარზე და მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში წლის საუკეთესო ავტომობილის ტიტულს დაეუფლა, მაინც სპეციალისტთა არაერთგვაროვან შეფასებას იმსახურებს. თუმცა მთავარი ისაა, რომ ყველაზე მეტს, ამჟამად სწორედ ამ ავტომობილზე ლაპარაკობენ.

სულ ახლახანს, ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ელექტრომობილზე წინასწარი შეკვეთების დაახლოებით 40 პროცენტი გაუქმებულია. მაგრამ მალე ამას მოჰყვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იაპონური კომპანია „ლიფზე“ შეკვეთებს ვერ აუდის.

გამოცემა „ავტონიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ნისანს“ ელექტრომობილზე უკვე 27 000 შეკვეთა აქვს მიღებული. შესანიშნავია, იტყვიან ანალიტიკოსები და მარკეტოლოგები. საშინელებაა, იტყვიან მყიდველები. და ორივე მხარე მართალი იქნება. პირველები იმის გამო, რომ ბუმი კომპანიისათვის მოგების მომტანია. მეორენი იმიტომ, რომ 31 მარტამდე მხოლოდ 10 000 შეკვეთის დაკმაყოფილება თუ მოხერხდება.

როგორც ჩანს, მოვლენათა ამგვარი განვითარებისთვის, „ნისანი“ მზად არ იყო, რადგან იაპონურმა კომპანიამ „ლიფზე“ შეკვეთების მიღება შეაჩერა. და გამოაცხადა, რომ ამ პროცესს მხოლოდ მას შემდგ გააგრძელებს, რაც პირველი ლოტით მიღებული შეკვეთების „გარკვეულ რაოდენობას“ დააკმაყოფილებს. რამდენია ეს „გარკვეული რაოდენობა“ და როდის მოხერხდება მათი დაკმაყოფილება, თვითონ „ნისანშიც“ ჯერ არ იციან...

ისე, თუ ზემოთ ნახსენები ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წინასწარი შეკვეთების 40 პროცენტი გაუქმებულია, მართალია, „ნისანი“ უკმაყოფილო არც ამით უნდა იყოს. ეს გაუქმებები რომ არა, „ლიფზე“ შეკვეთებს რა დააკმაყოფილებდა - ამ ელექტრომობილის წარმოება ხომ, მიუხედავად იმისა, რომ ოპამას (იაპონია) ქარხანა სამ ცვლაში მუაობს, მაინც შეზღუდულია...

„ბეემვე i-მ“ სტარტი აიღო

გერმანული კომპანიისთვის ახალი ეპოქა იწყება

BMW Launches i

21 თებერვალი

21 თებერვალი ბავარიული კომპანიისთვის ისტორიული დღე გახდა - „ბეემვემ“ ოფიციალურად გაგვაცნო თავისი ახალი სუბ-ბრენდი, რომელსაც უბრალოდ, i უწოდა. ამ აბრევიატურით, ის მალე ელექტრომობილების და ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებას დაიწყებს. პრეზენტაციაზევე გამოცხადდა, რომ პირველი ორი ავტომობილი, რომლებიც ბაზარზე ამ მარკით გამოჩნდება, არის i3 და i8. პირველს აქამდ პროექტ „მეგასიტის“ სახელით ვიცნობდით, მეორე კი კონცეპტუალური „ვიჟნ ეფიშნტდაინემიქსის“ ბაზაზე დამზადდება.

„დღეს შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ „ბეემვე i“ პრემიუმ გადაადგილების მიმართულებით გადადგმული ახალი ნაბიჯია. ამ ახალი სუბ-ბრენდის დაფუძნებით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ პრემიუმ სეგმენტს მწარმოებლებს შორის, სიახლეების დანერგვაში ლიდერები ვართ“, - ამბობს „ბეემვეს“ დირექტორთა საბჭოს წევრი იან რობერტსონი, ვინც კომპანიის გაყიდვებსა და მარკეტინგს განაგებს.

„დღეს ჩვენს ინდუსტრიაში ახალი ერა იწყება, ინდივიდუალური გადაადგილების ახალი ერა. ეს კი არის „ბეემვე i“, ახალი ეპოქის პიონერი, დაბადებული ელექტრობა“, - დასძენს რობერტსონი.

ახალი სუბ-ბრენდის ჩამოყალიბებასთან ერთად, ბავარიულმა კომპანიამ ასევე ამერიკაში დააფუძნა ერთობლივი საწარმო სახელწოდებით „ბეემვე i ვენჩარზ“, რომელსაც შტაბ-ბინა ნიუ იორკში ექნება. ამ კომპანიის საწესდებო კაპიტალი 100 მილიონი დოლარია. მისი მთავარი დანიშნულება ისაა, რომ „ბეემვე i-ს“ ავტომობილების ექსპანსიას და უმაღლეს დონეზე მომსახურებას შეუწყოს ხელი.

ახალი მარკის პირველი ორი ავტომობილი ეგრეთ წოდებულ „ლაიფდრაივ“ არქიტექტურას დაეყრდნობა. არ არქიტექტურის საფუძველს წარმოადგენს ალუმინის შასი და ძარის კარკასი, რომელიც ნახშირბადის ბოჭკოთი არმირებული პოლიეთერული ფისის კომპოზიციური მასალითაა დამზადებული. თვითონ ძარაც ასეთივე კომპოზიტით დამზადდება. ეს მასალა ბავარიელებმა ამერიკელ პარტნიორთან, „SG კარბონთან“ ერთად შეიმუშავეს.

i3 კომპაქტური ჰეჩბეკია, რომელსაც აქამდე პროექტი „მეგასიტი“ ეწოდებოდა. მასში ჩასაჯდომი კონფიგურაციაა 2+2. ავტომობილი აღჭურვილია ელექტროძრავით, რომლის სიმძლავრეც 170 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 250 ნიუტონმეტრი. ძრავი ენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორებისგან ღებულობს, რომლებსაც წყლით გაგრილების სისტემა ემსახურება. აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია, ავტომობილს მინიმუმ 160 კილომეტრს გაატარებს.

ამავე ავტომობილის ბაზაზე, უკვე მუშავდება მისი ჰიბრიდული ვერსია, რომლის სვლის სიშორის გასაზრდელადაც, კონსტრუქციას შიდაწვის ძრავისა და გენერატორის ტანდემი დაემატება. შიდაწვის ძრავი მცირელიტრაჟიანი იქნება და ის i-ს ჰიბრიდული ავტომობილებისთვის სპეციალურად მუშავდება.

რაც შეეხება i8-ს, მისი წინამორბედი - კონცეპტუალური „ვიჟნ ეფიშნტდაინემიქსი“ ბავარიელებმა პირველად 2009 წელს, ფრანკფურტის ავტო შოუზე გვიჩვენს, მისი წარმოების გადაწყვეტილება კი ახლახანს გაახმოვანეს. ავტომობილის დასახელებაში რიცხვი 8 მისი სპორტულობის მიმანიშნებელია. სახელით M8, „ბეემვე“ სპორტული სუპერ ავტომობილის წარმოებას გეგმავდა, თუმცა ეკონომიკური კრიზისის გამო, ამ განზრახვაზე ხელი აიღო.

მოდელი i8 ჰიბრიდული დანადგარით აღიჭურვება, რომელშიც ბენზინის სამცილინდრიანი 1.5-ლიტრიანი ძრავი და იგივე ელექტროძრავი შევა, რომელიც i3-ის აღწერისას ვახსენეთ. აქაც შიდაწვის ძრავს მხოლოდ ელექტროენერგიის გამომუშავების დანიშნულება აქვს. ბავარიელთა ინფორმაციით, i8-ს მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ იქნბა, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე მის აჩქარებას კი 4.8 წამი ეყოფა.

უკვე ცნბილია ისიც, რომ ამ ორ ავტომობილს „ბეემვეს“ ლაიპციგის ქარხანა გამოუშვებს, რომლის მოდერნიზაციაზეც 400 მილიონი ევროა ინვესტირებული. ორივე ავტომობილის წარმოება 2013 წელს დაიწყება.

„ჰიუნდაი“ საბურავების წნევის საკონტროლო სისტემას ქმნის

Hyundai Develops New Tire Pressure Monitoring System

21 თებერვალი

„ჰიუნდაი“ და მისი შვილობილი კომპანია „მობის“, რომელიც საავტომობილო ნაწილების და კომპონენტების წარმოებაზეა სპეციალიზებული, საბურავებში წნევის მაკონტროლებელ სისტემას (TMPS - ტაიარ პრეშა მონიტორინგ სისტემ) ქმნიან, რომელსაც კორეული კომპანია თავის ავტომობილებზეც გამოიყენებს და კონკურენტებსაც მიჰყიდის.

მსგავს სისტემებს სხვა კომპანიებიც აწარმოებენ, თუმცა „მობისი“ გვპირდება, რომ მისი სისტემა ამჟამად არსებულ ყველა ანალოგზე უკეთესი და მსუბუქი იქნება. არადა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამხრეთკორეული კომპანია ასეთ მოწყობილობას გამოუშვებს.

„მობისის“ განცხადებით, მისი სისტემა ძალიან ადვილად გამოსაყენებელი იქნება, რადგან ის საბურავის სარქველზე დგება და ადვილად მისაწვდომია. ამასთან, ის კონკურენტების სისტემებზე დაახლოებით 10 პროცენტით მსუბუქია, რასაც ის ფაქტორი განაპირობებს, რომ მასში მცირე ზომის ელემენტია ჩადგმული. სიმსუბუქის გარდა, მცირე ელემენტის უპირატესობა ისიცაა, რომ ის დაახლოებით 30 პროცენტით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. სიმსუბუქე კი იმიტაცაა მნიშვნელოვანი, რომ ბორბლის ბალანსს ოდნავ ცვლის და მის საპირწონედ ნაკლები ბალასტის გამოყენებაა საჭირო.

საბურავებში წნევის მაკონტროლებელ სისტემის წარმოების დაწყება დროულია, რადგან 2013 წელს ძალაში შევა ახალი მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც, ყველა ავტომობილზე, რომელიც 3.5 ტონაზე ნაკლებს იწონის, მსგავსი სისტემების დაყენება სავალდებულო გახდება. ასე რომ, ჯერ ერთი, „ჰიუნდაის“ საკუთარი სისტემა ექნება. მეორეც, ამავე სისტემაზე მოთხოვნა სხვა კომპანიებისგანაც იარსებებს.