Sunday, July 12, 2009

უებერის პირველი გამარჯვება

F1-German GP

12 ივლისი
ავსტრალიელ მარკ უებერს დღევანდელი დღე არასდროს დაავიწყდება - ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატზე 130-ე სტარტი კარიერაში პირველი გამარჯვებით აღინიშნა და რაც მთავარია, ამ მოგბით, ამიერიდან ტიტულის მაძიებელთა სიაში შევიდა. უებერმა სტარტზე დაკარგული პოზიციაც აღიდგინა, რბოლის დროს პიტლაინზე საჯარიმო გავლისას დაკარგული დროც აინაზღაურა, ყველა მეტოქე ჩამოიტოვა და ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა, რითაც დუბლი (პოული-გამარჯვება) შეასრულა.

”მარკ უებერ, შენ დიდი პრიზის გამარჯვებული ხარ. გილოცავთ, შესანიშნავი რბოლა ჩაატარე”, - გამარჯვებულს რადიოთი მიულოცა ”რედ ბულის” შეფმა კრისტიან ჰორნერმა. თავად უებერს ლაპარაკის თავიც აღარ ჰქონდა, ბოქსებისკენ გზაზე სულ ”იეს, იეს” იყვირა, მერე, მანქანიდან ამოსულმა ერთი კიდევ შეუძახა და კვარცხლბეკისკენ გაეშურა.

”ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდოდა გამარჯვება, ახლა კი მეცხრე ცაზე ვარ. ეს დღე არასდროს დამავიწყდება”, - განაცხადა 32 წლის უებერმა, ვისაც ერთ-ერთმა პირველმა მამამ მიულოცა. ამ გამარჯვებით, უებერმა ერთი საინტერესო რეკორდი დაამყარა, რომელიც აქამდე რუბენს ბარიკელოს ეკუთვნოდა. რეკორდი ფ1-ში სადებიუტო რბოლასა და პირველ გამარჯვებას შორის გამოსვლების რაოდენობაა. უებერის შემთხვევაში, ეს რიცხვი 130-ია, ბარიკელომ კი თავისი პირველი გამარჯვება 124-ე რბოლაზე მოიპოვა.

თავის მხრივ, ბრწყინვალე რბოლა ჩაატარა ბარიკელომაც, ვინც სტარტზევე შეძლო უებერის გასწრება, ვისთანაც ერთ მომენტში მცირე შეჯახებაც მოუვიდა. თუმცა, ეს ინციდენტი ორივე პილოტისთვის მანქანის დაუზიანებლად დასრულდა.

საერთოდ, გერმანიის დიდი პრიზი, ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დაძაბული გამოდგა. განსაკუთრებით ეს სტარტზე ითქმის. მწვანე ნიშანზე, ყველაზე კარგი რეაქცია ბარიკელომ გამოავლინა, კიდევ უფრო სწრაფები კი ”ფერარის” და ”მაკლარენის” პილოტები გამოდგნენ, რომლებმაც ”კერს-ის” დახმარებით, პირველივე მეტრებზე რამდენიმე ადგილით გაიუმჯობესეს პოზიცია. ყველაზე წინ კი მსოფლიო ჩემპიონი ლუის ჰამილტონი გაიჭრა, რომლის ”მაკლარენმაც” პირველ მოსახვევში ყველაზე ადრე ”შეჰყო ცხვირი”, მაგრამ ბრიტანელს მეტისმეტი მოუვიდა - დამუხრუჭება დაუგვიანდა, რის გამოც, მოსახვევში ფართოდ შევიდა და წინ რამდენიმე მანქანა გაუშვა. მერე კი, სასტარტო ქაოსში უკანა მარჯვენა საბურავი გაუსკდა, რის გამოც, ბოქსში შესვლა მოუხდა.

სამაგიეროდ, მესამე პოზიციაზე მისმა თანაგუნდელმა ჰეიკი კოვალაინენმა გადაინაცვლა, რომელსაც კვალში ფელიპე მასა, ბატონი და სებასტიან ფეტელი ჩაუდგნენ.

სასტარტო ინციდენტის გამო, რბოლის სტიუარდებმა უებერი პიტლაინზე საჯარიმო ვიზიტისთვის გამოიძახეს. ავსტრალიელმა ჯარიმა მაშინ მოიხადა, როდესაც ბარიკელო ბოქსში რეზინის შესაცვლელად შევიდა, ხუთი წრის შემდეგ კი თავადაც შეცვალა საბურავები და ტრასაზე დაბრუნებული, მე-7 ადგილზე აღმოჩნდა. თუმცა, წინ მყოფების ბოქსში შესვლით ისარგებლა და მალე მეორეზე გადაინაცვლა. თანაც, ბარიკელოსაც წამოეწია.

მეორე პიტ სტოპზე, ბოქსში ბარიკელოს პრობლემა შეექმნა - მისი საწვავით გასაწყობი დანადგარი გაჭირვეულდა, რამაც ბრაზილიელს ბევრი დრო დააკარგვინა. ”რედ ბულის” ორივე პილოტს გაცილებით გვიანი მეორე პიტ სტოპი ჰქონდა, მაგრამ ტრასაზე დაბრუნებული ფეტელი მაინც ”ბრაუნების” უკან, მე-6 ადგილზე აღმოჩნდა. თუმცა, მალე გაირკვა, რომ ბატონს და ბარიკელოს თითო (რბოლაში მესამე) პიტ სტოპი შესასრულებელი ჰქონდათ. ტრასაზე დაბრუნებულები კი მოწინავე სამეულიდან კარგა მოშორებით ამოყვეს თავი და ჩამორჩენის აღმოფხვრაც ვეღარ შეძლეს. საბოლოოდ, ბატონი მე-5 ადგილს დასჯერდა, ბარიკელო კი - მე-6-ს.

მესამე ადგილზე კი ფელიპე მასა გავიდა, რომელსაც ”ფერარის” მიერ შემუშავებულმა ტაქტიკამ კარგი სამსახური გაუწია. ესეც რომ არა, ბრაზილიელმა მთელი რბოლა ბრწყინვალედ ჩაატარა და დამსახურებულად ავიდა კვარცხლბეკზე. მასავით, ასევე გააზრებული ტაქტიკის წყალობით, გერმანელმა ნიკო როსბერგმა მეოთხე ადგილი დაიკავა. თუმცა, რომ არა ”ბრაუნის” მცდარი ტაქტიკა, მასაც და როსბერგიც ორ-ორი ადგილით უკან იქნებოდნენ.

ამგვარად, ბატონმა ჩემპიონატში სოლიდური უპირატესობა შეინარჩუნა. ის ახლა 21 ქულას უგებს უახლოეს მდევარ ფეტელს, ვისაც 1.5 ქულით უებერი ჩამორჩება. კიდევ 1.5 ქულით უკანაა ბარიკელო. ნურბურგრინგზე მოპოვებული მორიგი დუბლით, ”რედ ბულმა” კონსტრუქტორთა პირველობაზე 19.5 ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა ლიდერ ”ბრაუნთან”, რომელიც მომდევნო ეტაპებისთვის გაუმჯობესებული მანქანის გამოყვანას გეგმავს.

მომდევნო ეტაპს კი ორ კვირაში ბუდაპეშტის ჰუნგარორინგი უმასპინძლებს.

გერმანიის დიდი პრიზი

ნურბურგრინგი. დისტანცია 308.863 კმ (5.148 კმ - 60 წრე)

პილოტი (გუნდი) დრო (ჩამორჩენა)

1. მარკ უებერი (რედ ბულ-რენო) 1:36:43.310 (3)

2. სებასტიან ფეტელი (რედ ბულ-რენო) + 9.252 (2)

3. ფელიპე მასა (ფერარი) + 15.906 (2)

4. ნიკო როსბერგი (უილიამს-ტოიოტა) + 21.099 (2)

5. ჯენსონ ბატონი (ბრაუნ-მერსდესი) + 23.609 (3)

6. რუბენს ბარიკელო (ბრაუნ-მერსედესი) + 24.468 (3)

7. ფერნანდო ალონსო (რენო) + 24.888 (2)

8. ჰეიკი კოვალაინენი (მაკლარენ-მერსედესი) + 58.692 (2)

9. ტიმო გლოკი (ტოიოტა) + 1:01.457 (1)

10. ნიკ ჰაიდფელდი (BMW-ზაუბერი) + 1:01.925 (2)

11. ჯანკარლო ფიზიკელა (ფორს ინდია-მერსედესი) + 1:02.327 (2)

12. კაზუკი ნაკაძიმა (უილიამს-ტოიოტა) + 1:02.876 (2)

13. ნელსინიუ პიკე (რენო) + 1:08.328 (2)

14. რობერტ კუბიცა (BMW-ზაუბერი) + 1:09.555 (2)

15. ადრიან სუტილი (ფორს ინდია-მერსედესი) + 1:11.941 (3)

16. სებასტიან ბუემი (ტორო როსო-ფერარი) + 1:30.225 (2)

17. იარნო ტრული (ტოიოტა) + 1:30.970 (3)

18. ლუის ჰამილტონი (მაკლარენ-მერსედესი) + 1 წრე (2)

გამოთიშნენ

კიმი რაიკონენი (ფერარი) 25-ე წრე (ძრავი)

სებასტიან ბურდე (ტორო როსო-ფერარი) 41-ე წრე (მექანიკა)

უსწრაფესი წრე: ფერნანდო ალონსო - 1:33.365 (49-ე წრე)

პირადი ჩათვლა: 1. ჯენსონ ბატონი 68 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი 47; 3. მარკ უებერი 45.5; 4. რუბენს ბარიკელო 44; 5. ფელიპე მასა 22; 6. იარნო ტრული 21.5; 7. ნიკო როსბერგი 20.5; 8. ტიმო გლოკი 13; 9. ფერნანდო ალონსო 13; 10. კიმი რაიკონენი 10; 11. ლუის ჰამილტონი 9; 12. ნიკ ჰაიდფელდი 6; 13. ჰეიკი კოვალაინენი 5; 14. სებასტიან ბუემი 3; 15. რობერტ კუბიცა 2; 16. სებასტიან ბურდე 2

კონსტრუქტორთა პირველობა: 1. ბრაუნ-მერსდესი 112; 2. რედ ბულ-რენო 92.5; 3. ტოიოტა 34.5; 4. ფერარი 32; 5. უილიამს-ტოიოტა 20.5; 6. მაკლარენ-მერსედესი 14; 7. რენო 13; 8. BMW-ზაუბერი 8; 9. ტორო როსო-ფერარი 5

ფერარის სტრატეგიის იმედი აქვს

Ferrari

12 ივლისი

ფელიპე მასა პიტლაინზე

.................................................

”ფერარის” ორივე პილოტი სასტარტო რიგის მოწინავე ათეულში დგას და ამით, გუნდი კმაყოფილია, თუმცა მარანელოელებს კარგად ესმით, რომ გარკვეულწილად, ეს ამინდით გამოწვეულმა ქაოსმა განაპირობა. სინოპტიკოსები წვიმას რბოლის დროსაც ვარაუდობენ, თუმცა ძლიერ წვიმას არ ელიან და ფიქრობენ, რომ მალე გადაიღებს. და ალბათ, ტრასაც მალე გაშრება. რა თქმა უნდა, გუნდები ამინდის ჭირვეულობისთავის წინდაწინ ემზადებიან და სხვადასხვა სარბოლო ტაქტიკას ამუშავებენ.

”საკმაოდ დამაკმაყოფილებელი შედეგია. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რაოდენ რთულ მეტეოპირობებში ჩატარდა რბოლა. ჩვენი მთავარი ამოცანა ათეულში მოხვედრა იყო. ეს საკმაოდ ძნელი იყო, რადგან იმ ორი გუნდისგან განსხვავებით, რომლებიც ტიტულისთვის იბრძვიან, დანარჩენებმა მეტნაკლებად თანაბარი დროები აჩვენეს. ზოგს კი მოულოდნელი პროგრესი ჰქონდა. ამინდის გამო, ხვალინდელი რბოლაც ალბათ ქაოსური იქნება. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ჩვენმა ორივე პილოტმა ქულების აღება შეძლოს და ამისათვის, ნებისმიერი, თუნდაც უმცირესი შესაძლებლობის გამოყენება გვმართებს”, - ამბობს ”ფერარის” შეფი სტეფანო დომენიკალი.

ფელიპე მასას თქმით, კვალიფიკაცია ნამდვილი ლატარეა გამოდგა - თავიდან ტრასა მშრალი იყო, შემდეგ ორჯერ გაწვიმდა და ორივეჯერ ასფალტი ისევ გაშრა. გზის კონდიცია მუდმივად იცვლებოდა, რაც საქმეს ერთი-ორად ართულებდა. ”უფრო მეტის მიღწევაც შეგვეძლო, მაგრამ მეორე მხრივ, უარესი შედეგიც რეალური იყო. მე-8 შედეგით ძლიერ გახარებული არ ვარ, მაგრამ არც საწუხარი მაქვს. ჩვენ კარგი ტაქტიკა შევარჩიეთ, რითაც ქულების მოპოვების რეალური შანსი გვაქნება, მაგრამ კვარცხლბეკზე ასვლა ძალიან გაგვიჭირდება”, - ამბობს ბრაზილიელი.

ანალოგიურ განწყობაზეა მისი თანაგუნდელი კიმი რაიკონენიც. ის ამბობს, რომ კვალიფიკაციაზე ნაჩვენები შედეგებით, ძალთა თანაფარდობის განსაზღვრა შეუძლებელია. ამასთან, სესიის ბოლოს ახალი საბურავების კომპლექტი რომ შემორჩენოდა, უკეთეს დროსაც აჩვენებდა.

”ნორმალურ პირობებში უკეთესი დროც მექნებოდა. და მაინც, ვერ ვიტყვი, რომ რბოლისთვის ცუდად ვართ მომზადებულნი. კარგი ტაქტიკა გვაქვს შემუშავებული, რომლის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებასაც ვეცდებით”, - ამბობს ”აისმენი”.

გუნდში იმედოვნბენ, რომ რბოლის დასაწყისშ წვიმა არ იქნება. ამასთან, სტარტ/ფინიშის გრძელი სწორი სისტემა ”კერს-ის” ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა. დაკიდევ, ორივე ”ფერარის” ავზში იმაზე მეტი საწვავი ასხია, ვიდრე წინა პოზიციებზე მდგარი ბოლიდების ავზებში. ესე იგი, მარანელოელები შედარებით გვიან პიტ სტოპებს გეგმავენ, რაც შუა რბოლაში მათ გარკვეულ უპირატესობას მისცემს...

ლოებს ფორმულა 1-ში გადასვლს სურს

Formula 1

11 ივლისი

ფრანგულ გაზეთ ”ეკიპის” ცნობით, კლასიკურ რალიში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა, ფრანგმა სებასტიან ლოებმა ”ტორო როსოს” ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ თავისი კარიერის ფორმულა 1-ში გაგრძელებითაა დაინტერესებული და მზადაა, გუნდში თავისი თანამემამულე სებასტიან ბურდე შეცვალოს.

”ტორო როსოდან” ბურდეს გაშვება კი ფაქტობრივად გადაწყვეტილია. იმავე ”ეკიპთან” საუბარში, გუნდის შეფმა ფრანც ტოსტმა განაცხადა, რომ გუნდში ბურდეს დარჩენა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ იასპარეზებს ის გერმანიის დიდ პრიზზე. სავარაუდოდ, სწორედ ნურბურგრინგის შემდეგ უნდა ველოდოთ ”ტორო როსოში” ცვლილებას.

ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ უნგრეთის დიდ პრიზზე ბურდეს ნაცვლად ”ტორო როსოს” სათადარიგო პილოტს, ესპანელ ხაიმე ალგერსუარის ვიხილავთ. მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ გუნდის ხელმძღვანელობამ გაცილებით გამოცდილი და სახელოვანი ლოები არჩიოს, რომელსაც დამატებითი რეკლამის მოზიდვაც შეუძლია.

”ჯერჯერობით, ფორმულა 1-ის და რალის მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპები დროში ერთმანეთს არ ემთხვევა. ამიტომ, ყველაფერი შესაძლებელია. თუ ”ტორო როსოში” ვაკანსია გამოჩნდება, მის დასაკავებლად მზად ვარ. მინდა ვთქვა, რომ რალისა და ფორმულა 1-ს შორის დიდი სხვაობაა. ფორმულა გაცილებით დამღლელია და კარგ ფიზიკურ გამძლეობას მოითხოვს, 70 წრის გასაძლებად კი დღეს მზად არ ვარ”, - ”ეკიპთან” საუბრისას განაცხადა ლოებმა.

ცნობისათვის, სეზონებს შორის, რალის ფრანგმა ლეგენდამ ”რედ ბულის” ტესტებში მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ”ეკიპი” კი ფვამცნობს, რომ ცოტა ხნის წინ, ლოები მილტონ კეინსში, ”რედ ბულის” შტაბ-ბინაში იმყოფებოდა, სადაც სარბოლ სიმულატორზე ინტენსიური მზადების კურსი გაუვლია.

და მაინც, უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად ლოები რალის მსოფლიო ჩემპიონატზე, მეექვსე ტიტულისთვის იბრძვის და ამიტომ, ფორმულა 1-ში მისი გადასვლა ნაკლებად სავარაუდოა. მაგრამ როდესაც მას ”სიტროენთან” კონტრაქტი ამოეწურება, გამორიცხული არაფერი იქნება.

”სიტროენის” საქარხნო გუნდის შეფი ოლივიე კვესნელი დარწმუნებულია, რომ ლოები ბურდეს არ შეცვლის: ”სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ”ტორო როსოში” ბურდეს ლოები არ შეცვლის. საერთოდ, არ მიკვირს, რომ სებასტიანს ფორმულა ერთში გამოსვლის სურვილი აქვს. ეს მისი ოცნებაა. მაგრამ ტყუილი ოცნება უსარგებლო და მავნებელია”.

დაბოლოს, გარდა იმისა, რომ ხუთჯერ იყო რალის მსოფლიო ჩემპიონი, ლოებს სხვა რბოლებშიც გამოუჩენია თავი. მაგალითად, სამჯერ მოიგო ჩემპიონთა რბოლა, რომელშიც სხვადასხვა სერიის (მათ შორის, ფ1-ისაც) საუკეთესო პილოტები მონაწილეობან, სამი წლის წინ კი, ლე მანის 24-საათიან რბოლაში მეორე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ბურდეს, 2004-2007 წლებში ის ზედიზედ ოთხჯერ გახდა ჩემპ ქარის (წლევანდლამდე ინდი ქარის კონკურენტი სერია იყო) მსოფლიო სერიის ჩემპიონი.

ჰამილტონი: მაკლარენი მალე ისევ მოიგებს

Hamilton: McLaren will win again soon

12 ივლისი

გერმანიის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე მეხუთე შედეგის ჩვენების შემდეგ, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ლუის ჰამილტონს ოპტიმიზმი მოეძალა და განაცხადა, რომ ახლა უკვე დროის ამბავია, თუ როდის დაიწყებს მისი გუნდი გამარჯვებებს.

”ამ შედეგმა ჩვენი, გუნდური სულისკვეთება გააუმჯობესა. ჩემთვის, როგორც მრბოლისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს იმის ცოდნას, რომ ბრძოლა შემიძლია. ეს მე ოპტიმისტურად განმაწყობს. გუნდს თავი არ დაუზოგავს, რომ ჩემთვის კონკურენტუნარიანი მანქანა მოემზადებინა. თანაც, ეს მხოლოდ დასაწყისია. მანქანა კიდევ უფრო სწრაფი იქნება, როდესაც მის ახალ მოდიფიკაციას მოვამზადებთ. ამჯერად კი მასზე სპონტანურად რამდენიმე ახალი დეტალი დავაყენეთ. თუმცა, ჯერაც დიდი გზა გვაქვს გასავლელი იმისათვის, რომ ლიდერებს დავეწიოთ. ჩემი დღევანდელი შედეგი ცვალებადმა ამინდმაც განაპირობა. თუმცა, ახლა თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ მომდევნო რბოლებზე კიდევ უფრო სწრაფები ვიქნებით”, - ამბობს ჰამილტონი, ვინც წინა ოთხი ეტაპი უქულოდ დაასრულა, ამჟამად კი მის ანგარიშზე მხოლოდ 9 ქულა ირიცხება.

”ამ ეტაპზე, ჩვენ მხოლოდ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ. გამარჯვებაზე კი რა გითხრათ. დარწმუნებული ვარ, მალე ჩვენ ისევ დავიწყებთ მოგებისთვის ბრძოლას. მე ვამაყობ იმით, რასაც ასეთ მოკლე დროში გუნდმა მიაღწია. მთელი სეზონის განმახლობაში, ოდნავაც არ მოვდუნებულვართ. ბიჭები თავაუღებლად მუშაობენ. ისინი გაძლების ზღვარზე არიან, მათი გარჯის შედეგი კი მართლაც ფანტასტიურია. ისინი რომ არა, აქ ახალი დეტალები არ გვექნებოდა, მათ გარეშე კი წინსვლა წარმოუდგენელი იყო. აქამდე ჩვენ მაჩანჩალები ვიყავით. ახლა კი სწორ გზაზე გამოვედით და ამ ახალი გამზირის შესწავლას ვიწყებთ. თითებგადაჯვარედინებული ვიტყვი, რომ გვირაბის მეორე ბოლოში სინათლე გამოჩნდა და მჯერა, რომ რბოლებში წარმატებები ჯერაც წინ გვაქვს”, - დასძენს ფ1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი.

ჰამილტონის თქმით, იმას, რომ მანქანას აშკარა წინსვლა აქვს, ჯერ კიდევ თავისუფალი პრაქტიკების დროს მიხვდა: ”ჩემი თავდაჯერებულობა თანდათან იზრდებოდა, როცა ვაცნობიერებდი, რომ მანქანის უკანა ბორბლები მოსახვევში გზას ადრინდელივით აღარ სწყდებოდა. წინა რბოლებში, მანქანა მოსახვევებს ძლივს გადიოდა, მუდამ გზიდან გადასვლას ლამობდა. ახლა კი საბურავები ისე მუშაობს, როგორც ჩვენ გვჭირდება. ცოტა დრო გვჭირდება და კიდევ უფრო მეტი წინსვლა გვექნება”.

ცნობისათვის, გერმანიის დიდ პრიზს ორი ნელი ეტაპი მოჰყვება ბუდაპეშტსა (უნგრეთი) და ვალენსიაში (ესპანეთი). ნელი ტრასა კი ”მაკლარენს” კარგი შედეგის ჩვენების საშუალებას მისცემს. ამასთან, გარდა იმისა, რომ გუნდი MP4-24-ის სრულყოფაზე ინტენსიურად მუშაობს, უნგრული ეტაპის შემდეგ, ახალი, სამერმისო ბოლიდის შემუშავებასაც დაიწყებს.