Sunday, October 4, 2009

”ნისანი” ელექტრომობილ ”ლიფზე” შეკვეთების მიღებას დაიწყებს

Nissan Leaf

4 ოქტომბერი

”ნისანმა” გამოაცხადა, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან, თავის კომპაქტურ ელექტრომობილ ”ლიფზე” ამერიკაში შეკვეთების მიღებას დაიწყება, ავტომობილის მიწოდებას კი იმავე წლის მეორე ნახევარში შეუდგება.

პლაგ-ინ სისტემით აღჭურვილი, ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ამ ავტომობილის ოფიციალური პრეზენტაცია ორი თვის წინ ჩატარდა და კომპანიის მონაცემებით, მისით დაინტერესება, მარტო ჩრდილოეთ ამერიკაში, დაახლოებით 22 000 ადამიანზე მეტმა გამოხატა.

ამასთან, ამ ადამიანების დაახლოებით 70 პროცენტი იმ შტატებში ცხოვრობს და მოღვაწეობს, სადაც ”ნისანი” თავის ”ლიფს” პირველ რიგში შეიტანს. მათგან თითქმის ნახევარმა კი განაცხადა, რომ ამ ელექტრომობილის შეძენა, რაც შეიძლება მალე სურთ, დანარჩენმა 45-მა პროცენტმა კი განაცხადა, რომ ელექტრომობილის (ნებისმიერი მარკის) შეძენას უახლოეს ორ წელიწადში აპირებს.

ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ”ნისანის” ოპერაციების ხელმძღვანელი კარლოს ტავარესი ამბობს, რომ კომპანიის მიზანია, სანამ ”ლიფის” მიწოდებას დაიწყებს, ამ ავტომობილზე 20 000 შეკვეთის მიღება მაინც მოასწროს.

იაპონური კომპანიის განცხადებით, ”ნისან ლიფს” პირველ რიგში, ამერიკელი მყიდველი მიიღებს. ეს ნოემბერში მოხდება. ამერიკელთაგან კი ამ ავტომობილს კალიფორნიელი შემკვეთები მიიღებენ. სწორედ კალიფორნიაში აიღებს სტარტს საპრომოუშენო ტური, რომლის მიზანიც იმ ბაზრების მოვლაა და იქაური მყიდველებისთვის ”ლიფის” გაცნობაა, სადაც ეს ელექტრომობილი უნდა გაიყიდოს.

ჩვენი ბლოგის მუდმივი მკითხველი ”ნისან ლიფს” აგვისტოს პრეზენტაციიდან იცნობს. მათ კი, ვისაც მის შესახებ არაფერი სმენია, ვეტყვით, რომ მსოფლიოს პირველი მასობრივი ელექტრომობილი ”ნისანის” პოპულარულ ჰეჩბეკ ”ტიიდას” ზომისაა, თუმცა სრულიად ახალ პლატფორმაზეა ბაზირებული. ელექტრომობილი აღჭურვილია 107-ცხენისძალიანი ელექტროძრავით, რომელიც ელექტროენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან ღებულობს. პლაგ-ინ სისტემის მეშვეობით, ეს აკუმულატორები ენერგიას საყოფაცხოვრებო შტეპსელიდან ივსებენ, მათი ტევადობა კი საკმარისია იმისათვის, რომ ”ლიფმა” შეუჩერებლად 160 კილომეტრი გაგატაროთ.

თავიდან, ამერიკაში გასაყიდ ”ლიფს” ”ნისანი” იაპონიაში აწარმოებს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ 2012 წლიდან, ამ ავტომობილის წარმოებას ”ნისანის” ამერიკული ქარხანაც აითვისებს, რომელიც შტატ ტენესის ქალაქ სმირნაში მდებარეობს.

ამ ქარხნის მოდერნიზაციისთვის იაპონურ კომპანიას 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვს გათვალისწინებული. ამუშავების შემდეგ კი (2012 წლიდან) იქ წლიურად 150 000 ცალი ”ლიფის” და 200 000 ცალი ლითიუმ-იონური აკუმულატორის ბლოკის წარმოება იქნება შესაძლებელი.