Monday, May 16, 2011

შემდეგი თაობის S-კლასი ოთხი ძარით ფაიყიდება

Next S-Klasse to Come in Four Body-styles

16 მაისი

როდესაც ლაპარაკი „მერსედეს ბენცის“ S-კლასზეა, ალბათ ყველას თვალწინ ლუქსის კლასის სედანები წარმოუდგება, ავტომობილები, რომლებსაც ავტომოყვარულების დიდი ნაწილი შენატრის და ცოტა ნაწილი კი მართავს. მაგრამ როგორც ჩანს, პრემიუმ ბაზარზე გამეფებული უშეღავათო კონკურენცია მალე ამ ტრადიციასაც დაასამარებს. ასე 2013 წელს მოხდება, როდესაც ბაზარზე მეექვსე თაობის S-კლასი გამოვა.

საქმე ისაა, რომ ამ თაობის მოდელთან ერთად, შტუტგარტელები მყიდველს ოთხ სხვადასხვა ძარას შესთავაზებენ. აქამდე თუ ახალ S-კლასებში ახალი მხოლოდ დიზაინი, ძრავები და სხვადასხვა დამხმარე აღჭურვილობა იყო, ამჯერად მთავარი სიახლე ძარების მრავალფეროვნება იქნება.

ამჟამად ძირითადად სედანისძარიანი S-კლასის ვტომობილები იყიდება. მყიდველს ასეთ ავტომობილებს სტანდარტული, ან დაგრძელებული ბაზით სთავაზობენ. მოკლე პლატფორმაზე S-კლასის კუპეს ვერსიისთვისაც იყენებენ, რომელიც CL-ის სახელითაა ცნობილი (მომავალში S-კლასის კუპეს დაარქმევენ), დაგრძელებულ პლატფორმაზე კი ულტრა ლუქსის კლასის „მაიბახს“ ამზადებენ.

თითქოს ლოგიკურია, რომ მეოთხე ძარა უნივერსალი, ან ოთხკარიანი კუპე უნდა იყოს. მაგრამ სამქიმიანებს სხვა გეგმები აქვთ - ბრიტანულ გამოცემა „ქარ-ის“ ინფორმაციით, ისინი მყიდველს ოთხკარიან კაბრიოლეტსაც შესთავაზებენ. გერმანული კომპანია ასეთი S-კლასის გამოშვებას ადრეც აპირებდა, მაგრამ მაშინ ჩაითვალა, რომ ბაზარი ამისთვის მზად არ იყო.

სხვათა შორის, „მერსედეს ბენცმა“ ოთხი წლის წინ, კონცეპტუალური ოთხკარიანი კაბრიოლეტი „ოუშნ დრაივი“ გვიჩვენა, თუმცა კულუარებში მაშინვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ამ ავტომობილის სერიული ვერსია ორკარიანი იქნებოდა. ჯერჯერობით, კონცეპცია განუხორციელებელია, თუმცა როგორც ჩანს, მასში გამოყენებული ტექნოლოგიებიდან ზოგიერთს სერიულ ავტომობილზე მაინც ვიხილავთ. და თუ ასე მოხდა, შტუტგარტული კაბრიოლეტი კონკურენციას „ბენტლის“ ორკარიან კაბრიოლეტ „კონტინენტალ GTC-ს“ გაუწევს.

აქვე უნდა ითქვას, რომ მალე „მერსედესი“ უნივერსალურ უკანაამძრავიან არქიტექტურას (MRA) შეიმუშავებს, რომელიც 93 სხვადასხვა მოდულისგან იქნება შედგენილი, ეს გარემოება კი მათ ამ არქიტექტურის სხვადასხვა კლასის მოდელებისთვის გამოყენების საშუალებას მისცემს.

„ოპელი“ ახალ პრემიუმ მოდელს გამოუშვებს

Opel to launch premium model, small EV

16 მაისი

„ჯენერალ მოტორსის“ გერმანული შტო „ოპელი“ გაყიდვებს მუდმივად ზრდის და მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს. უფრო მეტიც, თანდათან პრემიუმ ბრენდად გარდაქმნას ცდილობს და ამაში ახალი ტექნოლოგიების ათვისებაც ეხმარება. გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, რიუსელსჰაიმელები ახლა „ინსიგნიაზე“ მაღალი კლასის მოდელის და „ამპერაზე“ პატარა ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავენ.

„ჩვენს ბრენდს მხოლოდ „ინსიგნიათი“ დაკმაყოფილება არ შეუძლია. წარმატებას, რომელიც ამ ავტომობილმა მოგვიტანა, განვითარება სჭირდება“, - გერმანულ გამოცემა „ველტ ამ ზონტაგთან“ საუბრისას განაცხადა „ოპელის“ ახალმა ხელმძღვანელმა კარლ-ფრიდრიხ შტრაკემ.

მისი თქმით, ახალი პრემიუმ ავტომობილი ქროსოვერი იქნბა. მისი წარმოება სავარაუდოდ, ოთხ წელიწადში დაიწყება. შტრაკე დასძენს, რომ ახალი ავტომობილი, პრემიუმ სეგმენტის გერმანული კომპანიების - „ბეემვეს“, „მერსედეს ბენცის“ და „აუდის“ შესაბამის მოდელებს კონკურენციას არ გაუწევს.

რაც შეეხება ელექტრომობილს, ის ან ჰეჩბეკ „კორსას“ ზომისა იქნება, ან კიდევ უფრო პატარა - „აგილას“ ზომისა. სავარაუდოდ, მისი ძალური დანადგარი „ამპერას“ ტიპისა იქნება. ანუ, ბორბლებს ამძრავ ძალას ელექტროძრავი მიაწვდის, მცირელიტრაჟიანი შიდაწვის ძრავი კი ელექტროენერგიის გამომუშავებაზე იზრუნებს.

რაც მთავარია, „ოპელი“ ევროპის გარეთ ექსპანსიასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. შტრაკე იმედოვნებს, რომ სამ წელიწადში, მისი კომპანიი მიერ ევროპის გარეთ წლიურად გაყიდული ავტომობილების რიცხვი 150 ათასს მიაღწევს. არადა, მისი წინამორბედი ნიკ რილი უფრო მოკრძალებულ რიცხვს - 100 ათასს ასახელებდა. შტრაკე ამბობს, რომ „ოპელს“ ამერიკული კომპანიისგან, ევროპის გარეთ გაფართოებაზე მწვანე შუქი აქვს ანთებული. პირველ რიგში, გერმანული კომპანის თავის ავტომობილებს სამხრეთ ამერიკაში, შემდეგ ჩინეთსა და ავსტრალიაშიც შეიტანს.

„მაკლარენი“ „ვეირონის“ კონკურენტ „მეგა მაკს“ ამზადებს

'Mega Mac' to eclipse Veyron

16 მაისი

„მაკლარენს“ ჯერ თავისი პირველი სუპერ ავტომობილის - MP4-12C-ს წარმოება არ დაუწყია, თუმცა როგორც ბრიტანული გამოცემა „ავტოქარი“ გვამცნობს, მისი ინჟინრები უკვე მუშაობენ კიდევ ერთი მოდელის შემუშავებაზე, რომელმაც ინგლისური კომპანიის ფლაგმანის როლი უნდა შეასრულოს და რომლითაც, „მაკლარენი“ კონკურენციას თვით „ბუგატი ვეირონს“ გაუწევს.

„ავტოქარის“ მონაცემებით, ახალი ავტომობილი, რომელსაც „მეგა მაკის“ სახელით მოიხსენიებს, შესანიშნავი ტექნიკურ-დინამიკური მახასიათებლებით გამორჩეული და ყოველდღიური მოხმარებისთვისაც მოსახერხებელი იქნება. „მაკლარენი“ ამ ავტომობილს მხოლოდ 500 ცალს დაამზადებს და თითოეულს 350-400 ათას გირვანქა სტერლინგად გაჰყიდის. შედარებისთვის, „ფერარიმაც“ სწორედ 500 ცალი „ენცო“ დაამზადა, „ბუგატიმ“ კი 300 ერთეულ „ვეირონს“ დასჯერდა.

„ავტოქარის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალი ავტომობილის სტილი, MP4-12C-სთან შედარებით, უფრო „ბრაზიანი და ფუნქციური“ იქნება. თავისი გაბარიტებით, ის MP4-12C-ზე დიდი უნდა იყოს, გარეგნობით კი ერთდროულად მასაც და ძველ F1-საც მოგაგონებთ.

ახალი ავტომობილი აქტიური აეროდინამიკური ელემენტებით აღიჭურვება. ეს იქნება წინა და უკანა რეგულირებადი სპოილერები, რომლებიც ავტომობილის მოძრაობის სიჩქარის შესაბამისად შეიცვლიან პოზიციას. მსგავსი უკანა სპოილერი „მაკლარენმა“ MP4-12C-ზეც გამოიყენა. ამ სპოილერების დანიშნულება ისაა, რომ მაღალი სიჩქარით მოძრაობისას, მათ ჰაერის შემხვედრ ნაკადს მცირე წინააღმდეგობა შეუქმნან და პირიქით, სიჩქარის მკვეთრი დაგდებისას და შედარებით დაბალი სიჩქარით მოსახვევების გავლისას, რაც შეიძლება მეტი წინააღმდეგობა შექმნან.

ავტომობილის შიგნით, აქცენტი ფუნქციურობაზე გაკეთდება, კომფორტი კი მეორეხარისხოვანი იქნება. ავტომობილს საბარგულიც პატარა ექნება და ის სავარძლების უკან მოთავსდება. სალონშივე მოთავსდება ტელემეტრიული მონიტორი, რომელზეც ავტომობილის მოძრაობის დინამიკის მონაცემების ჩაწერა იქნება შესაძლებელი. ამ სისტემასთან უნისონში იმუშავებს ვიდეოკამერაც, რომლის ჩანაწერსაც ასევე ტელემეტრიული სისტემა დაიმახსოვრებს.

რა თქმა უნდა, ახალი ავტომობილის მთავარი ნაწილი და მისი სიამაყე ძრავია. ესაა 5.0-ლიტრიანი V8, რომელიც „მაკლარენმა“ და ბრიტანულ კომპანია „რიკარდოსთან“ ერთად შეიმუშავებს (ისევე როგორც MP4-12C-ს ძრავი). ჯერჯერობით უცნობია, ამ აგრეგატს ტურბოკომპრესორი ექნება თუ არა. სამაგიეროდ, ცნობილია მისი მაქსიმალური სიმძლავრე - 799 ცხენის ძალა (7 500 ბრ/წთ-ზე). ეს ნიშნავს, რომ აგრეგატის ყოველი ლიტრი მუშა მოცულობა 160 ცხენის ძალას იძლევა. გარდა ამისა, ძრავის მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 799 ნიუტონმეტრი (3 500-6 800 ბრ/წთ-ზე) იქნება.

ძრავს ორდიკოიანი ქუროს მეშვეობით, იტალიურ კომპანია „გრაციანო“ წარმოების 7-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი დაუკავშირდება. ჯერჯერობით უცნობია ახალი სუპერ ავტომობილის დინამიკური მონაცემები და ტემპერამენტი. „აუტოქარის“ ვარაუდით“, ადგილიდან 100 კმ/სთ-ის ასაკრეფად, მას 2.8 წამი ეყოფა, ადგილიდან 160 კმ/სთ-მდე 5.5 წამი იქნება საკმარისი, ადგილიდან 320 კმ/სთ-მდე კი - 20 წამი. სხვათა შორის, 0-100 კმ/სთ აჩქარებისთვის „ბუგატი ვეირონ სუპერ სპორტს“ ოდნავ“ ნაკლები დრო სჭირდება. სამაგიეროდ, 320 კმ/სთ-ს ეს მონსტრი ორი წამით გვიან ავითარებს.

ისევე როგორც MP4-12C, „მეგა მაკიც“ კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული მონოკოკზე აიგება. ახალ ავტომობილსაც ალუმინის საკიდარი ექნება, თუმცა მისი გეომეტრია და დრეკადი ელემენტების სიხისტეც შეიცვლება. ამორტიზატორები ადაპტირებად იქნება, ავტომობილის ამოყირავებას კი სპეციალური ჰიდრავლიკური სისტემა შეეწინააღმდეგება. პილოტის ცდომილებების გასწორებას კი 5-საფეხურიანი ტრექშნ კონტროლი ეცდება. სტანდარტულ აღჭურვილობაში შევა იტალიურ კომპანია „ბრემბოს“ კარბონ-კერამიკული მუხრუჭები და სამუხრუჭო ძალის გამანაწილებელი ელექტრონული სისტემა.

რაც შეეხება სახელ, „მეგა მაკი“ არ დარჩება. ამასთან, ავტომობილისს ახელწოდებაში ალბათ შევა რიცხვი 799. ავტომობილებს „მაკლარენის“ ძველ საწარმოში დაამზადებენ, იმავე შენობაში, სადაც ფორმულა ერთის ბოლიდები მზადდება. წარმოება დაახლოებით 5 წელი გაგრძელდება, თითო ავტომობილის აწყობას კი სამ კვირამდე დასჭირდება.