Thursday, November 12, 2009

”არაშის” ამბიციური გეგმები
Arash
12 ნოემბერიპატარა ბრიტანულმა ფირმა ”არაშმა” თავის პირველ სუპერ ავტომობილ AF-10-ის (AF არაშ ფარბუდს - დამაარსებლის სახელს და გვარს აღნიშნავს) ტექნიკური მონაცემები გამოაქვეყნა და გამოაცხადა, რომ ავტომობილი, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 352 კმ/სთ, ფასი კი 320 000 გირვანქა სტერლინგი იქნება, მალე მყიდველისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
ავტომობილის მზიდ სტრუქტურას კარბონის ბოჭკოს კომპოზიტისგან დამზადებული შასი წარმოადგენს, რომელიც კომპანია ”EPM ტექნოლოჯიმ”, სპეციალურად, ”არაშის” შეკვეთით დაამზადა. ცნობისათვის, ეს ის კომპანიაა, რომელმაც ფორმულა 1-ის გუნდ ”ფორს ინდიას” წლევანდელი ბოლიდის შასი დააპროექტა და დაამზადა.
შასიზე დამაგრებულია ”შევროლე კორვეტ Z06-ის” 7.0-ლიტრიანი V8 აგრეგატი, რომელიც 550 ცხენის ძალამდეა გაძლიერებული. სხვათა შორის, არაშ ფარბუდი ”იმუქრება”, რომ მალე მისი კომპანიის ინჟინრები, ამავე აგრეგატის ბაზაზე, 7.2-ლიტრიან V8 მონსტრს შექმნიან, რომლის ”რემაშიც” 1 200 ცხენი მოიყრის თავს.
ძრავთან შეწყვილებულია ინგლისურ ფირმა ”გრაცანოს” 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, თუმცა მალე შესაძლებელი იქნება 6-საფეხურიანი სეკვენტალური კოლოფის დაყენებაც, რომელიც ”პაგანი ძონდა F-ზე” გამოიყენება.
AF-10-ის აეროდინამიკურ ეფექტურობას ემსახურება უკანა სამმაგი დიფუზორი და წინა ანტიფრთა, რომელიც ფარებს შორის, ხიდადაა გადებული. ავტომობილის წონა 1260 კილოგრამია, რაც მას 0-100 კმ/სთ-მდე ოთხ წამზე ნაკლებში აჩქარების საშუალებას აძლევს.
აღსანიშნავია, რომ AF-10-ს ნაწილების და მაკომპლექტებლების მინიმალური რაოდენობა აქვს აღებული სხვა კომპანიების ავტომობილებისგან, რაც მის სიძვირეს განაპირობებს.
სხვათა შორის, არაშ ფარბუდისთვის ეს მეორე კომპანიაა. პირველს ”ფარბუდ GTS” ერქვა, მაგრამ დღეისათვის ის ”ფარბიოს” სახელითაა ცნობილი. სამაგიეროდ, ფარბუდმა ”არაშში” მოიწვია ისეთი ცნობილი ინჟინერი, როგორიც ლორის ბიკოშია. ცნობისათვის, ეს ის კაცია, ვინც ”ბუგატი ვეირონის” შასის შემუშავებასა და სრულყოფას ხელმძღვანელობდა.
რაც შეეხება ავტომობილს, რომელსაც ჯერ სახელი არ აქვს, მაგრამ ახლავე ცნობილია, რომ მისი ძრავის სიმძლავრე 1 200 ცხენის ძალას მიაღწევს, მისი სავარაუდო სიჩქარე 400 კმ/სთ-ს ფარგლებში იქნება. არაშ ფარბუდი იმედოვნებს, რომ სრულყოფის შემდეგ, ეს ავტომობილი სიჩქარეში ”ბუგატი ვეირონს” გაეჯიბრება.
”კიტინგის” სუპერ ავტომობილი სიჩქარის რეკორდსმენია
Keating Boasts 260.1 MPH Top-Speed
12 ნოემბერიწელიწადნახევრის წინ, პატარა ინგლისურმა ფირმა ”კიტინგმა” გამოაცხადა, რომ მალე, მისი სუპერ ავტომობილი TKR მალე მოხსნიდა ერიული ავტომობილებისთვის სიჩქარის მსოფლიო რეკორდს, რომელიც იმ დროისთვის ”ბუგატი ვეირონს” ეკუთვნოდა.
და აი, ცოტა ხნის წინ, კომპანიამ გამოაცხადა, რომ კალიფორნიის დაბლობ სოლტ ლეიკზე ტესტირებისას, TKR-ით სიჩქარის არაოფიციალური რეკორდი დამყარდა - ავტომობილმა 416.16 კმ/სთ განავითარა. პირველივე ორ ცდაზე, TKR-მა 4.8 კმ/სთ მოუმატა სიჩქარის ოფიციალურ რეკორდს, რომელიც ამ მომენტისთვის ”SSC ალტიმეიტ აერო TT-ს” ეკუთვნის. მაგრამ ეს შედეგის ოფიციალური აღიარებისთვის საკმარისი არაა. ”კიტინგმა” ეს მიღწევა კიდევ ერთხელ, სპეციალური კომისიის წინაშე უნდა გაიმეოროს, რათა შედეგი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდეს.
TKR-ი და მისი უფრო სუსტი ტყუპისცალი SKR-ი ერთსადაიმავე შასიზე არიან დამყნობილნი. ესაა ფოლადის მილებისგან შეკრული სივრცობრივი ჩარჩო, რომელზეც ”ჯენერალ მოტორსის” წარმოების V8 ძრავია დამონტაჟებული. TKR-ის შემთხვევაში, ესაა 7.0-ლიტრიანი აგრეგატი, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები (თუ მწარმოებელი არ გვატყუებს, ან არ ცდება), 1 800 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავთან ”პორშეს” წარმოების 5-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია დაკავშირებული, რომელიც მასთანვე გაერთიანებული დიფერენციალის მეშვეობით, უკანა წამყვან ბორბლებს მაბრუნ მომენტს უშუალოდ უნაწილებს.
SKR-ის შემთხვევაში, ძრავის მუშა მოცულობა 6.0 ლიტრია. ამასთან, მყიდველის სურვილის შესაბამისად, ძრავი შეიძლება იყოს ან ატმოსფერული, ან მექანიკურდამჭირხნიანი, ანაც ტურბოდამჭირხნიანი. რაც შეეხება ძარას, ის ან შუშის ბოჭკოს, ან კარბონის კომპოზიტისგან მზადდება.
ავტომობილის შეზღუდული წარმოება ამ წლის ბოლომდე დაიწყება.
”ლოტუსი” ახალ ”ესპრიტს” გამოუშვებს
New Esprit gets green light
12 ნოემბერიინგლისურ ჟურნალ ”აუტოქარის” ცნობით, ”ლოტუსმა”, ბოლოსდაბოლოს, მწვანე შუქი აუნთო ახალი ავტომობილის წარმოებას, ავტომობილისა, რომელმაც კომპანიის საწარმოო პროგრამაში ლეგენდარული ”ესპრიტის” ადგილი უნდა დაიკავოს.
ამ წლის ბოლომდე, კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დენი ბარი ”ლოტუსის” შვიდწლიან სამოქმედო გეგმას გამოაქვეყნებს, თუმცა ინტერნეტით ამ გეგმის ზოგიერთი დეტალი უკვე გახმაურდა. ოღონდ, ჯერჯერობით უცნობია, ”ესპრიტის” შემცვლელს სახელი იგივე დარჩება, თუ არა. სამაგიეროდ, გადაწყვეტილია, რომ ეს კომპანიის საიმიჯო ავტომობილი იქნება, რომელიც მის მფლობელს სიამაყის საფუძველს მისცემს.
ამ ეტაპზე, არც ახალი ”ესპრიტის” ტექნიკური მახასიათებლებია ცნობილი. სამაგიეროდ, კომპანიის წყარო იუწყება, რომ ამ ავტომობილს სიმძლავრისა და წონის საკმაოდ მაღალი ფარდობა - ტონაზე 275-325 ცხენის ძალა, ექნება. შედარებისთვის, ”აუდი R8 V10-ის” შესაბამისი მაჩვენებელი ტონაზე 319 ცხენის ძალაა.
იმავე წყაროს ინფორმაციით, ”ლოტუსის” სამოდელო გამა სამ დაჯგუფებად დაიყოფა. პირველ, ყველაზე დაბალი რანგისაში უკვე არსებული მოდელები - ”ელიზი”, ”ექსიჯი” და ”ევროპა” შევა. მეორე, საშუალო რანგის მოდელების სიაშია უფრო დიდი ”ევორა”, რომლის წარმოებაც კომპანიას ახალი დაწყებული აქვს. ყველაზე მაღალი რანგის მოდელებს შორის კი ”ესპრიტი” მოექცევა, რომელიც ისევ ”ლოტუსის” სახე გახდება.
პირველი თაობის ”გოლფს” დღესაც აწარმოებენ
VW Golf Mk1
12 ნოემბერინეტავ, ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ ”ფოლკსვაგენი” პირველი თაობის ”გოლფს” ახლაც უშვებს? ჰოდა, ის დროა, ამ ინფორმაციასაც გადაავლოთ თვალი, რადგან თურმე, ვოლფსბურგელები თავიანთი ბესტსელერის პირველ მოდიფიკაციას დღესაც აწარმოებენ. და ეს სამხრეთ აფრიკაში ხდება.
ამ ავტომობილს ქალაქ უიტენჰაგეში მდებარე ქარხანა 1984 წლიდან აწარმოებს. ეს ქარხანა მას შემდეგ ამოქმედებულა, რაც ვოლფსბურგელებმა მთელს მსოფლიოში მეორე თაობის ”გოლფის” წარმოება დაიწყეს. რა თქმა უნდა, ეს ერთადერთი ქარხანაა მთელს მსოფლიოში, სადაც პირველ ”გოლფს” ჯერაც აწარმოებენ.
მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და მათ შორის, პირველი თაობის ”გოლფსაც” - უიტენჰაგეს ქარხანა 1 000 ცალ ჰეჩბეკსაც გამოუშვებს და ეს ავტომობილი სამუდამოდ ისტორიის საკუთრება გახდება. პირველი ”გოლფის” ბოლო მოდიფიკაციას მწარმოებელმა ”სიტი Mk1” უწოდა. ეს ავტომობილები მხოლოდ ორ ფერში - შავად, ან ლურჯი ჩრდილის მეტალიკის ერში გამოეწყობიან.
ბოლო მოდიფიკაციას სტანდარტული ”გოლფისგან” მხოლოდ მცირე კოსმეტიკური ცვლილებები ასხვავებს. ეს ეხება ბორბლებს, გამოსაბოლქვი მილების ქრომირებულ დაბოლოებებს და სხვა უმნიშვნელო დეტალებს. ცვლილებები ინტერიერშიცაა. ესაა სანახევროდ ტყავით გაწყობილი სპორტული სავარძლები, გადაცემათა კოლოფის საფეხურების გადამრთველი ბერკეტი, რომელსაც სტილიზებული გოლფის ბურთი აბოლოებს. ტყავითაა გაწყობილი საჭის რგოლი.
”გოლფ სიტი Mk1” აღჭურვილია 1.6-ლიტრიანი ბენზინის ძრავით, რომელიც 98 ცხენის ძალას ავითარებს. ეს ავტომობილი მხოლოდ სამხრეთ აფრიკის ბაზრისთვისაა განკუთვნილი, სადაც ის 113 500 სამხრეთაფრიკული რანდი (დაახლოებით 9 200 გირვანქა სტერლინგი) ეღირება.