Friday, July 24, 2009

”ასტონ მარტინი” ვან-77-ის გამოცდას იწყებს

Aston Martin One-77

24 ივლისი

”ასტონ მარტინი” გამალებით ემზადება თავისი ახალი სუპერავტომობილის, ვან-77-ის წარმოების დასაწყებად. მაგრამ სანამ მის საბოლოო ვერსიას შეიმუშავებდეს, სატესტო ავტომობილს დაამზადებს, რომელიც საგზაო გამოცდებს გერმანიაში, ნურბურგრინგის ავტოდრომზე გაივლის.

ინგლისურ გამოცემა ”აუტოქართან” საუბრისას, ”ასტონ მარტინის” პროექტ ვან-77-ის მენეჯერმა კრის პორიტმა განაცხადა, რომ ავტომობილის წარმოების დაწყება მერმის იგეგმება. მას სულ 77 ცალს დაამზადებენ, თითოეულის ღირებულება კი 2 მილიონ დოლარამდე იქნება.

უნდა ითქვას, რომ ნურბურგრინგს პაპარაცები ისედაც არ აკლია, მაგრამ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მსტოვრული ფოტოების გადაღების მოყვარულები გერმანულ ავტოდრომზე დასახლდებიან, რათა ავტოინდუსტრიის ახალი საოცრების თუნდაც შენიღბული ეგზემპლარის გადაღება და საქმეში ხილვა შესძლონ. რა თქმა უნდა, მათთვის ისიც საინტერესოა, თუ რა დროში გაივლის ახალი ”ასტონ მარტინი” ლეგენდარული ტრასის ერთ წრეს, რომლის რეკორდისთვისაც, ბოლო ხანებში, ერთმანეთთან უშეღავათო პაექრობა ”შევროლე კორვეტ ZR1-სა” და ”ნისან GT-R-ს” აქვთ გაჩაღებული. საორიენტაციოდ, ორივე ავტომობილი ერთ წრეს დაახლოებით, 7 წუთსა და 26 წამში გადის.

ვან-77-ის სატესტო პროტოტიპი ”ასტონ მარტინის” წარმოების 6.0-ლიტრიანი V12 ძრავით აღიჭურვება, რომელსაც კომპანია DBS-ზე, DB9-სა და V12 ვენტიჯზე იყენებს. ოღონდ, პროტოტიპზე გამოყენებამდე, აგრეგატი საფუძვლიან ტუნინგს გაივლის. ძრავის სპეციალისტებმა დავალება მიიღეს, რომლის მიხედვითაც, მათ აგრეგატის წონა მაქსიმალურად უნდა შეამცირონ, სიმძლავრე და მაბრუნი მომენტი კი ზღვრამდე გაზარდონ. უფრო კონკრეტულად კი, სიმძლავრის ორიენტირი 700 ცხენის ძალაა, მასა კი 10 პროცენტით უნდა შემცირდეს.

სხვათა შორის, ძრავზე ”ასტონ მარტინის” გარდა, ინგლისური ფირმა ”კოსუორტის” სპეციალისტებიც მუშაობენ (ორივე კომპანია ერთ ჯგუფში შედის), რომლებიც პარალელურად, ფორმულა 1-ისთვის განკუთვნილ ძრავსაც ქმნიან. წინასწარი მონაცემებით, მათ ძრავის წონა 25 პროცენტით შეამცირეს. ეს იმ დროს, როცა აგრეგატის მუშა მოცულობა 7.3 ლიტრამდეა გაზრდილი.

ავტომობილის საპროექტო წონა 1 500 კილოგრამია. სავარაუდოდ, მისი მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ზე გაცილებით მეტი იქნება, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა კი მას 3.5 წამზე ნაკლებში უნდა შეეძლოს.

wallpaperსიყვარული (ბუგატი ვეირონ გრანდ სპორტი) ვენახში

”შევროლე კრუზი” საქართველოს მალე ეწვევა

Chevrolet Cruze

24 ივლისი

ავტომობილი, რომელიც ევროპის და მსოფლიოს წლის საუკეთესოს წოდებაზეა ნომინირებული, მალე საქართველოში ჩამოვა. ”შევროლე კრუზი” არის პირველი ავტომობილი, რომელიც ”ჯენერალ მოტორსმა” ამ მარკით გლობალური ბაზრისთვის მოამზადა.

იმ დროს, როდესაც საკუთარ, ამერიკულ ბაზარზე ”ჯენერალ მოტორსის” გაყიდვები არნახული ტემპით ეცემა, უცხოეთში, განსაკუთრებით კი ჩინეთში, კომპანიის ბიზნესი აღმავლობას განიცდის. მის სამოდელო გამაში ”შევროლე კრუზის” გამოჩენამ კი ეს დადებითი ტენდენცია კიდევ უფრო უნდა გაამყაროს. დაკიდევ, თუ ადრე ”გენერლებისთვის” პრიორიტეტული შიდა, ამერიკული ბაზარი იყო, ახლა აქცენტი გლობალიზაციაზე კეთდება. და, რაც მთავარია, იცვლება კომპანიის იმიჯი - ამიერიდან, მისი სახელი ეკონომიური და გარემოსადმი მეგობრული ავტომობილების მწარმოებელთან უნდა ასოცირდებოდეს. ამის მიღწევაში კი ”შევროლე კრუზს” განსაკუთრებული მისია აკისრია.

მართალია, ”შევროლე კრუზი” კორეული ”დეუ ლასეტის” შთამომავალია და კორეულ ქარხანაში მზადდება, მაგრამ ის ”ჯენერალ მოტორსის” ევროპელი, კორეელი და ამერიკელი ინჟინრების მიერაა შექმნილი (ამაზეც ეტყობა გლობალურობა) და ბაზირებულია უახლეს პლატფორმა ”დელტა II-ზე”, რომლსაც ”გენერლები” ასევე იყენებენ თავიანთ მეექვსე თაობის ”ოპელ ასტრასა” (ამის მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის ავტო შოუზე გაიმართება) და ჰიბრიდულ ”შევროლე ვოლტზე”, რომელიც ბაზარზე მერმის უნდა გამოჩნდეს.

ცნობისათვის, პირველად ”შევროლე კრუზი” სამხრეთ კორეის ბაზარზე, შარშან გამოჩნდა და იქ ის ”დეუ ლასეტი პრემიერის” სახელით იყიდება. ამ წლის თებერვალში ავტომობილი ევროპასა და ავსტრალიას ეწვია. ოზეთში ის ”ჰოლდენის” მარკით იყიდება. ”შევროლე კრუზის” აზიური გაყიდვები აპრილში ჩინეთმა გახსნა, სადაც პირველივე დღეებში თითქმის 4 000 ავტომობილი გაიყიდა.

”ჯენერალ მოტორსის” ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, კომპანია ”აუტოჰაუზი” გვატყობინებს, რომ ”შევროლე კრუზი” მის შოურუმში აგვისტოს დასაწყისში გამოჩნდება. ავტომობილის სასტარტო ღირებულება 19 500 დოლარი იქნება.