Tuesday, May 17, 2011

უიშვიათესი „ფერარი ტესტა როსა“ 4 მილიონ დოლარად იყიდება

Rare four-cylinder '57 Ferrari Testa Rossa expected to top $4 million at auction

17 მაისი

ამ ავტომობილს ხშირად „ფერარი 500-საც“ უწოდებენ. რა თქმა უნდა, აქ „ფიატ 500“ არაფერ შუაშია. ლაპარაკია მოდელზე, რომლის სრული სახელწოდებაა „ფერარი 500 TRC“ (აბრევიატურა ნიშნავს ტესტა როსა ტაიპ C-ს). ეს არის ავტომობილი სპაიდერის ძარით და ოთხცილინდრიანი (ერთ რიგში განლაგებული ცილინდრებით) ძრავით, რომელიც მარანელოელთა ცნობილმა ინჟინერმა აურელიო ლამპრედიმ სპეციალურად, ფორმულა 2-ის ავტომობილისთვის შექმნა.

მას შემდეგ, რაც ლამპრედიმ მარანელო დატოვა, ეს ძრავი სპორტული პროტოტიპების კლასს მიუსადაგეს. ავტომობილი მოდელ „მონცას“ ბაზაზე შეიქმნა (1953 წელს) და რაც მთავარია, ის პირველი ავტომობილია, რომელსაც სახელად ტესტა როსა უწოდეს. ამის მიზეზი კი ის გარემოება გახდა, რომ ძრავს, რომელიც ამ ავტომობილს მამოძრავებელ ძალას ანიჭებს, წითლად შეღებილი ბლოკის თავი აქვს.

სხვათა შორის, 500-ის შემდეგ, „ფერარიმ“ გაცილებით მძლავრი „250 ტესტა როსაც“ გამოუშვა, თუმცა პირველი კოლექციონერებში დღეს უფრო ფასობს, რადგან ძალიან ცოტაა დამზადებული. მარანელოში მხოლოდ 19 ცალი „ფერარი 500 TRC“ დაამზადეს. თუმცა, შემდეგ 250-ის უპოპულარულესი ვერსია - GTO გამოუშვეს და ამით 500 დაჩრდილეს.

ფოტოზე გამოსახული ავტომობილი, აღნიშნული 19-დან მეექვსეა. ის სიჩილიელმა მყიდველმა შეუკვეთა, რომელმაც თავისი კვიცი რამდენიმე რბოლაშიც კი გამოიყენა. სხვათა შორის, ამ მოდელით, ოღონდ არა ფოტოზე ნაჩვენები ეგზემპლარით, ლე მანის და ტარგა ფლორიოს მარათონები, ასევე ნაკლებად პოპულარული მონტე პელეგრინოს (პალერმოში) სამთო რბოლაა მოგებული (თავის კლასებში).

ავტომობილს, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, სააუქციონო კომპანია „RM ოქშენზი“, ვილა დ’ესტეს (იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ტბა კომოს პირასაა) ელეგანტურობის კონკურსზე გამოიტანს. წინასწარი ვარაუდით, ავტომობილი 2.6-3.3 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდება. ცნობისათვის, იმავე აუქციონზე, „ფერარი 500 TRC-თან“ ერთად, „ბერტონეს“ 6 კონცეპტუალური ავტომობილი, „ძაგატოს“ ძარებით შემოსილი რამდენიმე „ალფა რომეო“, ასევე „ტალბოს“ და „ბუგატის“ რარიტეტული ავტომობილები გაიყიდება.

„ასტონ მარტინი“ ელექტრომობილსაც გამოუშვებს

Aston Martin will launch an electric Cygnet

17 მაისი

„ასტონ მარტინი“ თავისი სენსაციური საქალაქო მინიქარის, „სიგნიტის“ ელექტრონულ ვერსიაზე მუშაობს. ამ ინფორმაციას ბრიტანული ავტორიტეტული საავტომობილო გამოცემა „ქარ“ აქვეყნებს. სხვათა შორის, ინგლისურ კომპანიამდე, ანალოგიური ავტომობილის (iQ) ბაზაზე ელექტრომობილს მანამდე „ტოიოტაც“ გამოუშვებს.

ცნობილია, რომ სწორედ „ტოიოტა iQ“ არის „ასტონის“ ჯუჯას საბაზო ავტომობილი. პრაქტიკულად, ისინი იდენტურებია და მხოლოდ გარეგნობით განსხვავდებიან და ისიც, მინიმალურად. ექსკლუზიური ავტომობილების მწარმოებელ ინგლისურ კომპანიას, ამ პატარას გამოშვება იმისთვის დასჭირდა, რომ მისი წარმოების ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის საშუალო შემცველობა შემცირდეს და ამით, ევროპის გამკაცრებული სტანდარტები მეტნაკლებად დაკმაყოფილდეს.

ბუნებრივია, „ასტონ მარტინი“ არც ელექტრომობილის შემუშავებისას დაიწყებს გამომგონებლობას და იმას აიღებს, რასაც იაპონური კომპანია მანამდე თავისი ჯუჯასთვის შეიმუშავებს. ოღონდ, მიღებულ სიახლეს თავისი ბრენდით, თავის კორპორატიულ სტილში გადააფორმებს.

სხვათა შორის, თავისი ელექტრული iQ „ტოიოტამ“ ჟენევის ავტო შოუზე ახლახანს წარადგინა. ის 64-ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ენერგიას ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკისგან ღებულობს. ამ ბლოკის ტევადობა კი 11 კილოვატსაათია. ბლოკი მანქანის უკანა ნაწილის ძირზე, ზუსტად იქ მოთავსდება, სადაც შიდაწვისძრავიან iQ-ს საწვავის ბაკი აქვს დამაგრებული.

აკუმულატორების ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ერთი სრული დამუხტვით, დაახლოებით 105 კილომეტრი გაიაროს. 0-100 კმ/სთ აჩქარებისთვის მას 14 წამი სჭირდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 125 კმ/სთ-ს აღწევს. აკუმულატორები ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ქსელიდან და სპეციალური მოწყობილობითაც იმუხტება. ამასთან, ამ უკანასკნელის გამოყენებისას, 15 წუთში აკუმულატორის 80 პროცენტით შევსებაა შესაძლებელი.

ცნობისათვის, ბენზინისძრავიანი „სიგნიტის“ წარმოების შესახებ განცხდადება „ასტონ მარტინმა“ პირველად ორი წლის წინ გამოაქვეყნა, ახლახანს კი მის წარმოებას შეუდგა. ამ ავტომობილისთვის ბენზინის ერთადერთი, ოტხცილინდრიანი 1.33-ლიტრიანი ძრავია გათვალისწინებული, რომელიც თითქმის 100 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. წინასწარი შეკვეთების რაოდენობით შეიძლება თქმა, რომ წლიურად „ასტონი“ სულ რაღაც 1 500 ცალი „სიგნიტის“ გაყიდვას შეძლებს. ამასთან, კომპანია ირწმუნება, რომ მის მიერ წარმოებული არცერთი ჯუჯა ერთმანეთის მსგავსი არ იქნება...