Friday, January 29, 2010

ატელიე EDAG-ი ჟენევისთვის ახალ ”მსუბუქ ავტომობილს” ამზადებს

EDAG To Introduce Updated Light Car at Geneva

29 იანვარი

შარშან,ჟენევის საავტომობილო შოუზე, გერმანულმა საინჟინრო ფირმა EDAG-მა, რომელიც მთელს მსოფლიოში თავისი კონცეპტუალური მოდელებითაა ცნობილი, კონცეპტუალური მოდელი ”ლაით ქარ” (მსუბუქი ავტომობილი) წარმოადგინა, რითაც სპეციალისტების დიდი ყურადღება გამოიწვია.

კონცეპცია იმით იყო საყურადღებო, რომ მასში, ელექტროძრავი და ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი, ავტომობილის ძირზე იყო მოთავსებული. ფირმის პრეს რელიზში ეწერა, რომ ამ ძალური დანადგარებით, ერთჯერადი დამუხტვით, ავტომობილს 150 კილომეტრის გავლა შეეძლო.

კონცეპციაში ისიც საინტერესო იყო, რომ მისი სტრუქტურის 100 პროცენტი ბაზალტის ბოჭკოს კომპოზიტისგან იყო დამზადებული, რომელიც სრულ გადამუშავებას ექვემდებარება. ეს მასალა ალუმინზე მსუბუქი, კარბონის კომპოზიტზე გაცილებით იაფია და რაც მთავარია, იმავე თვისებებით ხასიათდება, როგორებიც ავტოინდუსტრიაში ამჟამად ფართოდ გამოყენებად მასალებს აქვს.

რა თქმა უნდა, კონცეპციაში დიზაინის მხრივაც სხვა ბევრი სიახლეც იყო. მაგალითად, გარემო პირობების შესაბამისად, ავტომატურად რეგულირებადი განათების სისტემა და ინტერიერი, რომელშიც მაჩვენებლების დაფა, მძღოლის პარამეტრების შესაბამისად, იოლად რეგულირდება.

და აი, ჟენევის წლევანდელი შოუსთვის, გერმანული ატელიე იმავე კონცეპციის გაგრძელებას, უფრო სწორედ კი უნივერსალურ პლატფორმას ამზადებს. ეს იქნება ერთგვარი ნახევარფაბრიკატი, რომელშიც არაერთი ინოვაციის გამოყენება იგეგმება. რაც მთავარია, პლატფორმა მსუბუქი მასალებისგან მზადდება და ის კომპაქტური და საშუალო ზომის ავტომობილების ასაგებად იქნება გამოსადეგი. თავად პლატფორმა 1 200 კილოგრამს იწონის და ის იმავე ძალური დანადგარითაა აღჭურვილი, როგორიც EDAG-მა შარშანდელ კონცეპციაზე გამოიყენა.

კომპანიის განცხადებით, ახალი პლატფორმის წარმოებისთვის, შედარებით მცირე საინვესტიციო პაკეტიც საკმარისი იქნება. თუმცა, ამ პაკეტის მოცულობა ჯერ დაზუსტებული არაა. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ამ კონცეპციის შემუშავებისას, ატელიე ერთდროულად რვა პარტნიორის მხარდაჭერით სარგებლობდა.

EDAG-ის განცხადებით, ახალი კონცეპცია ”მსუბუქი ავტომობილი” პატარა კომპანიებისთვის მისწრება იქნება, რადგან მცირე კაპიტალდაბანდებით, ამ პლატფორმაზე მცირესერიული წარმოების აწყობა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. და რაც მთავარია, საბოლოო პროდუქტიც არ იქნება ძვირი.

ამერიკელებმა ელექტრომობილებისთვის უნივერსალური პლატფორმა დაამზადეს

Trexa

29 იანვარი

ამერიკულმა კომპანია ”ტრექსამ”, ელექტრომობილებისთვის მოდულური უნივერსალური პლატფორმა შეიმუშავა, რომელსაც ნებისმიერ მსურველს მიჰყიდის, ვისაც საკუთარი ავტომობილის შექმნა სწადია. ელექტროძრავის გარდა, პლატფორმა აკუმულატორების ბლოკითა და მართვის ელექტრონიკითაა აღჭურვილი.

პლატფორმის მზიდი ელემენტის შესაქმნელად, ”ტრექსას” სპეციალისტებმა ფოლადის, ალუმინისა და კარბონის ბოჭკოებით არმირებული თერმოპლასტი გამოიყენეს. მყიდველს სამი სხვადასხვა ბაზის (1625, 2032 და 2438 მმ) მქონე პლატფორმებს შესთავაზებენ.

პლატფორმა ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც ენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან ღებულობენ. მათში შენახული ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ ამ პლატფორმის ბაზაზე დამზადებულმა ელექტრომობილმა, დაახლოებით 170 კილომეტრის გავლა შესძლოს.

ამასთან, ”ტრექსას” პლატფორმის ბაზაზე შექმნილი ავტომობილი, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას დაახლოებით 8 წამში შესძლებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 160 კმ/სთ-ს მიაღწევს. აკუმულატორების დამუხტვა საყოფაცხოვრებო ელექტროქსელიდანაა შესაძლებელი. 240-ვოლტიანი ქსელიდან დამუხტვისას, აკუმულატორების მარაგი სრულად 4 საათში ივსება.

სხვათა შორის, ”ტრექსა” იმითაცაა ცნობილი, რომ მისმა სპეციალისტებმა, ჰიბრიდული ”ტოიოტა პრიუსისთვის”, ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი შექმნა, რომლითაც იაპონურ კომპანიას ნაკლებად ეფექტური, ნიკელ-მეტალოჰიდრიდული აკუმულატორები უნდა შეეცვალა. ეს ბლოკიც საყოფაცხოვრებო ქსელიდან იმუხტება და რაც მთავარია, მისი მეშვეობით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ”პრიუსის” დინამიკური მახასიათებლები. კერძოდ, ასეთი ბლოკით აღჭურვილი ჰიბრიდის სიჩქარე, მხოლოდ ელექტროძრავით გადაადგილებისას, 88 კმ/სთ-მდე გაიზრდება, მისი სვლის სიშორე კი 50 კილომეტრს მიაღწევს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ლითიუმ-იონური აკუმულატორები ავტომობილის ფასსაც გაზრდის, რაც ამ სისტემის მასობრივ წარმოებაში გამოყენების ალბათობას ამცირებს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებს ”ტრექსა” თავისი უნივერსალური პლატფორმის წარმოებას და რა ეღირება ის.

ასეთი იქნება პეჟო 209?

Peugeot 209

29 იანვარი

”პეჟო” წელს დაარსებიდან 200 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამასთან დაკავშირებით, ჟენევის საავტომობილო გამოფენისთვის, კონცეპტუალურ მოდელ SR1-ს ამზადებს, რომლის გარეგნობაშიც, ფრანგული კომპანიის ხელმძღვანელთა განცხადებით, ”ლომების” ახალი კორპორატიული სტილის შტრიხების დანახვა შეიძლება.

ამ განცხადების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში კი ინტერნეტში გაჩნდა კომპიუტერული ფოტოები იმ ავტომობილისა, რომელიც სავარაუდოდ, სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ 208-ს შეცვლის და ბაზარზე მალე 209-ს სახელით წარსდგება.

რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ამ ავტომობილის შესახებ არც ტექნიკური მონაცემები არსებობს და არც სხვა დეტალები. ზუსტად არც ისაა ცნობილი, თუ როდის აპირებს მის პრემიერას ფრანგული კომპანია. სამაგიეროდ, ახლავე შეიძლება ვარაუდი, რომ 209-ს გარეგნობაში SR1-ს დიზაინის ბევრ ელემენტს ვიხილავთ.

”პეჟოს” ხელმძღვანელობა არ მალავს, რომ თავის სვტომობილებში სასწრაფოდ აპირებს ახალი სტილის ელემენტების დანერგვას, რათა ძირეულად შეიცვალოს ძველი კორპორატიული სტილი, რომელიც უარყოფითად აისახება კომპანიის გაყიდვებზე.

ამ კომპიუტერულ სურათზე კარგად ჩანს, თუ რომელი ელემენტები გადაინაცვლებს სერიულ ავტომობილებზე კონცეპტუალური SR1-დან. პირველ რიგში, ესაა რადიატორის ბადე, წინა ფარები და წინა ბამპერში ჩაყოლებული ორი სამკუთხა ჰაერამღები. ახალი სტილი ავტომობილის უკანა ნაწილშიც შესამჩნევია - ესაა უკანა დიდრონი შუშა და ასევე დიდი ზომის ფარები.

მთლიანობაში, ორკარიანი ავტომობილი უფრო სპორტულად გამოიტურება, ვიდრე მისი წინამორბედი. ეს სპორტულობა სხვა მოდელებზეც შესამჩნევი იქნება და ალბათ, ინტერიერსაც შეეხება.

”პეჟო 209” პოპულარული 207-ის ტრადიციების გამგრძელებელი უნდა გახდეს და ეს ტრადიცია, პირველ რიგში, ახალი ავტომობილის პოპულარობაზე უნდა აისახოს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ახალი სტილის დამკვიდრება დადებითად აისახება გაყიდვებზე.

მოსალოდნელია, რომ ”პეჟო 209-ს” პირველად პარიზის წლევანდელ ავტო შოუზე, ან მერმის, ჟენევაში ვიხილავთ.