„აუდი“ სისტემა e-ტრონს A3-ზეც გამოიყენებს
Audi Brings e-tron to the A3
20 აპრილი

გერმანული კომპანია „აუდი“, თავისი მოდელების ელექტრიფიკაციაზე ინტენსიურად ზრუნავს. ინგოლშტადტელებს შემუშავებული აქვთ ჰიბრიდული ტექნოლოგია e-ტრონი, რომელიც კომპანიის სტანდარტული შიდაწვისძრავიანი ავტომობილის, ჰიბრიდულ-ელექტრული აგრეგატებით აღჭურვას უზრუნველყოფს. მორიგი მოდელი, რომელიც სისტემა e-ტრონით აღიჭურვა, სედანი A3-ია. და ეს ავტომობილი პირველად შანჰაის ავტო შოუზე გამოჩნდა.

სხვათა შორის, ახალ სედან A3-ის კონცეპტუალური ვერსია „აუდიმ“ ჟენევის ავტო შოუზე გამოფინა, ამჯერად კი მის ბაზაზე ჰიბრიდული სატესტო ვარიანტი (პლაგ-ინ სისტემით) დაამზადა, რომლის პრემიერაც შანჰაის ავტო შოუზე შედგა და რომელიც გამოცდებს საერთო სარგებლობის გზებზე გაივლის.

ელექტროძრავი ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკისგან მარაგდება, რომელიც უკანა სავარძლების უკანაა მოთავსებული. მათში დაგროვილი ენერგია კი საკმარისია იმისათვის, რომ მარტო ელექტროძრავით, ავტომობილმა 50 კილომეტრზე მეტი გაიაროს. აკუმულატორების შევსება, მუხრუჭების ენერგიის რეკუპერაციის სისტემით, ავტომობილის მოძრაობისას ხდება. და როცა ის გაჩერებულია, დამუხტვა ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ქსელიდანაც შეიძლება.
გერმანული კომპანიის განცხადებით, როდესაც ავტომობილის გადაადგილება შიდაწვის და ელექტრული ძრავის ერთდროული მუშაობით ხდება, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 6.8 წამში ესწრება, მაქსიმალური სიჩქარე კი 231 კმ/სთ-ს აღწევს.