”პეჟო BB1” – ”ფრანგული ლომების” კონცეპტუალური კვადროციკლი
Peugeot BB1 Concept
25 სექტემბერი

ფრანგულმა კომპანიამ ფრანკფურტის ავტო შოუს დამთვალიერებლებს საკმაოდ ორიგინალური, უცნაური და ძალიან საინტერესო კონცეპტუალური ნამუშევარი - BB1 წარუდგინა. ერთი შეხედვით, ეს ავტომობილია, მაგრამ სალონში თუ შეიხედავთ, კვადროციკლი გაგახსენდებათ, რადგან იქ დაახლოებით ისეთსავე (უფრო მოსახერხებელსა და დახვეწილს) საჭეს დაინახავთ, როგორიც კვადროციკლებზე გინახავთ. ისე, ეს მოწყობილობა რაღაცით თვითმფრინავის საჭესაც ჰგავს.
თუმცა, BB1 ავტომობილია, კვადროციკლი, თუ არამფრენი თვითმფრინავის მსგავსი მუტანტი, ეს მეორეხარისხოვანია. მთავარი კი ისაა, რომ ის გარემოსადმი მეგობრული პატარა მხეცია (პეჟოს ემბლემა ხომ უნდა გაამართლოს?), რომელიც მოძრაობაში ელექტროძრავს მოჰყავს.



ახლა ძრავზეც ვილაპარაკოთ: ავტომობილი, რომელიც 600 კილოგრამს იწონის, მოძრაობაში ორ პატარა ელექტროძრავს მოჰყავს, რომელთა სიმძლავრეც სულ რაღაც 7.5-7.5 კილოვატია (10-10 ცხენის ძალა). შესაბამისად, ამ ავტო-კვადროციკლ-მობილს ძალიან მოკრძალებული დინამიკური მაჩვენებლები აქვს - ადგილიდან 30 კმ/სთ-ს აკრეფას 2.8 წამს ანდომებს, 30-დან 60 კმ/სთ-მდე კი 4.0 წამი სჭირდება.
ელექტროძრავებს ენერგიით ლითიუმ-იონური კომპაქტური აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს, რომელთა ტევადობაც საკმარისია იმისათვის, რომ ”პეჟო BB1-მა” შეუჩერებლად 120 კილომეტრი გაგატაროთ. ქალაქში მოძრაობისას, ეს საკმარისზე გაცილებით მეტია, ქალაქგარეთ მოძრაობისთვის კი ეს ჯუჯა ნაკლებად მიმზიდველად მოჩანს.

აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია უფრო მცირე სვლის მარაგისთვის იქნებოდა საკმარისი, რომ არა მზის ელემენტები, რომლებიც ავტომობილის სახურავზეა დამონტაჟებული. ამ ელემენტების მიერ გამომუშავებული ენერგია, რომელიც ძირითადად ავტომობილის დამხმარე ელექტრომოწყობილობათა კვებისთვის გამოიყენება, სრულად დამუხტულ აკუმულატორებში დაგროვილი ენერგიის დაახლოებით 16 პროცენტს შეადგენს.
აპირებს თუ არა ”პეჟო” ამ ავტომობილსი სერიულ წარმოებას, ამის შესახებ ფრანკფურტში არაფერი თქმულა. სავარაუდოდ, BB1 კონცეპტუალურ ეგზემპლარად დარჩება, თუმცა მასში გამოყენებულ ტექნოლოგიებს მალე ალბათ სხვა სერიულ ავტომობილებში შევხვდებით.