Tuesday, June 9, 2009

ჯოჯოხეთურად სწრაფი BT-2

9 ივნისი

სუპერავტომობილ ”პორშე GT2-ს” მართვას ხშირად სიკვდილთან ცეკვასაც ადრიან ხოლმე. ავტომობილი ”პორშე 911 ტურბოს” ბაზაზეა შექმნილი, მას ძრავი აქვს გაძლიერებული, მაბრუნი მომენტი კი მხოლოდ უკანა წამყვან ბორბლებს მიეწოდება, ეაც მის მართვას ართულებს. მოკლედ, თუ მარჯვენა ფეხით სატერფულს გაუფრთხილებლად დააწვებით, ავტომობილთან ერთად თავბრუდამხვევი პირუეტები გარანტირებული გაქვთ.

მაგრამ სატიუნინგო ატელიე 9ff-ს სპეციალისტებისთვის საკმარისი ესეც არ აღმოჩნდა. და მათაც თავიანთ მდიდარ ფანტაზიას მოუხმეს - სიკვდილთან მოცეკვავე, ჯოჯოხეთურად სწრაფ მანქანად აქციეს.

დავიწყოთ იმით, რომ ”სტანდარტული” GT2-ის ძრავი მაქსიმუმ 530 ცხენის ძალას ავითარებს და მისი მეშვეობით, ავტომობილი, რომელიც სხვადასხვა სარბოლ სერიებში ინტენსიურად გამოიყენება, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 3.7 წამში კრეფს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ს აღწევს. რა თქმა უნდა, ამ მონაცემებით, ის ”ფერარის” და ”ლამბორგინის” სუოერებს ვერ შეედრება. ჰოდა, ამ ნაკლის გამოსასწორებლად, 9ff-ს სპეციალისტები გაისარჯნენ.

მათ შეიმუშავეს პროგრამა BT-2, რომელიც GT2-ის ტიუნინგს ითვალისწინებს. ავტომობილს შეეცვალა გამოსაბოლქვი სისტემა, ძრავის პოგრამული უზრუნველყოფა და აეროდინამიკური პაკეტი. რაც მთავარია, გაძლიერდა ავტომობილის ძრავი.

ტიუნინგის შემდეგ, ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე 350 ცხენის ძალით, 850 ცხენის ძალამდე, მაბრუნი მომენტი კი 920 ნიუტონმეტრამდე გაიზარდა. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ BT-2 ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 3 წამში აჩქარდეს. GT2-ის მაქსიმალური სიჩქარის ასაკრეფად მას 19 წამი ჰყოფნის, საკუთარი მაქსიმალური სიჩქარე კი 384 კმ/სთ-ს აღწევს.

რა თქმა უნდა, ეს ”ბუგატი ვეირონის” სარეკორდო 407 კმ/სთ-ზე ნაკლებია, მაგრამ ლე მანის სერიის რბოლებში მოასპარეზე GT2-ს ფორას მაინც მისცემს. უფრო მეტიც, კომპანია ახალ პაკეტს ამუშავებს, რომლის წყალობითაც ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 400 კმ/სთ-ზე მეტი გახდება...

”ჰამერის” ახალი მფობელის გეგმები

Hummer

9 ივნისი

ცუდი გაყიდვები, ეკოლოგიური პრობლემებით საზოგადოების მზარდი დაინტერესება და რეცესია ის ძირითადი მიზეზებია, რომელთა გამოც, ”ჯენერალ მოტორსს” თავისი ერთ-ერთი გამორჩეული მარკის - ”ჰამერის” გაყიდვა მოუწია. ერთი კვირის წინ კომპანიამ ბოლოსდაბოლოს, დაასახელა უგზოობის მოდელების მწარმოებელი მარკის მყიდველი - ინდუსტრიული მანქანათმშენებლობის ჩინური კომპანია ”ტენჟონი”, რომელთანაც უკვე გაფორმებულია წინასწარი გარიგება.

კონტრაქტი ”ჰამერის” ამერიკული საწარმოს და მისი 3 000 სამუშაო ადგილის, ასევე მარკის ამერიკული სადილერო ქაელის სრულად შენარჩუნებას ითვალისწინებს. უფრო მეტიც, ჩინური კომპანია ირწმუნება, რომ თავის შენაძენს განავითარებს და ამის საილუსტრაციოდ, ”ჰამერის” უახლოესი სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა.

გამოცემა ”აუტომოტივ მიუსთან” საუბრისას, ”ჰამერის” მთავარმა აღმასრულებელმა ჯიმ ტეილორმა განაცხადა, რომ ”ტენჟონი” ”ჰამერის” 150-ვე დილერის შენარჩუნებას აპირებს, მაგრამ იქვე დასძინა, რომ გამონაბოლქვზე ახალი ამერიკული სტანდარტებთან შესრულება ძალიან გაჭირდება.

ამიტომ, საწარმოო პროგრამა შეიცვლება. უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ”ჰამერი” დიდგაბარიტიანი H2-ის წარმოებას გააჩერებს. სამაგიეროდ, მალე დაიწყება ყველაზე მცირეგაბარიტიანი ”ჰამერის” - H4-ის წარმოება. მის გარდა, სამოდელო გამაში კიდევ რამდენიმე ახალი ავტომობილის გამოჩენაა მოსალოდნელი.

რაც მთავარია, ”ჰამერი” ყურადღებას ძრავების ეკონომიურბასაც მიაქცევს. გამაში გამოჩნედბა ალტერნატიული ძალური დანადგარები, რომლებიც კომპანიას ახალი სტანდარტების შესრულების საშუალებას მისცემს.

ჩინურმა კომპანიამ უკვე გამოაცხადა, რომ მთავარ აღმასრულებლად ტეილორი დარჩება. სამაგიეროდ, ჯერაც არ გადაწყვეტილა, ”ჰამერის” შტაბ-ბინა აშშ-ში დარჩება, თუ ჩინეთში გადაინაცვლებს.

გარემოზე მზრუნველი ”მიშლენი”

Michelin

9 ივნისი

საბურავების მწარმოებელი ფრანგული კომპანია ”მიშლენი” ირწმუნება, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, მის მიერ გაყიდული საბურავების გამოყენებით, მთელს მსოფლიოში 66.7 მილიონი ლიტრი საწვავი დაიზოგა და ამით, ატმოსფეროში 134 000 ტონით ნაკლები CO2 გამოიყო.

”მიშლენის” ანგარიშით, მსუბუქი ავტომობილის მიერ მოხმარებული საწვავის დაახლოებით მეხუთედი საბურავების მუშაობისას იხარჯება. სატვირთო ავტომობილებისთვის კი ანალოგიური მაჩვენებელი მესამედია, რადგან სატვირთოების დიდი მასის გამო, გზის საფართან მათი ჩაჭიდება გაცილებით მეტია.

ამ მონაცემების შესამცირებლად, ”მიშლენმა” შარშან სრულიად ახალი კონსტრუქციის მქონე საბურავების სერიის, ”მიშლენ ენერჯი სეივერის” (მიშლენის ენერგიის დამზოგავის) წარმოება დაიწყო. ახალმა ტექნოლოგიამ ჰომოლოგაცია 100 ტიპის მსუბუქი ავტომობილისთვის გაიარა. სულ, წელიწადნახევრის განმავლობაში, ამ ტექნოლოგიით დამზადებული თითქმის 24 მილიონი საბურავი გაიყიდა, რომელთა მეშვეობითაც, 66.7 მილიონი ლიტრი (დაახლოებით1.3 საწვავის სრულად სავსე ავზი) დაიზოგა. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ყოველ 100 კილომეტრზე საწვავის ხარჯი 0.2 ლიტრით შემცირდა, ყოველი კილომეტრის გავლისას ატმოსფეროში გამოყოფილი CO2-ის წონა კი 4 გრამით შემცირდა.

საერთო ჯამში, ამ პერიოდში ატმოსფეროში 134 000 ტონით ნაკლები ნახშირორჟანგი გამოიყო, რაც 73 000 მსუბუქი ავტომობილის მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის ტოლფასია.

სატვირთოებისთვის ”მიშლენის” ახალი ტექნოლოგიაა ”X ენერჯი სეივერ გრინ”, რომლის მეშვეობითაც, (მახსიმალურად დატვირთული და სრულად ექსპლუატირებული) ავტომობილი წლის განმავლობაში დაახლოებით 500 ლიტრ საწვავს ზოგავს. აქ იგულისხმება სატვირთოები, რომლების საშუალოდ 100 კილომეტრზე 33 ლიტრ საწვავს მოიხმარენ.

”მიშლენმა” ეს მონაცემები გარემოს დაცვის დღისადმი სპეციალურად გამართულ კონფერენციაზე გამოაქვეყნა, რომელსაც მექსიკო სიტიმ უმასპინძლა.

”ლექსუსის” ძრავი ახალი ”ესპრიტისთვის”

Lotus Esprit

9 ივნისი

სპორტული ავტომობილების მწარმოებელ ინგლისურ კომპანია ”ლოტუსის” თაყვანისმცემლებს უახლოეს წლებში საინტერესო სიახლეები ელით. ”ლოტუსი” თავისი არცთუ ისე მწირი სამოდელო გამის ძირეულად გაახლებას და რამდენიმე ახალი მოდელის წარმოების დაწყებას გეგმავს.

პირველ რიგში, განახლება შეეხება პოპულარულ მოდელ ”ელისს”, რომელიც უკვე რამდენიმე (14) წელია, ბაზარზეა და კარგად იყიდება. თუმცა, კომპანიაში თვლიან, რომ სანამ ”ელისი” მოძველდება, მანამ სჭირდება განახლება. იგივე ელის იმავე პლატფორმაზე ბაზირებულ ”ექსიჯსაც”.

კომპანიამ, რომელიც მალაიზიური ”პროტონის” კონტროლქვეშაა, წელს დაიწყო სრულიად ახალი მოდელის, ”ევორას” წარმოება, თუმცა ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს და მალე ბაზარზე კიდევ ორი სრულიად ახალი ავტომობილის გამოშვებას გეგმავს. მათგან ერთი ”ესპრიტი” იქნება.

თავის დროზე, ”ესპრიტი” ის იარაღი იყო, რომლითაც ”ლოტუსი” კონკურენციას თვით ”ფერარისაც” კი უწევდა. მაგრამ შემდეგ ინგლისური კომპანია გაკოტრდა და ის ხელში ”პროტონს” ჩაუვარდა. ”ესპრიტი” წარსულს ჩაბარდა და ”ლოტუსმა” შედარებით იაფფასიანი მოდელების (ელისი, ექსიჯი და ევროპა) წარმოება დაიწყო. კომპანია თანდათან ფეხზე დადგა და ახლა ბაზარზე ”ესპრიტის” დაბრუნების დრო დადგა. ამ საქმეში კი ”ლოტუსს” სერიოზული პარტნიორი დაეხმარება.

რაც შეეხება ამ პარტნიორს, შარშან ”ლოტუსის” მთავარმა აღმასრულებელმა მაიკ კიმბერლიმ განაცხადა, რომ ”ესპრიტის” მომზადებაში მის კომპანიას ”პრესტიჟული და ძალიან პატივცემული კომპანია” დაეხმარება. მაშინ ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ”პრესტიჟული” კომპანია ”ბეემვე” იქნებოდა, რომლის 3.0-ლიტრიანმა V8 ძრავებმაც ზედიზედ რამდენჯერმე მოიგეს წლის საუკეთესო ძრავის ტიტული. პარალელურად, ”ლოტუსი” უკვე რამდენიმე წელია, მჭიდროდ თანამშრომლობს ”ტოიოტასთან”, რომლისგანაც ძრავებს ღებულობს.

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”ლოტუსი” ”ესპრიტისთვის” ”ლექსუსის” ძრავებს გამოიყენებს. საბაზო ”ესპრიტი” იმავე 3.5-ლიტრიან V6-ს მიიღებს, რომელიც ”ევორაზე” გამოიყენება. ეს ძრავიც ”ტოიოტას” წარმოებისაა და მისი მაქსიმალური სიმძლავრე 300 ცხენის ძალაა. ”ესპრიტის” ტოპ ვერსია კი ”ლექსუს LF-A-ს” (ამ მოდელის წარმოება მერმის დაიწყება) 500-ცხენისძალიან V10-ს მიიღებს.

იმისათვის, რომ ახალი ავტომობილის ფასი მეტისმეტად ძვირი არ გამოვიდეს, მისთვის ”ევორას” მოდიფიცირებულ, დაგრძელებულ პლატფორმას გამოიყენებენ. ცნობისათვის, ეს პლატფორმა ალუმინისგანაა დამზადებული და მისი კონსტრუქცია ადვილად მოდიფიცირებადია.

ახალი ”ესპრიტის” მსოფლიო პრემიერა თავიდან 2010 წლისთვის იგეგმებოდა, მაგრამ ეკონომიკური კრიზისის გამო, გამოშვების თარიღმა ორი წლით გადაიწია. პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ კუპეს გარდა, ახალი ავტომობილი ღია ძარითაც დამზადდება.

სურათზე: ახალი ”ესპრიტი” ”ლექსუსის” V6, V8 და V10 ძრავებით აღიჭურვება.

ეკლსტოუნი უკმაყოფილოა

Formula 1

9 ივნისი

თურქეთის დიდ პრიზზე დასწრების კატასტროფულად დაბალი დონით უკმაყოფილო დარჩა ფორმულა 1-ის კომერციულ უფლებათა მფლობელი ბერნი ეკლსტოუნი, ვინც ამის მიზეზად არასაკმარის რეკლამას და პრომოუშენს მიაწერს.

თურქული ავტოდრომი ერთ-ერთი ყველაზე ახალი და თანამედროვეა ფორმულა ერთის ტრასებს შორის. ის ამ საქმეზე სპეციალიზებული გერმანელი არქიტექტორის, ჰერმან ტილკეს მიერაა დაპროექტებული. ავტოდრომის ტრიბუნების ტევადობა 130 000 ადგილია, მაგრამ გასულ უქმეებზე ჩატარებულ რბოლაზე სულ 32 000 ბილეთი გაიყიდა, რომელთა უმეტესობაც უცხოელმა ტურისტებმა შეიძინეს.

ასე განსაჯეთ, განაპირა ცარიელი ტრიბუნები რომ დაეფარათ, რბოლის ორგანიზატორებმა ისინი მუქი ნაჭრით დაფარეს. ასევე შეიცვალა ტელეკამერების განლაგება, რომელთა კადრშიც, მთავარი ტრიბუნის გარდა, ცარიელი ადგილები თითქმის არ ჩანდა.

რბოლის წინ, მის ორგანიზატორებს ეკლსტოუნმა შეახსენა, რომ კონტრაქტი, რომელიც თურქულ მხარეს ფ1-ის ეტაპის ჩატარების უფლებას აძლევს, მალე მთავრდება და შეიძლება აღარ გაგრძელდეს, რადგან ორგანიზატორები რბოლის სათანადო რეკლამირებას არ ატარებნ.

”ავტოდრომი მეტად ხელსაყრელ ადგილზე მდებარეობს. ის ადვილად მისაწვდომია აღმოსავლეთ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის აუდიტორიებისთვის. მაგრამ თურქეთში ამ რბოლის რეკლამირებისთვის პრაქტიკულად არაფერი კეთდება”, - ბრაზობა ბერნი.

მოსლი გუნდებს კომპრომისს სთავაზობს

Formula 1

9 ივნისი

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა მაქს მოსლიმ, ფორმულა ერთის გუნდების ასოციაციია წევრ საჯინიბოებს წერილები დაუგზავნა, რომლითაც მათ 2010 წლის ჩემპიონატში სამონაწილეო განაცხადის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე შეტანას სთხოვს. თუ ასე მოხდა, მოსლი პირობას დებს, რომ განაცხადის შემტან გუნდებს, მომდევნო ჩემპიონატის რეგლამენტის საბოლოო ვარიანტის შემუშავებაში მონაწილეობის უფლება ექნებათ.

თურქეთის დიდი პრიზის დღეებში, მოსლისგან ყველა გუნდებისთვის გასაცემ პასუხს ელოდა. და აი, პრეზიდენტმა გამონახა გზა, რომკითაც გუნდებს დაანახა, რომ კომპრომისზე წამსვლელია.

მოსლის თქმით, თუ გუნდებს სპორტის ამ სახეობის მომავლის განსაზღვრაში მონაწილეობა სურთ, მაშინ მათ უარი უნდა თქვან მათ მიერვე წამოყენებულ წინაპირობებზე, რომლებიც მათ ფედერაციაში შეტანილ წინასწარ განაცხადებს მოაყოლეს. ის ირწმუნება, რომ ახალი რეგლამენტი ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული არაა და გუნდებს მის სრულყოფაში მონაწილეობის უფლება მაშინვე მიეცემათ, როგორც კი ფედერაციაში უპირობო განაცხადებს შეიტანენ.

მოსლი ”ფერარის”, ”მაკლარენს”, ”BMW ზაუბერს”, ”რენოს”, ”რედ ბულს”, ”ტორო როსოს”, ”ტოიოტას” და ”ბრაუნ GP-ს” ივნისის შუა რიცხვებში მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას და ახალი რეგლამენტის განხილვაში მონაწილეობას სთავაზობს.

”საერთაშორისო სპორტული კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად, გუნდების თანხმობის გარეშე, წესების შეცვლის უფლება არ გვაქვს. მაგრამ როგორც კი გუნდები განაცხადებს შემოიტანენ, მათ რეგლამენტის განხილვაში მონაწილეობის უფლება ავტომატურად მიეცემათ. ამგვარად, არჩევანი თქვენზეა”, - ამბობს მოსლი და დასძენს, რომ ახალი რეგლამენტის შემუშავებაში იმ ახალმა გუნდებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა, რომელთა განაცხადებსაც ფედერაცია დაამტკიცებს.

”ველი თქვენს პოზიტიურ რეაქციას. კარგი იქნება, თუ თქვენი პასუხები დღეს, სამუშაო დღის დასრულებამდე, ჩემს მაგიდაზე დაიდება”, - წერილს ულტიმატუმის სტილში ამთავრებს პრეზიდენტი, ვინც ამგვარად მინიშნებს, რომ 12 ივნისამდე ლოდინს არ აპირებს,რადგან ეს ფედერაციასა და გუნდებს შორის თანხმობის ახალი ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადაა.

მოკლედ...

9 ივნისი

***

ევროკომისიამ შვედეთის მთავრობას ”ვოლვოსთვის” 500 მილიონი ევროს სესხების უფლება მისცა. სესხის პირდაპირი დანიშნულება კი ისაა, რომ ავტომწარმოებელმა ის მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების წარმოებისთვის მოსამზადებლად უნდა გამოიყენოს. პროექტი, რომლის ნაწილობრივ დასაფინანსებლადაც ”ვოლვომ” სახელმწიფოს სესხი სთხოვა, 1.9 მილიარდ ევროდაა შეფასებული. ამ პროექტის მიხედვით, ”ვოლვო” 2012 წელს დაიწყებს დიზელ-ელექტრული ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი ავტომობილის წარმოებას, რომელსაც ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ქსელიდან შევსების საშუალება ექნება.

***

”უოლ სტრიტ ჯორნელის” ცნობით, ”კრაისლერის” ინვესტორებმა აშშ-ის უმაღლეს სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, რომლითაც ”ფიატის” მიერ ”კრაისლერის” შეძენის პროცესის დაბლოკვას მოითხოვენ. თავდაპირველად, სასამართლომ ”კრაისლერის” გაყიდვის ნებართვა გასცა, თუმცა ამერიკული კომპანიის ინვესტორებს ამ გადაწყვეტილების უფლება დაუტოვა და მათაც ამით ისარგებლეს. გარიგების დაბლოკვას ცდილობს შტატ ინდიანას საპენსიო ფონდბის ჯგუფმა, რომლებისაც ”კრაისლერს” 42 მილიონი დოლარი მართებს. მომჩივანი მოითხოვს, რომ ”კრაისლერი” ნაწილ-ნაწილ გაიყიდოს. ექსპერტთა შეფასებით, თუ ”ფიატთან” გარიგება ჩაიშლება, მაშინ ”კრაისლერს” ლიკვიდაცია დაემუქრება.

***

აგვისტოში, პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსის დღეებში, კომპანია ”გუდინგ ენდ კომპანი” აუქციონზე გასაყიდად გამოიტანს ავტოინდუსტრიის ლეგენდის, ეტორე ბუგატის კუთვნილ კუპე ”ბუგატი 57C-ს”, რომელიც მისმა კომპანიამ 1936 წელს, მისი დამაარსებლის იუბილესთან დაკავშირებით, საჩუქრად გამოუშვა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ”ბუგატი 57C” რეკორდულ ფასში გაიყიდება. რეკორდი კი 12.2 მილიონი დოლარია - თებერვალში სწორედ ამდენი გადაიხადა 1957 წელს გამოშვებული ”ფერარი 250 ტესტაროსას” მყიდველმა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ”ბუგატი 57C” ქარხანაში იდგა, რომელიც კარგად იყო დაცული. ავტომობილი იდეალურადაა შენახული. ავტომობილი ქარხანაში 14 წელი იდგა, მერე კი გამოიტანეს და გაყიდეს. მას შემდეგ, მფლობელი რამდენჯერმე შეეცვალა.

”როლს როისი” წარმოებისთვის ”მოჩვენებას” ამზადებს

Rolls-Royce Ghost

9 ივნისი

”როლს როისი” წარმოებისთვის ახალ ავტომობილს ამზადებს, რომელიც მის ახლანდელ ერთადერთ მოდელ ”ფანტომზე” კლასით ერთი საფეხურით დაბლა იქნება და რომლის დებიუტიც მერმის, წლის პირველ ნახევარში, სავარაუდოდ, დეტროიტის საერთაშორისო ავტო შოუზე შედგება.

”როლს როისი” იმედოვნებს, რომ ახალი ავტომობილი, რომელსაც ალბათ ”გოსტი” (Ghost, ანუ მოჩვენება, აჩრდილი) დაერქმევა, მას გაყიდვების გაორმაგებაში დაეხმარება. ინტერნეტში გამოჩნდა ფოტოები, რომლებზეც ”გოსტი” საგზაო ტესტირებისას არის გადაღებული. ავტომობილი პრაქტიკულად კამუფლაჟის გარეშეა, მისი გარეგნობა კი ძლიერ ჰგავს კონცეპტუალური EX200-სას, რომელიც კომპანიამ წელს რამდენიმე ავტო შოუზე წარადგინა.

ავტომობილი ”როლს როისის” კორპორატიულ სტილშია შესრულებული. ის ძლიერ ჰგავს ”ფანტომს”, თუმცა მასზე პატარა და უფრო სპორტულია. რაც მთავარია, ტრანსპორტის ნაკადში მისი ამოცნობა მონუმენტური რადიატორის, წაგრძელებული სალონისა და ვეებერთელა კაპოტის მეშვეობით, პრობლემა არ იქნება.

”ფანტომის” მსგავსად, ”გოსტსაც” ორი წყვილი, ეგრეთ წოდებული თვითმკვლელის ტიპის კარები აქვს, რომლებიც წინა და უკანა საყრდენებზეა დაკიდებული და რომლებიც ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით იხურება. სალონი კი სულ ხუთ ადამიანზეა გათვლილი. ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 5 399, სიგანე 1 948 და სიმაღლე 1 550 მილიმეტრი.

სალონში ტყავი და ძვირფასი ხე დომინირებს, განსაკუთრებული ფუნქციის მქონე დეტალები კი მოიქრომება. საერთო ჯამში, კომპანიის სტილისტებმა აქცენტი სისადავეზე გააკეთეს, რაც სალონის მდიდრულობას ოდნვაც არ აკნინებს.

”გოსტი” 6.6-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ტურბოდამჭირხნი ემსახურება. ძრავის სიმძლავრე დაახლოებით 500 ცხენის ძალის ფარგლებში იქნება. მასთან შეწყვილებულია 8-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი, რომელიც მაბრუნ მომენტს უკანა წამყვან ბორბლებს აწვდის.

”როლს როისი” თავისი ”მოჩვენების” წარმოებას გუდვუდში მდებარე საწარმოში, ამ წლის მიწურულს დაიწყებს.