Monday, October 11, 2010

”ფოლკსვაგენი” ”ალფა რომეოს” შეძენითაა დაინტერესებული

11 ოქტომბერი

ცოტა ხნის წინ, ეს ისეთ ჭორად შეიძლებოდა ჩათვლილიყო, რომელსაც ყურადღებასაც კი არავინ მიაქცევდა. მაგრამ პარიზის საავტომობილო შოუს დღეებში გაირკვა, რომ ინტერნეტით რამდენიმე თვის წინ გავრცელებულ ხმებს რეალური საფუძველი საფუძველი მაინც ჰქონია.

პარიზში ”ფოლკსვაგენის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ფერდინანდ პიხმა (ვინც ლეგენდარული ფერდინანდ პორშეს შვილიშვილია) პირდაპირ განაცხადა, რომ მისი საავტომობილო იმპერიაში მორიგი ახალი ბრენდი ”ალფა რომეო” იქნება, რომელიც დღეისათვის ”ფიატის” საავტომობილო ჯგუფში შედის. საერთოდ, პიხი ყოველთვის გადაკვრით ლაპარაკს ამჯობინებს ხოლმე, მაგრამ პარიზში თავის გეგმებზე აშკარად განაცხადა.

”ჩვენ მოთმნება გაგვაჩნია და ამისათვის დროც საკმაოდ გვაქვს. ამ თემაზე უახლოესი ორი წლის განმავლობაში ვეღარაფერს გაიგებთ. მაგრამ შემდეგ ჩვენი დროც დადგება”, - განაცხადა პიხმა, რაზეც ”ფიატის” მთავარ აღმასრულებელ სერჯო მარკიონესგან დაუყოვნებლივ ლაკონური და დამცინავი პასუხი მიიღო: ”ნება მიეცით, გველოდონ”...

როგორც ცნობილია, ”ფოლკსვაგენს” ამბიციური მიზანი აქვს - 2018 წლისთვის, გერმანულ გიგანტს მსოფლიო ლიდერობის ხელში ჩაგდება სურს. ამ მიზნის მისაღწევად კი ძიერ გამოადგება თავისი ქოლგის ქვეშ ისეთი ცნობადი და რაც მთავარია, პოპულარული მარკის შეყვანა, როგორიც ”ალფა რომეოა”.

მარკიონე ამბობს, რომ მართალია, ამჟამად ”ალფა რომეო” წამგებიანია, მაგრამ მალე ის პრემიუმ სეგმენტის სრულფასოვანი მოთამაშე გახდება და თავის საწარმოო პროგრამასაც ნაბიჯ-ნაბიჯ გააფართოებს. ”თუ ვინმე მილიარდ ევროს შემოგვთავაზებს... არა, რა ტქმა უნდა, ვხუმრობ, ”ალფას” გაყიდვის არანაირი სურვილი არ მაქვს”, - პარიზშივე განაცხადა მარკიონემ.

პიხი, ვინც ავტორბოლების ფანატია და ლეგენდარული ბრენდების თავის სამფლობელოში მოქცევის კარგი აპეტიტიც აქვს, ამბობს, რომ მანამ დაიცდის, სანამ ”ფიატს” ”ალფას” რესტრუქტურიზაციის საქმეში ხელი მოეცარება.

დარგის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მილანურ კომპანიას განვითარების უკეთესი შანსი სწორედ ”ფოლკსვაგენის” ხელში გადასვლის შემდეგ გაუჩნდება. ”ფიატთან” კი მას მომავალი არ აქვს. არადა, ტურინელებმა, კერძოდ კი მათმა შეფმა სერჯო მარკიონემ, ”ალფას” რესტრუქტურიზაციის და კრიზისიდან გამოყვანის გეგმა ახლახანს წარმოადგინა. ”ფიატის” და ”კრაისლერის” შეფის გეგმის მიხედვით, ”ალფა რომეოს” გაყიდვებმა მალე ნახევარ მილიონს უნდა მიაღწიოს. არადა, შარშან ამ კომპანიამ მხოლოდ 100 ათასზე ოდნავ მეტი ავტომობილის გაყიდვა შეძლო.

”შესაძლოა, ოდესმე ”ალფამ” მართლაც შეძლოს ნახევარი მილიონი ავტომობილის გაყიდვა, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც ”ფოლკსვაგენის” ხელში გადავა”, - საინტერნეტო გამოცემა ”ავტონიუს იუროპთან” საუბრისას განაცხადა ”კრედიტ სუისის” საავტომობილო ბაზრის კვლევის განყოფილების შეფმა არნდტ ელინგჰორსტმა.

სხვა ანალიტიკოსები იმაზე ფიქრობენ, თუ რა გზით შეიძლება შეუერთდეს ”ალფა რომეო” ”ფოლკსვაგენის” მრავალეროვნულ ოჯახს, რომელშიც ერთი იტალიური კომპანია - ”ლამბორგინი” უკვე ფიგურირებს. მაგალითად, საკვლევი ფირმა ”ბერნშტაინის” ცნობილი ანალიტიკოსი მაქს უორბარტონი ვარაუდობს, რომ ვოლფსბურგული გიგანტის ჯგუფში, ”ალფა რომეო” ესპანურ ”სეატს” ჩაანაცვლებს, რომელსაც ისტორიას ჩააბარებენ.

თუმცა, ყველა ვარაუდი ფუჭი იქნება, თუ ”ფიატი” ”ალფა რომეოს” გაყიდვას არ მოისურვებს. ეს კი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მარკიონეს მიაჩნია, რომ მალე დადგება ის დრო, როდესაც კონკურენციას მხოლოდ რამდენიმე მსხვილი კომპანია გაუძლებს. დანარჩენები კი ”ბრძოლის ველზე” დაეცემიან. ასე რომ, ”ალფას” ხელიდან გაშვება მარკიონეს სტრატეგიულ გეგმას ეწინააღმდეგება.

პიხი კი ჯიუტად აცხადებს, რომ 13 მისი იღბლიანი რიცხვია. მისი ხუმრობანარევი რეპლიკა გასაგებია - ”ფოლკსვაგენის” ჯგუფი ამჟამად 12 ბრენდს აერთიანებს, მე-13 კი ”ალფა რომეო” უნდა გახდეს...

ირანი ”პეჟოს” გაკოტრებით ემუქრება

11 ოქტომბერი

როგორც ირანის ახალი ამბების სააგენტო იუწყება, ამ ქვეყნის მთავრობამ ფრანგულ საავტომობილო კომპანია ”პეჟოს” მიმართ, მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა. კერძოდ, ირანის მთავრობა იქადნის, რომ თუ მოისურვებს, ”პეჟოს” რამდენიმე დღეში გააკოტრებს. ფრანგული კომპანიის გაკოტრებას კი ირანის მიერ მისგან სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე უარის თქმა გამოიწვევს.

”რომ მოვინდომოთ, ”პეჟოს” გავაკოტრებთ. თუ სათადარიგო ნაწილების იმპორტზე უარს ვიტყვით, ამ კომპანიის გაყიდვები 2.5 მილიარდი დოლარით შემცირდება. ჩვენი წარბის შეხრაც კი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ფრანგული ავტოინდუსტრია კოლაფსში ჩავარდეს”, - ამბობს ირანის ვიცე პრეზიდენტი მოჰამად რეზა რაჰიმი.

ამჟამად ირანი ”პეჟოს” ორ ძველ მოდელს - 206-ს და 405-ს აწარმოებს. ქვეყნის გზებზე ყველაზე ხშირად სწორედ ეს ავტომობილები შეგხვდებათ. ამ ავტომობილების ზოგიერთ მაკომპლექტებელ ნაწილს ირანული საავტომობილო ქარხანა საფრანგეთიდან ღებულობს.

”პეჟოს” გარდა, ირანში ავტომობილებს კიდევ ორი, ადგილობრივი კომპანია - ”საიპა” და ”ირან ხოდრო” აწარმოებს. პირველის პარტნიორი კიდევ ერთი ფრანგული კომპანია - ”რენოა”, რომლის იაფფასიან მოდელ ”ლოგანსაც” აწარმოებს. მეორე კი კორეულ ”კიასთან” თანამშრომლობს და მის ”პრაიდს” ამზადებს. თუმცა, ”კიას” გადაწყვეტილი აქვს, რომ ირანულ კომპანიასთან თანამშრომლობა შეწყვიტოს. ამის მიზეზი კი საერთაშორისო სავაჭრო ემბარგოა, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის გამოა გამოცხადებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ირანის საავტომობილო ინდუსტრიაში დაახლოებით 500 000 ადამიანია დასაქმებული. გარდა ამისა, საავტომობილო სექტორთან ირიბი კავშირი მაკომპლექტებლების მწარმოებლებსაც აქვთ. ყოველივეს წყალობით, ირანში ავტო მრეწველობა, ინდუსტრიის მეორე უმსხვილესი დარგია ნავთობის სექტორის შემდეგ.

წარმოების წლიური მოცულობის მიხედვით, ირანს მთელს მსოფლიოში მე-18 ადგილი უკავია. ირანულ კომპანიებს კი თავიანთი პროდუქცია ექსპორტზე ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ევროპაში და ლათინური ამერიკის ქვეყნებში გააქვს.

”ასტონ მარტინი” ჯუჯა ”სიგნიტს” მერმისს გამოუშვებს

11 ოქტომბერი

”ასტონ მარტინმა” დაადასტურა, რომ მომავალი წლიდან, თავის ისტორიაში ყველაზე ნელი და პირველი ჯუჯა ავტომობილის, სახელად ”სიგნიტის” წარმოებას შეუდგება. კომპანიის დილერები ამ მანქანას, რომლის საბაზო ღირებულებაც 30 000 გირვანქა სტერლინგი იქნება, გაზაფხულზე მიიღებენ.

”ასტონმა” კონცეპტუალური ”სიგნიტი”, რომელიც ”ტოიოტას” ჯუჯა iQ-ს ბაზაზეა შექმნილი, პირველად ჟენევის წლევანდელ საავტომობილო შოუზე წარადგინა. ინგლისურმა კომპანიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ თავისი მცირე ზომების მიუხედავად, ”სიგნიტი” ჭეშმარიტი ”ასტონ მარტინი” იქნება და თავის მფლობელებს ბრენდისთვის დამახასიათებელ ღირებულებებს შესთავაზებს. ოღონდ, ყველაფერ ამას მცირე გაბარიტებში ჩაატევენ.

”დრო დგება, რომ განსხვავებულად ვიფიქროთ. იმავდროულად, ჩვენ კომპრომისებზე წასვლას მაინც არ ვაპირებთ. რასაც გავაკეთებთ, სწორად გავაკეთებთ. თუ ჩვენ სპორტულ მანქანას ვაკეთებთ, ის სპორტული იქნება. ჩვენს სპორტულ მანქანებს არ დავაპატარავებთ და მათს მახასიათებლებს არ გავაუარესებთ. ”სიგნიტს” კი იმისთვის ვამზადებთ, რომ გამონაბოლქვზე ახალ მოთხოვნებს ვუპასუხოთ. და ამის მიუხედავად, ეს ჭეშმარიტი ”ასტონ მარტინი” იქნება ყოველგვარი კომპრომისის გარეშე. ჩვენს კლიენტებს ქალაქის მცირე ავტომობილი ესაჭიროებათ. ოღონდ ის ისეთი უნდა იყოს, როგორიც ჩვენს მარკას შეესაბამება. და ისინი მას მალე მიიღებენ”, - ამბობს ”ასტონ მარტინის” მთავარი აღმასრულებელი ულრიხ ბეცი.

მართალია, ინგლისური კომპანია აცხადებს, რომ ”სიგნიტის” მონაცემებს მოგვიანებით გამოაქვეყნებს, თუმცა ამ პატარა მანქანის შინაგან აგებულებაზე ლაპარაკი ახლავე შეიძლება. ამის საშუალებას იძლევა ”ასტონის” განცხადება იმის შესახებ, რომ ”ტოიოტას” აგრეგატები ”სიგნიტზე” თითქმის უცვლელად გადაინაცვლბს. პატარა ”ასტონისთვის” მხოლოდ ერთი, 1.33-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ბენზინის ძრავია გათვალისწინებული, რომელიც 98 ცხენის ძალას იძლევა. ძრავთან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი, ან უსაფეხურო ვარიატორი შეწყვილდება.

სავარაუდოდ, ამ აღჭურვილობის მქონე ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 11.6 წამში შეძლებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 170 კმ/სთ იქნება. ავტომობილის ხარჯი ყოველ 100 კილომეტრზე 5.1 ლიტრი იქნება, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროს მხოლოდ 120 გრამი ნახშირორჟანგით დააბინძურებს.

”იაგუარი” ჰიბრიდულ სუპერავტომობილ C-X75-ს გამოშვებას აპირებს

11 ოქტომბერი

კომპანია ”იაგუარი” პარიზში წარმოდგენილ კონცეპტუალურ ჰიბრიდულ ელექტრომობილ C-X75-ს წარმოების შესაძლებლობას განიხილავს და როგორც ჩანს, პროექტს მწვანე შუქსაც მალე აუნთებს. ამ ინფორმაციას ინგლისური ყოველკვირეული გამოცემა ”ავტოქარი” აქვეყნებს, რომელმაც ინფრმაციის წყარო უშუალოდ ინგლისურ კომპანიაში მოიძია.

ამ ეტაპზე, ”იაგუარის” ხელმძღვანელობა პროექტის რეალიზაციის ორ ვარიანტს განიხილავს: მათგან ერთის მიხედვით, სულ 1000 ცალი C-X75 დამზადდება, რომლებიც მეტწილად ხელით აიწყობა. მეორე ვარიანტით, ტირჟი 2000 ცალი ავტომობილია, რომელთა წარმოებისას, მნიშვნელოვნად მეტი იქნება ავტომატიზებული აწყობის წილი. ორივე ვარიანტით, თუ ავტომობილს აირტურბინულ ძრავებს შეუნარჩუნებენ, მაშინ ინგლისურ კომპანიას ამ აგრეგატების წარმოების დაწყებაც მოუწევს, რაც პროექტის განხორციელებას 5-7 წლით გადადებს.

”ორიდან სამ წლამდე დასჭირდება აირტურბინული ძრავების წარმოების დაწყებას, სამი-ოთხი წელი კი იმისთვისაა საჭირო, რომ ასეთი ძრავების სერიული ავტომობილის სტრუქტურაში ინტეგრირება მოხერხდეს”, - ”ავტოქართან” საუბრისას განაცხადა ”იაგუარის” ალტერნატიული ძალური დანადგარების განყოფილების შეფმა ტონი ჰარპერმა და დასძინა, რომ აირტურბინული ძრავები საკმაოდ გამძლე იქნება და წარმოებისთვის მათი მომზადებაც, შიდაწვის ძრავებზე გაცილებით იაფი დაჯდება.

”აირტურბინულ ძრავებში თითქმის არაფერი ტყდება. ამასთან, მათში 100-ჯერ ნაკლები დეტალი გამოიყენება, ვიდრე ჩვეულებრივ შიდაწვის ძრავებში. აქედან გამომდინარე, ისინი უფრო იაფიცაა”, - ამბობს ჰარპერი.

”ავტოქარის” ინფორმაციით, C-X75-ის ბდი მეტწილად სწორედ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს ჰიბრიდულ ძალურ დანადგარებში აირტურბინული აგრეგატების გამოყენება. ზემოთ ნათქვამის გარდა, ამ ძრავების კიდევ ერთი უდავო უპირატესობა მათი კომპაქტური ზომებია. აქედან გამომდინარე, ასეთი ძრავი კაპოტის ქვეშ მცირე ადგილს იკავებს, ეს კი ინჟინრებს იმის საშუალებას აძლევს, რომ სალონის მოცულობა გაზარდონ და მისი დამცავი სტრუქტურაც მეტად გააძლიერონ.

ცნობისათვის, პარიზში წარმოდგენილი კონცეპტუალური C-X75 ოთხი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც ჯამში 780 ცხენის ძალას და 1 600 ნიუტონმეტრს იძლევიან. თითოეული ძრავი (მათი სიმძლავრე 195 ცხენის ძალაა) ”თავის” ბორბალს ემსახურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილს ყველა ბორბალი წამყვანი აქვს. ავტომობილის ბაზაშია განლაგებული ორი აირტურბინა, რომელთა სიმძლავრეც 188-188 ცხენის ძალაა. ორივე ელექტროგენერატორთანაა დაკავშირებული და მათ მიერ გამომუშავებული ენერგიის წყალობით, ავტომობილის სვლის სიშორე 900 კილომეტრს აღწევს. ისე კი, მარტო აკუმულატორების ბლოკში დაგროვილი ენერგია მხოლოდ 110 კილომეტრის გასავლელადაა სამყოფი.

სავარაუდოდ, ”იაგუარი” პროექტ C-X75-ს მწვანე შუქს აუნთებს და დროტა განმავლობაში, მასში გამოყენებულ ტექნოლოგიებს თავის სხვა მოდელებზეც დანერგავს.

კონცეპცია ”ჰალო ინტერსცეპტორი” - ავტომობილი, თვითმფრინავი და ნავი ერთ სხეულში

11 ოქტომბერი

ახლა ისევ ფანტომასი და მისი მფრინავი მანქანა გაგვახსენდება. უმეტესობას მაინც ის ფრთოსანი ”სიტროენი” გაახსენდება, რომლითაც ნიღბიანი მონსტრი ჰაერში პირუეტებს ხაზავს. ზოგი კი მფრინავ ავტომობილ ”ტერაფუჯას”, რომლის სერიული წარმოებაც მალე დაიწყება, უფრო მიმზიდველი გარეგნობით წარმოიდგენს.
თუმცა, ბრიტანელმა კონცეპტუალურმა დიზაინერმა ფილიპ პოლიმ ისეთი კონცეპტუალური ავტომობილი შეიმუშავა, რომელსაც იდეაში ფრენაც შეუძლია და ცურვაც და ამგვარად, უფრო უნივერსალურია, ვიდრე ”ტერაფუჯა”, ან ისევ ის ფანტომასის ფრთოსანი ”სიტროენი”. ავტორმა კონცეპციას ”ჰალო ინტერსცეპტორი” უწოდა და თან განმარტა, რომ ეს მუტანტი ავტომიბილიცაა, მოტორიანი ნავიც, თვითმფრინავიც და შვეულმფრენიც.
კონცეპტუალური აპარატი ჩვეულებრივი თვითმფრინავი იქნებოდა, გარეგნულად ავტომობილს რომ არ ჰგავდეს. უკანა ნაწილით ის ”ბუგატი ვეირონს” მოგაგონებთ, წინიდან კი სამბორბლიან ელექტრომობილ ”აპტერას” ჰგავს. მაგრამ ფრენის წინ, ფრთები და კუდი ”ეზრდება”. და, ასე განსაჯეთ, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს სულ რაღაც 2.4 წამში ავითარებს, ფრენის მაქსიმალური სიჩქარე კი 500 კმ/სთ-ია. ჰო, ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, კონცეპტუალურ მფრინავ ავტომობილ ნავს კარებები თოლიას ფრთის სტილში ეღება.
როდესაც ნავად გადაკეთდება, ”ჰალოს” სიგრძე 11 მეტრს აღწევს, მისი სიჩქარე კი მფრინავ ვარიანტზე არანაკლებ შთამბეჭდავია - 117 კმ/სთ (63 კვანძი). კონცეპციის ავტორი არაფერს ამბობს თავისი ქმნილების იმ ვარიანტის დინამიკურ მახასიათებლებზე, რომელსაც ვერტიკალურად აფრენა და დაშვება შეუძლია. პოლი ამბობს, რომ მის ”ჰალოს” ეს თვისებებიც გააჩნია.

აშკარად შთამბეჭდავია, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი მანქანა ჯერ არავის შეუქმნია და ის არაფერს ნიშნავს, რომ კონცეპტუალურ პროექტებზე მომუშავე დიზაინერს ასეთი მანქანის შექმნის იდეა მოუვიდა. საინტერესოა, ვის რაში დასჭირდება ასეთი სუპერ უნივერსალი? მარტო მფრინავი ავტომობილი რომ იყოს, სხვა საქმე იქნებოდა...

სხვათა შორის, ”მარტო” მფრინავი ავტომობილი პირველად შორეულ 1949 წელს შეუქმნია ვინმე ინჟინერ მულტონ ტეილორს. მან თავის საგზაო თვითმფრინავს უბრალოდ და მარტივად, ”აეროქარი” უწოდა. წარმოიდგინეთ, საკუთარი ერთძრავიანი თვითმფრინავით აეროპორტში ეშვებით, მერე მას საკუთარ კუთხეში დააყენებთ, მარტივი მოძრაობებით უცვლით მას უკანა და გვერდით ნაწილებს - ხსნით კუდსა და ფრთებს და სულ რაღაც ხუთ წუთში, ჯდებით მასში და ჩვეულებრივი გზით, საქმიან შეხვედრაზე, ან შინ გაეშურებით...

კარგია და თქვენ წარმოიდგინეთ, ტეილორმა სულ ექვსი ცალი ასეთი მფრინავი ავტომობილი შექმნა. ყველა გაიყიდა და როგორც ამბობენ, მათგან ორი ჯერაც მუშა მდგომარეობაშია...

”ჰიუნდაი სონატას” ხუთი ვარსკვლავი

11 ოქტომბერი

”ჰიუნდაის” საშუალო ზომის სედანმა ”სონატამ” აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA – ნეიშნლ ჰაივეი ტრაფიკ სეიფრი ედმინისტრეიშნ) ახალი, მნიშვნელოვნად გამკაცრებული სტანდარტებითაც, უსაფრთხოებაზე უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა.

2011 წლის ”სონატას” NHTSA-სგან ხუთი ვარსკვლავი თებერვლის ტესტების შემდეგაც ჰქონდა მიღებული, თუმცა ადმინისტრაციამ ახლახანს თავისი სტანდარტები გაამკაცრა და კორეულმა კომპანიამაც გადაწყვიტა, რომ თავისი ფლაგმანი კიდევ ერთხელ გამოეცადა, რათა მყიდველის კიდევ უფრო მეტი ნდობა მოეპოვებინა.

”ტრადიციულად, მარკა ”სონატა” საშუალო ზომის ავტომობილებს შორის, უსაფრთხოების დონეს კიდევ უფრო მაღლა სწევს ხოლმე და ამ მხრივ, გამონაკლისი არც ახალი ”სონატაა”. 2006 წლიდან მოყოლებული, ”სონატას” სტანდარტულ აღჭურვილობაში, სტაბილურობის ელექტრონული კონტროლის სისტემა შედის, 2011 წლის მოდელი კი უსაფრთხოების მხრივ, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც უსაფრთხოების მხრივ, მას თავისი კლასის ლიდერად წარმოაჩენს”, - ნათქვამია ”ჰიუნდაი მოტორ ამერიკას” მთავარი აღმასრულებელი ჯონ კრაფჩიკი

”ჰიუნდაი სონატას” სტანდარტულ ეკიპირებაში შედის: ექვსი აირ-ბალიში, მათგან ორი წინაა, კიდევ ორი, წინა სავარძლებს გვერდითა დაჯახებისას იცავს, უკანა სავარძლებს კი გვერდითა ფარდა-ბალიშები იცავს. წინა სავარძლებს აქვს თავის და კისრის დამცავი აქტიური სისტემები. ყველა დასაჯდომ პოზიციას აქვს უსაფრთხოების სამწერტილოვანი ღვედები, წინა სავარძლების ღვედებს წინასწარი დამჭიმები ემსახურება, რაც ღვედისგან ტრავმის მიღების ალბათობას ამცირებს. უკანა სავარძლებს კი ბავშვის სავარძლის სპეციალური სამაგრები აქვს. რაც მთავარია, ავტომობილის სალონი ფოლადის ზემტკიცე სტრუქტურითაა დაცული.

უსაფრთხოების აქტიური სისტემებიდან, ”სონატას” სტანდარტულ ეკიპირებაში შედის: სტაბილურობის ელექტრონული კონტროლი (ESC), ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა (ABS) და მუხრუჭებზე ზეწოლის გადანაწილების ელექტრონული სისტემა (EBD), ასევე სისტემა ბრეიკ-ესისტ (მუხრუჭების დამხმარე), რომელიც ექსტრემალური დამუხრუჭებისას, მუხრუჭებზე მაქსიმალურ ძალას გადაანაწილებს.

ცნობისათვის, NHTSA-ს ახალი, გამკაცრებული სატესტო პროგრამა ამიერიდან გვერდითა ქრეშ-ტესტებსაც ითვალისწინებს. გარდა ამისა, მხედველობაში მიიღება სისტემები, რომლებიც ავარიის თავიდან არიდებას ემსახურება. დაკიდევ, ქრეშ (დაჯახებაზე) ტესტების დროს, ასევე იყენებენ მანეკენ ქალებს და იმ ექსტრემალურ სცენარებს, რომლებშიც შეიძლება ქალი იყოს გარეული.