Wednesday, May 19, 2010

”ფოლკსვაგენი” ”იტალდიზაინ ჯუჯაროს” შეძენას აპირებს

Volkswagen Plans Buying Italdesign Giugiaro

19 მაისი

გამოცემა ”ავტომოტივ ნიუს იუროპის” ინფორმაციით, ”ფოლკსვაგენი” უდიდეს იტალიურ სადიზაინერო და ინჟინირინგულ ფირმა ”ჯუჯაროს” აქციების საკონტროლო პაკეტის შეძენას აპირებს. მოსალოდნელია, რომ ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება მალე გამოქვეყნდება, თუმცა ამ ეტაპზე, ”ფოლკსვაგენიც” და ”იტალდიზაინიც” ამ თემაზე კომენტარებისგან თავს იკავებენ.

”ფოლკსვაგენის” მიზანია, 2018 წლისთვის მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი გახდეს. ამასთან, იმ დროისთვის მისი წარმოების წლიური მოცულობა 10 მილიონს უნდა მისწვდეს. ამ მიზნების მისაღწევად კი, ვოლფსბურგელებს მეტი გამოცდილი ინჟინერი და დიზაინერი ესაჭიროებათ. ამ ნიშის შევსება კი მათთვის ”იტალდიზაინ ჯუჯაროს” შეუძლია.

ცნობისათვის, ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შემავალი კომპანიები (ფოლკსვაგენი, აუდი, შკოდა, სეატი, ლამბორგინი, ბენტლი, ბუგატი და ფოლკსვაგენის კომერციული ავტომობილების მწარმოებელი შტო) წელს 60 ახალი და განახლებული ავტომობილის გამოშვებას გეგმავენ.

”იტალდიზაინ ჯუჯარო” 1968 წელს დააარსა ჯორჯეტო ჯუჯარომ. კომპანიაში დღეისათვის 975 ადამიანი მუშაობს, რომლებიც თავიანთი საქმისთვის, სადიზაინერო პროგრამებით აღჭურვილ 800 ცალ კომპიუტერს იყენებენ. ფირმის მთავარი ოფისი ტურინის სამხრეთით, 16 კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქ მონკალიერიში მდებარეობს. იქვეა განლაგებული მთავარი საწარმოც.

დღეისათვის ”იტალდიზაინი” მთლიანად ჯორჯეტო ჯუჯაროს და მის შვილ ფაბრიციოს ეკუთვნით. უფროსი ჯუჯარო თავისი ფირმის მთავარი აღმასრულებელია, ფაბრიციო კი დიზაინისა და მოდელირების განყოფილებას განაგებს. ამ ეტაპზევე ცნობილია, რომ თუ ”ფოლკსვაგენი” ”იტალდიზაინს” დაეუფლება, ჯუჯაროები თავიანთ თანამდებობებს შეინარჩუნებენ.

წლების განმავლობაში, ”ფოლკსვაგენს” და ”იტალდიზაინ ჯუჯაროს” მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. იტალიურმა ფირმამ გერმანული გიგანტისა და მის ჯგუფში შემავალი ბრენდებისთვის შეიმუშავა ისეთი მოდელების დიზაინი, როგორებიცაა: პირველი თაობის ”გოლფი” (სურათზე), პირველი თაობის ”სკიროკო”, პირველი თაობის ”პასატი”, ”აუდის” მოდელები 80 და 100, ასევე 1991 წლის ”სეატ ტოლედო” და 1993 წლის ”სეატ იბისა”.

”Z სპაიდერ სტრადალე” – ”ბეემვეს” კონცეპცია ”ეფიციენტდაინემიქსის” ახალი სახელი

BMW Z Spyder Stradale, a New Face for EfficientDynamics

19 მაისი

”ბეემვეს” მომავალი უკეთეს აეროდინამიკასა და გარემოსადმი მეგობრულ ტექნოლოგიებს უკავშირდება, რის დასტურადაც, გასული წლის ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენაზე, ბავარიელებმა საზოგადოებას თავიანთი მრავალპროფილიანი კონცეპცია ”ვიჟნ ეფიციენტდაინემიქსი” წარუდგინეს. გავიდა რვა თვე და გერმანულმა კომპანიამ ამ კონცეპციას სახელი და ფორმაც შეუცვალა - ამიერიდან მას ”Z სპაიდერ სტრადალე” ეწოდება.

ბავარიული კომპანიის ინკოგნიტო წარმომადგენლის თქმით, ღია ავტომობილს, რომელიც ”Z სპაიდერ სტრადალეს” სახელს მიიღებს, უკან დაწეული სალონი, დაბლა განლაგებული მძღოლის სავარძელი და ძლიერ დახრილი საქარე შუშა ექნება. ამ ავტომობილის მზიდი სტრუქტურა ძირითადად ალუმუნის, მაგნეზიუმისა და ფოლადისგან აიწყობა. რაც შეეხება ძარას, აქ უფრო მეტი დეტალი კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება.

ისევე როგორც ”ვიჟნ ეფიციენტდაინემიქსის” პროგრამის სხვა ავტომობილები (ასეთი ჯერ ერთია, თუმცა მალე მათი რიცხვი გაიზრდება), ”სპაიდერ სტრადალეც” სტოპ-სტარტ ტექნოლოგიითა და მუხრუჭების ენერგიის რეგენერაციის სისტემით აღიჭურვება. გარდა ამისა, როგორც ინკოგნიტო ინფორმატორი ამბობს, ახალ ავტომობილზე რამდენიმე ახალი ტექნოლოგიის გამოყენებაც იგეგმება, რომლებიც პროგრამა ”აქტივ აეროდინამიკსის” ფარგლებში მუშავდება.

რაც შეეხება ძრავს, ბავარიელთა კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი საშუალო ან სრულფასოვან ჰიბრიდულ სისტემას მიიღებს, რომლებშიც ელექტროძრავები ამაჩქარებლის მოვალეობას შეასრულებს და ისინი ტრანსმისიასთან იქნება დაკავშირებული. გარდა ამისა, ამავე ავტომობილისთვის მუშავდება წყალბადის ფიჭური სისტემა.

რა თქმა უნდა, ”სპაიდერ სტრადალე” შიდაწვის ძრავებითაც აღიჭურვება. ტრადიციული ვერსიებისთვის კი ბავარიელები V8 ან V10 ძრავს გამოიყენებენ. სხვათა შორის, ათცილინდრიანი აგრეგატი ამჟამად შემუშავების სტადიაშია და მას პირველად შემდეგი თაობის M5-ზე დააყენებენ. ორივე შემთცხვევაში, ძრავს 7-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი შეუწყვილდება, მომავალში კი მას 9-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი შეცვლის, რომელიც ძრავის მაბრუნ მომენტს ორმაგი ქურის მეშვეობით მიიღებს.

სხვათა შორის, ”ბეემვეს” მთავარ აღმასრულებელ ნორბერტ რაიტჰოფერს ასეთი ავტომობილის შექმნის იდეა მას შემდეგ აქვს, რაც 2005 წელს ამ თანამდებობაზე დაინიშნა. მას სურს, რომ ბავარიულმა კომპანიამ სუპერ ავტომობილ Z10-ის წარმოებაც დაიწყოს. ყოველ შემთხვევაში, ფრანკფურტის შარშანდელი გამოფენის წინ, პრესაში სწორედ ეს ინფორმაცია გავრცელდა.

კომპაქტური ”ლენდ როვერი” საგზაო გამოცდებს გადის

Land Rover LRX

19 მაისი

საერთო სარგებლობის ტრასებზე გამოსაცდელად გამოყვანილი ავტომობილების ფოტოს გადაღებაში დახელოვნებულმა ბრიტანელმა პაპარაცებმა ტესტების დროს, ”ლენდ როვერის” ახალი კამუფლირებული ქროსოვერის პროტოტიპი გამოიჭირეს, რომლის გაყიდვებიც მალე უნდა დაიწყოს.

ეს არის ”ლენდ როვერის” კონცეპტუალურ მოდელ LRX-ის ბაზაზე შექმნილი ავტომობილი, რომელიც ამ კომპანიის ისტორიაში პირველი წინა წამყვანბორბლიანი ავტომობილი გახდება. მართალია, საცდელი ავტომობილი სხვადასხვა ფერადაა აჭრელებული, თუმცა მაინც აშკარად ჩანს, რომ ის კონცეპტუალური LRX-სგან გარეგნობით თითქმის არ განსხვავდება.

მართალია, ამ ავტომობილის საბაზო ვერსიას წამყვანი წინა ბორბლები ექნება, თუმცა კომპანია მყიდველს მის სრულამძრავიან ვარიანტსაც შესთავაზებს. ძრავების გამაში კი მთავარი 2.2-ლიტრიანი დიზელი იქნება, რომელიც 180 ცხენის ძალას ავითარებს. სხვათა შორის, ამ ძრავს ინგლისური კომპანია ფრანგული ”PSA პეჟო სიტროენისგან” მიიღებს. ამასთან, ნებისმიერი ძრავის შემთხვევაში, ავტომობილის საბაზო კომპლექტაციაში სისტემა სტოპ-სტარტიც შევა.

მართალია, საცდელი ავტომობილი ძლიერ ჰგავს კონცეპტუალურ LRX-ს, მაგრამ მის სერიულ ვარიანტს ეს სახელი არ შერჩება. ახალი ავტომობილის მსოფლიო პრემიერა პარიზის ავტო შოუზე ჩატარდება, კომპანიის შოურუმებში კი ის ამ წლის ბოლოს გამოჩნდება.

ახალი ქროსოვერის წინა ამძრავიანი ვერსიის საბაზო ღირებულება 34 700 ევრო, სრულამძრავიანისა კი 40 500 ევრო იქნება.

ათი ცალი ”ასტონ მარტინ ვან-77” ერთმა კლიენტმა იყიდა

Aston Martin One-77

19 მაისი

როგორც ”ასტონ მარტინის” ინკოგნიტო წარმომადგენელმა ბრიტანულ გამოცემა ”ტაიმსს” განუცხადა, უცნობმა ახლოაღმოსავლელმა მყიდველმა, კომპანიას ათი ცალი სუპერ ავტომობილი ”ასტონ მარტინ ვან-77” შეუკვეთა და მათში 17 მილიონი დოლარი გადაიხადა.

ამასთან, უცნაურმა მყიდველმა მოითხოვა, რომ ყველა ავტომობილიგანსხვავებულ ფერში შეიღებოს და მათ სალონის გაფორმებაც სხვადასხვანაირი უნდა ჰქონდეს. საკუთარ ავტომობილებს ის მხოლოდ წლის ბოლოს მიიღებს, რადგან ამ ავტომობილის წარმოება ჯერ არ დაწყებულა.

ინფორმაციის წყარო ირწმუნება, რომ ეს ”ასტონ მარტინის” ისტორიაში ყველაზე მსხვილი შეკვეთაა. ამასთან, მანვე გამორიცხა, რომ შემკვეთი გადამყიდველია და აღნიშნა, რომ მას ყველა ავტომობილი საკუთარი ფარეხისთვის სურს.

ცნობისათვის, საზოგადოებამ ”ასტონ მარტინ ვან-77” პირველად შარშან, ჟენევის საავტომობილო გამოფენაზე იხილა. ამ ავტომობილმა კონკურენცია უნდა გაუწიოს ისეთ ძვირადღირებულსა და იშვიათ ავტომობილებს, როგორებიცაა ”ბუგატი ვეირონი” და ”ლამბორგინი რევენტონი”.

ყველაზე ძვირადღირებული ”ასტონი” 7.3-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 700 ცხენის ძალას იძლევა. მისი წყალობით კი ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 322 კმ/სთ-ს აღწევს.

ინგლისურ კომპანიას სულ 77 ცალი ”ვან-77-ის” წარმოება აქვს გადაწყვეტილი, რომელთაგან 65 უკვე გაიყიდა.