Tuesday, June 30, 2009

პირველი ნაცნობობა ახალ ”სიტროენ C3-თან”

Citroen C3

1 ივლისი

გაყიდვების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, ”სიტროენმა” თავის პოპულარულ ჰეჩბეკ C3-ის განახლებული ვერსიის ფოტოები და ზოგიერთი მახასიათებლები გამოაქვეყნა. ამ მოდელთან დაკავშირებით, ფრანგული კომპანიის დევიზია: ”ავიღოთ C3-გან ყველაფერი კარგი და ის კიდევ უფრო უკეთესად ვაქციოთ”. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ წინა თაობის C3 ”ორმაგმა შევრონმა” თითქმის 2 მილიონი ცალი გაჰყიდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ”კიდევ უფრო უკეთესი” ავტომობილით, ევროპული ბაზრის კომპაქტური ავტომობილების სეგმენტის დაპყრობა იგეგმება.

ახალი ავტომობილი წინამორბედზე დიდი - 12 სანტიმეტრით გრძელი და 5 სანტიმეტრით განიერია. სანამ ”სიტროენი” ახალი C3-ის ფოტოებს გამოაქვეყნებდა, ბევრი ფიქრობდა, რომ ამ ავტომობილს პანორამული სახურავი ექნებოდა, როგორც მის კონცეპტუალურ ვერსიას, მაგრამ ვარაუდი არ გამართლდა. სამაგიეროდ, ავტომობილი უცნაური ფორმის საქარე მინით აღიჭურვა, რომელიც ნაწილობრივ სახურავში გადადის და ლამის შუა საყრდენს აღწევს - დიზაინერებმა ჩათვალეს, რომ ასე უფრო ორიგინალურ გადაწყვეტას მიაგნეს.

მთლიანადაა შეცვლილი ავტომობილის წინა ნაწილის დიზაინი და უკანა სტოპ-ფარების ფორმა. მთლიანობაში ავტომობილმა უფრო დახვეწილი, სპორტული სტილის გარეგნობა მიიღო, სახურავში გადასული საქარე მინის წყალობით კი მძღოლის სავარძლიდან ხედვის არე 80 გრადუსს აღწევს.

სალონზე ვერ იტყვით, რა ვნახეო, მაგრამ მისი ტექნიკური უზრუნველყოფა ქებას იმსახურებს - საბაზო კომპლექტაციაში შედის Hi-Fi აუდიო სისტემა, რომელიც გასართობი ცენტრის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, ნავიგატორი, iპოდის და USB-კაბელის შესაერთებლები, უკაბელო კავშირის სისტემა ”ბლიუთუთ” და სხვა.

ახალი C3-ისთვის ძრავების ფართო გამაა განკუთვნილი, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული ახალი HDi 90 DPFS დიზელია. გამორჩეული კი საწვავის ეკონომიური მოხმარებით და შედარებით სუფთა გამონაბოლქვითაა. მართალია, ფრანგული კომპანია ამ კუთხით დაწვრილებით ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს, მაგრამ ინტერნეტში გავრცელებული მონაცემებით, სისტემა სტოპ/სტარტის დახმარებით, რომელიც საბაზო აღჭურვილობაში შევა, ყოველი კილომეტრის გავლისას, C3 ატმოსფეროში 100 გრამზე ნაკლებ СО2-ს გამოჰყოფს.

”სიტროენ C3-ის” სერიული ვერსია პირველად საზოგადოების წინაშე ფრანკფურტის ავტო შოუზე წარსდგება, ორი თვის შემდეგ კი მას ევროპელი დილერები მიიღებენ. სწორედ ფრანკფურტამდე რამდენიმე დღით ადრეა მოსალოდნელი ახალ C3-ზე უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის გამოქვეყნება.

პორტუგალიაში 1 300 ელექტროგასამართი სადგური აშენდება

30 ივნისი

პორტუგალიის მთავრობამ ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების გაყიდვების სასტიმულაციო ღონისძიებათა გატარება დაიწყო. ამ მიმართულებით პირველი სერიოზული ნაბიჯი, მომდევნო ორ წელიწადში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 300 ცალი ელექტროგასამართი სადგურის აშენება იქნება.

პორტუგალია ენერგიის წყაროების იმპორტზე ძლიერ დამოკიდებული ქვეყანაა, მაგრამ მის მმართველ, მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის პარტიას, ამ სიტუაციის რადიკალურად შეცვლა აქვს გადაწყვეტილი. აქცენტი განახლებად და ენერგიის (შედარებით) სუფთა წყაროებზე კეთდება. ბოლო წლებში, პორტუგალია ინტენსიურ ინვესტიციებს ახორციელებს ენერგიის ალტერნატიული წყაროების ასათვისებლად. ქვეყნის მთავრობის გათვლებით, დღეისათვის, ქვეყნის ენერგომოთხოვნების დაახლოებით 43 პროცენტი განახლებადი წყაროებიდან გამომუშავდება.

ელექტროგასამართი სადგურების მშენებლობის გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე, ასეთი სადგურები ქვეყნის 21 უდიდეს ქალაქსა და რეგიონულ ცენტრებში აშენდება. სადგურები ბენზინით გასამართ სადგურებთან სავაჭრო ცენტრებთან და დიდ ავტოსადგომებთან აშენდება.

გარდა ამისა, ქვეყნის მთავრობამ საგადასახადო შეღავათები შემოიღო იმ ავტომფლობელებისთვის, რომლებიც ელექტრომობილების შეძენას გადაწყვეტენ. ადგილობრივი მმართველობები კი მალე ელექტრომობილებისთვის, ქალაქების ცენტრებში სპეციალურ სადგომებს მოაწყობენ, რომლებზე დგომაც შედარებით იაფი ეღირება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დაჯდება ენერგია ახალ ელექტროგასამართ სადგურებში. თუმცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ ელექტრომობილის შენახვა ჩვეულებრივ, შიდაწვისძრავიან ავტომობილებთან შედარებით, იაფი ჯდება.

პროექტის მიხედვით, 2020 წლამდე ქვეყანაში 25 000 ელექტროგასამართი სადგური აშენდება. ქვეყნის ეკონიმიკისა და ინოვაციების მინისტრი კი იმედოვნებს, რომ იმ დროისთვის, პორტუგალიის გზებზე 180 000 ელექტრომობილი იმოძრავებს.

”ოპელს” ბელგიელები იყიდიან?

Opel

30 ივნისი

”ოპელის” საგა გრძელდება. გერმანული კომპანიის შესახებ, თითქმის ყოველდღიურად, ერთმანეთის გამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება, რომელთა მიხედვითაც, ”ოპელი” ავტომაკომპლექტებლების კანადურ კომპანია ”მაგნა ინტერნეიშნლის” ხელში სექტემბერში გადავა.

მეორე ვერსიით, ”ოპელი” ბოლოს მაინც ”ფიატს” დაჩება, რომლის მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონეც ამაყად აცხადებს, რომ ”ოპელის” შეძენაზე თავისი განაცხადის პირობების გაუმჯობესებას არ აპირებს.

მესამე ვერსიით, ”ჯენერალ მოტორსი” ”მაგნას” გერმანული კომპანიის მიყიდვას იმ პირობით დასთანხმდა, თუ მოგვიანებით, კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, მისი უკან დაბრუნების (რა თქმა უნდა, სარგებლის გათვალისწინებით) საშუალება მიეცემოდა, რის გამოც, კანადური კომპანია ”ოპელის” ყიდვას აღარ აპირებს.

დაბოლოს, გუშინ გამოცემა ”ფაინენშლ ტაიმსმა”, სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მალე ”ჯენერალ მოტორსსა” და ბელგიურ საინვესტიციო ჯგუფ ”RHJ ინტერნეიშნლს” შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, რის შემდეგაც, ბელგიური მხარე ”ოპელის” შეძენის უმთავრესი პრეტენდენტი გახდება.

ბელგიური ჯგუფის პოზიციებს ის გარემოება ამყარებს, რომ RHJ-სთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი ”ოპელის” ქარხნებში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებაა. ეს კი გერმანიის მთავრობასაც ძალიან მოსწონს, რის გამოც, RHJ-ს შანსები კიდევ უფრო მყარდება.

ალონსო ”ფერარიში

Formula 1

30 ივნისი

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ესპანელი ფერნანდო ალონსოს ”ფერარიში” შესაძლო გადასვლის შესახებ სპეკულაცია ახალი ძალით აგორდა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ესპანურმა სპორტულმა გამოცემა ”დიარიო ას-მა” ამ თემას სპეციალური პუბლიკაცია მიუძღვნა.

გაზეთი ვარაუდობს, რომ ალონსოსთან კონტრაქტის დადების შესახებ, იტალიური საჯინიბო 11 სექტემბერს, იტალიის დიდი პრიზის წინ გვამცნობს. გაზეთი იმასაც აღნიშნავს, რომ ”ფერარიში” ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ, ვის ადგილზე მიიწვიონ ესპანელი პილოტი. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ზაფხულის ეტაპებზე როგორი შედეგები ექნებათ ბრაზილიელ ფელიპე მასას და ფინელ კიმი რაიკონენს.

”ას-ი” იმასაც გვაუწყებს, რომ წელს ”ფერარი” თავის ტრადიციულ სეზონის დახურვის ცერემონიას ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში გამართავს. საერთოდ, ეს ცერემონიები იტალიაში, რომელიმე ცნობილ ავტოდრომზე ტარდება ხოლმე, მაგრამ ამჯერად ვალენსიას არჩევას ის დატვირთვაც აქვს, რომ მომავალი სეზონიდან იტალიურ გუნდს ახალი სპონსორი ეყოლება ესპანურ ბანკ ”სანტანდერის” სახით. მთავარი კი ისაა, რომ ცერემონიას ალონსოც დაესწრება. ოღონდ, ის ”ფერარის” წითელ ფორმაში კი არა, სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი იქნება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მას ”რენოსთან” კონტრაქტი 31 დეკემბერს უმთავრდება, რის გამოც, სხვა გუნდის ფორმით ოფიციალურ ღონისძიებებზე დასწრების უფლება არ აქვს.

არის კიდევ ერთი პილოტი, რომლის გადაბირებითაც ”ფერარია” დაინტერესებული. ესაა გერმანელი სებასტიან ფეტელი, ვინც დღეს ”რედ ბულის” ლიდერია და ამ სეზონში ორი რბოლის მოგება შეძლო. მაგრამ მარანელოელები მის გადაყვანას არ ჩქარობენ. მიზეზი ისაა, რომ ფეტელს ”რედ ბულთან” კონტრაქტი კიდევ ორი სეზონით აკავშირებს. ამ კონტრაქტის დარღვევა ძალიან ძვირი დაჯდება. თანაც, იტალიური გუნდის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ იმ ორი სეზონის განმავლობაში, რომლებსაც ”რედ ბულში” გაატარებს, გერმანელი პილოტი ნამდვილ სუპერვარსკვლავად ჩამოყალიბდება და მისი გადაყვანა უფრო ეფექტური იქნება.

”რენომ” სპორტული ”კლიო” და ”მეგანი” გამოუშვა

Renault Clio, Megane World Series

30 ივნისი

ფრანგულმა კომპანია ”რენომ” თავის სარბოლ სერია ”უორლდ სერის” დაარსებიდან ათი წლის იუბილე ორიგინალურად აღნიშნა - ამასთან დაკავშირებით, თავისი პოპულარული მოდელების - ”კლიოსა” და ”მეგანის” ბაზაზე სპეციალური სპორტული მოდელები გამოუშვა, ტუნინგის პროგრამას კი ”უორლდ სერის” უწოდა. აღნიშნული სერია 1998 წელს ჩამოყალიბდა და მაშინ მას ”ნისან ოუპენ ფორტუნა” ერქვა, 2005 წლიდან კი ის ფრანგული კომპანიის სახელით ტარდება.

ავტომობილი ”რენო კლიო უორლდ სერის” აეროდინამიკურ კომპლექტ ”დინამიკით” არის აღჭურვილი. ასეთ კომპლექტაციას მხოლოდ სამკარიანი ”კლიო” მიიღებს. სტანდარტული მოდელისგან მას მოზრდილი წინა სპოილერი, სხვა ფორმის გვერდითა სპოილერები და სპორტული უკანა ბამპერი განასხვავებს. ამ ავტომბილისთვის სულ სამი ძრავია გათვალისწინებული, რომელთაგან ყველაზე სუსტი 1.2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი აგრეგატია, რომელსაც თითო ცილინდრზე ოთხი სარქველი ემსახურება. ეს აგრეგატი 75 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისით აღჭურვილი ”კლიო უორლდ სერის” კი 20 000 დოლარი ეღირება. ოდნავ მაღალი ფასი ექნებათ უფრო მძლავრი ძრავებით აღჭურვილ ვერსიებს.

რაც შეეხება ”მეგან უორლდ სერის”, მისთვის ჰეჩბეკის და კუპეს ძარებია გათვალისწინებული. ეს ავტომობილიც იმავე აეროდინამიკური კიტებით აღიჭურვება, რითაც ”კლიო WS”. ოღონდ, მათ შორის განსხვავება ის იქნება, რომ ”მეგანი” 17-დუიმიან ბორბლებს და ექვსსაფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფს მიიღებს. ასეთი ”მეგანის” ფასი იმავე სერიის ”კლიოსაზე” თითქმის 6 000 დოლარით მეტია.

”მეგან WS-თვის” მხოლოდ ორი ძრავია გათვალისწინებული (ორივე იმავე სერიის ”კლიოზეც” გამოიყენება). მათგან ერთი ბენზინზე მუშაობს. ესაა 1.6-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი (16 სარქველით) აგრეგატი, რომლის სიმძლავრე 110 ცხენის ძალას აღწევს. მეორე აგრეგატია დიზელის dCi 106, რომლის მახასიათებლებიც ჯერ არ ქვეყნდება.

”უორლდ სერის” ”კლიოსა” და ”მეგანის” პრემიერა ამ უქმეებზე, ინგლისის სილვერსტოუნზე, სპორტული ავტომობილების გრანდიოზულ რანდევუზე გაიმართება, რომელზე შესვლაც ყველასათვის უფასოა.

”სიტროენმა” GT-ს წარმოება გადაწყვიტა

Citroen GT

30 ივნისი


ფრანგულმა კომპანია ”სიტროენმა” თავის კონცეპტუალურ სუპერავტომობილ GT-ს ძალიან შეზღუდული რაოდენობით წარმოება გადაწყვიტა. ინგლისურ ჟურნალ ”აუტოქარის” ინფორმაციით, GT-ს წარმოებას მწვანე შუქი ”სიტროენის” შეფმა ვენსან ბესონმა აუნთო. სულ 6 ცალი GT დამზადდება და მათი შეძენის მსურველებს 1.1 მილიონი გირვანქა სტერლინგის გაღება მოუწევთ.

ჯერჯერობით, ცნობილი არაა, თუ კონცეპტუალური მოდელიდან საწარმოოზე რომელი ტექნიკურ გადაწყვეტები გადაინაცვლებს. თუმცა, ჟურნალმა შეძლო ინფორმაციის მოპოვება, რომლის მიხედვითაც, კონცეპტუალური მოდელი ძალიან უმნიშვნელოდ შეიცვლება. რაც მთავარია, მისი ძარის დეტალების უმეტესობა ნახშირბადოვანი კომპოზიტებისგან დამზადდება, ინტერიერში კი ექსტრემალურ გარემოს მდიდრული გაფორმება შეუხამდება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ძრავს მიიღებს ფრანგული სუპერავტომობილი. შესაძლოა, არჩევანი ”ფორდის”, ან ”ჯენერალ მოტორსის” V8 აგრეგატზე შეჩერდეს. ძრავის სიმძლავრე 500 ცხენის ძალის ფარგლებში იქნება, მას კი მექანიკური (საფეხურების რაოდენობა უცნობია) კოლოფი შეუწყვილდება.

რატომ ყიდულობს ”სიტროენი” ძრავს სხვისგან და თვითონ არ ამზადებს? ”აუტოქარი” განმარტავს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ თანხების დაზოგვის მიზნით ხდება - ოდენ ექვსი ავტომობილისთვის ახალი აგრეგატის შემუშავება მეტისმეტად ძვირი დაჯდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მარტში, ჟენევის ავტო შოუს დროს, ბესონმა განაცხადა, რომ ოცი ცალი GT-ს დამზადება იგეგმებოდა, მაგრამ მას შემდეგ გეგმები შეიცვალა.

”სიტროენ GT-ს” კონცეპტუალური ვერსიის მორიგი ჩვენება ფრანკფურტის შოუზე იგეგმება, სადაც მასთან დაკავშირებული გეგმები დაწვრილებით გამოქვეყნდება.

ყველაზე ძვირი ბოლიდი ფორმულა 1-ში

Formula 1

30 ივნისი

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ორივე ჩათვლის ლიდერი გუნდის, ინგლისური ”ბრაუნ GP-ს” ტესტ პილოტმა, ავსტრიელმა ალექს ვურცმა გერმანულ ჟურნალ ”აუტო მოტორ უნდ შპორტთან” საუბრისას, თავისი გუნდის წარმატებათა მიზეზებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გუნდს ”ჰონდა” ერქვა, უზარმაზარი სამუშაო შესრულდა ავტომობილის აეროდინამიკაზე.

ვურცის თქმით, ”ჰონდას” წინასასეზონო სამზადისი ყველაზე ინტენსიური და მრავალმხრივი იყო, რის გამოც, ახალი ჩემპიონატისთვის განკუთვნილი ბოლიდის მომზადება ”ბრაუნს” (უფრო სწორედ, ჰონდას) ყველა სხვა გუნდზე ძვირი დაუჯდა.

ვურცის ინფორმაციით, ახალი ავტომობილის შექმნის პროცესში ”ჰონდამ” მთლიანობაში ხუთი აეროდინამიკური მილი გამოიყენა.

სულ ბოლიდის (BGP001) სამი პროტოტიპი დამზადდა, რომლებიც განსხვავებული კონცეპციით დამუშავდა. აეროდინამიკურ მილებში ჩატარებული ტესტების შემდეგ, საჯინიბოს ტექნიკურმა ხელმძღვანელობამ ერთი, ყველაზე წარმატებული პროტოტიპი შეარჩია. განვითარების დანარჩენი ორი გზა მცდარად მიიჩნიეს და მათს განვითარებაზე მუშაობა ადრეულ სტადიაშივე შეაჩერეს. პარალელურად, გუნდმა მთელი თავისი საინჟინრო არსენალი დარჩენილი ერთის სრულყოფას მოახმარა.

”შარშან ”ჰონდა” ხუთ აეროდინამიკურ მილს იყენებდა. პირველ ეტაპზე, სამი განსხვავებული კონცეპცია მომზადდა, რომლებმაც ცალ-ცალკე გაიარეს ტესტები. გამოცდებმა აჩვენა, რომ სამიდან ორი გზა მცდარი იყო. ამიტომ მათს განვითარებაზე ადრევე ითქვა უარი, რის შემდეგაც, გუნდმა მთელი თავისი შესაძლებლობები დარჩენილი ერთის განვითარებას მოახმარა. განვლილ პროცესზე დაკვირვება მაფიქრებინებს, რომ BGP001 ჩემპიონატში მონაწილე მანქანებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია”, - ამბობს ვურცი, ვინც ერთხანს ”მაკლარენის” ტესტ პილოტად მუშაობდა, წელს კი თურქულ და ბრიტანულ ეტაპებს შორის, ლე მანის 24-საათიან რბოლაში იასპარეზა და სახელოვანი ასპარეზობა მეორედ მოიგო.

ავსტრიელი ავტომრბოლის ვარაუდით, ”ჰონდამ” ახალი ბოლიდის მომზადებას, დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარი მოახმარა. შემდეგ კი, ფინანსური კრიზისის მომიზეზებით, ჩემპიონატი მიატოვა. კარგა ხანს, მისი საქარხნო გუნდის ბედი გაურკვეველი იყო, ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე კი, ის სიმბოლურ ფასად მისმავე შეფმა, როს ბრაუნმა შეიძინა და თავისი სახელიც დაარქვა.

სწორედ ”ჰონდას” მიერ წვრილმანებამდე დამუშავებული აეროდინამიკის დამსახურებაა ის, რომ განვლილი რვა ეტაპიდან ექვსი ”ბრაუნ GP-ს” ბრიტანელ პილოტ ჯენსონ ბატონის გამარჯვებით დასრულდა. თუმცა, აქ ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ბოლიდს სასწაულებრივად კარგად მოერგო ”მერსედეს-ბენცის” ძრავი და გადაცემათა კოლოფი, რომელიც გუნდმა ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე მიიღო.

Monday, June 29, 2009

ყველაზე იაფი ”ლამბორგინი”

Gallardo LP550-2

30 ივნისი

ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, სუპერავტომობილების მწარმოებელი იტალიური კომპანია ”ლამბორგინი” პოპულარულ მოდელ ”გალიარდო LP560-4-ს” ბაზაზე, ფასით უფრო ხელმისაწვდომ ”გალიარდო LP550-2-ს” ამზადებს, რომელსაც წამყვანი მხოლოდ უკანა ბორბლები ექნება.

იმის წყალობით, რომ სრულამძრავიანი ტრანსმისია უკანა წამყვანბორბლიანით შეიცვლება, ავტომობილი 30 კილოგრამით შემსუბუქდება. გარდა ამისა, ავტომობილს ბევრი დამხმარე სისტემაც აღარ ექნება. სამაგიეროდ, 5.2-ლიტრიანი V10 ძრავის სიმძლავრე 560-დან 550 ცხენის ძალამდე შემცირდება. რა თქმა უნდა, ყოველივე ავტომობილის დინამიკურ მახასიათებლებზე აისახება. ახალი ”გალიარდოს” მაქსიმალური სიჩქარე არ ქვეყნდება, მაგრამ ცნობილია, რომ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს ის 3.9 წამში განავითარებს. შედარებისთვის, კუპე ”გალიარდოს” 0.2 წამით უკეთესი აჩქარება აქვს. სამაგიეროდ, იმავე სიჩქარის ასაკრეფად, ვერსია სპაიდერს 0.1 წამით მეტი სჭირდება.

ინტერნეტ გამოცემა GTსპირიტის ინფორმაციით, იტალიური კომპანია ახალ ავტომობილს რვა ფერში გამოაწყობს. ამასთან, ნებისმიერი ფერის ავტომობილს შუა ნაწილში, მთელს სიგრძეზე გაჰყვება თეთრი ფერის სქელი ზოლი, რომელსაც მარცხნივ ოქროსფერი ვიწრო ზოლი დაამშვენებს.

”ლამბორგინი” ”გალიარდო LP550-2-ს” შეზღუდული რაოდენობით - სულ 250 ცალს დაამზადებს. ამასთან, ეს კომპანიის სამოდელო გამაში ყველაზე იაფფასიანი ავტომობილი იქნება. GTსპირიტის ინფორმაციით, ის სრულამძრავიან ”გალიარდოზე” დაახლოებით 10 პროცენტით იაფი ეღირება.

”პეჟო 207” სახეს იცვლის

Peugeot 207 Facelift

30 ივნისი

ფრანგულმა კომპანია ”პეჟომ” თავისი პოპულარული ჰეჩბეკი 207 და მის ოჯახში შემავალი ყველა მოდოფიკაცია განაახლა. ახალი ავტომობილის სურათები პირველად ინტერნეტით, ინგლისურმა ჟურნალმა ”აუტოქარმა” გაავრცელა. მათ მიხედვით შეიძლება იმის თქმა, რომ ავტომობილი ახალი კორპორატიული სტილის შესაბამისად შეიცვალა.

განსაკუთრებით თვალში საცემია ცვლილება, რომელიც 207-ის წინა ნაწილმა განიცადა. გაიზარდა რადიატორის ბადე, რომელიც კვლავ ტრაპეციის ფორმისაა, თუმცა უწინდელზე განიერია და ბამპერს თითქმის მთელ სიგანეზე გაჰყვება. თავად ბამპერი ორსეგმენტიანია. მისი ძირითადი ნაწილი, რომელიც შავადაა შეღებილი, რადიატორს შუაზე, ორ არათანაბარ სეგმენტად ჰყოფს, შემდეგ კი ის ძარის გვერდითა პანელებზე (ფრთებზე) გადადის და ავტომობილის ფერს ღებულობს. ბამპერის ამ ნაწილს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ფსევდობამპერი, რადგან ის უფრო დეკორატიულ დატვირთვას ატარებს.

ნისლსაწინააღმდეგო ფარები ბამპერის ქვეშ, წინა პანელის ნაპირებშია განლაგებული, უკანა სტოპ-ფარები კი შუქ-დიოდების სისტემებია და გაცილებით მკვეთრ, თუმცა ნაკლებად შემაწუხენელ განათებას იძლევა და რაც მთავარია, დღისითაც ადვილად გარჩევადია.

მართალია, ახალი 207-ის ინტერიერის ფოტოები არ გავრცელებულა, თუმცა ”აუტოქარი” გვაუწყებს, რომ სალონში ყველაზე დიდი ცვლილება ხელსაწყო-მაჩვენებელთა დაფამ განიცადა. მის ცენტრალუ ადგილზე მოთავსდა მოზრდილი ეკრანი, რომელზეც შესაძლებელია არამხოლოდ ავტომობილის ძირითადი აგრეგატების და დამხმარე სისტემების მონაცემთა გამოტანა, არამედ მულტიმედიური და სანავიგაციო მონაცემების ნახვაც.

ძრავების გამაში 12 აგრეგატია. მათგან რამდენიმე გამონაბოლქვზე ევრო 5 სტანდარტს შეესაამება, ერთი კი - 1.4-ლიტრიანი ტურბოდიზელი, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 99 გრამ CO2-ს გამოჰყოფს.

ახალი 207-ის შესახებ, უფრო დაწვრილებით ინფორმაციას თავად ”პეჟო” მოგვიანებით, გაყიდვების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნებს. გაყიდვები კი აგვისტოში უნდა დაიწყოს.

”ფორდი” წარმოებას ზრდის

Ford

30 ივნისი

”ფორდის” მთავარმა აღმასრულებელმა ალან მულალიმ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, მისი კომპანია წარმოების გაზრდას აპირებს. დეტროიტული დიდი სამეულიდან ”ფორდი” ერთადერთი კომპანიაა, რომელიც გაკოტრებას გადაურჩა და როგორც ჩანს, კრიზისიდან პირველიც ის დაიწყებს გამოსვლას.

კომპანიამ ასევე გამოაცხადა, რომ ბოლო თვეებში პირველად, ივნისში მისი გაყიდვები 20 პროცენტზე ნაკლებით შემცირდება. იმ დროს, როდესაც მისი ორი შინაური მეტოქის - ”კრაისლერისა” და ”ჯენერალ მოტორსის” გაყიდვები კვლავ მაღალი ტემპით კლებულობს, რისი ძირითადი მიზეზიც მათი ქარხნების უმოქმედობაა, ”ფორდი” აშშ-ის ბაზარზე თავის წილს კვლავ გაზრდის.

მულალი აცხადებს, რომ მისი კომპანიისთვის კრიზისი 2011 წელს დასრულდება. შარშან ”ცისფერმა ოვალმა” ასტრონომიული თანხა - 14.8 მლრდ დოლარი იზარალა, წელს კი პროგნოზებით ზარალი გაცილებით ნაკლები იქნება, თუმცა მაინც რამდენიმე მილიარდს მიაღწევს.

ამერიკული კომპანია სამომავლოდ დიდ იმედებს ჰიბრიდებსა და ელექტრომობილებზე ამყარებს. ამ საქმეში კი მას სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედი აქვს, რომლისგანაც, ერთი კვირის წინ, სესხის სახით 5.9 მლრდ დოლარი მიიღო. სესხის მთავარი პირობა ისაა, რომ კომპანიამ ის თავისი ქარხნების მოდერნიზაციას უნდა მოახმაროს, რის შემდეგაც, იქ ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების წარმოება იქნება შესაძლებელი.

”ასტონ მარტინი” ”ბარტყებს” გამოუშვებს
29 ივნისი

წარმოიდგინეთ ჯეიმს ბონდი, რომელიც მისთვის ჩვეული ”ასტონ მარტინის” ნაცვლად, თავისი დავალების შესრულებისას, ”ტოიოტას” ჯუჯა ავტომიბილ iQ-ს გამოიყენებს. ძნელი წარმსადგენია? მაგრამ თუ ამ ავტომობილს ”ასტონ მარტინის” ემბლემა ექნება? ესეც ძალიან ძნელი წარმოსადგენია - სად ჯუჯა ავტომობილები და სად სუპერავტომობილების წარმოებაზე გაწაფული ინგლისური მარკა.

მაგრამ ნუ იჩქარებთ. დღეს არა, მაგრამ ცოტა ხანში, ასეთი რამ მოსალოდნელია, რადგან იაპონური და ინგლისური კომპანიები ერთობლივად მუშაობენ ახალი მინიავტომობილის შექმნაზე, რომელიც სწორედ iQ-ზეა ბაზირებული. ახალ ავტომობილს სახელიც შესაბამისი შეურჩიეს - ”სიგნიტ”, ანუ ბარტყი.

ინგლისური კომპანიის გეიდონის ცენტრში უკვე მიმდინარეობს ახალი ჯუჯას დიზაინის შემუშავება. თუმცა, პროექტისთვის მწვანე შუქი ჯერ არ აუნთიათ. შესაბამისი გადაწყვეტილება ამ წლის ბოლომდეა მოსალოდნელი.

პროექტის მიხედვით, ”სიგნეტი” უპირველესად, ევროპული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიწყება (თუ დაიწყო) მისი წარმოება, რა ეღირება ის და რა რაოდენობით გამოუშვებენ. ინტერნეტში გავრცელდა ხმები, რომ ”ბარტყი” დაახლოებით 30 000 დოლარი ეღირება. რამდენადაც კონცეპტუალური მოდელი შემუშავების ბოლო სტადიაშია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას პირველად ლონდონის, ან ფრანკფურტის ავტო შოუზე ვიხილავთ.

”სიგნეტი” iQ-ზე იქნება ბაზირებული და რა თქმა უნდა, მისგან ბევრ რამეს მიიღებს. თუმცა, ამ ორ ავტომობილს საკმაოდ განსხვავებული გარეგნობა ექნება. რაც მთავარია, ”ბარტყს” ინგლისური მარკის ავტომობილებისთვის დამახასიათებელი რადიატორის ბადე გამოარჩევს. მათ ასევე განსხვავებული ინტერიერიც ექნებათ. ნურავის გაუკვირდება, თუ ჯუჯა ავტომობილის კარის მიღმა ძვირფასი ტყავით გაწყობილ სალონს იხილავს. ”ასტონ მარტინი” ხომ ყოველთვის გამოიჩევა მდიდრულად მოწყობილი ინტერირით.

სამაგიეროდ, კაპოტს ქვეშ ალბათ ისევ ”ტოიოტას” სამცილინდრიანი ძრავი მოთავსდება (უფრო დიდმოცულობიანის იქ ჩატევა შეუძლებელიცაა). სავარაუდოდ, ის ფორსირებას გაივლის. დაკიდევ, iQ-ს ევრო NCAP-ის ქრეშ ტესტებზე ხუთვარსკვლავიანი (უმაღლესი) შეფასება აქვს მიღებული და ბუნებრივია, მისი შედეგები ”ბარტყსაც” ძლიერ გამოადგება.

”ჯერაც ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი რეალურად განხორციელდება და ეს არცთუ ისე შორეულ მომავალში მოხდება”, - ამბობს ”ასტონ მარტინის” მთავარი აღმასრულებელი ულრიხ ბეცი.

სავარაუდოდ, ჯუჯა ავტომობილის წარმოებით ”ასტონ მარტინის” დაინტერესებას ის მიზეზი უდევს საფუძვლად, რომ 2012 წლიდან ევროპაში გამონაბოლქვზე ახალი, მეტად მკაცრი მოთხოვნები ამოქმედდება. ამ მოთხოვნების შესაბამისად, კომპანიების მიერ ევროპაში რეალიზებული ავტომობილების გამონაბოლქვში CO2-ის საშუალო შემცველობა ყოველი კილომეტრის გავლისას 120 გრამზე მეტი არ უნდა იყოს.

მეტობის შემთხვევაში, კომპანიებს გარკვეული ჯარიმების გადახდა მოუწევთ, რაც მათი ავტომობილების ფასებს გააძვირებს. iQ-ს კი ”ასტონ მარტინის” გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის საშუალო შემცველობის ნორმაში მოქცევის პოტენციალი გააჩნია.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ანალოგიური პრობლემა ნაკლებად სწუხებთ ”ფერარის” და ”ლამბორგინის”, რომელთა გამონაბოლქვის საშუალო მაჩვენებლები, შესაბამისად, ”ფიატის” და ”ფოლკსვაგენის” მონაცემების ხარჯზე უმჯობესდება.

მაგრამ იმის იმედი მაინც ნუ გექნებათ, რომ თუნდაც ჯუჯა ”ასტონ მარტინს” შეიძენთ. იმისათვის, რომ ”ბარტყის” ყიდვის უფლება მიიღოთ, თქვენს ფარეხში აუცილებლად უნდა იდგეს თუნდაც ერთი ”ასტონ მარტინი”. ესე იგი, ერთ ”ბარტყს” ერთი (ან თუ გნებავთ, უფრო მეტიც, რამდენიც გენებოთ) სუპერავტომობილი მოჰყვება, რომლის კაპოტსაც ბონდის საყვარელი ავტომობილის ემბლემა ამშვენებს.

ამასაც კომპანიის მარკეტოლოგები გამართლებულად მიიჩნევენ, რადგან მათ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ”ასტონ მარტინის” ავტომობილების მფლობელთა დაახლოებით 30 პროცენტს ისეთი მინი ავტომობილებიც ჰყავთ, როგორებიცა ”მინი” და ”სმარტია”.

”ჰონდა” სპორტულ ჰიბრიდს ამზადებს

29 ივნისი

ფინანსური პრობლემების გამო, ”ჰონდამ” ფორმულა 1-ის და პოპულარულ სპორტულ მოდელ NSX-ის პროგრამები შეაჩერა, თუმცა ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი სპორტული მოდელის შექმნაზე უარი მაინც არ უთქვამს. იაპონური კომპანია ჰიბრიდულ სპორტქარს ორი წლის წინანდელ კონცეპტ CR-Z-ს ბაზაზე აგებს და მისი წარმოების დაწყებას მერმისიდან გეგმავს.

ავტომობილი ”ჰონდას” ევროპულ ტექნიკურ ცენტრში მუშავდება. ევროპა მისი მთავარი ბაზარი იქნება, თუმცა მისი წინასერიული ვერსიის მსოფლიო პრემიერა ტოკიოს ავტო შოუზე გაიმართება.

იაპონურ კომპანიაში თავიანთ ახალ კომპაქტურ სპორტულ ავტომობილს პოპულარული CRX-ის შემცვლელად მოიაზრებენ. ავტომობილი ოთხცილინდრიანი კომპაქტური ძრავით აღჭურვება, რომლის მუშა მოცულობაც 1.5 ლიტრზე ნაკლები იქნება. ამ აგრეგატთან ერთად, ჰიბრიდულ სისტემაში ელექტროძრავიც გაერთიანდება, ორივეს ერთობლივი სიმძლავრე კი 140 ცხენის ძალას მიაღწევს. ჰოლანდიურ გამოცემა ”აუტოვიკის” ინფორმაციით, ავტომობილს წამყვანი წინა ბორბლები ექნება, რომლებიც ჰიბრიდული სისტემის მიერ გამომუშავებულ მაბრუნ მომენტს უსაფეხურო ვარიატორის გავლით მიიღებენ.

ამერიკული ინტერნეტ გამოცემები კი ირწმუნებიან, რომ აშშ-ის ბაზრისთვის განკუთვნილი ახალი სპორტული ავტომობილი 1.8-ლიტრიანი შიდაწვის ძრავით აღიჭურვება. შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ევროპასა და იაპონიაში უფრო მცირე მოცულობის, ეკონომიური შიდაწვისძრავიანი ავტომობილები გაიყიდება, ამერიკის ბაზრისთვის კი აქცენტი უფრო მძლავრ აგრეგატზე გაკეთდება.

ჟურნალისტებმა სასტარტო ავარიების ღირებულება შეაფასეს

Formula 1

29 ივნისი

ფორმულა 1-ში და საერთოდ ავტოსპორტში, სტარტი რბოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ზოგ ტრასაზე გადამწყვეტი ეპიზოდია. ეს ის მომენტია, როდესაც პილოტებს ყველაზე მეტად აქვთ პულსი აჩქარებული, ნერვები დაძაბული და გონება (შედარებით) დაბინდული. სტარტზე რამდენიმე პოზიციის მოგების და ასევე წაგების რეალური შანსი არსებობს, ისეთ ტრასებზე კი, როგორიც მონაკო, ჰუნგარორინგი, ან თუნდაც სილვერსტოუნია, სტარტის მოგებით, შეიძლება რბოლაში გამარჯვებაც გაინაღდო.

სტარტი ის მომენტიცაა, როდესაც ტრასის მოკლე მონაკვეთში ყველაზე მეტი მანქანა იყრის თავს და აქედან გამომდინარე, ავარიებიც ყველაზე მეტად სტარტზე ხდება ხოლმე. გადატვირთულ გზაზე ყველა გასწრებას, ან თუ ცუდი სტარტი აირო, პოზიციის შენარჩუნებას ცდილობს. ამ დროს, პილოტები თავიანთ ასფალტის რაკეტებს ხან მარჯვნივ მიმართავენ, ხანაც - მარცხნივ. მოკლედ, სასტარტო სწორზე ნამდვილი ქაოსია ხოლმე. სიტუაცია მნიშვნელოვნად უარესდება, თუ სტარტის ზოლი მოსახვევშია, ან მოსახვვი სტარტის ზოლთან ძალიან ახლოსაა - საქმეში მუხრუჭების ჩართვა პილოტებისგან გაათმაგებულ ყურადღებას და დაძაბვას მოითხოვს.

80-იან წლებში, ავსტრიის დიდ პრიზზე, რომელიც ცელტვეგის ტრასაზე ჩატარდა, რბოლას (რე)სტარტი სამჯერ სწორედ ავარიების გამო მისცეს. ამის გამო კი, ბოლო რესტარტზე რამდენიმე პილოტმა გამოსვლაც კი ვერ შეძლო. მოკლედ, სტარტი ამ ექსტრემალური სპორტის ზე-ექსტრემალური მომენტია.

ინგლისურ გამოცემა F1რეისინგის ჟურნალისტები იმით დაინტერესდნენ, თუ რა უჯდებათ გუნდებს სტრტზე მომხდარი ავარიის დროს მანქანების დამტვრევა. მათ თავიანთი ექსპერიმენტისთვის ესპანეთის წლევანდელი დიდი პრიზი აირჩიეს, რომლის მეორე მოსახვევში მომხდარ ავარიაშიც რამდენიმე ბოლიდი დაიმტვრა (სურათზე).

”ტოიოტას” იტალიელი იარნო ტრული პირველ მოსახვევში ვერ ჩაეტია და უსაფრთხოების ზოლში გავიდა, ტრასაზე დაბრუნებული კი გერმანელ ადრიან ზუტილის ”ფორს ინდიას” გამოედო. მათთვის თავის არიდების მცდელობისას კი უკან ერთმანეთს ორივე ”ტორო როსო” დაეჯახა. ოთხივესთვის რბოლა იქვე დასრულდა, ტრასაზე კი უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა.

ჟურნალისტებმა გამოითვალეს და დაადგინეს, რომ სამივე გუნდს ერთად, ეს ავარია 700 000 დოლარზე მეტი დაუჯდა. ყველაზე მეტად ”ტორო როსომ” იზარალა, რომელსაც ორივე ბოლიდის რემონტი 430 000 დოლარი დაუჯდა. ”ტოიოტას” და ”ფორს ინდიას” ერთობლივმა ზარალმა კი 280 000 დოლარი შეადგინა.

F1რეისინგს ზარალის საილუსტრაციოდ მოჰყავს ანგარიში, რომლის მიხედვითაც, მარტო ერთი წინა დაზიანებული საკიდარის (ბორბლიანად) რემონტი 82 000 დოლარი ჯდება. აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ავარიების დროს ყველაზე ხშირად სწორედ საკიდარი ზიანდება ხოლმე.

ამავე ჟურნალის მონაცემებით, საჭის ერთი საწევარი 1 600 დოლარი, გამოსაბოლქვი სისტემა 15 000 დოლარი, ავტომობილის ძირი 23 000 დოლარი, წინა ანტი ფრთის სრული კომპლექტი 42 000 დოლარი, რადიატორი 43 000 დოლარი ღირს. ფ1-ის სარბოლი ავტომობილის ყველაზე ძვირადღირებული ნაწილი კი პილოტის კაპსულაა, რომლის ღირებულებაც 100 000 დოლარზე გაცილებით მაღალია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ კაპსულის დაზიანება ძალიან იშვიათად ხდება. რაც მთავარია, დაზიანების შემთხვევაშიც კი, მასში პილოტის ჯანმრთელობა მაქსიმალურად დაცულია.

საბედნიეროდ, ესპანეთის დიდი პრიზის სტარტზე მომხდარი ინციდენტიც, პილოტებისთვის ყოველგვარი ტრავმის გარეშე დასრულდა.

Sunday, June 28, 2009

75 წლის წინ, პორშემ ”სახალხო ავტომობილის” შეკვეთა მიიღო

29 ივნისი

გასული თვეების განმავლობაში, მსოფლიო ავტოინდუსტრიაში რამდენიმე იუბილე აღინიშნა, რომელთა უმეტესობა ასწლოვანი იყო. იუბილარებს შორის ყველაზე გამორჩეული კი ”ფოლკსვაგენის” ლეგენდარული ხოჭოა, რომლის წარმოებაც ასევე ლეგენდარულ ავსტრიელ კონსტრუქტორ ფერდინანდ პორშეს 75 წლის წინ, ზუსტად 22 ივნისს დაევალა.

წესით, იუბილე იმ დღეს უნდა დამთხვეოდა, როდესაც ვოლფსბურგის ქარხანამ ჰიტლერის მიერ ”სახალხო ავტომობილად” წოდებილი მანქანის წარმოება დაიწყო. ასეც არის, მაგრამ ასეთი ღირსშესანიშნავი ავტომობილისთვის ის დღეც განსაკუთრებულია, როდესაც ის ფაქტობრივად ჩაისახა.

ეს კი 1934 წლის 22 ივნისს მოხდა, როდესაც გერმანიის საავტომობილო ინდუსტრიის რაიხმა (სამინისტრომ) პორშეს ”ფოლკსვაგენის” (სახალხო ავტომობილის, შემდგომში ხოჭო რომ ეწოდა) წარმოება დაავალა. ფაქტობრივად კი ეს დავალება ორი კომპანიის ჩასახვის საწყის წერტილად იქცა. იმავე ავტომობილის ბაზაზე, მოგვიანებით (მეორე მსოფლიო ომის შემდეგ) ფერდინანდ პორშემ თავისი სახელობის კომპანიის ბრენდით, სპორტული ავტომობილების წარმოება დაიწყო.

ომის შემდეგ, ”ხოჭო” ბრიტანეთში ემიგრაციას გადაურჩა, რადგან იქაურმა სპეციალისტებმა პორშეს პროექტი უპერსპექტივოდ ჩათვალეს. სამაგიეროდ, ომით დანგრეულმა გერმანიამ, მისი წარმოება 1945 წლის ზაფხულში დაიწყო. ავტომობილი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ კონვეიერიდან ამ საუკუნის დასაწყისშიღა ჩამოვიდა. ისიც იმიტომ, რომ მექსიკის პუებლას ქარხანაში, მის პარალელურად, ახალი ხოჭოს წარმოებაც მიმდინარეობდა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ”პორშე” თავის მუზეუმში სპეციალურ გამოფენას აწყობს, რომელიც 31 ივლისამდე გაგრძელდება. გამოფენის მთავარი ექსპონატი, რა თქმა უნდა, თავად იუბილარია. პარალლურად, საიუბილეო პავილიონში ”სახალხო ავტომობილის” და იმ ადამიანების (მათ შორის, ფერდინანდ პორშესიც) ფოტოები გამოიფინა, რომლებმაც ამ ავტომობილის პროექტირებასა და წარმოებაში დიდი როლი შეასრულეს. გამოფენის მთავარი ექსპონატი კი პროტოტიპი VW38-ია, რომელიც პორშემ ჯერ კიდევ ომამდე შექმნა. სხვათა შორის, ეს ავტომობილი ფერდინანდ პორშეს პირადი კოლექციის წევრია.

”ნისანი” ელექტრომობილების მასობრივად წარმოებას 2012 წელს დაიწყებს

29 ივნისი

თითქმის ყველა დიდი ავტომწარმოებელი უახლოეს მომავალში ელექტრომობილების მასობრივად წარმოების დაწყებას გვპირდება, მაგრამ ჯერ ასეთი ავტომობილები არსად ჩანს. მართალია, ზოგიერთი პატარა ფირმა უკვე უშვებს ისეთ მანქანებს, რომლებიც ელექტრომოტორის მეშვეობით გადაადგილდებიან, მაგრამ ასეთები ამინდს ვერ ქმნიან. ზოგიერთი დიდი კომპანია კი ამ ეტაპზე ელექტრომობილების საგზაო ტესტებს ატარებს.

ელექტრომობილების წარმოების დაწყებას იაპონური ”ნისანი” მერმისიდან აპირებს, მაგრამ ამ სფეროში მისი პირველი კლიენტები კორპორატიული შემკვეთები იქნებიან. ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების წარმოებას კი ეს კომპანია 2012 წელს დაიწყებს.

რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ ”ნისანის” აქციონერთა შეკრებაზე კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა კარლოს გონმა განაცხადა, რომ პირველი ელექტრომობილის პრემიერა 2 აგვისტოს არის დანიშნული.

ელექტრომობილის მასობრივ წარმოებას ”ნისანი” იაპონიასა და აშშ-ში გეგმავს. ამერიკაში ელექტრომობილებს შტატ ტენესის ქალაქ სმირნაში დაამზადებენ, რომელსაც წლიურად 100 000 ავტომობილის წარმოება შეუძლია. მართალია, გონს ელექტრომობილის მონაცემებზე ბევრი არაფერი უთქვამს, თუმცა დასძინა, რომ ის მისაღებ ფასად გაიყიდება. ”თუ ფასი მისაღები არ იქნება, მაშინ ბიზნეს გეგმა არ იმუშავებს”, - ამბობს ”ნისანის” შეფი.

რაც შეეხება ”მისაღებ ფასს”, ის 28 000-30 000 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რასაც ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებისთვის აშშ-ში დაწესებული 7 500-დოლარიანი შეღავათი განაპირობებს. როგორც გონი ირწმუნება, ჩვეულებრივ ავტომობილებთან შედარებით, მისი კომპანიის მიერ გამოშვებული ელექტრომობილის შენახვა წლიურად 1 350 დოლარით იაფი დაჯდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფასში სხვაობა, ექსპლუატაციის პრიოდში დაიფარება.

”მეინორ გრან პრი” სიტუაციის გარკვევას ელოდება

Formula 1

28 ივნისი

მაქს მოსლის ჭირვეულობის მიუხედავად, ფაქტია, რომ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) და ფორმულა ერთის გუნდების ასოციაციამ (FOTA) შეხების წერტილი იპოვნეს, რის შემდეგაც გუნდებმა მსოფლიო ჩემპიონატის ალტერნატიული სერიის შექმნისგან თავი შეიკავეს. ასევე გადაწყდა, რომ ფედერაცია ბიუჯეტის თანდათან შემცირებას დათანხმდა და ჩემპიონატს სამი ახალი გუნდი ეყოლება.

თითქოს, მოვლენათა მსვლელობა ამ სამი ახალი გუნდისთვისაც სასურველი მიმართულებით მომდინარეობს, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ამ სამეულს რომელიმე გამოაკლდეს. ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ”რომელიმე” ამერიკული USF1 არ იქნება, რომელმაც ფედერაციაში განაცხადი მანამ შეიტანა, სანამ ბიუჯეტის შემცირება გადაწყდებოდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფინანსურად უზრუნველყოფილია ესპანური ”კამპოსიც”, რომლის შეფი, წარსულში ფორმულა 1-ის პილოტი ადრიან კამპოსი ირწმუნება, რომ მისი გუნდი ფინანსურად მინიმუმ ოთხი წლითაა უზრუნველყოფილი. თუმცა, გუნდის მხრიდან ოფიციალური განცხადება ჯერ არ გამოქვეყნებულა.

რჩება ინგლისური ”მეინორი” (Manor), რომლის FIA-ს სიაში შეტანაც ბევრისთვის დიდი მოულოდნელობა გახდა. გუნდის შეფ ჯონ ბუტის თქმით, ის ფედერაციაში განაცხადს არც კი შეიტანდა, თუ ეცოდინებოდა, რომ სამერმისოდ ძალაში წლევანდელი ტექნიკური რეგლამენტი რჩება.

”შევიტანდით განაცხადს, თუ გვეცოდინებოდა, რომ ახლანდელი რეგლამენტი მერმისაც იმოქმედებს? ალბათ არა. მაგრამ ამ ეტაპზე, რაიმეს გარკვევით თქმა მაინც არ შემიძლია. სანამ რეგლამენტის საბოლოო ვარიანტს ვნახავ, გადაწყვეტილებას არ მივიღებთ. მთავარია, რომ ჩემპიონატი არ გაიყოფა. FOTA-სა და FIA-ს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე კი ვერაფერს ვიტყვი, რადგან მისი დეტალები ჩემთვის უცნობია”, - ამბობს ”მეინორის” შეფი, ვინც დასძენს, რომ ბევრი რამ თანხმობის ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაირკვევა.

პარალელურად, ბიბისი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მერმის, ჩემპიონატის დებიუტანტ ”მეინორის” ტიტულოვანი სპონსორი კონცერნი ”ვირჯინი” გახდება, რომელიც წელს ასევე დებიუტანტ ”ბრაუნ GP-ს” სპონსორია. უფრო მეტიც, ბიბისი ირწმუნება, რომ ”მეინორი” ფ1-ში ”ვირჯინის” სახელით იასპარეზებს.

ეს ინფორმაცია ბრიტანულმა სააგენტომ ბრიტანული ეტაპის შემდეგ მოიპოვა, სადაც ”ვირჯინის” მფლობელმა სერ რიჩარდ ბრენსონმა განაცხადა, რომ მომავალ სეზონში ”ბრაუნ GP-ს” დაფინანსებას აღარ აპირებს. ”დარწმუნებული ვარ, რომ მერმის ამ გუნდთან კონტრაქტის ღიებულება ასტრონომიულად გაიზრდება, რის გამოც, ალბათ უფრო მოკრძალებულ გუნდთან თანამშრომლობას ვამჯობინებ”, - განაცხადა ბრენსონმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომ ეს გუნდი შეიძლება ”მეინორი” იყოს.

სურათზე: შესაძლოა, მერმის ”ვირჯინის” წარწერამ ”ბრაუნიდან” სხვა გუნდის ბოლიდზე გადაინაცვლოს

”ბეემვეს” ”პროჯექტ i-ს” პირველი მოდელი 2012 წლიდან გაიყიდება

28 ივნისი


შარშან, მარტში ”ბეემვემ” გამოაქვეყნა თავისი გეგმები, რომელთა მიხედვითაც, ყალიბდებოდა ახალი დივიზიონი სახელად ”პროჯექტ i”, რომლის მიზანიც, ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების მოძებნა იყო, რომლებსაც კომპანია ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთა, საქალაქო ავტომობილის შესაქმნელად გამოიყენებდა. ამასთან პროექტის მთავარი მიზანი არა ერთი, ან ორი ახალი ავტომობილის შექმნა, არამედ ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაა, რომლებსაც სავარაუდოდ, ბავარიელები თავიანთი მეოთხე ბრენდის (პირველი სამია ბეემვე, მინი და როლს როისი) მოდელებზე გამოიყენებენ.

მას შემდეგ, წელიწადზე მეტია გასული და პროექტის პირველი შედეგი გზებზე უკვე გამოჩნდა. ესაა ელექტრომობილი ”მინი-E”, რომლის საგზაო ტესტები უკვე დაწყებულია და რომლითაც ბავარიელები საზოგადოებრივი აზრის შესწავლას აპირებენ. კერძოდ, კომპანიის მარკეტოლოგებს აინტერესებთ მომხმარებლების დამოკიდებულება ელექტრომობილებისადმი, ასევე მათი მოთხოვნები და სურვილები ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებისადმი.

მომდევნო წლებში ”ბეემვე” თითქმის ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე რამდენიმე მოდელის წარმოების დაწყებას გეგმავს. მათთვის მუშავდება საერთო პლატფორმა, რომელზეც მეგაპოლისებისთვის განკუთვნილი ავტომობილების მთელი გამა დაემყნობა. ამ პლატფორმაზე ელექტრომობილების გარდა, შიდაწვის მაღალეფექტური ძრავებით აღჭურვილ ავტომობილებსაც ააგებენ.

ამ ავტომობილებიდან კონვეიერზე პირველი კომპაქტური ჰეჩბეკი დადგება, რომელიც გაბარიტებით ”მინი კუპერსა” და 1-ი სერიის ”ბეემვეზე” მცირე ზომის იქნება. პარალელურად, ”ბეემვე” ადასტურებს ინფრმაციას იმის შესახებ, რომ განიხილება ორი ახალი მოდელის - უგზოობის სრულგაბარიტიანი X7-ის და სპორტული სუპერავტომობილის პროექტირების შეჩერების საკითხი. სამაგიეროდ, კომპანია თავისი შესაძლებლობების უმეტეს ნაწილს გარემოსადმი მეგობრული ავტომობილების შექმნაზე მიმართავს.

გამოცემა ”ქარ ენდ დრაივერთან” საუბრისას, ”ბეემვეს” მთავარმა აღმასრულებელმა ნორბერტ რაიტჰოფერმა განაცხადა, რომ ”პროჯექტ i-ს” ფარგლებში შექმნილი პირველი ავტომობილი სამკარიანი ჰეჩბეკი იქნება, რომელიც პირველ რიგში აშშ-ის შტატ კალიფორნიის ნულოვანი გამონაბოლქვის ავტომობილების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. აღნიშნული შტატის კანონი დიდ ავტომწარმოებლებს ამ ტიპის ავტომობილების გაყიდვების დაწყებას 2012 წლიდან ავალდებულებს.

რაიტჰოფერის თქმით, ”პროჯექტ i-ს” ფარგლებში შექმნილი პირველი ავტომობილი ოთხ ზრდასრულ ადამიანზეა გათვლილი და ის ელექტრომოტორის მეშვეობით იმოძრავებს. ენერგიას ამ ძრავს გაზრდილი ტევადობის მქონე ლითიუმ-იონური აკუმულატორების კვანძი მიაწვდის, რომლსაც წყლით გაგრილების სისტემა მოემსახურება. ამ ავტომობილის ექსტერიერი კომპანიის კორპორატიულ სტილში შესრულდება. მას ექნება ბორბლების განიერი კვალი, დაბალი სახურავი და შედარებით გრძელი ბაზა. მართალია, ის პირველად კალიფორნიულ ბაზარზე გამოჩნდება, მაგრამ მოდელი გლობალურია და მის ბაზაზე ასევე ბენზინის და დიზელისძრავიანი ვერსიების წარმოებაც იგეგმება.

ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, ამავე პლატფორმაზე ბავარიელები როდსტერ Z2 -ის, მოტორბაიკისა და პოპულარულ სკუტერ C1-ის შემცვლლის წარმოებასაც აპირებენ.

”ვერიტას RS III” ლონდონური დებიუტისთვის ემზადება

28 ივნისი


გერმანული ფირმა ”ვერმოტი” თავის ექსკლუზიურ მოდელ ”ვერიტას RS III-ის” მსოფლიო დებიუტს ლონდონში, კლუბ ”ჰარლინგემის” სუპერ ავტომობილების შოუზე ჩაატარებს, რომელიც ივლისში გაიმართება.

”ვერიტას RS III” არის ორადგილიანი (შესაძლებელია მისი ერთადგილიანი ვარიანტის შეკვეთა) სპიდსტერი, რომელიც ”ბეემვე” M5-ის 600-ცხენისძალიანი V10-ით არის აღჭურვილი. ამ ძრავის მეშვეობით, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 345 კმ/სთ-ს აღწევს, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება კი მას 3.2 წამში შეუძლია.

”ვერმოტის” ხელმძღვანელობის პრინციპული მიდგომა ისაა, რომ ”ვერიტასს” არ უნდა ჰქონდეს არანაირი დამხმარე მოწყობილობა. ამგვარად, მძღოლი ავტომობილის ექვს ასეულ ცხენის ძალასთან პირისპირ რჩება და თუ ექსტრემალური ავტომობილების მართვის საკმაო გამოცდილება აქვს, მათ მოთვინიერებას და ”ვერიტასის” მართვით სიამოვნების მიღებას შეძლებს.

მაგრამ ბევრისთვის 600 ცხენის ძალა მტისმეტად ბევრია. ”ვერმოტი” ამასაც ითვალისწინებს და ნაკლები გამოცდილების მქონე მძღოლებს ”ბეემვე” M3-ის 480 ცხენისძალიან V8-ს შესთავაზებს.

”ვერიტას RS III” ძალიან ძვირი - 375 000 დოლარი ღირს. რა თქმა უნდა, მის შეძენას მხოლოდ ერთეულები თუ შეძლებენ და შესაბამისად, ”ვერმოტი” მას ძალიან მცირე რაოდენობით, მხოლოდ 50 ცალს დაამზადებს.

Saturday, June 27, 2009

”მერსედეს-ბენცი” ახალ ML-კლასს ამზადებს

27 ივნისი


ათ წელზე ოდნავ მეტია, რაც ”მერსედეს-ბენცი” უგზოობის მოდელ ML-კლასს აწარმოებს და ამ პერიოდში, მისი ორი თაობის გამოშვება მოასწრო. დღეს კი უკვე მესამე თაობის ML-ს ამზადებს, რომლის დებიუტიც 2011 წელსაა მოსალოდნელი.

გერმანულ გამოცემა ”აუტო მოტორ უნდ შპორტის” ინფორმაციით, ახალ ML-კლასს ბევრი საერთო ექნება უგზოობის G-კლასთან და უნივერსალ R-კლასთან. განსაკუთრებით ეს აგრეგატებს ეხება, რომლებიც ამ სამ ავტომობილს ფაქტობრივად საზიარო ექნებათ. ამის მთავარი მიზეზი კი ერთია - ახალი ავტომობილის შემუშავებისა და წარმოებისას, მაქსიმალურად მეტი თანხის დაზოგვა, რაც კომპანიას ხურდად, აღნიშნული ავტომობილების გაზრდილი კონკურენტუნარიანობის სახით დაუბრუნდება.

გერმანული ჟურნალის ფოტორეპორტიორებმა მესამე თაობის კამუფლირებული ML-ის ტესტების დროს გადაღება (ფოროებზე) შეძლეს. როგორც ფოტოებზე ჩანს, ახალი ავტომობილი წინაზე პატარა იქნება, თუმცა ბორბლებს შორის ბაზა ალბათ უცვლელი დარჩება.

ამ ეტაპზე, ინტერნეტით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეორე თაობის ML-ის ბაზაზე მისი ჰიბრიდული ვერსია მუშავდება. ლაპარაკია დიზელ-ელექტრულ სისტემაზე. უკვე პრაქტიკულად მზადაა ბენზინ-ელექტრული ჰიბრიდი, რომლის პირველი პროტოტიპი ”სამქიმიანებმა” 2007 წელს, ML450-ის სახით წარმოადგინეს. სხვათა შორის, ეს ავტომობილი ბაზარზე წელსვე უნდა გამოჩნდეს.

შტუტგარტში ასევე არ გამორიცხავენ ML-ის პლაგ-ინ ვერსიის წარმოებას. ასეთი ავტომობილის ჰიბრიდულ სისტემაში 80-ცხენისძალიანი ელექტროძრავი 3.5-ლიტრიან წყვილტურბოიან V6-ს შეუწყვილდება. ”აუტო მოტორ უნდ შპორტისვე” ინფორმაციით, ასეთ ML-ს, მარტო ელექტროძრავით 30 კილომეტრის გავლის უნარი ექნება, რაც მის ეკონომიურობასა და ეკოლოგიურობას გააუმჯობესებს. იგივე აგრეგატებს, ადრე თუ გვიან, ”მერსედეს-ბენცი” G და R-კლასზეც გამოიყენებს.

ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი მესამე თაობის ML-ის საბაზო ვერსია 2.2-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი დიზელით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრე 204 ცხენის ძალაა. აგრეგატების გამაში ასევე შევა V6 დიზელი 225 ცხენის ძალით და ბენზინის 333-ცხენისძალიანი V6. ტოპ ვერსიას კი შტუტგარტული კომპანიის დივიზიონი AMG დაამზადებს, რომლის მიერ მომზადებული V8-ს (ლიტრაჟი ჯერ უცნობია) სიმძლავრეც, საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემისა და წყვილი ტურბოკომპრესორის მეშვეობით, 570 ცხენის ძალას მიაღწევს.

თავად ახალი ML-ი კი, რომელიც ამ ეტაპზე, შიდასაქარხნო ინდექს W166-ად მოიხსენიება, 2011 წლის ”ჯიპ გრანდ ჩეროკის” პლატფორმაზე აიგება, რომელიც ასევე შემუშავების სტადიაშია. აქ იმის შეხსენებაც ღირს, რომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ”დაიმლერი” და ”კრაისლერი” ტრანსატლანტიკურ ალიანს ”დაიმლერკრაისლერში” შედიოდნენ და ავტომობილებს ერთსადაიმავე პლატფორმაზე აგებდნენ. ახალი ML-ის და ”გრანდ ჩეროკის” კონსტრუირება კი სწორედ მათი ერთად ყოფნისას დაიწყო.

როსი ფორმულა 1-ში გადასვლაზე თანახმაა

Formula 1

27 ივნისი

მას შემდეგ, რაც წრიულ მოტორბოლებში მეასე გამარჯვება მოიპოვა, იტალიელმა სუპერვარსკვლავმა, მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონმა ვალენტინო როსიმ არ გამორიცხა, რომ შეიძლება ახლო მომავალში პროფესია შეიცვალოს და ორი ბორბალი ოთხში გაცვალოს.

”მერმის მე ”იამაჰასთან” კონტრაქტი მაკავშირებს, რომლის დარღვევაც პრაქტიკულად გამორიცხულია. ”ფერარისაც” კონტრაქტები აქვს, გუნდებს კი ჯერჯერობით სამი მანქანის გამოყვანის უფლებას არ აძლევენ. ჰოდა, ჯერჯერობით, მოტო გრანპრიში დავრჩები, მაგრამ 2011 წელს მე თავისუფალი აგენტი ვხდები და თუ ”ფერარიში” გადასვლას შემომთავაზებენ, სიამოვნებით დავთანხმდები, რატომაც არა?” - ასენში (ჰოლანდია) გამარჯვების შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა როსიმ.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ, ”ფერარის” პრეზიდენტმა ლუკა დი მონტეძემოლომ განაცხადა, რომ ფორმულა 1-ის რბოლების სანახაობრივი მხარის გასაუმჯობესებლად, კარგი იქნება, თუ გუნდებს რბოლებში სამი პილოტის გამოყვანის უფლება მიეცემათ.

როსის ”ფერარის” არაოფიციალურ ტესტებში მონაწილეობა რამდენჯერმე აქვს მიღებული და საკმაოდ კარგი შედეგებიც აჩვენა, თუმცა დღემდე მოტოციკლის დათმობას ვერ ახერხებს. ახლა კი, როდესაც მეასე გამარჯვებას მიაღწია, მოტო გრანპრიში თავის გამოსაჩენი პრაქტიკულად არაფერი დარჩა (თუ არ ჩავთვლით იტალიელი ჯაკომო აგოსტინის ფანტასტიკურ რეკორდს - 122 გამარჯვებას და 15 საჩემპიონო ტიტულს).

მოკლედ, როსი თანახმაა. ახლა ჯერი მარანელოელებზეა...

სურათზე: როსი ”ფერარიში” შინაური კაცია


”მიტო GTA-ს” ”ლესტერისეული” ვერსია

27 ივნისი

”ალფა რომეოს” ახალი, სუბკომპაქტური ჰეჩბეკი ”მიტო” ბაზარზე გამოსვლის დღიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს. არადა, მისი ტოპ ვერსია პატარა, 1.4-ლიტრიანი ტურბოძრავითაა (რომლის სიმძლავრეც 155 ცხენის ძალას აღწევს) აღჭურვილი. მილანური კომპანია მალე დაიწყებს სპორტული ორიენტაციის მქონე ”მიტო GTA-ს” წარმოებას, რომელსაც 240-ცხენისძალიანი ძრავი და გახისტებული საკიდარი ექნება.

მაგრამ სანამ ”მიტო GTA” (მიტო - მილანო-ტორინო) ბაზარზე გამოჩნდებოდეს, ის პატარა იტალიურმა ტუნინგ-ატელიე ”ლესტერმა” კიდევ უფრო გაასპორტულა. თანაც ისე, რომ GTA (როცა გამოვა) მასთან ახლოსაც ვერ მივა, ყოველ შემთხვევაში, გარეგნობით მაინც.

”ლესტერის” სპეციალისტებმა პირდაპირ GTA-ს სრულყოფა მოინდომეს. პირველ რიგში, მათ ავტომობილის ისედაც მძლავრ 1.8-ლიტრიან აგრეგატს მოჰკიდეს ხელი, რომლის სიმძლავრეც, მათი წყალობით 31 ცხენის ძალით, (271-მდე) გაზარდეს. რაც მთავარია, შეიცვალა GTA-ს საკიდარი, რომლის ამორტიზატორებიც სიმაღლეში რეგულირდება და მათი მეშვეობით, ავტომობილის მნიშვნელოვნად დადაბლებაა შესაძლებელი. დადაბლებული ”მიტო” კი გაცილებით იოლად სამართავია და მოსახვევებშიც უფრო დამაჯერებლად შედის.

”მიტო GTA” გარეგნულადაც ძლიერ შეიცვალა. ”ლესტერის” სპეციალისტებმა ავტომობილს ახალი აეროდინამიკური კომპლექტი მოუმზადეს, რომელიც ”მიტოს” გარშემო მოძრავ ჰაერის ნაკადს უფრო სწორ მიმართულებას აძლევს. პირველ რიგში, ყურადღებას იმსახურებს კაპოტზე დამატებული ვიწრო ჰაერამღები, უკანა კარის თავზე მოთავსებული ფრთა, უკანა დიფუზორი და ზორბა გამოსაბოლქვი მილები. ასევე ელერონი, რომელიც ავტომობილს მთელ სიგრძეზე გაუყვება. დაბოლოს, სურათს უფრო სრულყოფილს ხდის 18-დუიმიანი, ალუმინის შენადნობისგან დამზადებული ბორბლები, რომლებიც ”იოკოჰამას” 215/40R18 ზომის საბურავებითაა შემოსილი.

”ლესტერი” ჯერჯერობით თავს იკავებს მის მიერ გაუმჯობესებული ავტომობილის ფასის დასახელებისგან. როგორც ჩანს, კომპანიის ხელმძღაველობა ამ ინფორმაციას ”ალფა რომეო მიტო GTA-ს” პრემიერამდე ინახავს, რომელიც ფრანკფურტშია მოსალოდნელი.



კეროლ შელბის 725-ცხენისძალიანი ”მუსტანგი”

27 ივნისი

კომპანია ”შელბი აუტომობილსმა” იმ ავტომოყვარულებისთვის, რომლებსაც ”მუსტანგის” ბაზაზე შექმნილი ”შელბი GT500-ის” 540 ცხენის ძალა ეცოტავებათ, დაამზადა ”ფორდ მუსტანგ სუპერ სნეიკი”, რომელიც სტანდარტული, 2010 წლის მუსტანგის ძლიერ მოდერნიზებულ ვერსიას წარმოადგენს.

გამოცემა ”აუტოუიკის” ინფორმაციით, ”სუპერ სნეიკის” 5.4-ლიტრიან V8 ძრავს მექანიკური დამჭირხნი ემსახურება, რომელიც ორ რეჟიმში მუშაობს და შესაბამისად, მისი სიმძლავრე 630, ან 725 ცხენის ძალაა. გაზრდილმა სიმძლავრემ, ძრავის უფრო ინტენსიური გაგრილება მოითხოვა. ამიტომ, ის უფრო დიდი ზომის რადიატორითა და ჩასაბერი ჰაერის საშუალედო გამაგრილებლითაა აღჭურვილი. ასევე შეიცვალა შემშვები და გამოსაბოლქვი სისტემები.

”შელბი” თავისი ”სუპერ გველისთვის” ”ფორდ რეისინგის” მიერ შექმნილ სპეციალურ საკიდარს იყენებს, რომელსაც უფრო ხისტი ზამბარები და რეგულირებადი ამორტიზატორები აქვს. შესაბამისად, განივ მდგრადობას გაცილებით მსხვილი სტაბილიზატორი უზრუნველყოფს. წინა საკიდრებს შორის საწევარია გადებული, რაც ავტომობილის წინა, ძრავის სეგმენტის სიხისტეს ზრდის.

ავტომობილი აღჭურვილია კომპანია ”ბაერის” წარმოების 6-ცილინდრიანი სამუხრუჭე სისტემებით, ბორბლები კი 20-დუიმიანია, რომლებზეც ”პირელის” ”P-ზერო” სერიის საბურავებია ჩაცმული.

”სუპერ სნეიკს” გარეგნულად GT500-სგან შეცვლილი კაპოტი განასხვავებს, რომელშიც გაზრდილი რადიატორისთვის დამატებითი, ზედა სეგმენტია დამატებული.

”შელბის” ახალი შედევრის 630-ცხენისძალიანი ვერსიის შეძენა ავტოენთუზიასტებს, ”ფორდ მუსტანგ GT500-ზე” 29 495 დოლარით ძვირი დაუჯდებათ, 725-ცხენისძალიანისა კი - 33 495 დოლარით მეტი. ამ ავტომობილების წარმოებას კი კეროლ შელბის კომპანია აგვისტოში შეუდგება.