Tuesday, August 24, 2010

”ფოლკსვაგენი” ”ალფა რომეოს” შეძენითაა დაინტერესებული

Volkswagen Courting Alfa Romeo

24 აგვისტო

ცოტა ხნის წინ, ეს ისეთ ჭორად შეიძლებოდა ჩათვლილიყო, რომელსაც ყურადღებასაც კი არავინ მიაქცევდა. მაგრამ როგორც ჩანს, ინტერნეტით რამდენიმე თვის წინ გავრცელებულ ხმებს საფუძველი მაინც აქვს. მათ მიხედვით, ევროპის უდიდეს საავტომობილო ჯგუფ ”ფოლკსვაგენს”, იტალიური ”ალფა რომეოს” შესყიდვა სურს. თუმცა, იგივე წყარო გვამცნობს, რომ ამის სასტიკი წინააღმდეგია ”ფიატი”, რომლის ჯგუფშიც დღეისათვის მილანური კომპანია შედის.

როგორც ცნობილია, ”ფოლკსვაგენს” ამბიციური მიზანი აქვს - 2018 წლისთვის, გერმანულ გიგანტს მსოფლიო ლიდერობის ხელში ჩაგდება აქვს გადაწყვეტილი. ამ მიზნის მისაღწევად კი ძიერ გამოადგება თავისი ქოლგის ქვეშ ისეთი ცნობადი მარკის შეყვანა, როგორიც ”ალფა რომეოა”.

დარგის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მილანურ კომპანიას განვითარების უკეთესი შანსი სწორედ ”ფოლკსვაგენის” ხელში გადასვლის შემდეგ გაუჩნდება. ”ფიატთან” კი მას მომავალი არ აქვს. არადა, ტურინელებმა, კერძოდ კი მათმა შეფმა სერჯო მარკიონემ, ”ალფას” რესტრუქტურიზაციის და კრიზისიდან გამოყვანის გეგმა ახლახანს წარმოადგინა.

”ფიატის” და ”კრაისლერის” შეფის გეგმის მიხედვით, ”ალფა რომეოს” გაყიდვებმა მალე ნახევარ მილიონს უნდა მიაღწიოს. არადა, შარშან ამ კომპანიამ მხოლოდ 100 ათასზე ოდნავ მეტი ავტომობილის გაყიდვა შეძლო.

”შესაძლოა, ოდესმე ”ალფამ” მართლაც შეძლოს ნახევარი მილიონი ავტომობილის გაყიდვა, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც ”ფოლკსვაგენის” ხელში გადავა”, - საინტერნეტო გამოცემა ”ავტონიუს იუროპთან” საუბრისას განაცხადა ”კრედიტ სუისის” საავტომობილო ბაზრის კვლევის განყოფილების შეფმა არნდტ ელინგჰორსტმა.

სხვა ანალიტიკოსები იმაზე ფიქრობენ, თუ რა გზით შეიძლება შეუერთდეს ”ალფა რომეო” ”ფოლკსვაგენის” მრავალეროვნულ ოჯახს, რომელშიც ერთი იტალიური კომპანია - ”ლამბორგინი” უკვე ფიგურირებს. მაგალითად, საკვლევი ფირმა ”ბერნშტაინის” ცნობილი ანალიტიკოსი მაქს უორბარტონი ვარაუდობს, რომ ვოლფსბურგული გიგანტის ჯგუფში, ”ალფა რომეო” ესპანურ ”სეატს” ჩაანაცვლებს, რომელსაც ისტორიას ჩააბარებენ.

თუმცა, ყველა ვარაუდი ფუჭი იქნება, თუ ”ალფა რომეოს” გაყიდვას არ მოისურვებს ”ფიატი”. ეს კი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ტურინული გიგანტის შეფ მარკიონეს მიაჩნია, რომ მალე დადგება ის დრო, როდესაც კონკურენციას მხოლოდ რამდენიმე მსხვილი კომპანია გაუძლებს. დანარჩენები კი ”ბრძოლის ველზე” დაეცემიან. ასე რომ, ”ალფას” ხელიდან გაშვება მარკიონეს სტრატეგიულ გეგმას ეწინააღმდეგება.