Thursday, September 2, 2010

”ჰიუნდაიმ” პარიზული გამოფენისთვის კონცეპტუალური ix20 მოამზადა

Hyundai Presents ix20 Sketch: Set for Paris Debut

2 სექტემბერი

რაც დრო გადის, ნიშური სეგმენტები სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, რადგან საავტომობილო ბაზარზე კონკურენცია, როგორც არასდროს, ისეა გამკაცრებული. ეს გარემოება ავტომწარმოებლებს აიძულებს, რომ მათ პროდუქცია გაამრავალფეროვნონ და იმ სეგმენტებში შეაღწიონ, ან სულაც ისეთ სეგმენტებს ჩაუყარონ საფუძველი, როგორიც მათთვის ადრე უცხო იყო. ასე ისინი უფრო მეტი მყიდველის მიზიდვას ახერხებენ.

ამ ტენდენციას არც ”ჰიუნდაი” ჩამორჩა, რომელმაც პარიზის საავტომობილო გამოფენისთვის, B სეგმენტის კონცეპტუალური მინივენი ix20 მოამზადა, პრემიერამდე კი ინტერნეტით ამ ავტომობილის ესკიზი გაავრცელა.

როგორც ამ ესკიზზე ჩანს, ავტომობილი ულტრა თანამედროვე გარეგნობით გამოირჩევა. ეს ავტომობილი, კორეული კომპანიის კორპორატიულ სტილში (თხევადი სკულპტურა) არის შესრულებული, რომელიც ”ჰიუნდაის” დინამიურ იმიჯს უსვამს ხაზს. ეს კონცეპცია ”ჰიუნდაის” ევროპულ კვლევისა და განვითარების ცენტრში შეიქმნა, რომელიც რუსელსჰაიმში მდებარეობს. ეს არის მეორე ავტომობილი, რომელიც ამ ცენტრში შემუშავდა. პირველი კი ix35 იყო.

კომპანიის განსაზღვრებით, ix20 თავის თვისებებში აერთიანებს პრაქტიკულობას, კომფორტს და მართვის სიმარტივეს. მის სალონში უფრო მეტი სივრცეა, ვიდრე ამავე კლასის სხვა ავტომობილებში. ამასთან, ”მისი მართვა მძღოლისთვის მარტივი და სასიამოვნოა”.

რაც მთავარია, ix25 მთავარ მოთხოვნას პასუხობს - ის ეკონომიური ძრავების ფართო გამას მიიღებს. მათ შორისაა ბენზინის ორი აგრეგატი, რომელთა მუშა მოცულობა, შესაბამისად, 1.4 და 1.6 ლიტრია და ერთიც 1.4-ლიტრიანი დიზელი.

ამ კონცეპტუალური მოდელის გარდა, პარიზის გამოფენის ”ჰიუნდაის” პავილიონში კიდევ რამდენიმე ახალი ავტომობილის, მათ შორის, განახლებული i10-ის ხილვა იქნება შესაძლებელი.

”ლოტუსის” პარიზული კონცეპციები

Lotus prepares for product blitz

2 სექტემბერი

ინგლისური ფირმა ”ლოტუსი”, რომელსაც დღეს მალაიზიური ”პროტონი” ფლობს, პარიზის საავტომობილო შოუზე ოთხ სრულიად ახალ ავტომობილს გამოფენს, რომელთა შორისაც ორი ჰიბრიდული მოდელი იქნება. თუმცა, ისიც წინასწარაა ცნობილი, რომ ამ ოთხეულიდან, წელიწადნახევრის განმავლობაში არცერთი მათგანი ბაზარზე არ გამოჩნდება.

ამ ოთხეულიდან, ყველაზე ადრე ”ლოტუსი” ალბათ მოდელ ”სევენის” თანამედროვე ვარიანტის წარმოებას დაიწყებს. ამ ნაბიჯს ბევრი სპეციალისტი დიდ რისკად მიიჩნევს, თუმცა ”ლოტუსის” მარკეტოლოგები ეყრდნობიან ძველი ”სევენის” დიდ პოპულარობას და მიაჩნიათ, რომ ავტომოყვარულთა შორის ლეგენდარული როდსტერის ნოსტალგია ახალსაც პოპულარულს გახდის.

ინტერნეტ გამოცემა ”აუტოუიკი” გვატყობინებს, რომ ახალი ”სევენი” უფრო კომფორტზე იქნება ორიენტირებული. ასე განსაჯეთ - ღია ავტომობილს კონდიციონერიც კი ექნება. ოღონდ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევისთვის, როდესაც ის რბილი ტენტით დაიხურება. გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის ძველ ”სევენთან” შედარებით, მნიშვნელოვნად დამძიმდება, თუმცა მაინც კარგი ტექნიკურ დინამიკური მახასიათებლები ექნება.

ავტომობილის შემუშავების, პროტოტიპის დამზადების და ტექნოლოგიური დამუშავების პროცესი ”ლოტუსის” ინგლისურ შტაბ-ბინაში (რომელიც ქალაქ ჰეტჩელში მდებარეობს) არ ჩატარებულა. მთელი ეს საქმე ესპანურ კომპანიას დაევალა, რომლის სახელიც არ ქვეყნდება. უფრო მეტიც, არსებობს ვარაუდი, რომ გაცოცხლებულ ”სევენს” სწორედ ესპანური კომპანია გამოუშვებს. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ გაცოცხლებული ლეგენდა ძალიან ძვირი, დაახლოებით 100 000 დოლარი ეღირება.

კონცპტუალურ მოდელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაინც ალბათ კიდევ ერთი გაცოცხლებული სახელის მატარებელი ავტომობილი - ”ესპრიტი” იქნება. ეს ავტომობილი ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ უნდა დაემზადებინათ, მაგრამ კომპანიის მაშინდელმა მთავარმა აღმასრულებელმა მაიკ კიმბერლიმ პროექტი იმისათვის შეაჩერა, რომ მისი და მარკეტოლოგების აზრით, უფრო საიტერესო ”ევორას” შექმნა დაჩქარებულიყო. ”ევორა” უკვე ბაზარზეა და როგორც ჩანს, ”ესპრიტის” დაბრუნებას წინ ვეღარაფერი დაუდგება.

განახლებული ”ესპრიტიც” სუპერავტომობილების კლასში გამოვა და რა თქმა უნდა, ამ კლასისთვის ყველაზე დამახასიათებელი შეთანწყობა (ძრავი ბაზაში) ექნება. შესაბამისად, V8 ტურბო ძრავის მიერ გამომუშავებულ მაბრუნ მომენტსაც უკანა წამყვანი ბორბლები მიიღებს. ეს ავტომობილიც ძველ ”ესპრიტზე” მძიმე იქნება, რასაც ის ფაქტი განაპირობებს, რომ მისი წარმოებისას, თითქმის არ გამოიყენებენ კარბონის ბოჭკოს. თუმცა, ძარის და შასის ბევრი დეტალი ალუმინისგან დამზადდება.

ყველაზე დიდი მოულოდნელობა კი ”ლოტუსის” სტენდზე ისეთი ავტომობილების ხილვა იქნება, როგორებსაც ეს კომპანია ადრე არასდროს უშვებდა. მათგან ერთია ოთხკარიანი ჰეჩბეკი, რომელიც ”პორშე პანამერას” სტილშია შესრულებული, მეორე კი არის ორკარიანი კუპე, რომელსაც მომავალში მყიდველს კაბრიოლეტის ძარითაც შესთავაზებენ. ამ ორ ავტომობილს წინა წამყვანი ბორბლები და რაც მთავარია, ჰიბრიდული აგრეგატები ექნება.

ორივე ავტომობილზე გამოყენებულია მოდულარულ-ჰიბრიდული შასი, რომელიც ”ლოტუსმა” პირველად ჟენევაში წელს ნაჩვენებ კონცეპტუალურ ჰიბრიდ ”ევორა 414E-ზე” (სურათზე) გამოიყენა და რომლის შექმნაშიც მონაწილეობა დიზაინ ატელიე ”ჯუჯაროს” სპეციალისტებმაც მიიღეს.

ჟენევაში წარმოდგენილ ჰიბრიდულ სისტემებში შედის ”ლოტუსის” მიერ შემუშავებული სამცილინდრიანი მონობლოკური ძრავი, რომელიც სპეციალურად, სერიული ჰიბრიდული აგრეგატებისთვისაა შემუშავებული. ამ ოთხეულის გარდა, ”ლოტუსმა” კიდევ ერთი სიახლე პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე წარადგინა. ესაა სარბოლი ერთადგილიანი ”ექსოს T125”, რომელიც ადრენალინის მოყვარული მძოლებისთვისაა შექმნილი და მას შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებენ.

”მინი” პროდუქციას გაამრავალფეროვნებს

Mini aims to extend product range

2 სექტემბერი

”ბეემვეს” ხელში გადასვლის შემდეგ, ინგლისური ”მინი” წლიდან წლამდე ზრდიდა გაყიდვებს და შესაბამისად, წარმოების მოცულობასაც. მაგრამ გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა მისი საქმეც შეაფერხა. მაგრამ ”ბეემვეს” ეს არ აშინებს და გაყიდვების კიდევ უფრო გაზრდას გეგმავს, რაშიც მას პირველ რიგში, ამერიკულ ბაზარზე გააქტიურება დაეხმარება.

ამისათვის, ბავარიელებმა აშშ-ში ”მინის” სადილერო ქსელი 120-მდე (86-დან) გაზარდეს. პარალელურად, ”მინი” საკუთარ სამოდელო გამასაც აფართოებს. ბოლო ახალი მოდელი ქროსოვერი ”ქანთრიმენი” გახდა, რომელმაც ”მინის” გაყიდვები მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს.

”ქანთრიმენის” შემდეგ, ”მინის” პირველი ახალი ავტომობილი, რომელიც ბაზარზე გამოვა, ელექტრომობილია. ინგლისური კომპანიის 450 ელექტრომობილი ამჟამად ნიუ იორკში, ნიუ ჯერსისა და კალიფორნიაში გადის საგზაო ტესტებს. თანაც, ისინი ლიზინგითაა გაყიდული. ანუ, ტესტებს უკვე რეალური მყიდველი ატარებს. ეს პროცესი კიდევ ერთ წელს გასტანს, რის შემდეგაც, ამ ელექტრომობილების გაყიდვა დაიწყება. მაგრამ, ჯერჯერობით უცნობია წარმოების მოცულობაც და მანქანის ფასიც.

მალე განახლდება ”მინი კუპერი”, ამ ავტომობილის მესამე თაობის ვერსია კი ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდება. ამ ავტომობილს ახალი წინა და სრულამძრავიანი ტრანსმისია ექნება, რომელსაც ”მინის” ”ბეემვე” გაუზიარებს.

2012 წელს კი სამკარიან კომპაქტურ უნივერსალ ”კლუბმენის” რესტაილინგის ჯერი დადგება. იმავე წელს, ”მინი” დაიწყებს რბილსახურავიანი კუპეს წარმოებას, რომლის კონცეპტუალური ვერსიაც პირველად კომპანიამ შარშან, ფრანკფურტის გამოფენაზე გვიჩვენა. უფრო ადრეა მოსალოდნელი ამავე კონცეპტქარის ბაზაზე ორადგილიანი, მოკლებაზიანი კუპეს წარმოების დაწყება.

დაბოლოს, ”მინი” ახლანდელ ”კუპერზე” უფრო პატარა ავტომობილის გამოშვებას აპირებს. ჯერ ამ პატარას სახელი მოფიქრებული არაა. ინტერნეტით ვრცელდება ვარაუდი, რომ მას ”მინი მინორს” დაარქმევენ. ამ ავტომობილს ”ბეემვეს” ინჟინერთა ის ჯგუფი შეიმუშავებს, რომელიც ”პროჯექტ i-ზე” მუშაობს. ამ პროექტით, ბავარიელები ეკონომიური, საქალაქო ავტომობილების წარმოებას გეგმავენ. მოკლედ, თუ ”მინი მინორის” წარმოება გადაწყდა, მან კონკურენცია ”დაიმლერის” ”სმარტ ფორთუს” უნდა გაუწიოს.

”სმარტი” ახალ მოდელებს ”რენოსთან” ერთად გამოუშვებს

Smart will develop new models with Renault

2 სექტემბერი

”სმარტმა” თავისი ჯუჯა ავტომობილების გაყიდვა შარშან დაიწყო და ერთობ წარმატებულადაც, მაგრამ წელს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. მიუხედავად ამისა, ”დაიმლერის” შტო იმედოვნებს, რომ ბაზარზე ახალი ავტომობილების გამოშვებით, გაყიდვების მოცულობა გაიზრდება. ახალი ავტომობილების შემუშავებაში კი კომპანიას ”რენო-ნისანის” ალიანსი დაეხმარება.

ახალ ავტომობილებს შორის, პირველ არსებულ მოდელ ”ფორთუს” ახალი თაობის ვერსია იქნება, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობას ფრანგულ-იაპონური ალიანსი მიიღებს. ამას კი ოთხადგილიანი ავტომობილი მოჰყვება. ”დაიმლერსა” და ”რენო-ნისანს” შორის პარტნიორობის მთავარი მიზანი, საწარმოო ხარჯების შემცირებაა.

მალე ”სმარტ ფორთუს” რესტაილინგი ჩაუტარდება და ”დაიმლერი” იმედოვნებს, რომ ეს ავტომობილის გაყიდვებსაც გამოაცოცხლებს. რაც შეეხება ახალი თაობის მოდელს, ის ახალი ”რენო ტვინგოს” პლატფორმაზე აიგება და ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდება.

”ფორთუს” რესტაილინგური ვერსიის პარალელურად, ”სმარტი” ოქტომბერში დაიწყებს მისი ელექტრული ვერსიის გაყიდვებს. ამ ელექტრომობილის შემუშავებაში ”დაიმლერს” ელექტრომობილების მწარმოებელი კალიფორნიული კომპანია ”ტესლა მოტორზი” ეხმარება, რომლის აქციების პაკეტიც გერმანულმა გიგანტმა შარშან შეისყიდა.

სულ 250 ცალი ელექტრული ”სმარტ ფორთუს” გაყიდვა აქვს დაგეგმილი. ამასთან, გაყიდვები მხოლოდ ლიზინგით იგეგმება. მყიდველს თვეში 599 დოლარის გადახდა მოუწევს. თუმცა, მყიდველთა უმეტესობა კორპორატიული კლიენტი იქნბა და ”სმარტის” ელექტრომობილების შეძენას მხოლოდ 50 კერძო პირი შეძლებს.

ორი წლის შემდეგ, ელექტრული ”სმარტ ფორთუ” მოდერნიზაციას გაივლის. შეიცვლება მისი ინტერიერი, თუმცა მთავარი ისაა, რომ ენერგიის წყაროდ ლითიუმ-იონურ აკუმულატორებს გამოიყენებენ. ამ აკუმულატორებს ჯუჯა ელექტრომობილისთვის ”დაიმლერისა” და კომპანია ”ევონიკ ინდასტრიზის” ერთობლივი კომპანია - ”დოიჩე აკუმოტივი” დაამზადებს.

დაბოლოს, უკვე გადაწყვეტილია ოთხადგილიანი ”სმარტის” წარმოება. ეს პროექტი შტუტგარტელებმა 2006 წელს შეაჩერეს. ეს ავტომობილი ”ფორთუს” დაგრძელებულ პლატფორმას დაეყრდნობა. მას წამყვანი უკანა ბორბლები ექნება და ძრავიც მასზე უკან მოთავსდება. იმავე პლატფორმაზე, ”ტვინგოს” გრძელბაზიან ვერსიას ”რენოც” გამოუშვებს.