Wednesday, June 30, 2010

”ტოიოტას” ევროპის ყველაზე მწვანეს წოდება სურს

Toyota wants to become Europe’s greenest automaker

30 ივნისი

”ტოიოტა მოტორ იუროპის” ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ბრიტანეთში წარმოებული ჰიბრიდული ”აურისის” წყალობით, ის ძველი კონტინენტის ყველაზე მწვანე ავტომწარმოებლის წოდებას ”ფიატს” ჩამოართმევს. ამის თაობაზე, ინტერნეტ გამოცემა ”ავტომოტივ ნიუსთან” საუბრისას განაცხადა იაპონური კომპანიის ევროპული შტოს ეკოლოგიურ საკითხთა დირექტორმა უილი ტომბოიმ.

ახლახანს, ”ტოიოტამ” თავის ბარნსტონის (ბრიტანეთი) ქარხანაში ჰიბრიდული ”აურისის” წარმოება დაიწყო, რომელსაც ბენზინ-ელექტრული სისტემა ამუშავებს. იაპონური კომპანია იმედოვნებს, რომ წელს დაახლოებით 14 000 ჰიბრიდული ”აურისის” გაყიდვას შესძლებს, შემდეგ კი ეს მაჩვენებელი გაორმაგდება.

”ტოიოტას” მარკეტოლოგების ვარაუდით, მალე ევროპაში გაყიდული ”აურისების” დაახლოებით მეოთხედი ჰიბრიდული იქნება. ცნობისათვის, ამჟამად ძველი კონტინენტის ბაზარზე, როგორც ბენზინის, ისე დიზელისძრავიანი ”აურისი” დიდი პოპულარობით სარგებლობს.

იაპონური კომპანიის მონაცემებით, ჰიბრიდული ”აურისი” ყოველ კილომეტრზე ატმოსფეროში მხოლოდ 89 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. ამ მაჩვენებლით, ის ყველაზე სუფთა ავტომობილია ”ტოიოტას” სამოდელო გამაში. მისი კარგი გაყიდვების შემთხვევაში კი ეს კომპანია ევროპაში მართლაც დაეუფლება ”ყველაზე მწვანე” ავტომწარმოებლის საპატიო სტატუსს.

შარშანდელი მონაცემებით, ”ტოიოტამ” გამონაბოლქვში CO2-ის საშუალო შემცველობის მაჩვენებელი 144.9-დან 130.1 გრ/კმ-მდე შეამცირა. შედარებისთვის, ”ფიატის” შესაბამისი მაჩვენებელი 127.8 გრამია ყოველ კილომეტრზე. 2008 წელთან შედარებით, იტალიურმა კომპანიამ, მის მიერ გაყიდული ავტომობილების გამონბოლქვში ნახშირორჟანგის საშუალო შემცველობა ყოველ კილომეტრზე 5.9 გრამით შეამცირა და ზედიზედ მესამედ დაეუფლა ევროპის ”ყველაზე მწვანეს” სტატუსს.

”აურისი” იაპონური კომპანიის ევროპულ გამაში სულ მეორე ჰიბრიდული ავტომობილია. პირველი აქაც ”პრიუსი” იყო, თუმცა ის ევროპის გარეთ იწარმოება. ”აურისი” კი პირველი ჰიბრიდია, რომელსაც იაპონური კომპანია ევროპაშივე, აწარმოებს.

უფრო მეტიც, ”ტოიოტა” აცხადებს, რომ ”აურისი” პირველი სრულფასოვანი ჰიბრიდული ავტომობილია, რომელსაც ევროპაში აწარმოებენ. მაგრამ ამ მოსაზრებას არ თანხმება ”ფოლკსვაგენი”, რომელიც ირწმუნება, რომ პირველი სრულფასოვანი ჰიბრიდული ავტომობილი (ტუარეგი) ბრატისლავაში (სლოვაკეთი) მან გამოუშვა.