Tuesday, June 30, 2009

პირველი ნაცნობობა ახალ ”სიტროენ C3-თან”

Citroen C3

1 ივლისი

გაყიდვების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, ”სიტროენმა” თავის პოპულარულ ჰეჩბეკ C3-ის განახლებული ვერსიის ფოტოები და ზოგიერთი მახასიათებლები გამოაქვეყნა. ამ მოდელთან დაკავშირებით, ფრანგული კომპანიის დევიზია: ”ავიღოთ C3-გან ყველაფერი კარგი და ის კიდევ უფრო უკეთესად ვაქციოთ”. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ წინა თაობის C3 ”ორმაგმა შევრონმა” თითქმის 2 მილიონი ცალი გაჰყიდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ”კიდევ უფრო უკეთესი” ავტომობილით, ევროპული ბაზრის კომპაქტური ავტომობილების სეგმენტის დაპყრობა იგეგმება.

ახალი ავტომობილი წინამორბედზე დიდი - 12 სანტიმეტრით გრძელი და 5 სანტიმეტრით განიერია. სანამ ”სიტროენი” ახალი C3-ის ფოტოებს გამოაქვეყნებდა, ბევრი ფიქრობდა, რომ ამ ავტომობილს პანორამული სახურავი ექნებოდა, როგორც მის კონცეპტუალურ ვერსიას, მაგრამ ვარაუდი არ გამართლდა. სამაგიეროდ, ავტომობილი უცნაური ფორმის საქარე მინით აღიჭურვა, რომელიც ნაწილობრივ სახურავში გადადის და ლამის შუა საყრდენს აღწევს - დიზაინერებმა ჩათვალეს, რომ ასე უფრო ორიგინალურ გადაწყვეტას მიაგნეს.

მთლიანადაა შეცვლილი ავტომობილის წინა ნაწილის დიზაინი და უკანა სტოპ-ფარების ფორმა. მთლიანობაში ავტომობილმა უფრო დახვეწილი, სპორტული სტილის გარეგნობა მიიღო, სახურავში გადასული საქარე მინის წყალობით კი მძღოლის სავარძლიდან ხედვის არე 80 გრადუსს აღწევს.

სალონზე ვერ იტყვით, რა ვნახეო, მაგრამ მისი ტექნიკური უზრუნველყოფა ქებას იმსახურებს - საბაზო კომპლექტაციაში შედის Hi-Fi აუდიო სისტემა, რომელიც გასართობი ცენტრის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, ნავიგატორი, iპოდის და USB-კაბელის შესაერთებლები, უკაბელო კავშირის სისტემა ”ბლიუთუთ” და სხვა.

ახალი C3-ისთვის ძრავების ფართო გამაა განკუთვნილი, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული ახალი HDi 90 DPFS დიზელია. გამორჩეული კი საწვავის ეკონომიური მოხმარებით და შედარებით სუფთა გამონაბოლქვითაა. მართალია, ფრანგული კომპანია ამ კუთხით დაწვრილებით ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს, მაგრამ ინტერნეტში გავრცელებული მონაცემებით, სისტემა სტოპ/სტარტის დახმარებით, რომელიც საბაზო აღჭურვილობაში შევა, ყოველი კილომეტრის გავლისას, C3 ატმოსფეროში 100 გრამზე ნაკლებ СО2-ს გამოჰყოფს.

”სიტროენ C3-ის” სერიული ვერსია პირველად საზოგადოების წინაშე ფრანკფურტის ავტო შოუზე წარსდგება, ორი თვის შემდეგ კი მას ევროპელი დილერები მიიღებენ. სწორედ ფრანკფურტამდე რამდენიმე დღით ადრეა მოსალოდნელი ახალ C3-ზე უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის გამოქვეყნება.

პორტუგალიაში 1 300 ელექტროგასამართი სადგური აშენდება

30 ივნისი

პორტუგალიის მთავრობამ ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების გაყიდვების სასტიმულაციო ღონისძიებათა გატარება დაიწყო. ამ მიმართულებით პირველი სერიოზული ნაბიჯი, მომდევნო ორ წელიწადში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 300 ცალი ელექტროგასამართი სადგურის აშენება იქნება.

პორტუგალია ენერგიის წყაროების იმპორტზე ძლიერ დამოკიდებული ქვეყანაა, მაგრამ მის მმართველ, მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის პარტიას, ამ სიტუაციის რადიკალურად შეცვლა აქვს გადაწყვეტილი. აქცენტი განახლებად და ენერგიის (შედარებით) სუფთა წყაროებზე კეთდება. ბოლო წლებში, პორტუგალია ინტენსიურ ინვესტიციებს ახორციელებს ენერგიის ალტერნატიული წყაროების ასათვისებლად. ქვეყნის მთავრობის გათვლებით, დღეისათვის, ქვეყნის ენერგომოთხოვნების დაახლოებით 43 პროცენტი განახლებადი წყაროებიდან გამომუშავდება.

ელექტროგასამართი სადგურების მშენებლობის გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე, ასეთი სადგურები ქვეყნის 21 უდიდეს ქალაქსა და რეგიონულ ცენტრებში აშენდება. სადგურები ბენზინით გასამართ სადგურებთან სავაჭრო ცენტრებთან და დიდ ავტოსადგომებთან აშენდება.

გარდა ამისა, ქვეყნის მთავრობამ საგადასახადო შეღავათები შემოიღო იმ ავტომფლობელებისთვის, რომლებიც ელექტრომობილების შეძენას გადაწყვეტენ. ადგილობრივი მმართველობები კი მალე ელექტრომობილებისთვის, ქალაქების ცენტრებში სპეციალურ სადგომებს მოაწყობენ, რომლებზე დგომაც შედარებით იაფი ეღირება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დაჯდება ენერგია ახალ ელექტროგასამართ სადგურებში. თუმცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ ელექტრომობილის შენახვა ჩვეულებრივ, შიდაწვისძრავიან ავტომობილებთან შედარებით, იაფი ჯდება.

პროექტის მიხედვით, 2020 წლამდე ქვეყანაში 25 000 ელექტროგასამართი სადგური აშენდება. ქვეყნის ეკონიმიკისა და ინოვაციების მინისტრი კი იმედოვნებს, რომ იმ დროისთვის, პორტუგალიის გზებზე 180 000 ელექტრომობილი იმოძრავებს.

”ოპელს” ბელგიელები იყიდიან?

Opel

30 ივნისი

”ოპელის” საგა გრძელდება. გერმანული კომპანიის შესახებ, თითქმის ყოველდღიურად, ერთმანეთის გამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება, რომელთა მიხედვითაც, ”ოპელი” ავტომაკომპლექტებლების კანადურ კომპანია ”მაგნა ინტერნეიშნლის” ხელში სექტემბერში გადავა.

მეორე ვერსიით, ”ოპელი” ბოლოს მაინც ”ფიატს” დაჩება, რომლის მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონეც ამაყად აცხადებს, რომ ”ოპელის” შეძენაზე თავისი განაცხადის პირობების გაუმჯობესებას არ აპირებს.

მესამე ვერსიით, ”ჯენერალ მოტორსი” ”მაგნას” გერმანული კომპანიის მიყიდვას იმ პირობით დასთანხმდა, თუ მოგვიანებით, კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, მისი უკან დაბრუნების (რა თქმა უნდა, სარგებლის გათვალისწინებით) საშუალება მიეცემოდა, რის გამოც, კანადური კომპანია ”ოპელის” ყიდვას აღარ აპირებს.

დაბოლოს, გუშინ გამოცემა ”ფაინენშლ ტაიმსმა”, სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მალე ”ჯენერალ მოტორსსა” და ბელგიურ საინვესტიციო ჯგუფ ”RHJ ინტერნეიშნლს” შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, რის შემდეგაც, ბელგიური მხარე ”ოპელის” შეძენის უმთავრესი პრეტენდენტი გახდება.

ბელგიური ჯგუფის პოზიციებს ის გარემოება ამყარებს, რომ RHJ-სთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი ”ოპელის” ქარხნებში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებაა. ეს კი გერმანიის მთავრობასაც ძალიან მოსწონს, რის გამოც, RHJ-ს შანსები კიდევ უფრო მყარდება.

ალონსო ”ფერარიში

Formula 1

30 ივნისი

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ესპანელი ფერნანდო ალონსოს ”ფერარიში” შესაძლო გადასვლის შესახებ სპეკულაცია ახალი ძალით აგორდა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ესპანურმა სპორტულმა გამოცემა ”დიარიო ას-მა” ამ თემას სპეციალური პუბლიკაცია მიუძღვნა.

გაზეთი ვარაუდობს, რომ ალონსოსთან კონტრაქტის დადების შესახებ, იტალიური საჯინიბო 11 სექტემბერს, იტალიის დიდი პრიზის წინ გვამცნობს. გაზეთი იმასაც აღნიშნავს, რომ ”ფერარიში” ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ, ვის ადგილზე მიიწვიონ ესპანელი პილოტი. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ზაფხულის ეტაპებზე როგორი შედეგები ექნებათ ბრაზილიელ ფელიპე მასას და ფინელ კიმი რაიკონენს.

”ას-ი” იმასაც გვაუწყებს, რომ წელს ”ფერარი” თავის ტრადიციულ სეზონის დახურვის ცერემონიას ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში გამართავს. საერთოდ, ეს ცერემონიები იტალიაში, რომელიმე ცნობილ ავტოდრომზე ტარდება ხოლმე, მაგრამ ამჯერად ვალენსიას არჩევას ის დატვირთვაც აქვს, რომ მომავალი სეზონიდან იტალიურ გუნდს ახალი სპონსორი ეყოლება ესპანურ ბანკ ”სანტანდერის” სახით. მთავარი კი ისაა, რომ ცერემონიას ალონსოც დაესწრება. ოღონდ, ის ”ფერარის” წითელ ფორმაში კი არა, სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი იქნება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მას ”რენოსთან” კონტრაქტი 31 დეკემბერს უმთავრდება, რის გამოც, სხვა გუნდის ფორმით ოფიციალურ ღონისძიებებზე დასწრების უფლება არ აქვს.

არის კიდევ ერთი პილოტი, რომლის გადაბირებითაც ”ფერარია” დაინტერესებული. ესაა გერმანელი სებასტიან ფეტელი, ვინც დღეს ”რედ ბულის” ლიდერია და ამ სეზონში ორი რბოლის მოგება შეძლო. მაგრამ მარანელოელები მის გადაყვანას არ ჩქარობენ. მიზეზი ისაა, რომ ფეტელს ”რედ ბულთან” კონტრაქტი კიდევ ორი სეზონით აკავშირებს. ამ კონტრაქტის დარღვევა ძალიან ძვირი დაჯდება. თანაც, იტალიური გუნდის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ იმ ორი სეზონის განმავლობაში, რომლებსაც ”რედ ბულში” გაატარებს, გერმანელი პილოტი ნამდვილ სუპერვარსკვლავად ჩამოყალიბდება და მისი გადაყვანა უფრო ეფექტური იქნება.

”რენომ” სპორტული ”კლიო” და ”მეგანი” გამოუშვა

Renault Clio, Megane World Series

30 ივნისი

ფრანგულმა კომპანია ”რენომ” თავის სარბოლ სერია ”უორლდ სერის” დაარსებიდან ათი წლის იუბილე ორიგინალურად აღნიშნა - ამასთან დაკავშირებით, თავისი პოპულარული მოდელების - ”კლიოსა” და ”მეგანის” ბაზაზე სპეციალური სპორტული მოდელები გამოუშვა, ტუნინგის პროგრამას კი ”უორლდ სერის” უწოდა. აღნიშნული სერია 1998 წელს ჩამოყალიბდა და მაშინ მას ”ნისან ოუპენ ფორტუნა” ერქვა, 2005 წლიდან კი ის ფრანგული კომპანიის სახელით ტარდება.

ავტომობილი ”რენო კლიო უორლდ სერის” აეროდინამიკურ კომპლექტ ”დინამიკით” არის აღჭურვილი. ასეთ კომპლექტაციას მხოლოდ სამკარიანი ”კლიო” მიიღებს. სტანდარტული მოდელისგან მას მოზრდილი წინა სპოილერი, სხვა ფორმის გვერდითა სპოილერები და სპორტული უკანა ბამპერი განასხვავებს. ამ ავტომბილისთვის სულ სამი ძრავია გათვალისწინებული, რომელთაგან ყველაზე სუსტი 1.2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი აგრეგატია, რომელსაც თითო ცილინდრზე ოთხი სარქველი ემსახურება. ეს აგრეგატი 75 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისით აღჭურვილი ”კლიო უორლდ სერის” კი 20 000 დოლარი ეღირება. ოდნავ მაღალი ფასი ექნებათ უფრო მძლავრი ძრავებით აღჭურვილ ვერსიებს.

რაც შეეხება ”მეგან უორლდ სერის”, მისთვის ჰეჩბეკის და კუპეს ძარებია გათვალისწინებული. ეს ავტომობილიც იმავე აეროდინამიკური კიტებით აღიჭურვება, რითაც ”კლიო WS”. ოღონდ, მათ შორის განსხვავება ის იქნება, რომ ”მეგანი” 17-დუიმიან ბორბლებს და ექვსსაფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფს მიიღებს. ასეთი ”მეგანის” ფასი იმავე სერიის ”კლიოსაზე” თითქმის 6 000 დოლარით მეტია.

”მეგან WS-თვის” მხოლოდ ორი ძრავია გათვალისწინებული (ორივე იმავე სერიის ”კლიოზეც” გამოიყენება). მათგან ერთი ბენზინზე მუშაობს. ესაა 1.6-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი (16 სარქველით) აგრეგატი, რომლის სიმძლავრე 110 ცხენის ძალას აღწევს. მეორე აგრეგატია დიზელის dCi 106, რომლის მახასიათებლებიც ჯერ არ ქვეყნდება.

”უორლდ სერის” ”კლიოსა” და ”მეგანის” პრემიერა ამ უქმეებზე, ინგლისის სილვერსტოუნზე, სპორტული ავტომობილების გრანდიოზულ რანდევუზე გაიმართება, რომელზე შესვლაც ყველასათვის უფასოა.

”სიტროენმა” GT-ს წარმოება გადაწყვიტა

Citroen GT

30 ივნისი


ფრანგულმა კომპანია ”სიტროენმა” თავის კონცეპტუალურ სუპერავტომობილ GT-ს ძალიან შეზღუდული რაოდენობით წარმოება გადაწყვიტა. ინგლისურ ჟურნალ ”აუტოქარის” ინფორმაციით, GT-ს წარმოებას მწვანე შუქი ”სიტროენის” შეფმა ვენსან ბესონმა აუნთო. სულ 6 ცალი GT დამზადდება და მათი შეძენის მსურველებს 1.1 მილიონი გირვანქა სტერლინგის გაღება მოუწევთ.

ჯერჯერობით, ცნობილი არაა, თუ კონცეპტუალური მოდელიდან საწარმოოზე რომელი ტექნიკურ გადაწყვეტები გადაინაცვლებს. თუმცა, ჟურნალმა შეძლო ინფორმაციის მოპოვება, რომლის მიხედვითაც, კონცეპტუალური მოდელი ძალიან უმნიშვნელოდ შეიცვლება. რაც მთავარია, მისი ძარის დეტალების უმეტესობა ნახშირბადოვანი კომპოზიტებისგან დამზადდება, ინტერიერში კი ექსტრემალურ გარემოს მდიდრული გაფორმება შეუხამდება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ძრავს მიიღებს ფრანგული სუპერავტომობილი. შესაძლოა, არჩევანი ”ფორდის”, ან ”ჯენერალ მოტორსის” V8 აგრეგატზე შეჩერდეს. ძრავის სიმძლავრე 500 ცხენის ძალის ფარგლებში იქნება, მას კი მექანიკური (საფეხურების რაოდენობა უცნობია) კოლოფი შეუწყვილდება.

რატომ ყიდულობს ”სიტროენი” ძრავს სხვისგან და თვითონ არ ამზადებს? ”აუტოქარი” განმარტავს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ თანხების დაზოგვის მიზნით ხდება - ოდენ ექვსი ავტომობილისთვის ახალი აგრეგატის შემუშავება მეტისმეტად ძვირი დაჯდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მარტში, ჟენევის ავტო შოუს დროს, ბესონმა განაცხადა, რომ ოცი ცალი GT-ს დამზადება იგეგმებოდა, მაგრამ მას შემდეგ გეგმები შეიცვალა.

”სიტროენ GT-ს” კონცეპტუალური ვერსიის მორიგი ჩვენება ფრანკფურტის შოუზე იგეგმება, სადაც მასთან დაკავშირებული გეგმები დაწვრილებით გამოქვეყნდება.

ყველაზე ძვირი ბოლიდი ფორმულა 1-ში

Formula 1

30 ივნისი

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ორივე ჩათვლის ლიდერი გუნდის, ინგლისური ”ბრაუნ GP-ს” ტესტ პილოტმა, ავსტრიელმა ალექს ვურცმა გერმანულ ჟურნალ ”აუტო მოტორ უნდ შპორტთან” საუბრისას, თავისი გუნდის წარმატებათა მიზეზებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გუნდს ”ჰონდა” ერქვა, უზარმაზარი სამუშაო შესრულდა ავტომობილის აეროდინამიკაზე.

ვურცის თქმით, ”ჰონდას” წინასასეზონო სამზადისი ყველაზე ინტენსიური და მრავალმხრივი იყო, რის გამოც, ახალი ჩემპიონატისთვის განკუთვნილი ბოლიდის მომზადება ”ბრაუნს” (უფრო სწორედ, ჰონდას) ყველა სხვა გუნდზე ძვირი დაუჯდა.

ვურცის ინფორმაციით, ახალი ავტომობილის შექმნის პროცესში ”ჰონდამ” მთლიანობაში ხუთი აეროდინამიკური მილი გამოიყენა.

სულ ბოლიდის (BGP001) სამი პროტოტიპი დამზადდა, რომლებიც განსხვავებული კონცეპციით დამუშავდა. აეროდინამიკურ მილებში ჩატარებული ტესტების შემდეგ, საჯინიბოს ტექნიკურმა ხელმძღვანელობამ ერთი, ყველაზე წარმატებული პროტოტიპი შეარჩია. განვითარების დანარჩენი ორი გზა მცდარად მიიჩნიეს და მათს განვითარებაზე მუშაობა ადრეულ სტადიაშივე შეაჩერეს. პარალელურად, გუნდმა მთელი თავისი საინჟინრო არსენალი დარჩენილი ერთის სრულყოფას მოახმარა.

”შარშან ”ჰონდა” ხუთ აეროდინამიკურ მილს იყენებდა. პირველ ეტაპზე, სამი განსხვავებული კონცეპცია მომზადდა, რომლებმაც ცალ-ცალკე გაიარეს ტესტები. გამოცდებმა აჩვენა, რომ სამიდან ორი გზა მცდარი იყო. ამიტომ მათს განვითარებაზე ადრევე ითქვა უარი, რის შემდეგაც, გუნდმა მთელი თავისი შესაძლებლობები დარჩენილი ერთის განვითარებას მოახმარა. განვლილ პროცესზე დაკვირვება მაფიქრებინებს, რომ BGP001 ჩემპიონატში მონაწილე მანქანებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია”, - ამბობს ვურცი, ვინც ერთხანს ”მაკლარენის” ტესტ პილოტად მუშაობდა, წელს კი თურქულ და ბრიტანულ ეტაპებს შორის, ლე მანის 24-საათიან რბოლაში იასპარეზა და სახელოვანი ასპარეზობა მეორედ მოიგო.

ავსტრიელი ავტომრბოლის ვარაუდით, ”ჰონდამ” ახალი ბოლიდის მომზადებას, დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარი მოახმარა. შემდეგ კი, ფინანსური კრიზისის მომიზეზებით, ჩემპიონატი მიატოვა. კარგა ხანს, მისი საქარხნო გუნდის ბედი გაურკვეველი იყო, ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე კი, ის სიმბოლურ ფასად მისმავე შეფმა, როს ბრაუნმა შეიძინა და თავისი სახელიც დაარქვა.

სწორედ ”ჰონდას” მიერ წვრილმანებამდე დამუშავებული აეროდინამიკის დამსახურებაა ის, რომ განვლილი რვა ეტაპიდან ექვსი ”ბრაუნ GP-ს” ბრიტანელ პილოტ ჯენსონ ბატონის გამარჯვებით დასრულდა. თუმცა, აქ ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ბოლიდს სასწაულებრივად კარგად მოერგო ”მერსედეს-ბენცის” ძრავი და გადაცემათა კოლოფი, რომელიც გუნდმა ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე მიიღო.