Tuesday, February 15, 2011

„პორშემ“ მოდელ „ბოქსსტერისგან“ ელექტრომობილი შექმნა

Porsche Unwraps Boxster E Electric Prototype

15 თებერვალი

ჟენევის ავტო შოუზე, „პორშეს“ ერთ-ერთი ექსპონატი, მოდელ „ბოქსსტერის“ ბაზაზე შექმნილი ელექტრომობილი იქნება, რომელიც გერმანული კომპანიისთვის მოძრავი ლაბორატორიის მოვალეობას შეასრულებს, მომავალში კი მასზე გამოყენებულ ტექნოლოგიებს, ცუფენჰაუზენელები თავიანთ სერიულ მოდელებზე დანერგავენ.

„ელექტრული ძალით გადაადგილება უახლოესი მომავლის გამოწვევაა და ჩვენი ინჟინრების მიზანია, ამ გამოწვევას ჩვეული ენთუზიაზმით შევხვდეთ. „ბოქსსტერ E“ ჩვენთვის მოძრავი ლაბორატორია გახდება, რომელსაც ელექტრომობილებისთვის დამახასიათებელი პრობლემების გადასაჭრელად გამოვიყენებთ, რათა მომხმარებლის მოთხოვნები მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ“, - ამბობს „პორშეს“ მთავარი აღმასრულებელი მათიას მიულერი.

„ბოქსსტერ E“ ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 241 ცხენის ძალაა, რითაც ის შიდაწვისძრავიანი „ბოქსსტერის“ საბაზო ვერსიის სიმძლავრესთან ახლოსაა. ძრავებს ელექტროენერგიით ლითიუმ-იონურ აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც 29 კილოვატსაათია.

გერმანულ კომპანიას ჯერ „ბოქსსტერ E-ს“ ტექნიკური მონაცემები არ გამოუქვეყნებია, თუმცა ცნობილია, რომ ისინი დაახლოებით შიდაწვისძრავიანი მოდელის მსგავსი იქნება. ცნობისათვის, „ბოქსსტერ S“ 3.4-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 310 ცხენის ძალას იძლევა, მისი დახმარებით კი ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ სიჩქარეს 5.3 წამში ავითარებს.

„პორშემ“ ელექტრომობილების წარმოების გეგმა ჯერ კიდევ 2009 წელს გამოაქვეყნა. მაშინ კომპანიას სათავეში მიხაელ მახტი ედგა, რომელიც ამჟამად „ფოლკსვაგენის“ წარმოების დირექტორია. ელექტრომობილების გარდა, ცუფენჰაუზენელები თავიანთი ავტომობილების ჰიბრიდული ვერსიების წარმოებასაც გეგმავენ. ამჟამად კომპანიის საწარმოო პროგრამაში, ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილი მხოლოდ ერთი ავტომობილი - „კაიენი“ შედის. მალე ბაზარზე ანალოგიური სისტემით აღჭურვილი „პანამერა“ და კონცეპტუალური „918 სპაიდერის“ ბაზაზე შექმნილი მოდელი გამოჩნდება.

ელექტრული „ტოიოტა iQ EV“ ჟენევური დებიუტისთვის მზადაა

Geneva to Mark European Debut of Toyota iQ EV Prototype

15 თებერვალი

„ტოიოტამ“ გამოაცხადა, რომ ჟენევის ავტო შოუზე, თავისი ჯუჯა ჰეჩბეკის, iQ-ს ბაზაზე დამზადებულ ელექტრომობილს გამოფენს. ამ ელექტრომობილს ევროპულ გზებზე ტესტირების სრული ციკლი უკვე გავლილი აქვს და ის ძველი კონტინენტის ბაზარზე მერმისს გამოჩნდება. თუმცა, მხოლოდ ლიზინგით გაიყიდება. იგივე ელექტრომობილი აშშ-ის ბაზარზეც შევა, ოღონდ ის იქ მხოლოდ „სციონის“ მარკით გაიყიდება.

„ტოიოტას“ ინჟინრებმა წარმატებით გაართვეს თავი რთულ ამოცანას, რომელიც მათგან სრულიად ელექტრული აღჭურვილობის ამ პატარა მანქანაში განლაგებას მოითხოვდა. ამასთან, ეს მათ ისე მოახერხეს, რომ პრაქტიკულად უცვლელი დარჩა როგორც სალონის, ისე საბარგულის მოცულობაც.

ჯუჯა ჰეჩბეკს მამოძრავებელ ძალას პატარა ელექტროძრავი ანიჭებს, რომელიც ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორებისგან იკვებება. აკუმულატორების ბლოკი მანქანის ძირში, იმ ადგილას განთავსდა, სადაც შიდაწვისძრავიან ავტომობილში საწვავის ავზია. აკუმულატორების ტევადობა არ დაკონკრეტებულა, თუმცა იაპონური კომპანია აცხადებს, რომ მათში დაგროვილი ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ ჯუჯამ 105 კილომეტრი გაიაროს. ასევე უცნობია, თუ აკუმულატორების სრული დამუხტვისთვის რა დროა საჭირო.

ცნობისათვის, ელექტრომობილების წარმოებაში, „ტოიოტას“ პარტნიორობას ამერიკული „ტესლა მოტორსი“ უწევს, რომელიც იაპონური კომპანიისთვის აკუმულატორებს, ელექტროძრავსა და ელექტრომობილისთვის საჭირო სახვადასხვა კომპონენტს ამზადებს. ამ ორი კომპანიის პარტნიორობის შედეგები ბაზარზე მერმისს გამოვა. მათგან ერთია iQ, მეორე კი უგზოობის მოდელ RAV4-ის ელექტრული ვერსია, რომელიც პირველად საზოგადოებას დეტროიტის შოუზე ეჩვენა. ამ ავტომობილს აკუმულატორების ტევადობა 240 კილომეტრზე ჰყოფნის, მისი საბაზო ღირებულება კი 40 000 დოლარი იქნება.

ღია ბენტლი ყინულზე სიჩქარის რეკორდსმენი გახდა

Extreme Bentley Supersports Convertible Takes Speed Record on Sheet Ice

15 თებერვალი

დიდი ხანია, რალიში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, ფინელმა იუჰა კანკუნენმა თავისი შლემი ლურსმანზე დაკიდა, მაგრამ დროდადრო რბოლებისკენ მაინც გაურბის გული და არც მათში მონაწილეობაზე ამბობს უარს. ახლახანს კი სიჩქარის რბოლის მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც თავადვე ეკუთვნოდა.

52 წლის იუჰამ „ბენტლი კონტინენტალ სუპერსპორტით“ ყინულზე 330.695 კმ/სთ სიჩქარე განავითარა და მის მიერვე ოთხი წლის წინ დამყარებული რეკორდი თითქმის 9 კმ/სთ-ით გააუმჯობესა. სხვათა შორის, წინა რეკორდიც მან ინგლისური კომპანიის ავტომობილით, ოღონდ „ბენტლი კონტინენტალ GT-ით“ დაამყარა.

იუჰა კანკუნენი

..............................

რა თქმა უნდა, ავტომობილი, რომელიც კანკუნენმა რეკორდის გასაუმჯობესებლად გამოიყენა, მნიშვნელოვნადაა მოდიფიცირებული. უპირველეს ყოვლისა, ავტომობილი დამცავი კარკასითაა აღჭურვილი, რომელიც მის სალონში მყოფთ დაჯახების და გადაყირავების შემთხვევაში იცავს. ავტომობილის ძარას დამატებული აქვს წინა და უკანა სპოილერები, რომლებიც მაღალი სიჩქარით მოძრაობისას, მის სტაბილურობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ავტომობილი 20-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც „პირელის“ წარმოების საბურავებითაა (სოტოზერო II, 275/40R20) შემოსილი.

სპეციალური საფენით დაიფარა წინა ფარები, ჰაერის ამღებები და რადიატორის ბადე. მოლიპულ გზაზე ავტომობილის გასაჩერებლად, მანქანას უკანა ნაწილში სპეციალური სამუხრუჭე პარაშუტი დაუყენეს, როგორსაც სამხედრო თვითმფრინავებზე იყენებენ ხოლმე.

„წინა ცდაზე, როდესაც რეკორდი კონტინენტალ GT-ით გავაუმჯობესე, მაგიურ 200 მლ/სთ-მდე ძალიან ცოტა დამაკლდა. ახლა კი, როდესაც გავიგე, რომ ბენტლის ბიჭები „სუპერსპორტსს“ ამზადებდნენ, მის საჭესთან დაჯდომა მომინდა. ამჯერად ჩემს განკარგულებაში 600 ცხენის ძალაზე მეტი, სწრაფად გადამრთველი კოლოფი და სრულამძრავიანი ტრანსმისია იყო. მოკლედ, ღია „სუპერსპორტსი“ რეკორდის დასამხობად საუკეთესო იარაღი იყო“, - განაცხადა კანკუნენმა.

რეკორდი ფინეთში, 30-გრადუსიან ყინვაში, 1000-მეტრიან გზაზე დამყარდა. გარბენს ფინეთის საგზაო პოლიციის წარმომადგენლები დაესწრნენ. რბოლას ასევე გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც რეკორდი ოფიციალურად დააფიქსირეს. როგორც რეკორდების დამყარებისასაა დამკვიდრებული, საბოლოო შედეგი ორი გარბენის დროის საშუალო არითმეტიკულით გამოვლინდა. ამასთან, ორივე გარბენი ერთიმეორის საპირისპირო მიმართულებით შესრულდა.