Saturday, February 26, 2011

„ვოლვოს“ იკონური კუპე P1800 50 წლისაა

Volvo's Iconic P1800 Turns 50 This Year

26 თებერვალი

ირვ გორდონი თავის ლეგენდარულ ვოლვო P1800-თან
..............................

ამ ავტომობილმა სახელი ტელესერიალ „წმინდანის“ მეშვეობით გაითქვა, ფილმისა, რომელშიც მას სახელოვანი როჯერ მურის გმირი მართავდა. ამბობენ, მსახიობს „ვოლვოს“ სპორტული ავტომობილი იმდენად მოეწონა, რომ ერთი თვითონაც იყიდაო.

„ვოლვო P1800-ის“ პრემიერა ბრიუსელის 1960 წლის ავტო შოუზე შედგა, ერთი წლის შემდეგ კი მისი წარმოებაც დაიწყო. 12 წლის განმავლობაში, შვედურმა კომპანიამ დაახლოებით 46 000 ცალი P1800 და მისი რამდენიმე ვერსია გამოუშვა.

სხვათა შორის, „წმინდანის“ პროდიუსერებს თავიდან ფილმში „იაგუარის“ ლეგენდარული E-ტაიპის გადაღების სურვილი ჰქონიათ, მაგრამ ინგლისურმა კომპანიამ ისინი გაწბილებულები დატოვა - მისი ხელმძღვანელობის განცხადებით, ფილმში გამოჩენით, E-ტაიპი უფრო პოპულარული მაინც ვეღარ გახდებოდა. „ვოლვომ“ კი შანსი ხელიდან არ გაუშვა და ფილმის პროდიუსერებს თანხმობით უპასუხა.

ამ ავტომობილმა სახელი უფრო თავისი ერთ-ერთი მფლობელის, ამერიკელი ირვ გორდონის (ფოტოზე თავის P1800-თან) წყალობით გაითქვა. ამ კაცს ის 45 წელია ემსახურება და ამ დროის განმავლობაში, მათ ერთად 4.5 მილიონი კილომეტრი აქვთ გავლილი. თანაც ისე, რომ ძრავი, ტრანსმისია და ღერძები ერთხელაც არ შეუცვლიათ (!).

ამ შესანიშნავი ავტომობილის იუბილეს აღსანიშნავად, „ვოლვო“ მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ესენის (გერმანია) შოუ „ტექნოკლასიკაში“, სადაც თავის პავილიონში P1800-ის ექვს სპეც ვერსიას წარადგენს. ესენია X1 - პირველი პროტოტიპი, სულ პირველი P1800, რომელიც ბრიტანეთშია გამოშვებული, რალისთვის მომზადებული P1800S, რომელიც 1863 წელს შეიქმნა, კაბრიოლეტი „1800S ვოლვოვილი“, რომელიც აშშ-ში 1966 წელს დამზადდა, ასევე 1971 წლის 1800E და იმავე წლის 1800ES.

დი მონტეძემოლო მარკიონეზე ძვირად ფასობს

Ferrari CEO Made Twice as Much as Fiat Group CEO Sergio Marchionne

26 თებერვალი

დი მონტეძემოლო (მარცხნივ) და მარკიონე

..............................

ცნობილი ამბავია, რომ ავტოინდუსტრიის მაღალი თანამდებობის აღმასრულებლები ზღაპრულ ჰონორარებს იღებენ და ამ მხრივ, არც „ფიატ-ის“ ხელმძღვანელები არიან გამონაკლისნი, თუმცა ამ შემთხვევაში ერთი მცირე შეუსაბამობა არსებობს. კერძოდ ის, რომ იტალიური საავტომობილო ჯგუფის მთავარ აღმასრულებელ სერჯო მარკიონეს გაცილებით ნაკლები ანაზღაურება აქვს, ვიდრე ჯგუფის გამორჩეული წევრის - „ფერარის“ შეფ ლუკა დი მონტეძემოლოს.

თავად განსაჯეთ, მიუხედავად იმისა, რომ „ფერარიმ“ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ხელიდან ბოლო რბოლაში გაუშვა და ისიც ხელმძღვანლობის ტაქტიკური შეცდომის წყალობით, „ფიატ-მა“ დი მონტეძემოლოს მაინც 8.7 მილიონი ევრო (დაახლოებით 12 მილიონი დოლარი) გადაუხადა. და ეს მაშინ, როდესაც მარკიონეს ჰონორარებმა საერთო ჯამში, 3.5 მილიონი ევრო შეადგინა.

თავისი ჯამაგირის დიდი წილი, კერძოდ კი 7.549 მილიონი ევრო, დი მონტეძემოლომ „ფერარის“ ხელმძღვანელობისთვის დაიმსახურა. დანარჩენი თანხა მან იმისთვის მიიღო, რომ გასული წლის დასაწყისში, „ფიატ-ს“ ედგა სათავეში. საერთოდ, ეს პოსტი მას 2004 წლიდან ეკავა. რაც შეეხება მარკიონეს შემოსავალს, 3.05 მილიონი ევრო მას „ფიატ-ის“ მართვისთვის ერგო, დანარჩენი თანხა კი ტურინული კონცერნის შვეიცარული ბიზნესის წარმართვისთვის გადაუხადეს.

რა თქმა უნდა, „ფერარის“ მართვა გაცილებით იოლია, ვიდრე „ფიატ-ის“ უზარმაზარი ჯგუფისა. თანაც, მარკიონე უკვე „კრაისლერსაც“ ხელმძღვანელობს. რაც შეეხება კონცერნის დანარჩენ აღმასრულებლებს, მესამე ყველაზე დიდი ანაზღაურება „ფიატ-ის“ აღმასრულებელ ჯონ ელკანს ჰქონდა. ანიელების ოჯახის შთამომავალმა სულ 589 000 ევრო მიიღო. დანარჩენი აღმასრულებლების ჯამაგირი კი ამათთან მოსატანიც არაა - ისინი 65-95 ათას ევროს ღებულობენ.

„ვოლვო“ 11 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს

Volvo Planning to Invest $11 Billion in Five Years

26 თებერვალი

პეკინში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, ჩინელთა ხელში გადასულმა შვედურმა კომპანია „ვოლვო ქარზმა“ თავისი ახალი სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა, რომლის შესაბამისადაც, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, 11 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ამ გეგმის შესაბამისად, კომპანია ჩინეთის ქალაქ ჩენდუში ახალ ქარხანას ააშენებს. ამასთან, ჯერაც განიხილება ჩინეთის ჩრდილო აღმოსავლეთის ქალაქ დაქინში მეორე ქარხნის მშენებლობის საჭიროება.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ „ვოლვო ქარ კორპორეიშნისთვის“, ჩინეთი მეორე საშინაო ბაზარია. აქ დამკვიდრებას ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ბუნებრივია, ჩვენს გეგმებში ჩინეთს პრიორიტეტული ადგილი უკავია“, - პრესკონფერენციაზე განაცხადა „ვოლვო ქარ კორპორეიშნის“ პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა სტეფან ჯეკობიმ.

სტეფან ჯეკობი

..............................

ჩინეთი უკვე მსოფლიოს უდიდესი საავტომობილო ბაზარი და მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკაა. ბუნებრივია, ყველა ავტომწარმოებელი იქ დამკვიდრებას და იქაური ბაზრის რაც შეიძლება დიდი წილის მოპოვებას ცდილობს. „ვოლვოს“ შემთხვევაში, ცისქვეშეთში გააქტიურება მით უფრო მოსალოდნელი იყო, რომ მისი ახალი მფლობელი ჩინური კომპანია „ჯილია“, რომლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლი შიფუც, ასევე ესწრებოდა „ვოლვოს“ პეკინურ პრესკონფერენციას. შიფუ იმედოვნებს, რომ ათ წელიწადში „ვოლვოს“ გაყიდვები 800 000-მდე გაიზრდება. და, რა თქმა უნდა, ამ მიზნის მიღწევაში, ჩინეთმა დიდი როლი უნდა შეასრულოს.

ჯეკობის იმედი აქვს, რომ ჩინური ქარხნის მიერ გამოშვებული ავტომობილების ყველაზე დიდი მუშტარი სახელმწიფო დაწესებულებები იქნება. და, რა თქმა უნდა, ჩინეთში წარმოებული ავტომობილები ექსპორტზეც უნდა გავიდეს. ამაში კი „ვოლვოს უსაფრთხო, უმაღლესი კლასის ავტომობილების მწარმოებლის რეპუტაცია, ძლიერ გამოადგება.

ლი შიფუ

..............................

ჯეკობი აცხადებს, რომ ჩინეთში ექსპანსიის გადაწყვეტილება უარყოფითად არ იმოქმედებს „ვოლვოს“ რეპუტაციაზე და შვედური კომპანია კვლავაც შეძლებს ევროპასა და სხვა რეგიონების ბაზრებზე პოზიციების შენარჩუნებას, მომავალში კი გაყიდვების გაზრდასაც.

ჩენდუს ქარხანაში მხოლოდ „ვოლვოს“ ავტომობილებს გამოუშვებენ. მისი წლიური წარმადობა 100 000 ავტომობილი იქნება. ქარხანა მწყობრში 2013 წელს უნდა ჩადგეს. პარარელურად, სრული დატვირთვით მუშაობას გააგრძელებს შვედეთსა და ბელგიაში მოქმედი ქარხნები.

შვედურმა კომპანიამ, რომელიც „ჯილიმ“ შარშან „ფორდისგან“ გამოისყიდა, ასევე გამოაცხადა, რომ მისი ჩინური მთავარი ოფისი და კვლევისა და პროდუქციის განვითარების, ასევე შესყიდვების დიზაინის ცენტრი, შანჰაიში განლაგდება. ამასთან, „ვოლვო ქარ ჩაინა“ და „ვოლვოს“ შვედური კვლევისა და განვითარების ცენტრი, ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების შექმნაზე ერთობლივად იმუშავებენ.

„ვოლვომ“ შარშან ჩინეთში 30 500-ზე მეტი ავტომობილი გაჰყიდა. შვედური კომპანია იმედოვნებს, რომ ხუთ წელიწადში გაყიდვებს 200 000-მდე გაზრდის. ამისათვის კი, ქვეყანაში მისი სადილერო ქსელი უნდა გაორმაგდეს. თუ დღეს ცისქვეშეთში შვედური კომპანიის ავტომობილებს 106 დილერი ჰყიდის, მალე მათი რიცხვი 200-ს ასცდება. რაც შეეხება გლობალურ ბაზარს, შარშან „ვოლვომ“ მთელს მსოფლიოში 373 525 ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 11.2 პროცენტით მეტია.