Thursday, January 7, 2010

”ნისან ჯუკი” - პატარა ჰეჩბეკების ალტერნატივა

Nissan Juke

7 იანვარი

”ნისანმა” გამოაცხადა, რომ ჟენევის ავტო შოუზე უახლეს მინი ქროსოვერს წარადგენს, რომელიც ოქტომბრიდან ”ჯუკის” სახელით გაიყიდება. იაპონური კომპანიის განცხადებით, ეს ავტომობილი იმ ევროპელ მყიდველს მიიზიდავს, რომელიც აქამდე მხოლოდ მცირეგაბარიტიანი ჰეჩბეკების შეძენაზე იყო ორიენტირებული.

”ჯუკი” მეოთხე ქროსოვერია ”ნისანის” ევროპულ პროგრამაში. ამ ავტომობილით, სიდიდით მეორე იაპონური ავტომწარმოებელი ცდილობს, რომ თავისი ფოკუსი ნიშურ სეგმენტებზე გადაიტანოს და ამგვარად, მყიდველს მრავალფეროვანი პროდუქცია შესთავაზოს.

”ჯუკი” კონცეპტუალურ ”ქაზანას” საკონვეიერო გაგრძელებაა. ”ქაზანა” ”ნისანმა” შარშან, ჟენევის ავტო შოაუზე წარადგინა და ამ ავტომობილმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ამ გარემოებამ, იაპონურ კომპანიას ამ ავტომობილის წარმოება გადააწყვეტინა.

როცა ”ჯუკი” ”ნისანის” საწარმოო პროგრამაში ჩაჯდება, ამ კომპანიის სამოდელო გამაში, ის პოპულარულ კომპაქტურ ქროსოვერ ”ქაშკაისა” და კომპაქტურ საოჯახო ავტომობილ ”ნოუტს” შორის დაიკავებს ადგილს.

”შეგვიძლია, თამამად განვაცხადოთ, რომ ქროსოვერ ”ქაშკაის” მეშვეობით, ჩვენ ევროპელი მყიდველის გემოვნებას ალღო ავუღეთ და ახლა, სანამ ბაზარზე ”ჯუკს” გამოვუშვებთ, პირველ რიგში, სწორედ ევროპელების მოთხოვნილებები და გემოვნება შევისწავლეთ”, - ამბობს ”ნისანის” ევროპული შტოს გაყიდვების და მარკეტინგის განყოფილების შეფი საიმონ თომასი.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ”ჯუკს” ”ნისანის” ბრიტანეთის ჩრდილო აღმოსავლეთში მდებარე ქარხანა გამოუშვებს. ეს ის ქარხანაა, რომელიც იაპონური კომპანიის პოპულარულ მოდელებს - ”ქაშკაის”, ”ქაშკაი+2-ს” და ”ნოუტს” აწარმოებს.

დაბოლოს, იაპონური კომპანიის საწარმოო პროგრამაში, ”ჯუკი” იმ ადგილს დაიკავებს, რომელიც აქამდე პოპულარულ მინიჰეჩბეკ ”მიკრას” ეკავა. ეს უკანასკნელი კი თავის სახელს ინდოეთის ბაზარზე შეინარჩუნებს...

მოტოციკლი, რომელიც 16 მილიონი ევრო ღირს

7 იანვარი

ჩოპერების მწარმოებელმა გერმანულმა კომპანია ”ჰაუს ოფ თანდერმა”, გასაყიდად მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მოტოციკლი გამოფინა. ჩოპერის ღირებულება 15.8 მილიონი დოლარია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მოტოციკლს გემთმშენებელ ”სანრაიზ იახტსის” წარმოების იახტაც ”მოჰყვება”.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ რეალურად პირიქითაა - იყიდება იახტა, ჩოპერი კი მისი დანამატია, რომლითაც იახტის გამყიდველი პოტენციური მყიდველის მიზიდვას ცდილობს. თუმცა, ”ჰაუს ოფ თანდერიც” იგივე პრინციპით, მოტოციკლს თავის მცურავ ”დანამატთან” ერთად დამოუკიდებლადაც ჰყიდის.

იახტის სიგრძე 45 მეტრია და ის ”სანრაიზ იახტსის” თურქულ ნავსაშენშია აგებული. აღნიშნული კომპანია გერმანელ ბიზნესმენ ჰერბერტ ბაუმს ეკუთვნის, ვინც თურმე ”ჰარლეი დევიდსონის” ჩოპერების და კასტომ ბაიკების დიდი მოყვარული ყოფილა. ამიტომ, ”ჰაუს ოფ თანდერთან” თანამშრომლობაზე სწრაფად დათანხმდა.

იახტას აქვს ფარეხი, რომელშიც მსოფლიოს უძვირესი მოტოციკლის გარდა, სამაშველო მოტორიანი ნავი და ორი ჰიდროციკლიც ინახება. ყველა მათგანი იახტის ფერადაა შეღებილი.

რაც შეეხება ”ჰაუს ოფ თანდერის” მოტოციკლს, ის ”ჰარლეი დევიდსონის” წარმოების მოდელ ”როკერის” ბაზაზეა აგებული. ოღონდ, გერმანული კომპანიის სპესიალისტებმა მისი ჩარჩოს კონსტრუქცია გადააკეთეს და ბაიკის დიზაინიც შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ ბაიკს აქვს სპეციალური სახელურები, რომელთა დახმარებითაც, მას პატრონი იახტაზე შეაგორებს.