ჰიბრიდული ტექნოლოგია ”ჰონდას” სპორტული ავტომობილისთვის
Honda CR-Z
20 აპრილი





აეროდინამიკის გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებული ყურადღებით მისი უკანა ნაწილის დამუშავებას მიექცა. რა თქმა უნდა, ავტომობილის არაერთმა პროტოტიპმა, აეროდინამიკურ მილში მრავალი საათი გაატარა. ამის შედეგია ის, რომ ავტომობილის უკანა ფრთების ზედა ნაწილები შიგნითაა გადახრილი. ასე ისინი ჰაერის მეტ ნაკადს ატარებენ კუდისკენ და ავტომობილს უფრო გარსშემოდენილს ხდიან, რაც მაღალ სიჩქარეზე მას უფრო მდგრადს ხდის.
სპორტული სტილი CR-Z-ის ინტერიერშიც ხაზგასმულია. ჯერ ერთი, სალონი გადატვირთული არაა სხვადასხვა დამხმარე მოწყობილობების პანელებით. მეორეც, სავარძლები სპორტულ სტილშია შესრულებული - მათ გვერდითა საყრდენები აქვთ, რომლებიც მაღალი სიჩქარით მოძრაობისას, მძღოლის ადგილზე უკეთ დაფიქსირებისთვისაა მოწოდებული.
მართალია, სალონში დამხმარე და გასართობ მოწყობილობათა მართვის საშუალებები თვალში არ გვხვდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ავტომობილს ისინი არ აქვს. მაგალითად, საბაზო კომპლექტაციაში შედის კლიმატ კონტროლის და აუდიო სისტემები, ასევე გასაღების გარეშე ძრავის დაქოქვის სისტემა. დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში კი, შესაძლებელი იქნება სალონის ტყავით გაწყობა, გამჭვირვალე სახურავის, შუქდიოდური ფარების და უფრო მძლავრი აუდიო სისტემის დაყენება.
რა თქმა უნდა, ახალ ავტომობილში მთავარი ჰიბრიდული ძალური დანადგარია. მისი მთავარი ელემენტია სერია i-VTEC-ის 1.5-ლიტრიანი ძრავი (ბენზინის), რომელიც 114 ცხენის ძალას იძლევა. ელექტროძრავის სიმძლავრე მხოლოდ 14 ცხენის ძალაა. წესით, ჰიბრიდული სისტემის ჯამური სიმძლავრე 128 ცხენის ძალა უნდა ყოფილიყო, თუმცა სტენდზე ტესტირებისას, დინამომეტრმა მხოლოდ 124 ცხენის ძალა დააფიქსირა, მაბრუნმა მომენტმა კი 174 ნიუტონმეტრს მიაღწია. ”ჰონდას” მონაცემებით, ამ აგრეგატით, CR-Z-ს 100 კილომეტრის გასავლელად, 5.0 ლიტრი ბენზინი ეყოფა.
იაპონური კომპანია აცხადებს, რომ ახალი ავტომობილის შექმნისას, დიდი დრო დაეთმო მისი გამოსაბოლქვი სისტემის დამუშავებას. ჯერ ერთი, ამით შესაძლებელი გახდა გამონაბოლქვ აირში მავნე მინარევების შემცველობის შემცირება. მეორეც, ”ჰონდას” სპეციალისტებმა შესძლეს, რომ CR-Z-ს სპორტული ავტომობილებისთვის დამახასიათებელი ბოხი ხმა ჰქონოდა.
CR-Z-ის ჰიბრიდული სისტემა სამ რეჟიმში მუშაობს. ესენია სპორტული, ეკონომიური და სტანდარტული რეჟიმები. მათი მეშვეობით, მძღოლს შეუძლია ავტომობილი სპორტულ, ან ეკონომიურ სტილში მართოს. ან, ეს ორი თვისება ერთმანეთს შეუხამოს. მანქანას აქვს ასევე ფუნქცია ”ეკო სქორ”, რომელიც მართვის ეკოლოგიურობასა და ეკონომიურობას აფასებს. მაგალითად, მოძრაობის დასრულების შემდეგ, მონიტორზე გამოისახება მონაცემები, თუ გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობისას, ძრავმა რამდენი საწვავი მოიხმარა და რა რაოდენობით ნახშირორჟანგი გამოყო. შესაბამისად, კომპიუტერი მართვის შეფასებას იძლევა. შეფასება მწვანე ფოთლებით ხდება. რაც მეტია ფოთოლი, მით მაღალია მართვის შეფასება.
სხვათა შორის, ”ჰონდა CR-Z” პირველი ჰიბრიდული ავტომობილია, რომელშიც ძრავთან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული. ეს კი მას შემდეგ გადაწყდა, რაც მარჯეტოლოგების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი კოლოფით, ავტომობილი ევროპულ ბაზარზე უფრო პოპულარული იქნება. საინტერესოა ისიც, რომ ავტომობილი მეტწილად (92%) განახლებადი მასალებითაა დამზადებული. ესე იგი, ”ჰონდა CR-Z” თითქმის მთლიანად, მეორად გადამუშავებას ექვემდებარება.
იაპონური კომპანია იმედოვნებს, რომ ”ჰონდა CR-Z” ისეთივე პოპულარული გახდება, როგორიც თავის დროზე CR-X იყო. ეს ავტომობილი უკვე იყიდება იაპონიაში, მალე კი მისი შეძენის საშუალება ევროპელებსაც მიეცემათ. მოგვიანებითვე გამოცხადდება მისი ფასი.