Friday, September 11, 2009

ლამბორგინი რევენტონ როდსტერი

Lamborghini Reventon Roadster

11 სექტემბერი





ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენაზე, რომელიც რამდენიმე დღეში გაიხსნება, დამთვალიერებელი არაერთ სუპერავტომობილს იხილავს. ამ კლასის ავტომობილები გამოფენას ჩვენი პლანტის ლამის ყველა კონტინენტიდან ეწვევიან, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამორჩეული, რა თქმა უნდა, ”ლამბორგინის” ახალი საოცრება - ”რევენტონის” ბაზაზე შექმნილი როდსტერი იქნება.

თავისი კონკურენტებისგან განსხვავებით, კომპანია წინასწარ თავისი სიახლის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. სამაგიეროდ, ინტერნეტით რამდენიმე ფოტოს ”გაჟონვას” შეუწყო ხელი და ფრანკფურტამდე ინტრიგა ამით შექმნა. ამ ფოტოების მიხედვით კი შეიძლება ითქვას, რომ სანტ’აგატელებმა თავიანთი ფაბრიკიდან მორიგი მხეცი გამოუშვეს.

მართალია, სიახლის შესახებ მწარმოებელი ჯერ არაფერს გვამცნობს, მაგრამ ვარაუდის დონეზე (მისი ნათესავის - დახურული რევენტონის მონაცემების მიხედვით) შეიძლება ითქვას, რომ ავტომობილი აღჭურვილია 6.5-ლიტრიანი V12 ძრავით, რომელიც 650 ცხენის ძალას და 660 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავთან 6-საფეხურიანი კოლოფია მიერთებული, რომლის მიერ გადამუშავებული მაბრუნი მომენტიც ოთხივე წამყვან ბორბალს უნაწილდბა. ისევ ვარაუდის დონეზე შეიძლება თქმა, რომ 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარებას როდსტერი 3 წამზე ოდნავ მეტს მოანდომებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 340 მ/სთ იქნება.

სამწუხაროდ, ამ ავტომობილზე ოცნებაც არ ღირს - იტალიური კომპანია მხოლოდ 20 ცალი ასეთი მხეცის დამზადებას აპირებს, რომლებსაც იმ ენთუზიასტებს მიჰყიდის, რომლებიც 1.2 მილიონ ევროს გაიმეტებენ.

”მასზდას” სუპერმსუბუქი MX-5

Mazda MX-5 Superlight Concept

11 სექტემბერი




იაპონურ კომპანია ”მაზდას” მოდელი MX-5 ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული როდსტერია, მის ასეთ პოპულარობას კი მარტივი ფორმულა უზრუნველყოფს, რომელიც მხოლოდ ორი ფაქტორით - სიმსუბუქითა და დინამიურობითაა განპირობბული. უკვე ოცი წელია, ეს ფორმულა მყიდველს იზიდავს და მფლობელს სიამოვნებას ანიჭებს.

და აი, ამ პოპულარული ავტომობილის წარმოების დაწყებიდან 20 წლის შემდეგ, ”მაზდამ” MX-5-ის ბაზაზე კიდევ უფრო მსუბუქი და დინამიური კონცეპტუალური ავტომობილი შექმნა, რომელსაც ”MX-5 სუპერლაითი” უწოდა და რომელსაც პირველად რამდენიმე დღეში ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე გამოფენს.

სახელიც მიგვითითებს, რომ ავტომობილი ზემსუბუქია. მას არც შუშები აქვს, არც სახურავი და საყრდენები. ამ უკანასკნელის ნაცვლად, მძღოლს და მის ერთადერთ მგზავრს, ამობრუნების შემთხვევაში, ორი დამცავი რკალი იცავს, რომლებიც სავარძლების უკან ამობურცულა. ამ შემსუბუქების შედგეი კი ისაა, რომ კონცეპტუალური ავტომობილი სულ რაღაც 995 კილოგრამს იწონსი.

სიმსუბუქე, სარბოლი სავარძლები და ბევრი სხვა სპორტული ელემენტი, რომლებსაც ამ ავტომობილის ინტერიერში შეხვდებით, მიგანიშნებთ, რომ ”MX-5 სუპერლაითს” სპორტული ტემპერამენტი უნდა ჰქონდეს. ვნახოთ:

კაპოტქვეშ განლაგებულია მოკრძალებული მონაცემების მქონე 1.8-ლიტრიანი ბენზინის ძრავი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც სულ რაღაც 125 ცხენის ძალაა. სხვათა შორის, დაახლოებით ასეთივე ძრავი ამოძრავებს ყველაზე დაბალფასიან ”ლოტუს ელის S-საც”, მაგრამ ის დაახლოებით 90 კილოგრამით ნაკლებსაც იწონის. ”სუპერმსუბუქის” ძრავთან ხუთსაფეხურიანი მექანიკური კოლოფია დაკავშირებული, რომელიც გადამუშავებულ მაბრუნ მომენტს უკანა წამყვან ბორბლებს აწვდის. ამ აგრეგატებით, ავტომობილი 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 8.9 წამს უნდება. სამაგიეროდ, ის მოსახვევებს ბევრ, გაცილებით ”ჯიშიან” სპორტულ ავტომობილზე სხარტად გადის და ამით, მძღოლს დიდ სიამოვნებას ანიჭებს და 100 კილომეტრის გასავლელად, მხოლოდ 6.3 ლიტრ ბენზინს მოიხმარს.

”MX-5 სუპერლაითი” ”მაზდას” გერმანული სტუდიის მიერაა შექმნილი. სამწუხაროდ, მისი წარმოების თითქმის არანაირი შანსი არ არსებობს და ის ”მაზდას” პავილიონს მხოლოდ ფრანკფურტში დაამშვენებს, რის შემდგაც სამუზეუმო ექსპონატი გახდება.