Wednesday, July 29, 2009

”ბეემვეს” სპორტული ”მწვანე” სიახლე

BMW Green Sports Car Concept

29 ივლისი

გუშინ, მას შემდეგ, რაც საზოგადოებას ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის დატოვების შესახებ ამცნო, ”ბეემვემ” ასევე გამოაცხადა, რომ ფრანკფურტის მოტორ შოუსთვის ”მწვანე” სპორტული ავტომობილის კონცეპუალურ ვერსიას წარმოადგენს.

”თანმიმდევრულობა ავტოინდუსტრიაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, თანმიმდვრული განვითარების მოწმენი თქვენ ფრანკფურტის მოტორ შოუზე, ჩვენს პრეზენტაციაზე გახდებით, როცა სრულიად ახალი ტიპის კონცეპტუალურ ავტომობილს წარმოგიდგენთ. ჩვენი ხედვა ”ეფიციენტდაინემიქსი” გიჩვენებთ, თუ რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს სპორტული ავტომობილი. ის თქვენ გაჩვენებთ, რომ თანმიმდევრულობა ასევე აისახება როგორც დიზაინზე, ასევე გამოყენებული მასალების ხარისხზეც”, - მიუნხენში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ”ბეემვეს” მმართველთა (დირექტორთა) საბჭოს წევრმა კლაუს დრეგერმა.

მართალია, დრეგერს კონცეპტუალური ავტომობილის სპეციფიკურ დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ის შეიძლება გახდეს წინამორბედი იმ ავტომობილისა, რომელიც ბაზარზე 2012 წელს უნდა გამოჩნდეს და რომელმაც კონკურენცია ”აუდი R8-ს” და ”პორშე 911-ს” უნდა გაუწიოს.

არსებული ვარაუდებით, ბავარიელთა ახალი ”მწვანე” სპორტული ავტომობილი ორადგილიანი, შუაძრავიანი კუპე იქნება, რომელიც ”ბეემვეს” მიერ შემუშავებული, ენერგიის დამზოგავი უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვება. ასეთებია მაგალითად, საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა, მუხრუჭების ენერგიის რეგენერაციის სისტემა და სტოპ/სტარტ სისტემა, ასევე დახვეწილი აეროდინამიკური პაკეტი.

”ტოიოტა” მინიატურულ ელექტრომობილს ქმნის

Toyota FT-EV

29 ივლისი

”ტოიოტა” წარმოებისთვის ამზადებს მინი ელექტრომობილს, რომელიც მიკროლიტრაჟიანი iQ-ის ბაზაზე მომზადებული კონცეპტუალური FT-EV-ს მიხედვით აიგება. ჟურნალ ”აუტოქართან” საუბრისას, ”ტოიოტას” მთავარმა დიზაინერმა ჰიროკი ნაკაძიმამ განაცხადა, რომ ელექტრომობილი გარეგნულად სრულიად განსხვავებული იქნება iQ-სგან და ის საფუძვლიანად მოდერნიზებულ ინტერიერსაც მიიღებს (სხვათა შორის, iQ-ს სალონს ძალიან ცუდი გამოხმაურებები აქვს, რის გამოც, მისი ინტერიერიც ასევე მალე შეიცვლება).

მინი ელექტრომობილი ლითიუმ-იონური აკუმულატორებით აღიჭურვება, მის მოძრაობას კი ოთხივე ბორბალში ჩამონტაჟებული ელექტროძრავები უზრუნველყოფს. აკუმულატორების ბლოკის ერთი სრული დამუხტვა საკმარისი იქნება იმისათვის, რომ პატარა ელექტრომობილმა 150 კილომეტრი გაიაროს. საყოფაცხოვრებო ქსელიდან აკუმულატორების სრული დამუხტვისთვის კი 8 საათია საჭირო.

ცნობისათვის, ”ტოიოტა iQ ” პირველად ორი წლის წინ ფრანკფურტის მოტორ შოუზე გამოჩნდა, მისი საწარმოო ვერსიის პირველი ჩვენება კი შარშან, ჟენევაში ჩატარდა. რაც შეეხება კონცეპტუალურ FT-EV-ს, რომლის სვლის მარაგიც მხოლოდ 75 კილომეტრია, ის ”ტოიოტამ” პირველად დეტროიტის ავტო შოუზე წელს წარადგინა.

”შევროლე ეჯაილი” დებიუტისთვის ემზადება

Chevrolet Agile

29 ივლისი

”ჯენერალ მოტორსმა” თავისი სრულიად ახალი ჰეჩბეკის, ”შევროლე ეჯაილის” ესკიზები გამოაქვეყნა. ავტომობილი, რომლის წარმოებაც ამ წლის ბოლოს არგენტინაში დაიწყება, ბრაზილიაში, ”ჯენერალ მოტორსის” დიზაინ ცენტრ ”მერკოსურშია” შექმნილი.

ამერიკული კომპანიის დიზაინის დირექტორ კარლოს ბარბას თქმით, ”ეჯაილი” (ცოცხალი, მოძრავი, მარჯვე) ”მომთხოვნი კლიენტისთვის განკუთვნილი ჰეჩბეკია, რომელიც შესანიშნავი გარეგნობით, ფართო ინტერიერითა და მრავალმხრივობით გამოირჩევა და რომელსაც მოსახლეობის სრულიად განსხვავებული კატეგორიების დაკმაყოფილება შეუძლია”.

”ჯენერალ მოტორსის” განცხადბით, ”ეჯაილის” ინტერიერიც და ექსტერიერიც ”შევროლეს” ახალ სტილშია შესრულებული. მასში მძღოლის სავარძელი ჩვეულებრივზე ოდნავ მაღალ პოზიციაზეა განლაგებული, რითაც ქროსოვერის შთაბეჭდილება იქმნება.

”ეჯაილი” კომპანიის პლატფორმა ”გამა II-ზეა” ბაზირებული, რომელსაც წამყვანი წინა ბორბლები აქვს. ბორბლებს შორის ბაზა 2.48 მეტრს აღწევს, მასზე კი, წარმოების დასაწყისში, მხოლოდ ორი ბენზინის ძრავი დაიდგმება - 1.4-ლიტროანი 105 ცხენის ძალით და 1.8-ლიტრიანი 129 ცხენის ძალით.

ახალი ავტომობილის წარმოებისთვის არგენტინის ქალაქ როსარიოში მდებარე ქარხანაც ემზადება. ”ჯენერალ მოტორსის” არგენტინული შტოს დირექტორ მიგელ გარსიას თქმით, ქარხანაში უკვე დამონტაჟებულია რობოტები, რომელთა მომავალ ოპერატორებსაც სპეციალური კურსები უტარდებათ.

ჯერჯერობით, ამერიკული კომპანია ”ეჯაილის” შესახებ ამაზე მეტ ინფორმაციას არ ავრცელებს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი გაყიდვები წლის ბოლოს სამხრეთ ამერიკაში დაიწყება. გავა თუ არა ის სხვა ბაზრებზე, ჯერჯერობით უცნობია.

მოკლედ...

29 ივლისი

***

”როლს როისში” მიაჩნიათ, რომ ინდოეთს ავტოინდუსტრიაში უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია და რომ, მალე ეს ქვეყანა მათთვის მთავარი ბაზარი გახდება. უფრო მეტიც, ”ეკონომიკ ტაიმსის” ინფორმაციით, ინგლისური კომპანია, რომელიც ”ბეემვეს” ჯგუფში შედის, მალე ბავარიული კომპანიის მიმწოდებელთა ქსელის გამოყენებას დაიწყებს, რითაც საკუთარი ავტომობილების თვითღირებულებას შეამცირებს.

”როლს როისის” მთავარი აღმასრულებელი ტომ პარვსი ამბობს, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი, ინდური და ჩინური ავტობაზრები ზრდას განაგრძობენ და ეს ზრდა კრიზისის დასრულების შემდეგ უფრო შესამჩნევი გახდება.

მალე ”როლსი” ბაზარზე თავის ახალ ავტომობილ ”გოუსტს” გამოუშვებს, რომელიც გაყიდვების გასამმაგებას განაპირობებს. ”ჩვენი სეგმენტის თავისებურება ისაა, რომ მდიდრები კრიზისის დროსაც მდიდრებად რჩებიან. ისინი არც სამუშაოს კარგავენ და არც ხელფასს და ისევე აგრძელებენ ძვირფასი ავტომობილების ყიდვას, როგორც კრიზისამდე”, - ამბობს ”როლს როისის” გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორი გრემ გრივი.

შარშან ”როლს როისმა” 1 212 ავტომობილი გაჰყიდა და ეს ბოლო 18 წლის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენბელია.

***

”ფოლკსვაგენი” ”პორშეს” აქციების სრულად გამოსყიდვას ორ წელიწადში გეგმავს, მისი აქციების ნახევარს კი წელსვე შეიძენს. ამისთვის საჭირო თანხას ვოლფსბურგული გიგანტი საკუთარი კაპიტალის 4 მილირდი ევროთი გაზრდით მოიზიდავს. შესაბამისად, ამ თანხის მისაღებად, საფონდო ბირჟაზე დამატებით აქციებს გამოიტანს.

ექსპერთა შეფასებით, ”პორშეს” სრულად დაუფლება ”ფოლკსვაგენს” 8 მილიარდი ევრო დაუჯდება. ამჟამად ვოლფსბურგელთა ანგარიშზე 11 მილიარდი ევრო ირიცხება. თავის მხრივ, ”პორშეს” დავალიანებათა საერთო მოცულობა 10 მილიარდ ევროს აღწევს.

ამ დავალიანების ნაწილობრივ დასაფარად, ”პორშეც” ბირჟაზე დამატებითი აქციების გამოტანას აპირებს, რომელთა ღირებულება 5 მილიარდ ევროს აღწევს. ამასთან, შტუტგარტელები ”ფოლკსვაგენის” მათი კუთვნილი აქციების ნაწილის (კომპანიის აქციების 17 პროცენტის) ყატარელი ინვესტორებისთვის მიყიდვასაც აპირებენ.

”ფოლკსვაგენის” და ”პორშეს” გაერთიანებას ერთი კვირის წინ მხარი ორივე კომპანიის დირექტორთა საბჭოებმა დაუჭირეს. საბოლოო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ”პორშე” ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შემავალი მეცხრე კომპანია გახდება.

***

ჟურნალ ”აუტოქარის” ცნობით, ფრანკფურტის ავტო შოუზე იაპონური ”ლექსუსი” ახალი, კომპაქტური ავტომობილის პრემიერას გეგმავს, რომელიც გლობალური ბაზრისთვისაა განკუთვნილი.

”ლექსუსის” ახალი ავტომობილი, რომელსაც CS-ს უწოდებენ, ”ბეემვეს” 1-ლი სერიის, ”მერსედესის” A და B კლასის, ასევე ”აუდს” A3 და A1-ს გაუწევს კონკურენციას. არსებობს იმის ვარაუდიც, რომ ეს ავტომობილი მხოლოდ ჰიბრიდული აგრეგატებით აღიჭურვება.

”ლექსუს CS” იმ 2.4-ლიტრიან, 4-ცილინდრიან ბენზინის ძრავზე ბაზიებულ ჰიბრიდულ აგრეგატს მიიღებს, რომელიც ”ლექსუს HS 250h-ზე” გამოიყენება, თუმცა ეს ორი ავტომობილი სხვადასხვა პლატფორმაზეა ბაზირებული.

”ლექსუს CS” ამერიკაში ალბათ არ გაიყიდება, ევროპულ ბაზარზე კი ის მერმის გამოჩნდება.

”ბეემვეს” გზა ფორმულა 1-ში

BMW to quit F1

29 ივლისი

”ბეემვეს” გადაწყვეტილებამ, დატოვოს დიდი პრიზების არენა, ფორმულა 1 შეძრა. მსოფლიო ჩემპიონატი ოდენ ოთხი ავტომწარმოებლის (ფერარი, მერსედესი, რენო და ტოიოტა) ამარა დარჩა და ეკონომიკური კრიზისის გამო, გამორიცხული არაა, რომ მათგან რომელიმემ თავისი ფ1-ის პროგრამის შეჩერება გადაწყვიტოს.

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ფორმულა 1 გუნდების გარეშე მაინც არ დარჩება - ახალი სეზონიდან მის რიგებს სამი ახალი საჯინიბო შეავსებს, ”ბეემვეს” ადგილს კი ალბათ რომელიმე სხვა გუნდი (სავარაუდოდ, ზაუბერი) დაიკავებს, რომელიც ბავარიული კომპანიისგან ამ გუნდს ბოლომდე გამოისყიდის.

ბავარიული კომპანიის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება გუშინ მიიღო, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ფორმულა 1-ის გუნდები და საერთაშორისო საავტომობილო ფედეაცია თანხმობის ახალ ხელშეკრულებას გააფორმებდნენ. ამ ხელშეკრულების შესაბამისად, ავტომწარმოებლები ფ1-ში 2012 წლამდე დარჩენის ვალდებულებას იღებენ.

ამგვარად, ”ბეემვე” ფ1-ს ტიტულის გარეშე დატოვებს. 2005 წლის შემდეგ, რაც შვეიცარიული ”ზაუბერი” გამოისყიდა, ბავარიული გუნდი ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასთან ყველაზე ახლოს შარშან იდგა, როცა შუა სეზონში პოლონელი რობერტ კუბიცა მოწინავეთა შორის იმყოფებოდა. მანვე კანადაში გუნდს ერთადერთი გამარჯვება მოუპოვა. სამაგიეროდ, ამ სეზონში ჩატარებულ 10 ეტაპზე, გუნდს ჯერ მხოლოდ 8 ქულა აქვს აღებული.

”ბეემვე” თავის ძრავებს სხვა გუნდებს არ აწვდის და კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრ კლაუს დრეგერის განცხადებით, ამას არც მომავალში გააკეთებს. მისი თქმით, კომპანია ამ ეტაპზე თავისი გუნდის მომავლის რამდენიმე ვარიანტს ამზადებს და მათგან საუკეთესოს აირჩევს, რის შესახებაც, გუნდის თანამშრომლებს მოგვიანებით ეცნობებათ. არაა გამორიცხული, რომ ბავარიელებმა აწ უკვე შვეიცარული გუნდის ტექნოლოგიური მხარდაჭერა გააგრძელონ.

”ბეემვეს” მოკლე ისტორია ფ1-ში

1982 წელს ”ბეემვე” გუნდ ”ბრებჰემისთვის” ძრავების მიმწოდებელი გახდა. პირველ რბოლაში, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა, ბრაზილიელმა ნელსონ პიკემ სტარტი წინა რიგიდან აიღო, მაგრამ ფინიშს ვერ მიაღწია.

1983 წელს პიკემ ”ბეემვეს” ძრავით პირველი გამარჯვება მოიპოვა, იმავე სეზონში კი ჩემპიონი გახდა.

1987 წელს, ტურბო ერას დასრულებისთანავე, ”ბეემვემ” ფორმულა 1 დატოვა.

2000 წელს ბავარიული კომპანია დიდი პრიზების ცირკს ისევ ძრავების მიმწოდებლის სტატუსით დაუბრუნდა. ამჯერად მისი პარტნიორი ყოფილი ჩემპიონი ”უილიამსი” გახდა, რომელთან ერთადაც, 2001 წელს პირველი გამარჯვება იზეიმა, მომდევნო ორ სეზონში გუნდი ვიცე ჩემპიონი გახდა. 2002 წელს, პირად ჩათვლაში, კოლუმბიელმა ხუან პაბლო მონტოიამ მესამე ადგილი დაიკავა, ერთი წლის შემდეგ კი ვიცე ჩემპიონი გახდა. პარტნიორობის 6 სეზონის განმავლობაში, ”ულიამსმა” და ”ბეემვემ” 10 გამარჯვება და 17 პოული მოიპოვეს.

2005 წელს ბავარიულმა კომპანიამ შვეიცარული გუნდი ”ზაუბერი” შეიძინა და მის ბაზაზე საკუთარი საჯინიბო ჩამოაყალიბა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა მომდევნო სეზონიდან დაიწყო. შარშან ”ბეემვე ზაუბერის” მანქანით, რობერტ კუბიცამ კანადის დიდ პრიზზე გამარჯვება მოიპოვა.

2007 წელს, მას შემდეგ, რაც ”მაკლარენი” დისკვალიფიკაციით დაისაჯა, ”ბეემვე ზაუბერმა” კონსტრუქტრთა პირველობა მეორე ადგილზე დაასრულა.

ამ სეზონში ჩატარებულ 10 რბოლაში, ”ბეემვე ზაუბერმა” მხოლოდ 8 ქულა დააგროვა და 10 გუნდს შორის მე-8 ადგილზე იმყოფება.

”ბეემვე” ფორმულა 1-ს ტოვებს

BMW to quit F1

29 ივლისი

დღეს დილით, ”ბეემვემ” სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვია, რომელზეც გამოცხადდა, რომ ფორმულა ერთის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ბავარიული კომპანია მსოფლიო ჩემპიონატს დატოვებს. ამ ნაბიჯის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მიმდინარე ჩემპიონატში ბავარიულ-შვეიცარული გუნდის არადამაკმაყოფილებელი გამოსვლა გახდა.

”ბეემვეს” მთავარი აღმასრულებლის, ნორბერტ რაიტჰოფერის თქმით, ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში, იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ კომპანიამ განვითარების განვითარების ახალი სტრატეგია აირჩია. ”რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან ძნელად მისაღები გადაწყვეტილება იყო. მაგრამ ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევს, რადგან კომპანია სტრატეგიულ რეორგანიზაციას ატარებს და ეს სტრატეგია ფორმულა 1-ის დატოვებას ითვალისწინებს”, - პრესკონფერენციაზე განაცხადა რაიტჰოფერმა.

კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ამიერიდან, ”ბეემვეს” მთავარი ამოცანა მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა და ეკოლოგიაზე ორიენტირებული ტექნოლოგიების დანერგვაა. ”ჩვენ გვინდა, რომ ამ სფეროში ლიდერებეად დავრჩეთ. ამიტომ, მუდმივად ყველა ჩვენი პროექტისა და ინიციატივის გადაფასებას ვახდნეთ. ამ პროცესში კი მთავარი კრიტერიუმი, მათი ეკონომიკური სარგებლიანობაა. სწორედ ამ ფაქტორების გამო, ფორმულა 1 ჩვენთვის ამ ამოცანების შესრულების ინსტრუმენტად ვეღარ გამოდგება”, - დასძენს რაიტჰოფერი, ვინც გაწეული სამუშაოსთვის, მადლობა გადაუხადა გუნდის ხლმძღვანელ მარიო თაისენსა და გუნდის ყველა წევრს.

თავის მხრივ, თაისენმა განცხადა, რომ კარგად ესმის კომპანიის მოტივები: ”რა თქმა უნდა, მიუნხენსა და ჰინვილში მომუშავე მთელ პერსონალს მუშაობის გაგრძელება და იმის დამტკიცება სურს, რომ ამ სეზონის ჩავარდნა შემთხვევითობა იყო, მას კი სამი წარმატებული სეზონი უძღოდა, რომელთა განმავლობაშიც გუნდი აღმავლობას განიცდიდა. მე კარგად მესმის, რომ ასეთი გადაწყვეტილება კომპანიის კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარეობს. ჩვენ კი დარჩენილ რბოლებზეც ისე ვიმუშავებთ, როგორც აქამდე ვმუშაობდით. ჩვენ მებრძოლ სულისკვეთებას გამოვავლენთ და ფორმულა 1-თან განშორების წინ, კარგი შედეგებისთვის ვიბრძოლებთ”, - განაცხადა თაისენმა,

”ბეემვეს” დირექტორთა საბჭოს წევრი კლაუს დრეგერი ამბობს, რომ ფორმულა ერთში გატარებული 10 წელი კომპანიისთვია ძალიან პროდუქტიული იყო და მან იჟინრების პროფესიულ განვითარებაზე დადებითად იმოქმედა. ”ავტორბოლების მადლიერები ვართ, რადგან სპორტის წყალობით, კომპანიამ არაერთი ტექნიკური ინოვაცია შეიმუშავა, რომლებსაც სერიული ავტომობილების წარმოებისას ვიყენებთ”, - ამბობს დრეგერი.