Monday, November 1, 2010

ოთხთა კავშირის შეთავაზება ავტომობილების მყიდველებს

1 ნოემბერი

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა რომ კვლავ დაადგა აღმავლობის გზას, ამის დასტური თუნდაც ბანკების გააქტიურებაა, რომლებიც თანდათან ისევ ამრავალფეროვნებენ შეთავაზებებს და სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ, რათა მათ ხელთ არსებულ ფულს სწორი მიმართულება მისცენ.

ბიზნესის ერთ-ერთი მსხვილი სფერო, სადაც კრედიტების გაცემა განსაკუთრებით მომგებიანია, ავტობიზნესია მთელი თავისი ინფრასტრუქტურით. სწორედ ამის გამო, ბანკმა ”რესპუბლიკამ”, მულტიბრენდულ ”იბერია ბიზნეს ჯგუფთან”, კომპანია ”ვისოლთან” და სადაზღვევო კომპანია ”იმედი ელ-თან” ერთად, თავის კლიენტურას ახალი შეღავათიანი და საკმაოდ ხელსაყრელი პროდუქტი შესთავაზა.

ესაა ავტოგანვადების გრანდიოზული, სამთვიანი აქცია, რომლითაც აქციის მონაწილენი, მომხმარებლებს ”აუდის”, ”შკოდას”, ”ფოლკსვაგენის”, ”პეჟოს”, ”რენოს”, ”ნისანის”, ”მიცუბიშისა” და ”კიას” ავტომობილების შეღავათიანი პირობებით შეძენას სთავაზობენ.

პირებს, რომლებიც აქციის პერიოდში ”იბერია ბიზნეს ჯგუფის” ავტომობილების შეძენას გადაწყვეტენ, შემდეგი პირობებით ისარგებლებენ: განვადების წლიური საპროცენტო განაკვეთები 0-დან იწყება და ისინი დამოკიდებულია მყიდველის თანამონაწილეობასა და განვადების ვადებზე. თანამონაწილეობისა და განვადების ვადის ოპტიმალურად შერჩევის შემთხვევაში, კლიენტს 0%, 1%, 2% და მეტი საპროცენტო განაკვეთით ისარგებლებს. ამასთან, მხოლოდ ”კიას” მოდელებისთვის, განვადების მაქსიმალური პროცენტი 12-ია.

აუცილებელი არაა მყიდველის თანამონაწილეობა - ავტომობილის შესაძენად საჭირო მთლიანი თანხის გამოყოფას ბანკი უზრუნველყოფს. ამასთან, თუ კლიენტს სასურველი ავტომობილის შესაძენად საჭირო თანხის 30% აქვს, ამ შემთხვევაში, განვადების დასამტკიცებლად, პირადობის მოწმობაც საკმარისი იქნება.

საერთაშორისო სადაზღგვევო კომპანია ”იმედი ელ” ავტომობილების მყიდველებს საჩუქრად შეძენილი ავტომობილის ერთწლიან უფასო დაზღვევას სთავაზობს. ცნობისათვის, დაზღვევის ერთწლიანი პაკეტის ღირებულება 1 500 დოლარია. დაზღვეული იქნება როგორც ავტომობილი, ასევე საჭესთან მჯდომი მძღოლის პასუხისმგებლობა მესამე პირის მიმართ.

გარდა ამისა, აქციის პერიოდში, პირველ 20 მყიდველს, კომპანია ”ვისოლი” საჩუქრად 50 ლიტრი საწვავის ტალონს უფასოდ გადასცემს.

რაც მთავარია, ”იბერია ბიზნეს ჯგუფი” მყიდველს ავტომობილების დიდ არჩევანს სთავაზობს, რომლებზეც აქციის პერიოდში, საქართველოში ყველაზე გრძელვადიანი საგარანტიო პირობები ვრცელდება. მყიდველს ასევე შეუძლია სისტემა ტრეიდ-ინით სარგებლობა. ანუ, დილერს ჩააბარებს თავის ძველ ავტომობილს და შოურუმიდან ახალ ავტომობილს შეარჩევს. ძველ ავტომობილს გამოცდილი სპეციალისტები შეაფასებენ, ძველსა და ახალს შორის სხვაობას კი ბანკი ”რესპუბლიკა” დააფინანსებს.