Monday, December 27, 2010

სანტას მარხილები ავტომწარმოებლებისგან

27 დეკემბერი

ტრადიციულად, ინგლისური ჟურნალი ”ქარ”, წლის მიწურულს, ავტოკომპანიებს სანტა კლაუსისთვის ორიგინალური მარხილის კონცეპტუალური ესკიზების შექმნას სთხოვს, რაზეც ისინი სიამოვნებით თანხმდებიან და ჟურნალის წლის ბოლო ნომერში, მათი ნამუშევრები ქვეყნდება. ამჯერად, ფორმალურ კონკურსში მონაწილეობა სამმა კომპანიამ - ”ინფინიტიმ”, ”პეჟომ” და ”ფერარიმ” მიიღო.

აღსანიშნავია, რომ სამივე კომპანიამ ”ქარ-ის” შეკვეთით, სანტას მარხილი პირველად დაამზადა. ამასთან, იაპონურმა კომპანიამ ორი მარხილი შექმნა. ამათგან პირველს ”რუდოლფ მეორე” უწოდა, მეორეს კი - ”ვერცხლისფერი ექსპრესი”. რა თქმა უნდა, ორივე მარხილი მეტისმეტად ფუტურისტულია და ძნელად თუ მოგვაგონებს ავტომობილსაც და მარხილსაც.

ინფინიტის რუდოლფ მეორე და ვერცხლისფერი ექსპრესი

”რუდოლფ მეორე” უფრო უგზოობის და სპორტული მოდელის ნაზავს ჰგავს. მისი წინა ნაწილი ორ თხილამურს ეყრდნობა, უკან კი - მხოლოდ ერთს. სანტა სადღაც წასულა, ბარგი კი ჩაულაგებია, მაგრამ ეტყობა, რაღაც დარჩა, შილიფად ჩაცმული ფიფქია კი სალონში მოთავსებულა და მას მოელის. რამდენადაც მარხილის უკანა ნაწილი საჩუქრებითაა გადავსებული, ესე იგი, ძრავი მარხილის წინა ნაწილში უნდა იყოს. მაგრამ რა ამოძრავებს ამ უცნაურ კონსტრუქციას, ამაზე წარმოდგენა ალბათ არც კონცეპციის ავტორებს აქვთ და ეს საჭირო არცაა. სავარაუდოდ, ირმების ნაცვლად, სანტას გადაადგილებას ელექტროძრავი, ან რამე ეკოლოგიური უზრუნველყოფს...

მეორე მარხილი კიდევ უფრო შთამბეჭდავია. წინ ის თხილამურების მსგავს კონსტრუქციას ეყრდნობა, უკან კი ამ შემთხვევაშიც ერთი საყრდენია. მაგრამ მთავარი ისაა, რომ მარხილი მეტისმეტად გრძელი გამოვიდა, სალონი კი მას უკანა ბოლოში აქვს მოთავსებული. აქაც სავარაუდოდ, ამძრავად ელექტროძრავები გამოიყენება, რომლებიც წინა ზორბა ბორბლებში უნდა იყოს მოთავსებული.

ამჯერად სანტამ საჩუქრები მომცრო ტომარაში ჩაატია. ის სალონში ზის და ორ კოხტა იაპონელ ფიფქიას ელოდება, რომლებიც სანამ გზას გაუდგებიან, ვირტუალური ფოტორეპორტიორის წინაშე პოზირებენ.

პეჟო პუგ

”პეჟოს” მარხილს ეტყობა, რომ ის ავტომწარმოებლის მიერაა შემუშავებული. კონცეპცია ფრანგული კომპანიის პარიზული დიზაინ სტუდიის 37 წლის შეფის, ჟილ ვიდალის ნახელავია და მასში ”ლომების” ახლანდელი კორპორატიული სტილის ზოგიერთი ელემენტის შემჩნევაც შეიძლება. რაც მთავარია, მარხილი ავტომობილის (რა თქმა უნდა, უგზოობის) სტილშია შესრულებული.

მარხილის სალონი უფრო სარბოლი ავტომობილის ვიწრო კოკპიტს მოგაგონებთ. მისი უკანა ნაწილი ცოტა ძნელი გასარჩევია, თუმცა რამდენადაც იქ კომპანიის ვეებერთელა ლოგოს ვხედავთ, სავარაუდოდ, ის საბარგულზე უნდა იყოს დატანილი. გამოდის რომ, ფრანგული მარხილით სანტა ბევრი საჩუქრის წაღებას შეძლებს.

”პეჟოს” თავისი მარხილის ესკიზებისთვის კონცეპტუალური განმარტება არ მოუყოლებია. ისე ეტყობა, რომ უკან ის წყვილ თხილამურზე უნდა იდგეს, წინ კი ღმერთმა უწყის, რაზე - მანქანის ეს ნაწილი თოვლის ნამქერითაა დაფარული და არ ჩანს. სავარაუდოდ, ”ლომების” მარხილსაც გამწევ ძალას ელექტროძრავი უნდა ანიჭებდეს...

ფერარი

დაბოლოს, მარხილი მარანელოდან, საიდანაც ყველა ყოველთვის შედევრებს ელის და ამჯერადაც ასეა. ამ სამი კომპანიის ნამუშევრებს შორის, ყველაზე დახვეწილი და ელეგანტური ალბათ მაინც ”ფერარის” მარხილია. ყოველ შემთხვევაში, გემოვნებაზე არ დაობენ...

ისე, ამ მარხილის დანახვაზე, კაცმა შეიძლება გაიფიქროს, რომ მარანელოელებმა თავიანთი მორიგი სუპერ ავტომობილის შექმნა სწორედ ამ ესკიზით დაიწყეს. პროექტზე მუშაობას ფლავიო მანცონი წარუძღვა, ვისთვისაც ეს პირველი მარხილია. აშკარად ჩანს, რომ დიზაინერთა ჯგუფმა კარგად გამოიყენა ის გამოცდილება, რომელიც ავტომობილებზე მუშაობისას აქვს დაგროვილი. ამასთან, თხილამურების კონსტრუქციის შემუშავებისას, მათ ორიგინალობაც გამოიჩინეს. მარხილი კომპაქტურია და მსუბუქიც უნდა იყოს, რაზეც თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ძარის წინა ნაწილი დასვრეტილია. ან იქნებ, ეს იმისათვის გაკეთდა, რომ მის ქვეშ დამალული აგრეგატის გასაგრილებლად ჰაერი შეაგროვოს?

სალონი სამხედრო თვითმფრინავის სანთელს არ მოგაგონებთ? ან იქნებ, სარბოლი სპორტული პროტოტიპის კოკპიტს? იქიდან სანტაც ისე გვიმზერს, როგორც ლე მანის რბოლისას, ბოქსში პიტსტოპზე შესული მრბოლი... ავტომობილის (ბოდიშით, მარხილის) უკანა თხილამურების უკან წითელ ლაქებს დააკვირდით. ეს ან სტოპ-ფარების მიერ დატოვებული შუქჩრდილი უნდა იყოს, ან მცირე ზომის რეაქტიული ძრავებიდან გამოტყორცნილი გავარვარებული ნამწვი აირის ჭავლი. არადა, ”ფერარი” ბოლო ხანს დაჟინებით იმეორებს, რომ არასდროს იტყვის უარს V8 და მეტცილინდრიან აგრეგატებზე...

და სადღა დაეტევა სანტას საჩუქრები? ალბათ არსად, მაგრამ ”ფერარის” მარხილზე ამხედრებული სანტა ხომ თავისი გამოჩენითაც გაახარებს არამარტო პატარებს...

”ფორდის” ახალი სისტემა ენერგიას დაგაზოგინებთ

FORD FOCUS ELECTRIC DASHBOARD TECH MAXIMIZES RANGE

27 დეკემბერი

ევროპის 2011 წლის საუკეთესო ავტომობილს, ”ნისანის” ელექტრომობილ ”ლიფს” მალე სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდება ელექტრონული ”ფორდ ფოკუსის” სახით. ”ცისფერი ოვალი” მალე დაიწყებს თავის ელექტრომობილზე შეკვეთების მიღებას. მართალია, დღეისათვის ბაზარზე კიდევ ერთი ელექტრომობილი - ”შევროლე ვოლტი” ფიგურირებს, მაგრამ ეს ეგრეთ წოდებული გაზრდილი სვლის მქონე ელექტრომობილია, რომელშიც მეორეხარისხოვან როლს შიდაწვის ძრავიც ასრულებს.

ელექტრონულ ”ფოკუსს” ბევრი მახასიათებელი ”ნისან ლიფის” მსგავსი აქვს. მაგალითად, ორივე ავტომობილის სვლის სიშორე დაახლოებით 160 კილომეტრია. ”ფორდის” ელექტროძრავი 134 ცხენის ძალას ავითარებს (ნისანისა 107-ს) და მისი მეშვეობით, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 135 კმ/სთ-ს (ნისანისა - 145 კმ/სთ-ს) აღწევს.

”ფოკუსს” შედარებით მცირე ტევადობის აკუმულატორების ბლოკი აქვს, რომელიც 98 ცალი ელემენტისგან შედგება და 23 კილოვატსაათი ელექტროენერგიას აგროვებს (ნისანის ანალოგიური მაჩვენებელი 34 კვტსთ-ია). თუმცა, ეფექტური გამაგრილებლის წყალობით, ენერგიის დანაკარგები მინიმალურია და სვლის სიშორე - გაზრდილი.

ელექტრული ”ფოკუსის” აკუმულატორების საერთო წონა 226 კილოგრამია და ის ავტომობილის უკანაა მოთავსებული. კონსტრუქტორებმა აკუმულატორი ისე მოათავსეს, რომ ავტომობილის წონა წინა და უკანა ღერძებს შორის თანაბრად განაწილდა. ამერიკული კომპანია აცხადებს, რომაკუმულატორის წონა ოთხჯერ შემცირდება და ის დაახლოებით იმდენ ადგილს დაიკავებს, რამდენიც შიდაწვისძრავიან ”ფოკუსის” საწვავის ავზს უკავია.

მძღოლისთვის ელექტრომობილის მართვის გასაადვილებლად, თავისივე სისტემა ”მაიფორდტაჩის” ბაზაზე, ”ფორდმა” ულტრათანამედროვე ინტერფეისი შეიმუშავა, რომელიც მძღოლს ყველანაირ ინფორმაციას მიაწვდის. მათ შორის, ენერგიის ხარჯის და დარჩენილი ენერგიით გასავლელი მანძილის შესახებ. ამასთან, მთავარი ყურადღება მიექცა იმას, რომ აღნიშნული სისტემა ადვილი გამოსაყენებელი იყოს.

სანამ მსოფლიოში ელექტროგასამართი წერტილები ძალიან ცოტაა, ელექტრომობილით მგზავრობისას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მარშრუტის წინასწარ დაგეგმვას. მართვის მაჩვენებლების პანელზე, ჩვეულებრივი სპიდომეტრის გარდა, მის ორივე მხარეს, ორი მცირე ზომის (4.2-დუიმიანი) მონიტორი მდებარეობს.

მარცხენაზე აკუმულატორების განმუხტვის დონის მაჩვენებელი და უახლოეს დასამუხტ წერტილამდე არსებული მანძილი მიეთითება. აქვეა მაჩვენებელი, რომელიც მძღოლს მუხრუჭების კინეტიკური ენერგიის რეგენერაციაში და ამგვარად, სვლის სიშორის გაზრდაში დაეხმარება.

მარჯვენა მონიტორზე ძირითადად ცისფერ პეპლებს დაინახავთ, თუმცა მათაც აქვთ დანიშნულება - რაც მეტია პეპელა, მით მეტი მანძილის გავლა შეუძლია ავტომობილს (აკუმულატორის განმუხტვის შესაბამისად). სასურველ წერტილამდე მიღწევის შემდეგ კი ამ მონიტორზე ნახავთ, თუ რა მანძილი გაიარეთ, თუ რამდენი კილომეტრით მეტის გავლა შესძელით მუხრუჭების რეგენერაციის წყალობით, რა მოცულობით ენერგია მოიხმარეთ და რა მოცულობის ბენზინი დაიზოგა ამ მოგზაურობის დროს.

ყველა ეს მაჩბენებელი შეიძლება ასევე გამოიტანოთ ცენტრალურ კონსოლზე მოთავსებულ 8-დუიმიან მონიტორზე, რომელიც ასევე სანავიგაციო სისტემას ემსახურება. მძღოლს შეუძლია, მარშრუტის დაგეგმვისას, მარშრუტში დამუხტვის მომდევნო წერტილი შეიტანონ. ამის შემდეგ, მგზავრობისას, სისტემა ყოველთვის ურჩევს, რა უნდა მოიმოქმედოს იმისათვის, რომ არჩეულ წერტილს თავისუფლად მიაღწიოს.

სვლის სიშორის კონტროლისთვის, ”ფორდის” ინჟინრებმა იმ სისტემის მსგავსი სისტემა შექმნეს, რომელიც ფორმულა 1-ის პილოტებს საწვავის დაზოგვაში ეხმარება. მას შემდეგ, რაც ფ1-ში რბოლის დროს, საწვავის დამატება აიკრძალა, მანქანებზე გაჩნდა ახალი ელექტრონული სისტემა, რომელიც მძღოლს შეზღუდული საწვავით ფინიშამდე მიღწევაში ეხმარება. ეს სისტემა მაშინ გააქტიურდება, როდესაც დაადგენს, რომ აკუმულატორში დაგროვილი ენერგიის მარაგი კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. აქედან მოყოლებული, ცენტრალურ მონიტორზე, მძღოლი ყოველთვის მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს, რათა არსებული მარაგი მარშრუტის ბოლომდე ეყოს.

Sunday, December 26, 2010

ევროპის 2008 წლის საუკეთესო ავტომობილი თბილისშიც გაიყიდება

26 დეკემბერი

საქართველოს საავტომობილო ბაზარს აშკარად აკლდა ერთი ცნობილი ბრენდი - იტალიური ”ფიატი”, რომელსაც აქამდე, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, თბილისში შოურუმი კი ჰქონდა, მაგრამ მასზე იტყოდნენ - თან არის და თან არაო. იყო იმიტომ, რომ ფიზიკურად არსებობდა - იტალიური კომპანიის ავტომობილებს მისი თურქი პარტნიორი, ”თუნალარი” ჰყიდდა. მაგრამ თან არ იყო იმის გამო, რომ ბაზარზე ვერანაირ ამინდს ვერ ქმნიდა. ასე განსაჯეთ, მის შოურუმში არც კი გამოჩენილა ტურინული კომპანიის ისეთი ბესტსელერი, როგორიც ევროპის 2008 წლის საუკეთესო ავტომობილი, ”ფიატ ჩინკვეჩენტოა”.

მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვლება. ყოველ შემთხვევაში, ამას გვპირდება საქართველოში ”ფიატის” ექსკლუზიური პარტნიორი, კომპანია ”სტრადა მოტორსი”, რომელმაც 22 დეკემბერს ოფიციალურად გახსნა ”ფიატ ცენტრი თბილისი”, რომელიც შოურუმთან ერთად, თანამედროვე მოწყობილობებით გაწყობილ სერვის ცენტრსაც მოიცავს. ცენტრის პრეზენტაციას, პრესის წარმომადგენლების, სხვადასხვა კომპანიებიდან მიწვეული სტუმრების და შოუ ბიზნესის წარმომადგენლების გარდა, თბილისის მერი, გიგი უგულავაც დაესწრო.

”მიუხედავად იმისა, რომ ”ფიატი” ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდია, მას საქართველოში აქამდე ნაკლებად იცნობდნენ. ძალიან მიხარია, რომ დღეიდან, ქართველ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნება, უკეთ გაიცნოს და შეაფასოს ამ მარკის ავტომობილები. დარწმუნებული ვარ, თავისი იტალიურობით, ”ფიატი” მალე საქართველოშიც პოპულარული გახდება”, - პრეზენტაციაზე განაცხადა ”სტრადა მოტორსის” აღმასრულებელმა დირექტორმა რევაზ მაღალაშვილმა.

ქალაქის მერმა განსაკუთრებული სიამოვნებით იმ ფაქტს გაუსვა ხაზი, რომ ”სტრადა მოტორსში” 70-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რაც ამ არცთუ დიდი კომპანიისთვის კარგი მაჩვენებელია. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს მაქსიმუმი ჯერაც არაა, რადგან მალე ”ფიატის” საავტომობილო ჯგუფში შემავალი სხვა კომპანიების - იტალიური ”ალფა რომეოსა” და ამერიკული ”კრაისლერის” (პირველ რიგში, ბრენდ ჯიპის უგზოობის მოდელების) ავტომობილების შემოყვანაც იგეგმება. შესაბამისად, პერსონალის რიცხვიც მნიშვნელოვნად გაიზრდება. ოღონდ, ეს მოგვიანებით მოხდება.

ბატონი მაღალაშვილის განცხადებით, თავიდან ”ფიატ ცენტრი თბილისი” აქცენტს ორ მოდელზე - ”ჩინკვეჩენტოსა” და მინივენ ”დობლოზე” გააკეთებს. ცნობისათვის, ”დობლომ” ახლახანს წლის საუკეთესო ვენის საპატიო წოდება მიიღო. აღსანიშნავია, რომ ორივე ავტომობილი მყიდველს უპირველესად, საშუალოზე დაბალი ფასით მიიზიდავს - ”ჩინკვეჩენტოს” საბაზო ღირებულება 11 900 ევროა, ”დობლოს” სამგზავრო ვერსიის (დობლო პანორამას) ფასი 12 508 ევროა, მისი სატვირთო ვერსიის ფასი კი 12 398 (ბენზინისძრავიანი) და 13 523 (დიზელისძრავიანი) ევროა.

ამ ავტომობილების გარდა, ”ფიატ ცენტრი თბილისის” შოურუმში ასევე შესაძლებელია მოდელების, ”პანდასა” და ”გრანდე პუნტოს” შეძენა, მალე კი ”სტრადა მოტორსი” მყიდველს უგზოობის კომპაქტურ ”სედიჩისაც” შესთავაზებს, რომელიც ”სუძუკი სუიფტის” პლატფორმაზეა აგებული და იტალიის ბაზარზე თავისი კლასის ლიდერია.

Saturday, December 25, 2010

”ბეემვემ” ელექტრულ ავტომობილებს სახელად i შეურჩია

BMW Megacity Range to Be Called i

25 დეკემბერი

ჯერ ზუსტად არავინ იცის, რას დაარქმევს თავის ეკოლოგიურ ავტომობილებს ბავარიული კომპანია, თუმცა ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასეთი ავტომობილების სახელის აღნიშვნისას, ლათინურ ასო i-ს გამოიყენებენ.

თავიდან იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ”ბეემვე” თავისი ეკოლოგიური ავტომობილებისთვის სრულიად ახალ ბრენდს ჩამოაყალიბებდა. თუმცა შემდეგ გადაწყდა, რომ ამას ისევ ქვებრენდის შექმნა სჯობდა, რაც ნაკლებ ხარჯთან იქნება დაკავშირებული. ასეთად კი, გერმანიის საპატენტო სააგენტოში მარკები i1, i2, i3, i4, i5, i6, i7, i8 და i9 დარეგისტრირდა. გარდა ამისა, შეიქმნა ახალი ქვებრენდის ლოგოტიპი, რომელიც ლათინურ ასო i-ს სტილიზებული ვერსიაა. ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, i9 სახელი რისთვის დაპატენტდა. ფაქტია, რომ ამ ნუმერაციით, ბავარიელები ავტომობილს არ აწარმოებენ. სავარაუდოდ, მათ თავიანთი სამოდელო გამის ახალი წევრი უკვე შერჩეული აქვთ...

ბავარიელები განსაკუთრებულ ყურადღებას ”მეგასიტის” უსაფრთხოებას უთმობენ

..............................

”ბეემვეს” ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ მარკა i-ს მალე ისეთივე პოპულარული გახდება, როგორიც M-ია. ალბათ შეხსენება არაა საჭირო იმისათვის, რომ მარკა M-ით ისინი თავიანთი სერიული მოდელების ტემპერამენტიან ვერსიებს აწარმოებენ და ეს მთელს მსოფლიოში ცნობადი ქვებრენდია.

ამგვარად, მომავალში ყველა სერიის მოდელების ჰიბრიდულ ან ელექტრულ ვერსიებს სახელში i დაემატება. მაგალითად, მე-3 სერიის მოდელის ეკოლოგიური ვერსიის სახელი იქნება i3 და ასე შემდეგ. ეს ასო პროექტ i-დან არის აღებული, რომლის ფარგლებშიც, უკვე მომზადდა ელექტრონული ”მინი”. მეორე ავტომობილი კი მალე გახდება კომპაქტური ელექტრომობილი, რომელიც ამჟამად ”მეგასიტის” სახელითაა ცნობილი.

”მეგასიტის” ალუმინის პლატფორმა

..............................

სერია ”მეგასიტის” პირველი ავტომობილისთვის ალუმინის პლატფორმა მუშავდება, რომელზეც აკუმულატორების ბლოკი, ელექტროძრავი და მართვის სისტემები მაგრდება. ამ პლატფორმას ”ბეემვეში” ”ლაიფ-დრაივს” უწოდებენ. ანუ, ამით ისინი ხაზს უსვამენ, რომ პლატფორმა სამუდამოდ მოგემსახურებათ. ამ პლატფორმაზე კი კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ ძარას დაამაგრებენ, რითაც ავტომობილის წონა დაიზოგება.

ავტომობილს, რომელიც დაახლოებით ”ფოლკსვაგენ გოლფის” ზომის იქნება, პირველად საზოგადოებას დეტროიტის საავტომობილო შოუზე უჩვენებენ, მისი სერიული ვერსიის მსოფლიო დებიუტი კი ლონდონის ოლიმპიადის დროს შედგება, რომლის ერთ-ერთი სპონსორიც ”ბეემვეა”.

Thursday, December 23, 2010

შვეიცარული სარბოლი ელექტროპროტოტიპი

Green GT Unveils Prototype Electric Racer

21 დეკემბერი

408 ცხენის ძალა პიკური სიმძლავრე და 290 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარე - ასეთი ტექნიკური მონაცემები აშკარად სარბოლ ავტომობილს უნდა ეკუთვნოდეს და ასეცაა. ოღონდ, ავტომობილი, რომლის შესახებაც ვლაპარაკობთ, მბიძგველ ძალას შიდაწვის ძრავისგან კი არა, ელექტროძრავისგან ღებულობს.

შვეიცარული ჯგუფი ”გრინ GT” არის ავტორი სარბოლი ავტომობილისა, რომლის შესახებაც გიყვებით. ეს არის ლე მანის პროტოტიპის სტილში შესრულებული ბოლიდი, რომლის პრეზენტაციასაც, ლოზანაში მდებარე შვეიცარიის ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტში თვით საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი ჟან ტოდტი დაესწრო.

სარბოლი ელექტრომობილის პრეზენტაციას ჟან ტოდტი დაესწრო
..............................

”გრინ GT-ს” სარბოლი ელექტრომობილი ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც ავტომობილის უკანაა დამონტაჟებული. სხვათა შორის, მათი სიმძლავრე, წინა მოდელის ძრავებისასთან შედარებით, 50 პროცენტითაა გაზრდილი. ბორბლებს შორის მაბრუნი მომენტის ოპტიმალურ განაწილებას სპეციალური ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს, რისი წყალობითაც, ავტომობილი მოსახვევებს უფრო უკეთ და მაღალი სიჩქარით გადის.

გაუმჯობესებულია ენრგიის შენხვის ბლოკიც. ასეთი სარბოლ ავტომობილს ორი აქვს და ისინი ლითიუმ-იონური ელემენტებისგან შედგება. აკუმულატორები სპეციალურ ყუთებშია მოთავსებული, რომლებიც ისეთი კომპოზიტისგან დამზადდა, რომელიც აეროკოსმოსურ მრეწველობაში გამოიყენება. ეს ყუთები ცეცხლგამძლეცაა და დარტყმისადმი მედეგიც. აკუმულატორების ოპტიმალური მუშაობისთვის, ისინი გრილდება, რისთვისაც გაგრილების თხევადი სისტემაა გამოყენებული.ამასთან, სითხე დენგაუმტარია.

რა თქმა უნდა, ”გრინ GT-ს” სარბოლი ელექტრომობილი ლე მანის რბოლაში მონაწილე შიდაწვისძრავიან მონსტრებს მეტოქეობას ვერ გაუწევს, თუმცა აშკარაა, რომ ადრე თუ გვიან, რბოლებში ელექტრომობილების მონაწილეობაც ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენა გახდება, როგორიც თუნდაც ის ფაქტია, რომ უკვე დიდი ხანია, ლე მანის რბოლას დზელისძრავიანი ავტომობილებით იგებენ.

ოღონდ, სანამ ელექტრული სარბოლი პროტოტიპი რბოლებში მონაწილეობას მიიღებს, მას სერიოზული ტესტები აქვს გასავლელი, რომლებზეც თავისი რეალური შესაძლებლობების და გამძლეობის გამოვლენა მოუწევს.

Wednesday, December 22, 2010

ჩინური ”გრეიტ უოლი” ავტომობილებს ბულგარეთში გამოუშვებს

Great Wall to Build Cars in Bulgaria

21 დეკემბერი

ერთი შეხედვით, იმ ფაქტში, რომ მალე ჩინური კომპანია ბულგარეთში ავტომობილების წარმოებას დაიწყებს, განსაკუთრებული არაფერია. თუმცა, ამაში ერთი ნიუანსი მაინც არსებობს - ”გრეიტ უოლი” პირველი ჩინური კომპანიაა, რომელიც ავტომობილების წარმოებას, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში დაიწყებს. და ამ წამოწყების ინიციატორი ჩინური კომპანია კი არა, ბულგარელი მილიარდერი, სახელად გრიშა განჩევია.

მისმა კომპანია ”ლიტექსმა” ქარხნის მშენებლობისთვის საჭირო 130 მილიონი დოლარის 90 პროცენტი გამოყო. დანარჩენ 10 პროცენტს კი ჩინური კომპანია გაიღებს. საწარმო ქალაქ ბაჰოვიცას მახლობლად აშენდება. მასში წლიურად 50 000 ცალ სედანს, პიკაპსა და უგზოობის ავტომობილს გამოუშვებენ. ოღონდ, ჯერ უცნობია, რომელ ავტომობილებზეა ლაპარაკი და რა ტექნიკური მონაცემები ექნება მათ. სავარაუდოდ, ქარხანაში 1 220 ადამიანი დასაქმდება

”გრეიტ უოლმა” ბულგარეთზე არჩევანი იმის გამო შეაჩერა, რომ იქ წარმოება გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. ”ლიტექსის” წარმოების მენეჯერი პლამენ ლიკიოვი ამბობს, რომ გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა ბულგარეთიც ძლიერ დააზარალა და ახლა იქ სამუშაო ადგილების შექმნა მისწრებაა.

დასაწყისში, ”გრეიტ უოლი” ბულგარულ საწარმოს ავტომობილების სრულ კომპლექტს მიაწვდის და ადგილზე მათ მხოლოდ ააწყობენ. ამასთან, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ავტომატიზებული ხაზების რაოდენობა, რაც წარმოების პროცესს გაამარტივებს. თუმცა, ამის გამო, ხელით შრომა გაიზრდება. სრულფასოვანი ქარხნის ამოქმედების შემთხვევაში, რომელშიც კონვეიერები იმუშავებენ, პარტნიორებს 500 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციის გაღება მოუწევთ. არსებობს ვარაუდი, რომ ბულგარეთში აწყობილი ჩინური ავტომობილები, ევროპულ ბაზარზე ფეხს ვერ მოიკიდებს. თუმცა, განჩევი იმედოვნებს, რომ აღმოსავლეთ ევროპის მყიდველებს, მის ქარხანაში გამოშვებული ავტომობილები, დაბალი ფასით მიიზიდავს.

”მერსედეს ბენცის” მუზეუმს წელს 650 ათასი მნახველი ჰყავდა

Mercedes-Benz Museum, a Hit in 2010

21 დეკემბერი

ბოლო წლებში, ბევრმა საავტომობილო კომპანიამ გააცნობიერა, რომ მოგების მოტანა, ავტომობილების გაყიდვის გარდა, სხვა რამეებსაც შეუძლია. მაგალითად, აქსესუარებს, სიმბოლიკას და... ისტორიას. ოღონდ, ისტორიას მუზეუმების სახით. ამ მხრივ, ყველაზე მეტად გერმანული კომპანიები აქტიურობენ, რომლებსაც უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი მუზეუმები აქვთ გახსნილი და წლიურად ათიათასობით დამთვალიერებელს მასპინძლობენ.

მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მუზეუმი ”მერსედეს ბენცს” აქვს, სადაც შტუტგარტული ავტოგიგანტის ისტორიის ერთ დღეში დათვალიერება შეიძლება და სადაც კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ავტომობილი მხოლოდ მეტალის და მოძრავი დეტალების მოწესრიგებული გროვა არ არის და რომ მის შესაქმნელად, ყოველთვის საუკეთესო ტვინები მუშაობენ.

სხვათა შორის, ”მერსედეს ბენცის” მუზეუმი მერმისს კიდევ უფრო აქტუალური იქნება - სრულდბეა 125 წელი მას შემდეგ, რაც კარლ ბენცმა თავისი პირველი ავტომობილის დაპატენტებაზე შეიტანა განაცხადი. შესაბამისად, მუზეუმს წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მეტი დამთვალიერებელი ეყოლება.

ცნობისათვის, როგორც ”მერსედეს ბენცის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, წელს მუზეუმს 650 000 დამთვალიერებელი ჰყავდა. მუზეუმის მონაცემებით, დამთვალიერებელთა 27 პროცენტი უცხოელია, რომელთა უმეტესობაც, გერმანიას სწორედ იმ მიზნით ეწვია, რომ საავტომობილო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მარკის ისტორია საკუთარი თვალით ეხილა.

”ფაქტი, რომ ზედიზედ მეხუთე წელია, ჩვენი მუზეუმის დამთვალიერებელთა რაოდენობა იზრდება, სიამაყით აღგვავსებს. ეს გვიჩვენებს, რომ მუზეუმის ჩვენეული კონცეპცია კარგად მუაობს. გარდა იმისა, რომ ვიზიტორებს ჩვენი კომპანიის წარსულს, აწმყოს და მომავალს ვაცნობთ, იმის საშუალებაც გვეძლევა, რომ აქ სხვადასხვა ღონისძიება და გამოფენა ჩავატაროთ”, - ამბობს ”მერსედეს ბენც კლასიკის” მენეჯერი მიხაელ ბოკი.

მუზეუმში სამქიმიანთა ისტორია რამდენიმე მიმართულებითაა წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, მთავარი ბრენდის ისტორიაა, რომელთან ერთადაც, მისი მანქანების აგებულებას, მოტორსპორტის ისტორიას, კომერციულ ავტომობილებს, ტექნოლოგიების განვითარებასა და რა თქმა უნდა, კლასიკურსა და თანამედროვე, ასევე კონცეპტუალურ ავტომობილებს გაეცნობით.

Tuesday, December 21, 2010

ელექტრონული ფორმულა რბოლებისთვის ემზადება

U.N. Climate Change Conference announces electric racing series

21 დეკემბერი

მექსიკის ქალაქ კანკუნში გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო, გამოცხადდა, რომ ყალიბდება საერთაშორისო სარბოლო სერია ფორმულეკ EF01, რომელშიც მრბოლები სხვადასხვა მწარმოებლების მიერ შექმნილ ერთადგილიან შასიზე აგებული მანქანბით იასპარეზებენ.
ახალი ჩემპიონატი პირველად 2013 წელს უნდა ჩატარდეს. მის ორგანიზატორთა ჩანფიქრით, ახალი ელექტრონული სერიის მანქანები, თავისი ტექნიკურ-დინამიკური მახასიათებლებით, ფორმულეკ 3-ის ბოლიდების დონეზე უნდა იყოს, რომლებიც 2.0-ლიტრიანი ატმოსფერული შიდაწვის ძრავების ძალას იყენებს.
ახალი ბოლიდი, რომელიც ელექტროძრავითაა აღჭურვილი, ფრანგულმა კომპანია ”სეგულა მატრა ტექნოლოჯიზმა” მოამზადა, რომელსაც ამისათვის ორწელიწადნახევარი დასჭირდა. ავტომობილი ”სიმენსის” წარმოების ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც ”ჰიულენდის” მიერ სპეციალურად შექმნილ ორსაფეხურიან ტრანსმისიასთანაა შეწყვილებული.

სარბოლი ავტომობილის მონოკოკი და ძარა ფორმულა 1-ის გუნდ ”მერსედეს GP-ს” სპეციალისტებმა შეიმუშავეს, რისთვისაც მათ თავიანთი ბრეკლის ბაზის აეროდინამიკური მილი გამოიყენეს. მილში ჩასაბერად, მათ 1:5-ზე მასშტაბის მოდელი შექმნეს, როგორც ფოერმულა 1-ის ბოლიდის შემუშავებისას ხდება ხოლმე.

პროექტში მონაწილეობა საბურავების მწარმოებელმა ფრანგულმა კომპანია ”მიშლენმაც” მიიღო, რომელიც თავისი რადიკალური სიახლეებითაა ცნობილი. ამჯერად ”ბიბენდუმმა” (მიშლენს ხშირად მისი ლოგოს სახელითაც მოიხსენიებენ) ისეთი საბურავები შეიმუშავა, რომლებიც ენერგიის დაზოგვას უწყობს ხელს.

სარბოლი ელექტრომობილისთვის აკუმულატორები სამხრეთ აფრიკულმა კომპანია SAFT-მა მოამზადა. მისი ზომიდან გამომდინარე, აკუმულატორის ტევადობა დიდი არაა - ის საკმარისია მხოლოდ იმისათვის, რომ ძრავები ენერგიით 20-25 წუთის განმავლობაში უზრუნველყოს. ამასთან, მათ დასამუხტად 60-90 წუთია საჭირო. რა თქმა უნდა, ასეთი მცირე ტევადობის გამო, ამ მანქანით ხაგრძლივი რბოლების ჩატარება შეუძლებელი იქნება. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ აკუმულატორის ბლოკის სწრაფად შეცვლის სისტემა შემუშავდეს, რომელიც გუნდბს აკუმულატორის ბლოკის რბოლის დროს, პიტ-სტოპზე სწრაფად შეცვლის საშუალებას მისცემს.

”სეგულა მატრა ტექნოლოჯიზის” მიერ სხვა კომპანიებთან თანამშრომლობით შექმნილი ბოლიდი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 3 წამში ასწრებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ია. ავტომობილმა უკვე რამდენიმე ტესტ-სესია ჩაატარა. ჯერ ის გამოსაცდელად ავტოდრომ მანი კურზე გაიყვანეს, სადაც საჭეს ჯიულ ბიანკი მართავდა, შემდეგ კი ტესტები ლე მანის ”ბუგატის” ტრეკზე ჩატარდა და ამ დროს საჭესთან ალექსანდრ პრემა იჯდა.

ჯერჯერობით, ახალი სერიის რეგლამენტი და წესები არ გამოქვეყნებულა, თუმცა მისი ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათ ათეტაპიანი ჩემპიონატის ჩატარება სურთ. ამასთან, ჩემპიონტში ხუთივე კონტინენტის ტრასებს გამოიყენებენ.

Monday, December 20, 2010

პარიზი ელექტრომობილების გაქირავებას იწყებს

Paris Autolib electric car hire scheme accelerates

20 დეკემბერი

”ბოლორეს” დამაარსებელი და მფლობელი ვენსან ბოლორე ”ბლუქართან” ერთად

..............................

თუ ყველაფერი გეგმის შესაბამისად წარიმართა, მერმისს ამ დროს, პარიზელები დაქირავებული ელექტრომობილებით სიარულს შეძლებენ. ქალაქის მერიას უკვე შემუშავებული აქვს სქემა, რომლის მიხედვითაც, მთელ ქალაქსა და მის შემოგარენში, სპეციალური სადგომი-პუნქტები გაიხსნება, სადაც ელექტრომოვილების დაქირავება და უკან დაბრუნება იქნება შესაძლებელი.

ელექტრომობილების გასაქირავებლად, პარიზში შეიქმნბა კომპანია ”ავტოლიბი”, რომელიც ფრანგულ კონგლომერატ ”ბოლორესა” და იტალიურ ატელიე ”პინინფარინას” მიერ შექმნილ ოთხადგილიან ელექტრომობილებს გააქირავებს. ”ავტოლიბი” კომპანია ”ველოლიბის” მსგავსი პრინციპით იმუშავებს, რომელიც ველოსიპედებს აქირავებს.

”ავტოლიბი” თავისი ქსელისთვის 3 000 ცალ ელექტრომობილს შეიძენს. ქალაქსა და მის შემოგარენში, დაახლოებით 1 000 სადგომი-გამქირავებელი პუნქტი იმუშავებს. პარიზის იმ მცხოვრებლებს, რომლებიც ელექტრომობილების რეგულარულად დაქირავებას ისურვებენ, შესაბამისი აბონემენტისთვის, თვეში 12 ევროს გადახდა მოუწევთ. დაქირავების პირობები შემდეგია: პირველი ნახევარი საათის განმავლობაში, დამქირავებელი 5 ევროს გადაიხდის, მომდევნო ნახევარ საათში 4 ევროს, ყოველ მომდევნო ნახევარ საათში, ქირის ფასი 6 ევრო იქნება.

ქალაქის ხელისუფლებას იმედ აქვს, რომ პარიზში ელექტრომობილების გაქირავება პოპულარული გახდება, რადგან ქალაქის მოსახლეობის ნახევარზე მეტს, საკუთარი ავტომობილი არ ჰყავს. ამასთან, ”ავტოლიბი” ეგრეთ წოდებული თავისუფალი (ავტოლიბ ორი სიტყვის - ავტომობილის და ლიბერტის, ანუ თავისუფლების ნაერთია) გაქირავების, თვითმომსახურების პრინციპით იმუშავებს. ანუ, აუცილებელი არ იქნება, ელექტრომობილის იმ პუნქტში დაბრუნება, საიდანც მას დაიქირავებთ.

პარიზის ურბანული საკითხების საკონსულტაციო ჯგუფმა ”აპურ-მა” გამოიკვლია, რომ პარიზელთა დაახლოებით 16 პროცენტი, თავის ავტომობილს თვეში მხოლოდ ერთხელ იყენებს. ამასთან, პარიზში დარეგისტრირებული ავტომოილები, თავისი საექსპლუატაციო დროის 95 პროცენტს სადგომზე ატარებს.

რაც შეეხება ”ბოლორესა” და ”პინინფარინას” ერთობლივ კონცეპტუალურ ელექტრომობილ ”ბლუქარს”, რომლის სერიული ვერსიის მსოფლიო პრემიერაც პარიზის ავტო შოუზე ჩატარდა, მისი გაბარიტებია: სიგრძე 3.65 მეტრი, სიგან 1.72 მეტრი, სიმაღლე 1.62 მეტრი. ის აღჭურვილია ელექტროძრავით, რომლის სიმძლავრეც 50 კილოვატია. მისი მეშვეობით, პატარა ელექტრომობილი ადგილიდან 60 კმ/სთ სიჩქარეს 6.5 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 130 მ/სთ-ია.

”ბოლორე” და ”პინინფარინა” ელექტრომობილ ”ბლუქარის” წარმოებას მალე დაიწყებენ. ისინი წლიურად 30 000 ელექტრომობილის წარმოებას გეგმავენ.

”პეჟო EX1” - ყველაზე ტემპერამენტიანი ელექტრომობილი

Peugeot EX1 Is an EV Performance Record Breaker

20 დეკემბერი

”პეჟომ” ჩინეთში თავის კონცეპტუალურ ელექტრულ როდსტერ EX1-ის დიდი საჩვენებელი შოუ მოაწყო, რომელშიც ჩინეთის და დასავლეთ ევროპის 200-მა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა. შოუ ჩინურ ქალაქ ჩენდუსთან არსებულ სამხედრო-საჰაერო ბაზა ტაიპინსიზე მოეწყო და მას ჩინეთის ავტო სპორტის ფედერაციის ოფიციალური წევრები დაესწრნენ, რომლებიც სპეციალურად, შედეგების დასაფიქსირებლად მიიწვიეს.

შოუს მონწილეთაგან, საუკეთესო შედგი ფრანგმა მოგზაურმა და რეჟისორმა ნიკოლა ვანიემ დააფიქსირა, რომელმაც ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.49 წამში შეძლო. ამ დროს, 39 მეტრის მანძილზე, მასზე მოქმედმა გადატვირთვამ 1G-ს მიაღწია. ორივე შედეგი, ელექტრომობილებისთვის მსოფლიოს არაოფიციალური რეკორდია.

მის გარდა, 1/8 და 1/4 მილ მანძილზე (დაახლოებით 200 და 400 მეტრი), საუკეთესო შედეგები ცნობილი ჩინელ ბლოგერ ჰან ჰანს ჰქონდა, რომელმაც ეს მანძილები ადგილიდან შესაბამისად, 7.08 და 12.67 წამებში გაიარა. ჩინეთის ავტო სპორტის ფედერაციამ, ყველა ეს შედგი, ელექტრომობილების მსოფლიო რეკორდებად დააფიქსირა.

სპორტული ელექტრომობილი EX1, ფრანგულმა კომპანიამ საკუთარი დაარსებიდან 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით შექმნა და პარიზის ავტო შოუზე გამოფინა. ელექტრომობილის გაბარიტებია: სიგრძე 354 მეტრი, სიგანე 1.77 მეტრი, სიმაღლე 0.90 მეტრი. ავტომობილი 750 კილოგრამს იწონის.

EX1 ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 340 ცხენის ძალას აღწევს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 480 ნიუტონმეტრია. ”პეჟოს” მიერ გამოქვეყნებულ ცნობარში წერია, რომ ამ აგრეგატების დახმარებით, EX1-ს ადგილიდან 200 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 6.6 წამში შეუძლია.

Sunday, December 19, 2010

”მინის” ახალი მოდელი დეტროიტში გაგვეცნობა

MINI Paceman Concept Comes to Detroit

19 დეკემბერი

ბოლო წლებში, ”მინის” სამოდელო გამა სულ უფრო ფართოვდება. თავიდან ყველაფერი რეტრო ჰეჩბეკით დაიწყო, რომელმაც უმალ მოიპოვა პოპულარობა. შემდგ მას მოჰყვა უნივერსალი ”კლუბმენი”, ქროსოვერი ”ქანთრიმენი”, რომლის ბაზაზეც, ინგლისური კომპანია მალე დაკარის რალი-რეიდსა და რალის მსოფლიო ჩემპიონატზეც იასპარეზებს. მალე დაიწყება კუპესა და კაბრიოლეტის წარმოება.

თითქოს საკმარისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც ირკვევა, ალექს ისიგონისის ლეგენდარული ავტომობილის შთამომავალს მრავალფეროვნების რესურსი ჯერაც არ ამოუწურავს. ამის დასტურად კი, დეტროიტის საერთაშორისო ავტო შოუს დამთვალიერებელი მის ახალ კონცეპტუალურ ავრომობილს, სახელად ”პეისმენს” იხილავს.

”პეისმენი” უკვე პოპულარული ”ქანთრიმენის” ახალი ვერსიაა, რომელსაც ორით ნაკლები კარი და დახრილი სახურავი აქვს. ”პეისმენი” დეტროიტში კონცეპტუალური ავტომობილის რანგში წარსდგება, თუმცა ახლავე შეიძლება იმის თქმაც, რომ ის წარმოებისთვის უკვე მომზადებულია.

”ბეემვე”, რომელსაც ”მინი” ეკუთვნის, ასეთ ავტომობილებს ”სპორტ ექტივიტი კუპეს” უწოდებს, ამ კლასს კი ბავარიელთა X6 ეკუთვნის. რა თქმა უნდა, ამ ორ ავტომობილს შორის განსხვავება ზომებშია. შეიძლება ითქვას, რომ ”პეისმენს” ჯერ ბაზარზე კონკურენტი არ ჰყავს - სუბკომპაქტურ უგზოობის კუპეს ჯერ არავინ უშვებს. მაგრამ მაინც შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ავტომობილი მყიდველს კიდევ ერთი ინგლისური კომპანიის, ”ლენდ როვერის” უახლეს ”ევოკს” წაართმევს.

”თუ ”ქანთრიმენს” ვერტიკალური დიზაინი აქვს, კონცეპტუალური ”პეისმენი” ჰორიზონტალურადაა” განვითარებული. მასში აქცენტი უფრო გაბერილ ფორმებზე გაკეთდა, რამაც ავტომობილს აგრესიული იერი შესძინა”, - ამბობს ”მინის” ექსტერიერის დიზაინის შეფი მარკუს საირინგი.

რა თქმა უნდა, ახალი ავტომობილი უფრო ახალგაზრდა მყიდველს მიიზიდავს. დეტროიტისთვის მომზადებული კონცეპტუალური ავტომობილი ”მინი ჯონ კუპერ უორკსის” 1.6-ლიტრიანი წყვილტურბოიანი აგრეგატითაა აღჭურვილი, რომელიც 211 ცხენის ძალას და 240 ნიუტონმეტრს იძლევა. რა თქმა უნდა, როგორც ქროსოვერს შეეფერება, ”პეისმენი” სრულამძრავიანი სისტემა (რომელიც მან ქანთრიმენისგან მიიღო) ”მინი ოლ4-ით” არის აღჭურვილი.

ამ ავტომობილზე უფრო მეტ ინფორმაციას დეტროიტის ავტო შოუს დროს შევიტყობთ.

Saturday, December 18, 2010

”ლოტუსი” ქალაქის მინი ავტომობილს გამოუშვებს

Lotus Concept City Car will Enter Production

18 დეკემბერი

როგორც ჩანს, მალე ”ასტონ მარტინი” სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ერთადერთი კომპანია არ იქნება, რომელიც მინიატურულ საქალაქო ავტომობილს გამოუშვებს. ბრიტანულ გამოცემა ”ქარ-თან” საუბრისას, ”ლოტუსის” მთავარმა აღმასრულებელმა დანი ბაჰარმა განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ, პარიზის ავტო შოუზე ნაჩვენები კონცეპტუალური ”სიტი ქარ-ის” სერიული წარმოების გადაწყვეტილება მიიღო.

მისივე განაცხადბით, პატარა ავტომობილს წარმოებისთვის, ”ლოტუსის” გარდა, მალაიზიური კომპანია ”პროტონი” (ლოტუსი სწორედ პროტონის ჯგუფში შედის) და კიდევ ერთი კომპანია მიიღებს, რომლის სახელწოდებაც არ დაუკონკრეტებია. ახალ ავტომობილს სამივე კომპანია თავისი მარკით გამოუშვებს და ისინი მთელს მსოფლიოში გაიყიდება.

”ჩვენ კონცეპტულური ”სიტი ქარ-ის” წარმოება გადავწყვიტეთ და მის გაყიდვებს 2013 წლის ოქტომბერში დავიწყებთ. ჩვენ მას ”პროტონთან” და კიდევ ერთ კომპანიასთან ერთად მოვამზადბთ და მის სამ ვერსიას გამოვუშვებთ. მათგან ერთი აზიური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, მეორე - ევროპისთვის, მესამე კი სპორტული ავტომობილი იქნება”, - ამბობს ბაჰარი.

უნდა ითქვას, რომ სამივე ავტომობილის დიზაინი იტალიურმა ატელი ”ჯუჯარომ” შეიმუშავა. მათგან ”პროტონის” ვერსიას ”ემასი” ჰქვია და მას ალბათ აზიური ბაზრისთვის გამოუშვებენ. ”სიტი ქარს” ”ლოტუსი” აწარმოებს და რა თქმა უნდა, ეს სპორტული მანქანა იქნება. რაც შეეხება მესამე კომპანიას, ის დიდი ალბათობით, ”ნისანი” უნდა იყოს. სხვათა შორის, ”ნისანის” ფრანგი პარტნიორი ”რენო” ფორმულა 1-ში ”ლოტუსის” პარტნიორი გახდა და არაა გამორიცხული, მათი შეთანხმება მარტო დიდი პრიზერბის ცირკს არ ეხებოდა. თანც, ”ნისანის” V პლატფორმა ”ლოტუსისა” და ”პროტონის” მინი ავტომობილისთვის მისწრება იქნება.

აქვე უნდა ითქვას, რომ პატარა ავტომობილის მოსამზადებლად ახლა არც ”პროტონს” სცალია და არც ”ლოტუსს” - პირველი უგზოობის მოდლეის და ახალი სედანის მომზადებითაა დაკავებული, მეორე კი ბაზარზე იმ ხუთი კონცეპტუალური ავტომობილის წამოწევას ცდილობს, რომლებიც ახლახანს პარიზში გვიჩვენა. მათ საქმეს ”ნისანის” მზამზარეული პლატფორმა ძლიერ გაუადვილებს.

საინტერესოა სახელ ”ემას-ის” წარმოშობა. ერთი მხრივ, ის არის აბრევიატურა სიტყვებისა - ეკო მობილიტი ედვანს სოლუშნ. მეორე მხრივ, ეს სიტყვა მალაიზიურად თურმე ოქროს ნიშნავს.

”სიტი ქარ-ი” და ”ემას-ი” ”ლოტუსის” მიერ შემუშავებული პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი. მასში მთავარ როლს ელექტროძრავი ასრულებს, რომელიც უკანაა განლაგებული და უკანა ბორბლებს ამოძრავებს. 1.2-ლიტრიან სამცილინდრიან ძრავს კი დამხმარე როლი აკისრია და ის გენერატორს ამუშავებს, რომლის მიერ გამომუშავებულ ელექტროენრგიასაც ელექტროძრავი და აკუმულატორების ბლოკი ღებულობს.

ელექტროძრავის პიკური სიმძლავრე 101 ცხენის ძალას აღწევს, მაბრუნი მომენტი კი ძრავის როტორის პირველივე ბრუნიდან 240 ნიუტონმეტრია. ამ ძრავის მეშვეობით, ავტომობილი, რომელიც 1 400 კილოგრამს იწონის, ადგილიდან 50 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 4.5 წამს ანდომებს, 0-100 კმ/სთ-ს ასაკრეფად კი 9 წამი სჭირდება. მაქსიმალური სიჩქარე 170 კმ/სთ-ია, სვლის სიშორე კი მხოლოდ აკუმულატორებში დაგროვილი ენერგიის ხარჯზე, 50 კილომეტრი, შიდაწვის ძრავისა და გენერატორის დახმარებით კი - 500 კილომეტრი. დაბოლოს, როცა შიდაწვის ძრავი მუშაობს, ყოველი კილომეტრის გავლისას, ავტომობილი ატმოსფეროს მხოლოდ 60 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.

”ლამბორგინი ავენტადორზე” რეალურმა ინფორმაციამ გაჟონა

Lamborghini Aventador Specs Leaked

18 დეკემბერი

ნახევარი წელია, რაც მსოფლიოს საავტომობილო პრესა იმაზე მარჩიელობს, თუ როდის, რა სახელით და რა აგრეგატებით გამოვა ბაზარზე ”ლამბორგინი მურსიელაგოს” შემცვლელი. სახელთან დაკავშირებით, ყველაფერი გაირკვა - ”ჯოტა” (თუ ხოტა, რახან იტალიური კომპანია თავის ავტომობილს კორიდის ხარების და აქსესუარების სახელებს არქმევს, ესპანურად კი ხოტა იქნება) ”ავენტადორით” შეიცვალა.

პრემიერის ადგილი ჯერ უცნობია - ან დეტროიტი, ან ჟენევა. სამაგიეროდ, ახლახანს საინტერნეტო გამოცემა ”ავტობლოგის” იტალიურმა ვერსიამ, ახალი სუპერ ავტომობილის დაზუსტებული ტექნიკური მონაცემები გაავრცელა, რომლებიც მას ხელში ”სანდო წყაროსგან” ჩაუვარდა.

გამართლდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ავტომობილის ბაზაში 6.5-ლიტრიანი V12 მხეცი განლაგდება, რომელიც 700 ცხენის ძალას იძლევა. მის მიერ გამომუშავებული მაბრუნი მომენტი კი (ჯერაც დაუზუსტებელი) ოთხივე ბორბალს 7-საფეხურიანი კოლოფის გავლით გადაეცემა. კოლოფიც ახალია. მასში ყველა საფეხურის გადართვა ინდივიდუალური ღერაკებით ხდება, გადაცემის საფეხურის გამოცვლა კი 50 მილიწამში ესწრება.

ავტომობილი 1575 კილოგრამს იწონის. გამოდის რომ, მისი ყოველი ცხენის ძალა 2.25 კილოგრამს ემსახურება. შესანიშნავი მაჩვენებელია და მისი წყალობით, ”ავენტადორს” ბრწყინვალე დინამიკური მახასიათებლები აქვს - ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 2.9 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ-ია.

”ავენტადორის” გაბარიტებია: სიგრძე 4.78 მეტრი, სიგანე 2.03 მეტრი, სიმაღლე 1.14 მეტრი. ავტომობილის წონა მის ღერძებს შორის 43:57 პროპორციით ნაწილდება. წინა ბორბლები 19-დუიმიანია, უკანები კი - 20-დუიმიანი. წინა ბორბლებზე 255/35, უკანებზე კი 335/30 ზომის საბურავებია ჩაცმული. ავტომობილის საწვავის ავზის მოცულობა 90 ლიტრია. ესოდენ ტემპერამენტიანი ავტომობილის გაჩერებას, კარბონ-კერამიკული მასალისგან დამზადბული სამუხრუჭე დისკოები უზრუნველყოფს, რომლებსაც 6-ცილინდრიანი სუპორტები ემსახურება.

Friday, December 17, 2010

”ბეემვემ” ჰიბრიდული ”ვიჟნ ეფიშნტდაინემიქსი” შეაფასა

BMW Vision EfficientDynamics to Cost Up to GBP150,000
17 დეკემბერი
შორს არაა ის დრო, როდესაც მსოფლიო ავტობაზარზე გარემოსადმი მეგობრული სუპერ ავტომობილები გამოჩნდება. ერთადერთი, რაც მათ შესაძენად იქნება საჭირო, შესაბამისი სისქის ჯიბეა. ყოველ შემთხვევაში, უკვე ორი კომპანიაა ისეთი, რომლებიც მყიდველს მალე ამ ტიპის ავტომობილებს შესთავაზებს. შეთავაზება კი მართლა მეფური იქნება - 200 000 დოლარზე მეტი.

Wednesday, December 15, 2010

”ფოლკსვაგენის” ელექტრო ტაქსი ლონდონისთვის

Volkswagen Taxi Concept Revealed in London

15 დეკემბერი

ათწლეულების განმავლობაში, ლონდონური ტაქსი, ისევე როგორც ორსართულიანი ავტობუსი, ამ ქალაქის სიმბოლოებად იქცა. მაგრამ როგორც ჩანს, ამ სიმბოლოებს დრო მალე სერიოზულ გამოცდას მოუწყობს, ამის მიზეზი კი ქალაქის ხელისუფლების გარემოსადმი მზუნველობაა - ძველი ქების დიზელის ძრავი ჰაერს ძლიერ აბინძურებს და გამონაბოლქვზე ახალ გამკაცრებულ მოთხოვნებს ვეღარ დააკმაყოფილებს. ამიტომ, მის შესაცვლელად, სასწრაფო ზომებია მისაღები.

პირველი, ვინც დროის ახალ მოთხოვნებს ფეხი აუბა, ”ფოლკსვაგენია”, რომელიც თავის კონცეპტუალურ ჰეჩბეკ Up-ის ბაზაზე, ევროპის დიდი ქალაქებისთვის ელექტრონული ტაქსის წარმოებას აპირებს და ამ ელექტრომობილს შესაბამის ქალაქებს უჩვენებს. ჰოდა, მილანისა და ბერლინის შემდეგ, ლონდონის ჯერიც დადგა, სადაც ელექტრული ტაქსის პროტოტიპი ამ პროექტის შეფმა კლაუს ბიშოფმა წარადგინა.

”ფოლკსვაგენის” ელექტრული ტაქსის გაბარიტებია: სიგრძე 3 730 მილიმეტრი, სიგანე 1 680 მილიმეტრი, სიმაღლე კი - 1 600 მილიმეტრი. ამგვარად, ის გერმანული კომპანიის ყველაზე პატარა სერიულ მოდელ ”ფოქსზე” მოკლეა და ძნელი წარმოსადგენია ლონდნური ქების როლში. არადა, აკუმულატორების ”წყალობით”, 1 500 კილოგრამს იწონის.

ამასთან, მომცრო გაბარიტების მიუხედავად, ავტომობილის სალონი საკმაოდ კომფორტული და მოცულობითია (ბორბლებს შორის არსებული გრძელი ბაზის წყალობით), თუმცა მხოლოდ ორი მგზავრის გადაყვანაზეა გათვლილი. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სალონში არაა წინა მგზავრის სავარძელი. ეს ადგილი საბარგულადაა გამოყენებული.

ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკის ენერგოტევადობა საათში 45 კილოვატია. მასში დაგროვილი ელექტროენერგია 113-ცხენისძალიან ელექტროძრავს ამუშავებს, რომლის დახმარებითაც, ავტომობილი მაქსიმუმ 119 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. სამაგიეროდ, მისი სვლის სიშორე 300 კილომეტრია. დაკიდევ, ერთი თვისება, რასაც ტაქსისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს - აკუმულატორები ერთ საათში 80 პროცენტით იმუხტება.

სალონში, მძღოლისა და მგზავრების სავარძლების წინ მოთავსებულია თაჩსქრინ მონიტორები, რომლებზეც სასურველი ინფორმაციის ნახვა შეიძლება. წინა მონიტორზე ძირითადად იმ ინფორმაციას ნახავთ, რომლებიც მძღოლს ესაჭიროება. უკანა მონიტორი კი გასართობი ცენტრის ფუნქციასაც ითავსებს. ამავე მონიტორებზე შესაძლებელია მარშრუტისთვის თვალის დევნება და მგზავრობის საფასურის კონტროლი.

დაკიდევ, ავტომობილს ორივე მხარეს თითო კარი აქვს. მაგრამ მათგან ერთი, რომელიც მძღოლისთვისაა განკუთვნილი, წინ მძღოლის მხარესაა განლაგებული, მეორე კი (მგზავრებისა) - უკან. ტაქსს, თან ასეთ კომპაქტურს, მეტი არც სჭირდება.

ბიშოფის თქმით, მსგავსი ტაქსის გამოშვებას ”ფოლკსვაგენი” 2013 წელს გეგმავს.

დეტროიტი მსოფლიო პრემიერებისთვის ემზადება

15 დეკემბერი

10 იანვარს, დეტროიტის საგამოფენო კომპლექს ”კობო სენტერის” პავილიონები დიდ საერთაშორისო საავტომობილო გამოფენას უმასპინძლებს, რომელიც მომავალი წლის მსოფლიო პრემიერების პირველი ფორუმი გახდება. დეტროიტული ავტო შოუ, მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს საავტომობილო გამოფენათა ხუთეულში შედის და უდიდესია ორივე ამერიკის კონტინენტზე. რაც მთავარია, ის არცთუ შორეულ წარსულში, მსოფლიოს უდიდესი ავტობაზრის ცენტრალური ქალაქია და ბუნებრივია, ამ ბაზარზე წარმატების მოსურნე კომპანიები, იქ თავიანთი სიახლეების დემონსტრირებას ეშურებიან ხოლმე.

ფორდ ტერიტორი

..............................

მაგრამ ეკონომიკურმა კრიზისმა დეტროიტის ავტო შოუსაც დაასვა დაღი - ორი წელია, იქ მსოფლიო პრემიერების რიცხვმა საგრძნობლად იკლო და ზოგიერთმა კომპანიამ, ამ შოუში მონაწილეობისგან თავის შეკავებაც კი ამჯობინა. თუმცა კრიზისმა უკვე ჩაიარა და როგორც ჩანს, ეს გამოფენასაც დაეტყობა, სადაც, წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 40 მსოფლიო პრემიერას ელიან.

ავტო შოუს ორგანიზატრორებმა, გამოფენაზე მონაწილეობისთვის 4 536 ჟურნალისტი დაარეგისტრირეს, რომლებიც ”კობო სენტერში” გამოფენილ ავტომობილებს, მთელს მსოფლიოს გააცნობენ. გამოფენაზე ამერიკული, ევროპული და აზიური დიდი კომპანიების გარდა, პატარა მწარმოებლებიც მრავლად იქნებიან, რომელთა უმეტესობა, კონცეპტუალურ მოდელებს წარადგენს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილები - ჰიბრიდები და ელექტრომობილები მოექცევა.

შევროლე ამპ

..............................

დეტროიტის ავტო შოუზე საზოგადოებას პირველად დაენახება ”ფორდის” უგზოობის ახალი კონცეპტუალური ავტომობილი (ტერიტორი), რომელმაც მალე ორი პოპულარული მოდელი - ”კუგა” და ”ისკეიპი” უნდა შეცვალოს. გამოფენზე ”ცისფერი ოვალი” ამ ორი ავტომობილის ახალ გარეგნობას გვიჩვენებს.

ამ ეტაპზე, ”ჯენერალ მოტორსისთვის” ყველაზე აქტუალური თემა ელექტრომობილები და ”შევროლე ვოლტია”, რომელმაც უკვე არაერთი ჯილდოს მიღება მოახერხა და რომელიც ახლახანს გამოჩნდა ამერიკული კომპანიის დილერთა შოურუმებში. ამ ეპოქალური ავტომობილის გარდა, ”გენერლები” თავიანთ ახალ ელექტრომობილს - ”ვოლტის” ბაზაზე შექმნილ მინივენ ”შევროლე ამპ-ს” გვიჩვენებენ.

კრაისლერ 300

..............................

კიდევ ერთი ამერიკული კომპანია - ”კრაისლერი”, რომელსაც წელს გაყიდვები 70 პროცენტით აქვს გაზრდილი, თავისი ფლაგმანის, სედან 300-ის პრემიერას ჩაატარებს. ეს ავტომობილი იმითაცაა საინტერესო, რომ მალე მასზე თავის შესაბამისი კლასის ავტომობილს იტალიური ”ლანჩა” დაამყნობს.

დეტროიტში ნამდვილი მოვლენა იქნება ჩინურ კომპანია BYD-ის გამოჩენა. მის სტენდზე მთავარ ადგილს ელექტრომობილი E6 დაიკავებს, რომელსაც ცისქვეშეთელები უპირველესად, ამერიკის ბაზრისთვის ამზადებენ. მერმისს ისინი იქ ამ ავტომობილის სრულფასოვან ტესტირებას შეუდგებიან. სხვათა შორის, ჩინურ სიახლეს ალმაცერად ვერავინ შეხედავს, რადგან ის არცთუ დიდი ხნის წინ, ”დაიმლერის” პარტნიორი გახდა და თავის ელექტულ სიახლეებს სწორედ გერმანულ კომპანიას გაუზიარებს, რაც მის იმიჯს ძლიერ წაადგება.

BYD E6

..............................

”მწვანე” სიახლე აქვს ”ტოიოტასაც”, რომელმაც როგორც იქნა, თავის პოპულარულ ჰიბრიდ ”პრიუსის” ბაზაზე მინივენი (პრიუს MPV) დაამზადა და მას პირველად ამერიკელებს უჩვენებს. უნდა ითქვას, რომ ავტომობილების მასობრივი უკან გახმობის გამო, ”ტოიოტას” მთელს მსოფლიოში დიდი პრობლემები შეექმნა, თუმცა ამის მიუხედავად, ამერიკაში მისი გაყიდვები მაინც 20 პროცენტზე მეტით გაიზარდა. და მაინც, ეს გაცილებით ნაკლებია მისი მთავარი კონკურენტების, ”ჯენერალ მოტორსის” და ”ფორდის” ანალოგიურ მაჩვენებლებზე (შესაბამისად, 49 და 33 პროცენტიან ზრდაზე).

მნიშვნელოვანი სიახლე ”ჰონდასაც” ექნება, რომლის ექსპოზიციის ცენტრალურ ადგილსაც ახალი ”სივიკი” დაიკავებს, რომელიც ამერიკაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და სავარაუდოდ, იაპონური კომპანიის გაყიდვებს (ზრდა 27 პროცენტი) კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

ამათ გარდა, დეტროიტის ავტო შოუზე თავიანთ სიახლეებს ”აუდი”, ”ბეემვე”, ”ნისანი”, ”ინფინიტი”, ”ლექსუსი”, ”მიცუბიში”, ”სუძუკი”, ”ფიატი”, ”როლს როისი” და სხვა კომპანიები გამოფენენ. დამთვალიერებლებს თავიანთ კონცეპტუალურ ავტომობილებს ”ფისკერი”, ”ვენტური” და სხვა პატარა კომპანიებიც უჩვენებენ.